ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ლუკას სახარება

თავი მეცხრამეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

შევიდა იერიხონში და გაიარა ქალაქი.

1 და შევიდა და განვიდოდა იერიქოჲთ.
2 და, აჰა, ერთ მდიდარ კაცს, სახელად ზაქეს, რომელიც იყო მებაჟეთა უფროსი, 2 და აჰა ესერა კაცი ვინმე, და სახელი მისი ზაქე, და იყო იგი მთავარი მეზუერეთაჲ, და ესე იყო მდიდარ ფრიად.
3 სურდა ეხილა იესო, რათა გაეგო, ვინ იყო, მაგრამ ხალხმრავლობის გამო ვერ მოჰკრა თვალი, ვინაიდან ტანმორჩილი იყო; 3 და უნდა ხილვაჲ იესუჲსი, ვინ-ძი არს, და ვერ უძლო ხილვად ერისა მისგან, რამეთუ ჰასაკითა იყო მცირე.
4 წინიდან მოურბინა და ლეღვის ხეზე ავიდა მის დასანახად, ვინაიდან იქ უნდა გაევლო. 4 და წარრბიოდა წინა და აღჴდა ლეღუსულელსა, რაჲთა იხილოს იგი, რამეთუ მიერ წარსლვად იყო.
5 როცა იმ ადგილს გაუსწორდა, იესომ ზევით აიხედა, დაინახა იგი და უთხრა: ზაქე, ჩქარა ჩამოდი ძირს, ვინაიდან დღეს შენს სახლში უნდა ვიყო. 5 და მოვიდა ადგილსა მას, მიხედა იესუ და ჰრქუა მას: ზაქე, ისწრაფე და გარდამოჴედ, რამეთუ დღეს სახლსა შინა შენსა ჯერ-არს ჩემი ყოფაჲ.
6 ისიც საჩქაროდ ჩამოვიდა და სიხარულით მიიღო იგი. 6 და ისწრაფა და გარდამოჴდა და შეიყვანა იგი სიხარულით.
7 ხოლო ამის მხილველნი დრტვინავდნენ და ამბობდნენ: ცოდვილთან შევიდაო. 7 და იხილეს ყოველთა და დრტჳნვიდეს და იტყოდეს, ვითარმედ: ცოდვილისა კაცისა თანა შევიდა დადგომად.
8 ადგა ზაქე და უთხრა უფალს: აჰა, უფალო, ჩემი ქონების ნახევარს მივცემ გლახაკთ, და თუ ვინმეს ცილი ვწამე, ოთხმაგად ვუზღავ. 8 აღდგა ზაქე და ჰრქუა უფალსა: აჰა, უფალო, ზოგი ნაყოფთა ჩემთაჲ მივსცე გლახაკთა; და უკუეთუ ვისმე ცილი დავსდევ, მივაგო ოთხი წილი.
9 უთხრა მას იესომ: დღეს მოევლინა ხსნა ამ სახლს, ვინაიდან ესეც ძეა აბრაამისა. 9 ჰრქუა მას იესუ: დღეს იქმნა ცხორებაჲ სახლისაჲ ამის, რამეთუ ესეცა შვილი აბრაჰამისი არს.
10 რადგან ძე კაცისა დაკარგულთა საძებნად და დასახსნელად მოვიდა. 10 რამეთუ მოვიდა ძე კაცისაჲ მოძიებად და ცხორებად წარწყმედულისა.
11 ხოლო ისინი უსმენდნენ, და ერთი იგავიც მოაყოლა ამას, ვინაიდან იერუსალიმთან ახლოს იყო, და ეგონათ, ახლავე მოაწევს ღმრთის სასუფეველიო; 11 და ვითარცა ესმოდა ესე ერსა მას, შესძინა და თქუა იგავი ამისთჳს, რამეთუ მოახლებულ იყო იგი იერუსალჱმსა, და ჰგონებდეს იგინი, ვითარმედ მეყსეულად გამოჩნდეს სასუფეველი ღმრთისაჲ.
12 ამიტომაც თქვა: ერთი კეთილშობილი კაცი შორეულ ქვეყანაში გაემგზავრა, რათა მეფობა მიეღო და უკანვე დაბრუნებულიყო. 12 და ჰრქუა მათ: კაცი ვინმე აზნაური წარვიდა შორსა სოფელსა მოღებად თავისა თჳსისა მეუფებისა და მოქცევად.
13

დაუძახა თავის ათ მონას, ათი მნა მისცა და უთხრა მათ: ჩემს დაბრუნებამდე ამით ივაჭრეთო.

13 და მოუწოდა ათთა მონათა თჳსთა და მისცა მათ ათი მნაჲ და ჰრქუა მათ: ვაჭრობდით ამას, ვიდრემდე მოვიდე.
14 მაგრამ მოქალაქეებს სძულდათ იგი, ელჩები დაადევნეს კვალდაკვალ და დააბარეს: არ გვინდა, რომ ეგ მეფობდეს ჩვენზე. 14 ხოლო მოქალაქეთა მისთა სძულდა იგი და მიავლინნეს მოციქულნი შემდგომად მისა და ჰრქუეს მას: არა გუნებავს მაგისი მეუფებაჲ ჩუენ ზედა.
15 როცა მეფობა მიიღო და უკან დაბრუნდა, ბრძანა ის მონები მიეგვარათ, რომლებსაც ვერცხლი მისცა, რათა გაეგო, ვინ როგორ მოიხმარა იგი. 15 და იყო მოქცევასა მას მისსა, მო-რაჲ-აქუნდა მეუფებაჲ თჳსი, და ბრძანა მოწოდებაჲ მათ მონათაჲ, რომელთადა მიეცა ვეცხლი იგი, რაჲთა უწყოდის, რაჲ-იგი ივაჭრეს.
16 მოვიდა პირველი და თქვა: ბატონო, შენმა მნამ ათი მნა მოიგო. 16 და მოვიდა პირველი იგი და ჰრქუა: უფალო, შენმან ვეცხლმან ათი სხუაჲ შესძინა სასწორი.
17 უთხრა მას: კარგი, კეთილო მონავ; რაკი მცირედში სანდო იყავი, ათი ქალაქის მმართველობას მოგანდობ შენ. 17 ჰრქუა მას: კეთილ, სახიერო მონაო, რამეთუ მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, იყავ შენ ჴელმწიფე ათთა ზედა ქალაქთა.
18 მოვიდა მეორე და თქვა: ბატონო, შენმა მნამ ხუთი მნა მოიგო. 18 და მოვიდა მეორე იგი და ჰრქუა: უფალო, ვეცხლმან შენმან სხუაჲღა ხუთი სასწორი ყო.
19 და უთხრა მასაც: ხოლო შენ ხუთ ქალაქს მოგანდობ. 19 ჰრქუა მასცა: და შენცა იყავ ხუთთა ზედა ქალაქთა.
20 მოვიდა მესამე და თქვა: ბატონო, აჰა, შენი მნა, რომელსაც ხელსახოცში გამოკრულს ვინახავდი, 20 და მესამე იგი მოვიდა და ჰრქუა: უფალო, აჰა ვეცხლი შენი, რომელი მაქუნდა დაკრძალული სუდარსა,
21 რადგანაც მეშინოდა შენი, რაკიღა ვიცოდი, რომ სასტიკი კაცი ხარ: იღებ, რაც არ დაგიდევს, და მოიმკი, რაც არ დაგითესავს. 21 რამეთუ შემეშინა, ვითარმედ კაცი ხარ სასტიკი: მოიღი, სადა არა დასდვი, და მოიმკი, სადა არა დასთესი.
22 უთხრა მას: შენივე პირით განგიკითხავ, უკეთურო მონავ! იცოდი, რომ სასტიკი კაცი ვარ: ვიღებ, რაც არ დამიდევს, და ვიმკი, რაც არ დამითესავს. 22 და ჰრქუა მას: პირისა შენისაგან გსაჯო შენ, მონაო ბოროტო; იცოდე, რამეთუ მე კაცი ვარ სასტიკი: მოვიღი, სადა არა დავდვი, და მოვიმკი, სადა არა დავსთესი.
23 მერედა, რატომ ვაჭრებს არ მიეცი ჩემი ვერცხლი, რათა დაბრუნებულს მიმეღო ჩემი სესხი მონაგებითურთ? 23 და რაჲსათჳს არა დასდევ ვეცხლი ჩემი სავაჭროსა, მო-მცა-ვედ მე და ვახშითურთ ვქმენ იგი.
24 და უთხრა მის წინაშე მდგომთ: წაართვით მნა და მიეცით ათი მნის მქონეს. 24 და ჰრქუა წინაშე მდგომელთა მათ: მოუღეთ ვეცხლი იგი და მიეცით, რომელს-იგი აქუს ათი სასწორი ვეცხლი.
25

მათ უთხრეს: ბატონო, მას ხომ ათი მნა აქვს.

25 და მათ ჰრქუეს მას: უფალო, აქუს ათი სასწორი.
26 გეუბნებით, რომ ყველა მქონეს მიეცემა, ხოლო არმქონეს წაერთმევა ისიც, რაცა აქვს. 26 გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: ყოველსა რომელსა აქუნდეს, მიეცეს; ხოლო რომელსა არა აქუნდეს და რომელღა-იგი აქუნდეს, მო-ვე-ეღოს მისგან.
27 ხოლო ეს ჩემი მტრები, რომლებსაც არ უნდოდათ, რომ მათი მეფე ვყოფილიყავი, აქ მომგვარეთ და ჩემს წინაშე დახოცეთ. 27 ხოლო მტერნი იგი ჩემნი, რომელთა-იგი არა უნდა მეუფებაჲ ჩემი მათ ზედა, მომგუარენით მე აქა და მოწყჳდენით წინაშე ჩემსა.
28 ეს თქვა და დაადგა იერუსალიმისაკენ მიმავალ გზას. 28 და ვითარცა ესე წართქუა, ვიდოდა წინაშე მათსა და აღვიდოდა იერუსალჱმდ.
29 როდესაც მიუახლოვდნენ ბეთბაგეს და ბეთანიას, რომელსაც ჰქვია ზეთისხილის მთა, გაგზავნა ორი მოწაფე, 29 და იყო, ვითარცა მიეახლა ბეთბაგედ და ბეთანიად, მთასა თანა, რომელსა ჰრქჳან ზეთისხილთაჲ, წარავლინნა ორნი მოწაფეთაგანნი.
30 და უთხრა მათ: წადით თქვენს პირდაპირ მდებარე სოფელში და მასში შესვლისთანავე დაინახავთ დაბმულ ჩოჩორს, რომელზედაც ჯერ კაცი არ მჯდარა; ახსენით და აქ მომიყვანეთ. 30 და ჰრქუა მათ: წარვედით წინაშე დაბასა მაგას, რომელსა შეხჳდეთ და ჰპოოთ კიცჳ დაბმული, რომელსა კაცი არღავინ დაჯდომილ არს; აღჰჴსენით და მომგუარეთ მე.
31 ხოლო თუ ვინმე გკითხავთ, რატომ ხსნითო, ასე მიუგეთ: უფალს სჭირდება-თქო. 31 და უკუეთუ ვინმე გკითხვიდეს: რაჲსათჳს აღჰჴსნით? ესრეთ არქუთ, ვითარმედ: უფალსა უჴმს ეგე.
32 წარგზავნილები წავიდნენ და ნახეს, როგორც მან უთხრა. 32 და ვითარცა წარვიდეს, რომელნი-იგი მიავლინნა, პოვეს ეგრეთ, ვითარცა-იგი ჰრქუა მათ.
33 ჩოჩორს რომ ხსნიდნენ, მისმა პატრონებმა ჰკითხეს: რატომ ხსნით ჩოჩორს? 33 და აღ-რაჲ-ჰჴსნიდეს იგინი კიცუსა მას, ჰრქუეს მათ უფალთა მათ მისთა: რაჲსათჳს აღჰჴსნით კიცუსა მაგას?
34 ხოლო მათ უთხრეს: იმიტომ, რომ უფალს სჭირდებაო. 34 ხოლო მათ ჰრქუეს, ვითარმედ: უფალსა უჴმს ეგე.
35 მიჰგვარეს იგი იესოს, ზურგზე დაუფინეს სამოსი და ზედ შესვეს იგი. 35 და მოჰგუარეს იგი იესუს და დაასხეს სამოსელი კიცუსა მას, და დაჯდა იესუ მას ზედა.
36 ხოლო როდესაც დაიძრა, გზაზე უფენდნენ თავიანთ სამოსს. 36 და ვითარ შევიდოდა იგი, დაუფენდეს სამოსელსა მათსა გზასა ზედა.
37

როდესაც მიადგა ზეთისხილის მთის დაღმართს, მოწაფეთა მთელმა სიმრავლემ სიხარულით დაიწყო ღმერთის ხმამაღლა დიდება ყველა იმ სასწაულის გამო, რაც კი ეხილათ.

37 და ვითარცა მიიწია იგი შთასავალსა მას მთისა ზეთისხილთაჲსა, იწყო ყოველმან სიმრავლემან მოწაფეთამან სიხარულით ქებად ღმრთისა ჴმითა დიდითა ყოველთა მათთჳს, რომელნი იხილნეს ძალნი,
38 ასე ამბობდნენ: კურთხეულია მეუფე, მომავალი უფლის სახელით! მშვიდობა ზეცას და დიდება მაღალთა შინა! 38 და იტყოდეს: კურთხეულ არს მომავალი მეუფე სახელითა უფლისაჲთა! მშვდობაჲ ცათა ზედა და დიდებაჲ მაღალთა შინა!
39 ზოგიერთმა ფარისეველმა ხალხიდან უთხრა მას: მოძღვარო, შერისხე შენი მოწაფეები. 39 და ფარისეველნი ვინმე ერისა მისგანნი ეტყოდეს მას და ჰრქუეს: მოძღუარ, შეჰრისხენ მოწაფეთა შენთა!
40 ხოლო იესომ მიუგო: გეუბნებით: ესენი რომ დადუმდნენ, ქვები დაიწყებენ ღაღადს. 40 ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: გეტყჳ თქუენ: დაღათუ ესენი დუმნენ, ქვანი ღაღადებდენვე.
41 როდესაც მიუახლოვდა და დაინახა ქალაქი, ატირდა მის გამო, 41 და ვითარცა მიეახლა, იხილა ქალაქი იგი და ტიროდა მას ზედა
42 და თქვა: დღევანდელ დღეს მაინც გცოდნოდა, რა მოგანიჭებს მშვიდობას! მაგრამ ამჟამად დაფარულია ეს შენს თვალთაგან. 42 და იტყოდა, ვითარმედ: უკუეთუმცა გეცნა შენ დღესა ამას მშჳდობად შენდა! ხოლო აწ დაეფარა თუალთაგან შენთა.
43 ვინაიდან მოგივლენ დღენი, როცა მტრები თხრილს შემოგავლებენ გარშემო, შემოგერტყმიან და შეგავიწროებენ ყოველი მხრიდან; 43 რამეთუ მოვლენან დღენი შენ ზედა, და მოგადგან შენ მტერთა შენთა ლაშქარი და გარე-მოგადგენ შენ და შეგკრიბონ შენ ყოვლით კერძო.
44 მიწასთან გაგასწორებენ და შენს შვილებს მუსრს გაავლებენ შენში, და ქვას ქვაზე აღარ დატოვებენ შენში, ვინაიდან ვერ შეიცან შენი მოხილვის ჟამი. 44 და დაგარღჳონ შენ, და შვილნი შენნი შენ შორის დაეცნენ, და არა დაშთეს ქვაჲ ქვასა ზედა შენ შორის ამისთჳს, რამეთუ არა გულისჴმა-ჰყავ ჟამი მოხედვისა შენისაჲ.
45 შევიდა ტაძარში და დაიწყო მყიდველ-გამყიდველთა გამოყრა. 45

და ვითარცა შევიდა ტაძარსა მას, იწყო გამოსხმად მსყიდელთა მათ და მომსყიდელთა

46 და უთხრა მათ: დაწერილია: ჩემი სახლი ლოცვის სახლია, თქვენ კი ყაჩაღთა ბუნაგად გიქცევიათ იგი. 46 და ჰრქუა მათ: წერილ არს: სახლი ჩემი სახლ სალოცველ არს, ხოლო თქუენ ჰყავთ იგი ქუაბ ავაზაკთა.
47 იყო იქ და ყოველდღე ასწავლიდა ტაძარში; ხოლო მღვდეღმთავრებს, მწიგნობრებს და ერისმთავრებს მისი დაღუპვა სურდათ; 47 და იყო მუნ და ასწავებდა დღითი-დღედ ტაძარსა მას შინა. ხოლო მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი და მთავარნი ერისანი ეძიებდეს მას წარწყმედად.
48 მაგრამ ვერაფერს უხერხებდნენ, ვინაიდან მთელი ხალხი მონუსხულივით უსმენდა მას. 48 და ვერარას ჰპოებდეს, რაჲ უყონ მას, რამეთუ ყოველი ერი დამორჩილებულ იყო სმენად მისგან.