ახალი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ადგა მთელი ხალხი და წაიყვანეს იგი პილატესთან. |
1 | და აღდგა ყოველი იგი სიმრავლე მათი და მოიყვანეს იგი პილატესა. |
2 | დაიწყეს მისი ბრალდება და თქვეს: ჩვენ ვნახეთ, რომ ეს აქეზებს ხალხს და უკრძალავს კეისრისთვის ხარკის მიცემას, ხოლო თავის თავს უწოდებს ქრისტეს, მეუფეს. | 2 | და იწყეს შესმენად მისა და იტყოდეს: ესე ვპოეთ, რამეთუ გარდააქცევდა ნათესავსა ჩუენსა და აყენებდა ხარკსაცა მიცემად კეისრისა და იტყოდა თავსა თჳსსა ქრისტედ და მეუფე ყოფად. |
3 | პილატემ ჰკითხა მას: მაშ შენა ხარ იუდეველთა მეფე? ხოლო მან მიუგო და უთხრა: შენ ამბობ. | 3 | და ჰკითხა მას პილატე და ჰრქუა: შენ ხარა მეუფე ჰურიათაჲ? ხოლო თავადმან ჰრქუა მას: შენ იტყჳ. |
4 | და უთხრა პილატემ მღვდელმთავრებს და ხალხს; მე ვერაფერ ბრალს ვპოულობ ამ კაცში. | 4 | ხოლო პილატე ჰრქუა მღდელთ-მოძღუართა და ერსა მას: არარას ბრალსა ვჰპოებ კაცისა ამის თანა. |
5 | მაგრამ ისინი დაჟინებით გაიძახოდნენ, რომ ის აშფოთებს ხალხს და ასწავლის მთელს იუდეაში, გალილეადან მოყოლებული ვიდრე აქამდე. | 5 | ხოლო იგინი უფროჲს განძლიერდებოდეს და იტყოდეს, ვითარმედ: აღაშფოთებს ერსა და ასწავებს ყოველსა ჰურიასტანსა, უწყიეს გალილეაჲთ ვიდრე აქამომდე. |
6 | გალილეა რომ გაიგონა, პილატემ იკითხა: მაშ, ეს კაცი გალილეველია? | 6 | ხოლო პილატეს რაჲ ესმა გალილეაჲ, ჰკითხა მათ: უკუეთუ გალილეაჲთ არს კაცი ესე? |
7 | როდესაც გაიგო, ჰეროდეს სამფლობელოდან არისო, გაუგზავნა იგი ჰეროდეს, რომელიც იმ დღეებში თავადაც იერუსალიმში იყო. | 7 | და გულისჴმა-ყო, რამეთუ ჴელმწიფებისაგან ჰეროდესისა არს; მიუძღუანა იგი ჰეროდეს, რამეთუ იყო იგიცა მაშინ იერუსალჱმს მათ დღეთა შინა. |
8 | ხოლო ჰეროდემ ძალიან გაიხარა იესოს დანახვისას, ვინაიდან დიდი ხანია ეწადა მისი ხილვა, რადგანაც ბევრი რამ სმენოდა მასზე და იმედი ჰქონდა, ეგებ რაიმე სასწაული მიჩვენოსო. | 8 | ხოლო ჰეროდე ვითარცა იხილა იესუ, განიხარა ფრიად, რამეთუ უნდა მისი ხილვაჲ მრავლით ჟამითგან ამისთჳს, რამეთუ ესმოდა მისთჳს და სწადოდა ხილვად რაჲსამე სასწაულისა ყოფასა მისგან. |
9 | ბევრი რამ გამოჰკითხა, მაგრამ იესომ არაფერი მიუგო. | 9 | და ჰკითხვიდა მას სიტყჳთა მრავლითა, ხოლო თავადმან არარაჲ მიუგო მას. |
10 | მღვდელმთავრები და მწიგნობრები კი იდგნენ და თავგამოდებით ბრალს სდებდნენ მას. | 10 | დგეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი და განკრძალულად შეასმენდეს მას. |
11 | ხოლო ჰეროდემ თავისი მეომრებითურთ შეურაცხყო და მასხრად აიგდო იესო, შემოსა ბრწყინვალე სამოსით და უკანვე გაუგზავნა პილატეს. | 11 | ხოლო ჰეროდე შეურაცხ-ყო იგი და ერმან მისმან, და განკიცხეს იგი და შეჰმოსეს მას სამოსელი ბრწყინვალე და მიუძღუანეს პილატეს. |
12 | და იმ დღეს დამეგობრდნენ პილატე და ჰეროდე, ვინაიდან მანამდე ერთმანეთს მტრობდნენ. | 12 | და იქმნნეს მეგობარ პილატე და ჰეროდე ურთიერთას მას დღესა შინა, რამეთუ პირველ მტერ იყვნეს იგინი. |
13 | ხოლო პილატემ მოიწვია მღვდელმთავარნი, მთავარნი და ხალხი | 13 | ხოლო პილატე მოუწოდა მღდელთ-მოძღუართა მათ და მთავართა და ერსა მას. |
14 | და უთხრა მათ: თქვენ მომიყვანეთ ეს კაცი, როგორც ხალხის წამქეზებელი, და, აჰა, მე თქვენთან ერთად გამოვიძიე, მაგრამ ვერ ვუპოვე ამ კაცს ვერცერთი დანაშაული, რასაც ბრალად სდებთ. | 14 | და ჰრქუა მათ: მომგუარეთ მე კაცი ესე, ვითარცა გარდამაქცეველი ერისაჲ, და მე წინაშე თქუენსა განვიკითხე და არარაჲ ვპოე ბრალი კაცისა ამის თანა, რასა-იგი შეასმენდით მას. |
15 | და ვერც ჰეროდემ, ვინაიდან მასთან გავგზავნე; და აჰა, სიკვდილის ღირსი არაფერი უქნია მას. | 15 | და არცა ჰეროდე, რამეთუ მიუძღუანე მას, და აჰა არარაჲ ღირსი სიკუდილისაჲ საქმე არს მის თანა. |
16 |
ამიტომ ჭკუას ვასწავლი და გავუშვებ. |
16 | ვსწავლო იგი და განუტევო. |
17 | რადგან სადღესასწაულოდ უთუოდ უნდა გაეთავისუფლებინათ ერთი პატიმარი. | 17 |
რამეთუ უნებელად ედებოდა მას განტევებად დღესასწაულსა მას ერთი. |
18 | მაგრამ მთელი ხალხი აყვირდა: მოგვაშორე ეგ და გაგვითავისუფლე ბარაბა. | 18 | ღაღატ-ყვეს ყოველმან მან სიმრავლემან და იტყოდეს: აღიღე ეგე და მოგჳტევე ჩუენ ბარაბა, |
19 | ხოლო ეს ბარაბა საპყრობილეში იჯდა ქალაქში მომხდარი არეულობისა და მკვლელობის გამო. | 19 | რომელი შფოთისა ყოფასა ქალაქსა შინა და კაცის-კლვისათჳს შეგდებულ იყო საპყრობილესა. |
20 | კვლავ აიმაღლა ხმა პილატემ, ვინაიდან იესოს გაშვება სურდა. | 20 | კუალად უკუე მოუწოდა მათ პილატე, რამეთუ უნდა განტევებაჲ იესუჲსი. |
21 | მაგრამ ისინი ყვიროდნენ: ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი იგი! | 21 | ხოლო იგინი ღაღადებდეს და იტყოდეს: ჯუარს-აცუ, ჯუარს-აცუ ეგე! |
22 | პილატემ მესამედაც იკითხა: კი მაგრამ, რა დააშავა? ვერაფერი ვუპოვე სიკვდილით დასჯის ღირსი. ამიტომ ჭკუას ვასწავლი და გავუშვებ. | 22 | ხოლო მან მესამედ ჰრქუა მათ: რაჲ ბოროტი უქმნიეს ამას? არარაჲ ბრალი სიკუდილისაჲ ვპოე ამის თანა. ვსწავლო ეგე და განუტევო. |
23 | მაგრამ ისინი ხმამაღლა ყვიროდნენ და დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ ჯვარს ეცვათ იგი; და იმძლავრა მათმა და მღვდელმთავართა ხმამ. | 23 | ხოლო იგინი ზედა დაესხმოდეს ჴმითა დიდითა და გამოითხოვდეს მას ჯუარ-ცუმად; და განძლიერდებოდეს ჴმანი მათნი და მღდელთ-მოძღუართანი. |
24 | და მათი თხოვნისამებრ განსაჯა პილატემ. | 24 | მაშინ პილატე საჯა თხოვისაებრ მათისა |
25 | გაუშვა ის, ვინც საპერობილეში იჯდა არეულობისა და მკვლელობის გამო, ხოლო იესო მისცა მათ ნებას. | 25 | და მიუტევა მათ ბარაბა, რომელი-იგი შფოთისათჳს და კაცის-კლვისა შეგდებულ იყო საპყრობილესა, რომელსაცა ითხოვდეს, ხოლო იესუ მისცა ნებასა მათსა. |
26 | ის რომ მიჰყავდათ, შეიპყრეს ვინმე სიმონ კირენელი, მინდვრიდან მომავალი, და აჰკიდეს მას ჯვარი, რათა წამოეღო იესოს კვალდაკვალ. | 26 | და ვითარცა წარიყვანეს იგი, შეიპყრეს სიმონ ვინმე კჳრინელი, მომავალი ველით, და დასდევს მას ზედა ჯუარი იგი, და მიაქუნდა შემდგომად იესუჲსა. |
27 | უკან მისდევდა ურიცხვი სიმრავლე ხალხისა და ქალებისა, რომლებიც ტიროდნენ და გლოვობდნენ მას. | 27 | და შეუდგა მას სიმარავლე ერისაჲ და დედებისაჲ, რომელნი ეტყებდეს და სტიროდეს მას. |
28 | ხოლო იესო შემობრუნდა და უთხრა მათ: იერუსალიმის ასულნო, მე კი ნუ დამტირით, არამედ დაიტირეთ თქვენი თავი და თქვენი შვილები. | 28 | მიექცა მათ იესუ და ეტყოდა: ასულნო იერუსალჱმისანო, ნუ სტირთ ჩემ ზედა, არამედ თავთა თქუენთა სტიროდეთ და შვილთა თქუენთა. |
29 | რადგან, აჰა, მოვლენ დღენი, როცა იტყვიან: ნეტარ არიან უნაყოფონი და საშონი, რომელთაც არ უშობიათ, და ძუძუნი, რომელთაც არ უწოვებიათ. | 29 | რამეთუ აჰა ესერა მოვლენან დღენი, რომელთა შინა თქუან: ნეტარ არიან ბერწნი და მუცელნი, რომელთა არა შვნეს, და ძუძუნი, რომელთა არა განზარდნეს |
30 | მაშინ ეტყვიან მთებს: თავზე დაგვემხეთ; და ბორცვებს: დაგვმარხეთ ჩვენ; | 30 | მაშინ იწყონ სიტყუად მთათა: დამეცენით ჩუენ ზედა! და ბორცუთა: დამფარენით ჩუენ! |
31 |
რადგან თუ ნედლ ხეს ასე ექცევიან, რაღას უზამენ ხმელს? |
31 | რამეთუ უკუეთუ ნედლსა ხესა ესრეთ უყოფენ, ჴმელსა მას რაჲ-მე ეყოს? |
32 | მასთან ერთად სასიკვდილოდ მიჰყავდათ ორი ბოროტმოქმედიც. | 32 | მაშინ მოჰყვანდეს სხუანიცა ორნი ძჳრის-მოქმედნი მოკლვად მის თანა. |
33 | და როცა მიაღწიეს იმ ადგილს, რომელსაც ჰქვია თხემის ადგილი, ჯვარს აცვეს იქ ისიცა და ბოროტმოქმედნიც, ერთი მის მარჯვნივ და მეორე - მარცხნივ. | 33 | და ვითარცა მოჰყვანდეს ადგილისა მას, რომელსა ჰრქჳან თხემისა ადგილი, და მუნ ჯუარს-აცუეს იგი და ძჳრის-მოქმედნიცა იგი მის თანა, რომელიმე მარჯუენით და რომელიმე მარცხენით მისა ჯუარს-აცუნეს. |
34 | ხოლო იესო ამბობდა: მამაო, მიუტევე ამათ, რადგანაც არ იციან, რას სჩადიან. და წილისყრით გაიყვეს მისი სამოსი. | 34 | ხოლო იესუ იტყოდა: მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან. ხოლო გან-რაჲ-იყოფდეს სამოსელსა მისსა, განიგდეს წილი. |
35 | ხალხი კი იდგა და უყურებდა. მათთან ერთად დასცინოდნენ წინამძღვრებიც და ამბობდნენ: სხვები იხსნა, და იხსნას ახლა თავისი თავი, თუკი ქრისტეა, ღმერთის რჩეული. | 35 | და დგა ერი იგი და ხედვიდა. ხოლო შეურაცხ-ჰყოფდეს მას მთავარნიცა იგი მათ თანა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, იცხოვნენ თავიცა თჳსი, უკუეთუ ეგე არს ქრისტე, რჩეული ღმრთისჲ. |
36 | ასევე დასცინოდნენ მეომრებიც, მიდიოდნენ, ძმარს აწვდიდნენ | 36 | ემღერდეს მას ერის-კაცნიცა იგი, მოუჴდიან მას და ძმარი მოართჳან |
37 | და ეუბნებოდნენ: თუ შენა ხარ იუდეველთა მეფე, იხსენი შენი თავი. | 37 | და ეტყჳედ: შენ თუ ხარ მეუფე ჰურიათაჲ, იჴსენ თავი შენი. |
38 | იქვე იყო ბერძნული, ლათინური და ებრაული ასოებით დაწერილი წარწერა: ეს არის იუდეველთა მეფე. | 38 | ხოლო იყო ზედაწერილიცა, რომელი დაწერილ იყო მას ზედა წიგნითა ბერძულითა და ჰრომაელებრითა და ებრაელებრითა, ვითარმედ: ესე არს იესუ, მეუფე ჰურიათაჲ. |
39 | ხოლო ერთი ჯვარცმუღი ბოროტმოქმედი აგინებდა მას და ამბობდა: თუ შენ ხარ ქრისტე, იხსენი შენი თავი და ჩვენც. | 39 | ხოლო ერთი იგი დამოკიდებულთაგანი ძჳრის-მოქმედი ჰგმობდა მას და ეტყოდა: შენ თუ ხარ ქრისტე, იჴსენ თავი შენი და ჩუენცა. |
40 | მეორე კი რისხავდა და ეუბნებოდა: ღმერთის მაინც არ გეშინია, რადგანაც მისებრ დასჯილი ხარ? | 40 | მიუგო ერთმან მან მოყუასმან, შეჰრისხნა მას და ეტყოდა: არცაღა გეშინის შენ ღმრთისა, რამეთუ მასვე სასჯელსა შინა ხარ? |
41 | ჩვენზე ახია; რაც დავთესეთ, იმასვე ვიმკით; ხოლო მას არაფერი ცუდი არ ჩაუდენია. | 41 | და ჩუენ სამართლად ღირსი, რომელი ვქმენით, მოგუეგების, ხოლო ამან არარაჲ უჯეროჲ ქმნა. |
42 | და უთხრა იესოს: მომიხსენე მე, უფალო, როცა მიხვალ შენს სასუფეველში; | 42 | და ეტყოდა იესუს: მომიჴსენე მე, უფალო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა. |
43 | ხოლო იესომ მიუგო მას: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში. | 43 | ხოლო იესუ ჰრქუა მას: ამინ გეტყჳ შენ: დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა. |
44 | იყო ასე ექვსი საათი და წყვდიადმა მოიცვა მთელი ქვეყანა მეცხრე საათამდე. | 44 | და იყო ჟამი მეექუსე, და ბნელი იყო ყოველსა ქუეყანასა ვიდრე მეცხრედ ჟამადმდე. |
45 |
დაბნელდა მზე და შუა ჩაიხა ტაძრის ფარდა. |
45 | და დაბნელდა მზე, და განიპო კრეტსაბმელი ტაძრისაჲ მის შორის. |
46 | მაშინ ხმამაღლა შეღაღადა იესომ და თქვა: მამაო, შენს ხელს ვაბარებ ჩემს სულს; და ამ სიტყვებით განუტევა სული. | 46 | და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა იესუ და თქუა: მამაო, ჴელთა შენთა შევჰვედრებ სულსა ჩემსა. და ესე რაჲ თქუა, განუტევა სული. |
47 | ხოლო ასისთავმა, რომელმაც დაინახა, რაც მოხდა, ადიდა ღმერთი და თქვა: ჭეშმარიტად ეს კაცი მართალი იყო. | 47 | და ვითარცა იხილა ასისთავმან მან საქმე ესე, ადიდებდა ღმერთსა და იტყოდა: ჭეშმარიტად კაცი ესე მართალი იყო. |
48 | სეირის საყურებლად მოსული მთელი ხალხი, რომელმაც იხილა ყველაფერი, რაც მოხდა, მკერდში მჯიღის ცემით ბრუნდებოდა უკან. | 48 |
და ყოველნი მათ თანა მოსრულნი და რომელთა იხილეს ხილვაჲ ესე და საქმენი ესე, იცემდეს მკერდსა მათსა და წარვიდოდეს. |
49 | ხოლო ყველა მისი ნაცნობი და ქალები, გალილეიდან რომ მოჰყვებოდნენ იესოს, მოშორებით იდგნენ და უმზერდნენ ამას. | 49 | და დგეს ყოველნი მეცნიერნი მისნი შორით; და დედანი, რომელნი შეუდგეს მას გალილეაჲთ, ხედვიდეს მას. |
50 | და, აჰა, ერთი კაცი, სახელად იოსები, წარჩინებული მრჩეველი, კაცი კეთილი და სამართლიანი, | 50 | და აჰა ესერა კაცი, სახელით იოსებ, მზრახვალი, იყო კაცის სახიერი და მართალი; |
51 | რომელიც არ მონაწილეობდა მათ თათბირსა და მათ საქმეში და თავადაც მოელოდა ღმრთის სასუფეველს, იუდეის ქალაქ არიმათეის მკვიდრი, | 51 | ესე არა თანა-შერთულ იყო ზრახვასა მათსა და საქმესა. იყო იგი არიმათიაჲთ, ქალაქისაგან ჰურიათაჲსა, რომელი-იგიცა მოელოდა სასუფეველსა ღმრთისასა. |
52 | მივიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი. | 52 | ესე მივიდა პილატესა და მოითხოვა გუამი იგი იესუჲსი. |
53 | ჩამოხსნა იგი, გაახვია ტილოში და დაასვენა კლდეში გამოკვეთილ სამარხში, სადაც ჯერ კიდევ არავინ დაესვენებინათ. | 53 | და გარდამოჰჴსნა იგი და შეჰმოსა მას არდაგი და დადვა იგი საფლავსა გამოკუეთილსა კლდისაგან, სადა არავინ დადებულ იყო. |
54 | პარასკევი დღე იყო და თენდებოდა შაბათი. | 54 | და დღე იგი იყო პარასკევი, შაბათად განთენდებოდა. |
55 | უკან მიჰყვნენ გალილეიდან იესოსთან ერთად მოსული ქალებიც და იხილეს სამარხიცა და ისიც, თუ როგორ დაიდო მისი გვამი. | 55 | შეუდგეს მას დედანიცა, რომელნი მის თანა მოსრულ იყვნეს გალილეაჲთ, და იხილეს საფლავი და ვითარ დასდებდეს გუმასა მისსა. |
56 | ხოლო შემდეგ დაბრუნდნენ, მოამზადეს სურნელოვანი საკმეველი და ნელსაცხებელი და, მცნებისამებრ, უქმად იყვნენ შაბათს. | 56 | და წარვიდეს და მოჰმზადეს საკუმეველი სულნელი და ნელსაცხებელი და შაბათი იგი და-ღა-იდუმეს მცნებისა მისთჳს. |