ახალი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ხოლო კვირის პირველ დღეს გამზადებული სურნელებით დილაუთენია მივიდნენ სამარხთან. |
1 | ხოლო ერთსა მას შაბათსა, ცისკარსა მსთუად მოვიდეს საფლავსა მას და მოაქუნდა, რაჲ-იგი მოემზადა სულნელი და ნელსაცხებელი, და სხუანი ვინმე მათ თანა. |
2 | მაგრამ ლოდი სამარხიდან გადაგორებული დახვდათ. | 2 | და პოვეს ლოდი იგი გარდაგორვებული საფლავისა მისგან. |
3 | და შიგ შესვლისას ვეღარ ნახეს უფალი იესოს გვამი. | 3 | და შე-რაჲ-ვიდეს შინა, არა პოვეს გუამი იგი უფლისა იესუჲსი. |
4 | ამის გამო საგონებელში ჩავარდნილთ, აჰა, წარმოუდგათ მოელვარე სამოსით მოსილი ორი კაცი. | 4 | და იყო განზრახვასა მას მათსა ამისთჳს, და აჰა ესერა ორ კაც ზედა მოადგეს მათ სამოსლითა ელვარითა. |
5 | რაკი ისინი შეშინებულნი იყვნენ და თავჩაქინდრულნი ჩაშტერებოდნენ მიწას, უთხრეს მათ: რად ეძებთ ცოცხალს მკვდრებში? | 5 | და ვითარ შეშინებულ იყვნეს იგინი და დაედრიკნეს პირნი მათნი ქუეყანად, ჰრქუეს მათ: რაჲსა ეძიებთ ცხოველსა მას მკუდართა თანა? |
6 | აქ აღარ არის, არამედ აღდგა; გაიხსენეთ, რას გეუბნებოდათ, როცა ჯერ კიდევ გალილეაში იყო: | 6 | არა არს აქა, არამედ აღდგა. მოიჴსენეთ, ვითარ-იგი გეტყოდა თქუენ, ვიდრე იყოღა იგი გალილეას, |
7 | რომ ძე კაცისა უნდა მიეცეს ცოდვილ კაცთა ხელში, ჯვარს ეცვას, და მესამე დღეს აღდგეს. | 7 | და თქუა, ვითარმედ: ჯერ-არს ძისა კაცისა მიცემად ჴელთა კაცთა ცოდვილთასა და ჯუარ-ცუმად და მესამესა დღესა აღდგომად. |
8 | და გაახსენდათ მისი სიტყვები. | 8 | და მოეჴსენნეს სიტყუანი მისნი. |
9 | გამობრუნდნენ სამარხიდან და აუწყეს ყოველივე ეს თერთმეტსა და სხვა დანარჩენთაც. | 9 | და მიიქცეს საფლავით და უთხრეს ესე ყოველი ათერთმეტთა მათ და სხუათა ყოველთა. |
10 | ესენი იყვნენ მარიამ მაგდალელი, იოანა, მარიამი, იაკობის დედა, და სხვები მათთან ერთად, მოციქულებს რომ აუწყეს ეს. | 10 | ხოლო იყვნეს მაგდალენელი მარიამ და იოანნა და მარიამ იაკობისი და სხუანი მათ თანა, რომელნი უთხრობდეს მოციქულთა ამას. |
11 | მაგრამ ფუჭად მოეჩვენათ ეს სიტყვები და არ ერწმუნენ მათ. | 11 | და უჩნდეს სიტყუანი მათნი, ვითარცა სიჩქურისანი, მათ წინაშე და არა ჰრწმენა მათი. |
12 | ხოლო პეტრე ადგა, სამარხს მიაშურა და როცა დაიხარა, დაყრილი ტილოების მეტი ვერაფერი ნახა; და წამოვიდა განცვიფრებული იმის გამო, რაც მოხდა. | 12 | ხოლო პეტრე აღდგა და მირბიოდა საფლავად და შთაჰხედნა საფლავსა მას და იხილნა ტილონი იგი ხოლო მდებარენი და წარვიდა თჳსაგან და დაუკჳრდა საქმე ესე. |
13 | იმავე დღეს ორი მათგანი მიდიოდა იერუსალიმიდან სამოცი უტევანით დაშორებულ დაბაში, რომელსაც ჰქვია ემაუსი; | 13 | და აჰა ორნი მათგანნი მოვიდოდეს მასვე დღესა შინა დაბასა, რომელი შორავს იერუსალჱმსა სამეოც უტევან, რომლისა სახელი ემმაოს. |
14 | და ერთმანეთს ესაუბრებოდნენ ყოველივე ამის გამო. | 14 | და ესენი ზრახვიდეს ურთიერთას ყოვლისა ამისთჳს, რომელი იქმნა. |
15 | ამ საუბარსა და მსჯელობაში მიუახლოვდათ თვითონ იესო და დაემგზავრა მათ. | 15 | და იყო ზრახვასა მას მათსა და გამოძიბასა, და თავადი იესუ მიეახლა მათ და თანა-უვიდოდა. |
16 |
მაგრამ მათ თვალები დასდგომოდათ, ასე რომ, ვერ იცნეს იგი. |
16 | ხოლო თუალნი მათნი შეპყრობილ იყვნეს, რაჲთა ვერ იცნან იგი. |
17 | და უთხრა მათ: რას ეუბნებით ერთმანეთს გზაში, ან რატომა ხართ ასე მწუხარნი? | 17 | და ჰრქუა მათ: რაჲ არიან სიტყუანი ესე, რომელთა იცილობით ურთიერთას სლვასა შინა და ხართ თქუენ მწუხარე? |
18 | ერთმა მათგანმა, სახელად კლეოპამ, მიუგო და უთხრა: ნუთუ შენა ხარ ერთადერთი უცხო იერუსალიმში და არ იცი, ამ დღეებში რა მოხდა იქ? | 18 | მიუგო ერთმან მათგანმან, რომლისა სახელი კლეოპა, და ჰრქუა მას: შენ ხოლო მწირ ხარ იერუსალჱმს და არა სცანა, რაჲ-ესე იქმნა მას შინა ამათ დღეთა? |
19 | და ჰკითხა მათ: მაინც რა? ხოლო მათ მიუგეს: რა და, იესო ნაზარეველს, რომელიც იყო კაცი წინასწარმეტყველი, ღმრთისა და მთელი ხალხის წინაშე სიტყვითაც და საქმითაც მძლავრი, - | 19 | და მან ჰრქუა მათ: რომელი? ხოლო მათ ჰრქუეს: იესუჲსთვს ნაზარეველისა, რომელი იყო კაცი წინაწარმეტყუელი, ძლიერი საქმითა და სიტჳთა, მისითა წინაშე ღმრთისა და ყოვლისა ერისა; |
20 | სიკვდილი მიუსაჯეს ჩვენმა მღვდელმთავრებმა და წინამძღვრებმა და ჯვარს აცვეს იგი. | 20 | ვითარ-იგი მისცეს მღდელთ-მოძღუართა და მთავართა ჩუენთა სასჯელსა სიკუდილისასა და ჯუარს-აცუეს იგი. |
21 | ჩვენ კი იმედი გვქონდა, რომ სწორედ ის იყო, ვისაც უნდა ეხსნა ისრაელი: მაგრამ, აი, უკვე მესამე დღეა, რაც ეს ამბავი მოხდა. | 21 | ხოლო ჩუენ ვესავთ, ვითარმედ იგი არს, რომელმან იჴსნეს ისრაელი; და ამას ყოველსა თანა ესე მესამე დღე არს, ვინაჲთგან ესე იქმნა. |
22 | თუმცა ჩვენი ქალებიდან ზოგიერთმაც განგვაცვიფრა: დილაუთენია მივიდნენ სამარხთან | 22 | არამედ დედათაცა ვიეთმე ჩუენთაგანთა დამაკჳრვნეს ჩუენ, ვითარ-იგი მივიდეს ცისკარსა საფლავსა მას |
23 | და ვერ იპოვეს მისი გვამი. მოვიდნენ და გვითხრეს, რომ უხილავთ ანგელოზები, რომლებსაც უთქვამთ, ცოცხალიაო. | 23 | და არა პოვეს გუამი მისი. მოვიდეს და თქუეს, ვითარმედ ხილვაჲცა ანგელოზთაჲ იხილეს, რომელთა ჰრქუეს მათ, ვითარმედ: ცხოველ არს იგი. |
24 | ზოგიერთი ჩვენგანიც მივიდა სამარხთან და ყველაფერი ისე დახვდათ, როგორც ქალებმა თქვეს. თვითონ კი ვერ იხილეს იგი. | 24 | და მი-ვინმე-ვიდეს ჩუენგანნიცა საფლავად და პოვეს ეგრე, ვითარცა დედათა მათ თქუეს, ხოლო იგი თავადი ვერ იხილეს. |
25 | იესომ უთხრა მათ: ეჰა, უგუნურნო და გულმძიმენო რწმენისა და ყოველივე იმის მიმართ, რასაც ამბობდნენ წინასწარმეტყველნი! | 25 | ხოლო მან ჰრქუა მათ: ჵ უცნობელნო და მძიმენო გულითა სარწმუნოებისათჳს ყოველსა ზედა, რომელსა იტყოდეს წინაწარმეტყუელნი! |
26 | განა ასე არ უნდა ვნებულიყო ქრისტე და შესულიყო თავის დიდებაში? | 26 | ანუ არა ესრეთ ჯერ-იყო ვნებად ქრისტესა და შესლვად დიდებასა თჳსსა? |
27 | მოსედან და ყველა წინასწარმეტყველიდან მოყოლებული უხსნიდა მათ, რაც ითქვა მასზე ყველა წერილში. | 27 | და იწყო მოსესითაგან და წინაწარმეტყუელთა და გამოუთარგმანებდა მათ ყოველთაგან წიგნთა მისთჳს. |
28 | მიუახლოვდნენ იმ სოფელს, სადაც მიდიოდნენ, ხოლო მან ისე დაიჭირა თავი, თითქოს უფრო შორი გზა ედო. | 28 | და მიეახლნეს დაბასა მას, ვიდრეცა ვიდოდეს, ხოლო თავადმან მიზეზ-ყო უშორესადრე წარსლვაჲ. |
29 | ისინი კი არ უშვებდნენ და ეუბნებოდნენ: დარჩი ჩვენთან, ვინაიდან უკვე ბინდდება და იწურება დღე. ისიც შევიდა, რომ მათთან დარჩენილიყო. | 29 | ხოლო იგინი აიძულებდეს მას და ეტყოდეს: დაადგერ ჩუენ თანა, რამეთუ მწუხრ არს, და მიდრეკილ არა დღე. და შევიდა დადგომად მათ თანა. |
30 | ხოლო როცა ინახად დასხდნენ, აიღო პური, აკურთხა, გატეხა და მისცა მათ. | 30 |
და იყო ინაჴით-ჯდომას მას მისსა მათ თანა მოიღო პური, აკურთხა და განტეხა და მისცემად მათ. |
31 |
მაშინღა აეხილათ თვალი და იცნეს იგი, მაგრამ მყისვე უჩინარი შეიქნა მათთვის. |
31 | ხოლო მათ თუალნი მათნი განეხუნეს და იცნეს იგი. და თავადი მიეფარა მათგან. |
32 | და უთხრეს ერთმანეთს: განა არ გვიხურდა მკერდში გული, როცა გვესაუბრებოდა და წერილს გვიხსნიდა გზაში? | 32 | და იგინი იტყოდეს ურთიერთას: ანუ არა გულნი ჩუენნი განჴურვებულ იყვნეს ჩუენ შორის, ვითარ-იგი მეტყოდა ჩუენ გზასა ზედა და ვითარ-იგი გამომითარგმანებდა ჩუენ წიგნთა? |
33 | მაშინვე ადგნენ და იერუსალიმში გამობრუნდნენ, სადაც შეკრებილნი ჰპოვეს თერთმეტნი და მათთან მყოფნი, | 33 | და აღდგეს მასვე ჟამსა შინა და მოიქცეს იერუსალჱმდ და პოვნეს კრებულად ათერთმეტნი იგი და სხუანი მათთანანი, |
34 | რომელნიც ამბობდნენ, რომ ჭეშმარიტად აღდგა უფალი და ეჩვენა სიმონს. | 34 | იტყოდეს რაჲ, ვითარმედ: ნანდჳლვე აღდგა უფალი და ეჩუენა სიმონს. |
35 | მათაც უამბეს, რა შეემთხვათ გზაში და როგორ იცნეს იგი პურის გატეხისას. | 35 | და იგინი უთხრობდეს გზისასა მას და ვითარ იგი გამოეცხადა მათ განტეხასა მას პურისასა. |
36 | ამას რომ ამბობდნენ, თვითონ იესო ჩადგა მათ შორის და უთხრა მათ: მშვიდობა თქვენდა. | 36 | და ვითარ იგინი ამას იტყოდეს ოდენ, და თავადი იესუ დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშჳდობაჲ თქუენ თანა! |
37 | ხოლო ისინი შეკრთნენ და შეძრწუნდნენ: ასე ეგონათ, სულსა ვხედავთო. | 37 | ხოლო იგინი შეძრწუნდეს და შეეშინა, ეგონა, ვითარმედ სული რაჲმე იხილეს. |
38 | მაგრამ იესომ უთხრა მათ: რას ძრწიხართ; ან რა აზრები აღიძვრიან თქვენს გულში? | 38 | და თავადმან ჰრქუა მათ: რაჲსა შეძრწუნებულ ხართ, და რაჲსათჳს გულის-სიტყუანი მრავალნი მოვლენან გულთა თქუენთა? |
39 | შეხედეთ ჩემს ხელებსა და ჩემს ფეხებს: ეს მე ვარ თვითონ; შემეხეთ და დარწმუნდებით, რადგან სულს არც ხორცი აქვს და არც ძვლები, მე კი როგორც ხედავთ, მაქვს. | 39 | იხილენით ჴელნი ჩემნი და ფერჴნი, რამეთუ თავადი მე ვარ; ჴელი შემახეთ მე და იხილეთ, რამეთუ სულსა ჴორც და ძუალ არა ასხენ, ვითარცა-ესე მე მხედავთ, რამეთუ მასხენ. |
40 | ესეცა თქვა, და ხელ-ფეხი უჩვენა მათ. | 40 | და ესე რაჲ თქუა, უჩუენნა მათ ჴელნი და ფერჴნი მისნი. |
41 | მაგრამ რაკი სიხარულისაგან ვერ დაეჯერებინათ და განცვიფრებულნი იყვნენ, უთხრა მათ: საჭმელი თუ გაქვთ აქ? | 41 |
და ვიდრე-იგი არღა ჰრწმენა მათ სიხარულისა მისგან და საკჳრველებისა, ჰრქუა მათ იესუ: გაქუს რაჲ აქა ჭამადი? |
42 | და მისცეს მას შემწვარი თევზის ნაჭერი და ფიჭის თაფლი. | 42 | ხოლო მათ მიუპყრეს მას თევზისა მწურისა ნახევარი და თაფლისაგან გოლი. |
43 | მანაც აიღო და შეჭამა მათ თვალწინ. | 43 | და ჭამა წინაშე მათსა და მოიღო ნეშტი იგი და მისცა მათ |
44 |
და უთხრა მათ: აი, სიტყვები, რომელთაც ჯერ კიდევ თქვენთან მყოფი გეუბნებოდით: რომ უნდა აღსრულდეს ყველაფერი, რაც დაწერილია ჩემზე მოსეს რჯულში, წინასწარმეტყველთა მიერ და ფსალმუნებში. |
44 | და ჰრქუა: ესე იგი სიტყუანი არიან, რომელთა გეტყოდე თქუენ, ვიდრე-იგი ვიყავღა თქუენ თანა, ვითარმედ: ჯერ-არს აღსრულებად ყოველი წერილი სჯულსა მოსესსა და წინაწარმეტყუელთასა და ფსალმუნთა ჩემთჳს. |
45 | მაშინ გაუხსნა მათ გონება, რათა შეეცნოთ წერილი. | 45 | მაშინ განუხუნა გონებანი მათნი გულისჴმის-ყოფად წიგნთა. |
46 | და უთხრა მათ: ასე დაიწერა და ასე უნდა ვნებულიყო ქრისტე, მესამე დღეს კი აღმდგარიყო მკვდრეთით, | 46 | და ჰრქუა მათ, რამეთუ: ესრეთ ჯერ-იყო ვნებად ქრისტესა და აღდგომად მკუდრეთით მესამესა დღესა. |
47 | და ქადაგებულიყო მისი სახელით სინანული ცოდვათა მისატევებლად ყველა ხალხში, იერუსალიმიდან მოყოლებული. | 47 | და ქადაგებად სახელითა მისითა სინანული და მოტევებაჲ ცოდვათაჲ ყოველთა მიმართ წარმართთა, იწყეთ იერუსალჱმით, |
48 | ხოლო თქვენა ხართ ყოველივე ამის მოწმენი. | 48 | რამეთუ თქუენ ხართ მოწამე ამის ყოვლისა. |
49 | და აჰა, მე მოგივლენთ მამის ჩემის აღთქმას, ხოლო თქვენ დარჩით ქალაქში, ვიდრე არ შეიმოსავთ ძალას მაღლით. | 49 | და აჰა ესერა მე მოგივლინო თქუენ აღთქუმაჲ იგი მამისა ჩემისაჲ. ხოლო თქუენ დასხედით ქალაქსა ამას შინა იერუსალჱმსა, ვიდრემდე შეიმოსოთ ძალი მაღლით. |
50 | და გაიყვანა ისინი ბეთანიამდე, აღაპყრო ხელნი და აკურთხა ისინი. | 50 | და განიყვანნა იგინი გარე ვიდრე ბეთანიადმდე და აღიპყრნა ჴელნი თჳსნი და აკურთხნა იგინი. |
51 | კურთხევისას დასცილდა მათ და ამაღლდა ზეცად. | 51 | და იყო კურთხევასა მას იესუჲსსა მათა მიმართ განეშორა მათგან და აღვიდოდა ზეცად. |
52 | ხოლო მათ თაყვანი სცეს და დიდი სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალიმს. | 52 | და იგინი თაყუანის-სცემდეს მას და მოიქცეს იერუსალჱმდ სიხარულითა დიდითა. |
53 | და იყვნენ მუდამ ტაძარში, ღმრთის მადიდებელნი და მაკურთხეველნი. ამინ. | 53 | და იყოფვოდეს ტაძარსა მას შინა მარადის, აქებდეს და აკურთხევდეს ღმერთსა. ამინ. |