ახალი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ტიბერიუს კეისრის მმართველობის მეთხუთმეტე წელს, როცა პონტიუს პილატე იუდეის მთავარი იყო, ჰეროდე - გალილეის მეოთხედმთავარი, ფილიპე, მისი ძმა, - ატურეისა და ტრაქონიის მხარის მეოთხედმთავარი, ხოლო ლისანია - აბილენეს მეოთხედმთავარი; |
1 | წელსა მეათხუთმეტესა ტიბერის კეისრისასა, მთავრობასა პონტიელისა პალატესსა ჰურიასტანს, და მეოთხედ მთავრობასა გალილეას ჰეროდესსა, ხოლო ფილიპეს, ძმისა მისისა მეოთხედ მთავრობასა იტურეას და ტრაქონელთა სოფელსა, და ლჳსანისსა, მეოთხედ მთავრობასა აბილინესა, |
2 | ანნასა და კაიაფას მღვდელმთავრობისას გაისმა სიტყვა ღმრთისა იოანეს, ზაქარიას ძის მიმართ, უდაბნოში. | 2 | მღდელთ-მოძღურებასა ანნაჲსსა და კაიაფაჲსსა იყო სიტყუაჲ უფლისაჲ იოვანეს მიმართ, ძისა ზაქარიაჲსა, უდაბნოს. |
3 | დადიოდა იგი იორდანეს მთელ შემოგარენში და ქადაგებდა ნათლის ღებას სინანულისას ცოდვათა მისატევებლად. | 3 | და მოჰვლიდა ყოველსა მას გარემო სოფლებსა იორდანისასა და ქადაგებდა ნათლის-ცემასა სინანულისასა მისატევებელად ცოდვათა. |
4 | როგორც დაწერილია ესაია წინასწარმეტყველის სიტყვათა წიგნში: ხმა უდაბნოში მღაღადებლისა: გაამზადეთ გზა უფლისა, გაასწორეთ მისი ბილიკნი. | 4 | ვითარცა წერილ არს წიგნსა მას სიტყუათა ესაია წინაწარმეტყუელისათა და იტყჳს: ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა: განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი. |
5 | ყოველი ხევი ამოივსება და ყოველი მთა და ბორცვი დამდაბლდება; მრუდე გასწორდება და ფლატე გავაკდება. | 5 | ყოველი ჴევნები აღმოივსოს, და ყოველნი მთანი და ბორცუნი დამდაბლდენ; და იყოს გულარძნილი იგი მართალ, და ფიცხელი იგი გზად წრფელად. |
6 | და ყოველი ხორცი იხილავს მხსნელობას ღმრთისას. | 6 | და იხილოს ყოველმან ჴორციელმან მაცხოვარებაჲ ღმრთისაჲ. |
7 | და ეუბნებოდა მის მიმართ ნათლის ღებად მიმავალ ხალხს: იქედნეს ნაშიერნო, ვინ გასწავლათ, გაექეცითო მომავალ რისხვას? | 7 | და ეტყოდა განმავალსა მას მისა ერსა ნათლის-ღებად მისგან: ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მერმისა მისგან რისხვისა? |
8 | მაშ, გამოიღეთ ნაყოფი ღირსი სინანულისა: და ნუ ეტყვით თქვენსავე თავს: მამად გვივისო აბრაამი; რადგანაც გეუბნებით თქვენ: ღმერთს ხელეწიფება თვით ამ ქვათაგანაც აღუდგინოს ძენი აბრაამს. | 8 | ყავთ უკუე აწ ნაყოფი ღირსი სინანულისაჲ და ნუ ჰგონებთ და იტყჳთ გულთა თქუენთა: მამაჲ გჳვის ჩუენ აბრაჰამი. გეტყჳ თქუენ, რამეთუ ძალ-უც ღმერთსა აღდგინებად ქვათა ამათგან ნაშობად აბრაჰამისა. |
9 | ვინაიდან აწ უკვე ცული ხეების ფესვთან დევს. ყოველი ხე, რომელიც არ გამოიღებს კეთილ ნაყოფს, მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა. | 9 | რამეთუ აწვე ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს; ყოველმან ხემან რომელმან არა გამოიღოს ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას. |
10 | ეკითხებოდა ხალხი: მაშ, რაღა ვქნათო? | 10 | და ჰკითხვიდეს მას ერი იგი და ეტყოდეს: და რაჲ-მე უკუე ვყოთ? |
11 | მიუგო და უთხრა მათ: ვისაც ორი ხელი სამოსი აქვს, მისცეს არმქონეს: და ვისაც საჭმელი აქვს, ასევე მოიქცეს. | 11 | მიუგო და ჰრქუა მათ: რომელსა აქუნდეს ორი სამოსელი, მიეცინ, რომელსა არა აქუნდეს, და საზრდელიცა ეგრეთვე მსგავსად ყავნ. |
12 | მოვიდნენ მებაჟენიც ნათლის ღებად და უთხრეს მას: მოძღვარო, ჩვენ რაღა ვქნათ? | 12 | მოვიდეს მისა მეზუერენიცა ნათლის-ღებად და ჰრქუეს მას: მოძღუარ, ჩუენ რაჲ-მე ვყოთ? |
13 |
მიუგო მათ: ნურაფერს აიღებთ თქვენთვის დაწესებულზე მეტს. |
13 | ხოლო მან ჰრქუა მათ: ნურარას უფროჲს განწესებულისა თქუენისა იქმთ. |
14 | მეომრებმაც ჰკითხეს: ჩვენ კი რა ვქნათო? და უთხრა მათ: ნურავის შეურაცხყოფთ, ნურც ცილს დასწამებთ და დასჯერდით საფასურს თქვენსას. | 14 | ჰკითხვიდეს მას მჴედრად განწესებულნიცა იგი და ეტყოდეს: და ჩუენ რაჲ-მე ვყოთ? და მან ჰრქუა მათ: ნუვის აჭირვებთ, ნუცა ცილსა შესწამებთ და კმა გეყავნ როჭიკი თქუენი. |
15 | ხოლო როცა ხალხი მოლოდინში იყო და გულში ყველა ამას ფიქრობდა იოანეზე, ქრისტე ხომ არ არისო, | 15 |
და ვითარცა მოელოდა ერი იგი, და განიზრახვიდეს ყოველნი გულთა მათთა იოვანესთჳს, ნუუკუე იგი არს ქრისტე, |
16 | მიუგო იოანემ და უთხრა მათ: მე წყლით გნათლავთ, მაგრამ მოდის ჩემზე უძლიერესი, და მე იმის ღირსიც არა ვარ, რომ შევხსნა მისი ხამლის საკვრელი; და ის მოგნათლავთ სულით წმიდითა და ცეცხლით. | 16 | მიუგო ყოველთა იოვანე და ეტყოდა: მე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა, ხოლო მოვალს უძლიერესი ჩემსა, რომლისა არა ვარ ღირს ჴამლთა მისთა ტჳრთვად; მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა. |
17 | მას ხელთ უპყრია თვისი არნადი და გაწმენდს თავის კალოს, და შეინახავს ხორბალს ბეღელში, ხოლო ბზეს მისცემს უშრეტ ცეცხლს. | 17 | რომლისა ნიჩაბი ჴელთა შინა მისთა, განწმიდოს კალოჲ თჳსი და შეკრიბოს იფქლი საუნჯესა თჳსსა, ხოლო ბზე დაწუას ცეცხლითა უშრეტითა. |
18 | ბევრ სხვა რამესაც ახარებდა და შეაგონებდა ხალხს. | 18 | და ფრიად სხუასაცა მრავალსა ჰლოცვიდა და ახარებდა ერსა მას. |
19 | ხოლო ჰეროდემ, მეოთხედმთავარმა, რომელსაც ამხილებდა იოანე ჰეროდიადას, მისი ძმის, ფილიპეს ცოლისა და ყველა იმ ბოროტების გამო, რაც ჩაედინა, | 19 | ხოლო ჰეროდე, ოთხთა სამთავროთა მთავარმან, რამეთუ ამხილებდა მას ჰეროდიაჲსთჳს, ცოლისა ფილიპეს, ძმისა მისისა, და ყოვლისა მისთჳს, რომელი ქმნა ბოროტი ჰეროდე. |
20 | ყველაფერს ისიც მიუმატა, რომ საპყრობილეში ჩააგდო იოანე. | 20 | შესძინა ესეცა მას ყოვლისა ზედა და შეაყენა იოვანე საპყრობილესა. |
21 | როცა ნათელს იღებდა მთელი ხალხი და იესო, ნათელღებული, ლოცულობდა. | 21 | და იყო ნათლის-ღებასა მას ყოვლისა ერისასა იესუცა ნათელ-იღო და ილოცვიდა; და განეხუნეს ცანი, |
22 | გაიხსნენ ცანი, და სული წმიდა ხორციელი სახით გადმოვიდა მასზე, როგორც მტრედი, და გაისმა ხმა ზეცით, რომელმაც თქვა: შენა ხარ ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე. | 22 | და გარდამოჴდა სული წმიდაჲ ჴორციელითა ხილვითა, ვითარცა ტრედი, მის ზედა; და ჴმაჲ იყო ზეცით და თქუა: შენ ხარ ძე ჩემი საყუარელი, შენ სათნო-გიყავ. |
23 |
ხოლო იესო ამ დროისათვის იყო ოცდაათი წლისა, და იყო, როგორც ეგონათ, ძე იოსებისა, ელისა, |
23 | და თავადსა იესუს ეწყო ოდენ ყოფად მეოცდაათესა წელსა, რომელი საგონებელ იყო ძედ იოსებისა, ელისა, |
24 | მატთატისა, ლევისა, მელქისა, იანაისა, იოსებისა, | 24 | მატათანისა, ლევისა, მელქისა, იანესა, იოსებისა, |
25 | მატათიასი, ამოსისა, ნაუმისა, ესლისა, ნაგესი, | 25 | მატათისა, ამოსისა, ნაომისა, ესლისა, ნაგესა, |
26 | მაათისა, მატათიასი, სემეისა, იოსებისა, იუდასი, | 26 | მაათისა, მატათისა, სემისა, იოსებისა, იუდაჲსა, |
27 | იოანასი, რესასი, ზორობაბელისა, სალათიელისა, ნერისა, | 27 | იონანისა, რესაჲსა, ზორობაბელისა, სალათიელისა, ნერისა, |
28 | მელქისა, ადისა, კოსამისა, ელმოდამისა, ერისა, | 28 | მელქისა, ადდისა, კოსამისა, ელმოდადისა, ერისა, |
29 | იოსესი, ელიეზერისა, იორეიმისა, მატთატასი, ლევისა, | 29 | იოსისა, ელიეზერისა, იორამისა, მატტათისა, ლევისა, |
30 | სიმეონისა, იუდასი, იოსებისა, იონანისა, ელიაკეიმისა, | 30 | სჳმეონისა, იუდაჲსა, იოსებისა, იონანისა, ელიაკიმისა, |
31 | მელეასი, მაინანისა, მატათასი, ნათანისა, დავითისა, | 31 | მელეაჲსა, მაჲნანისა, მატათანისა, ნათანისა, დავითისა, |
32 | იესესი, იობედისა, ბოოსასა, სალმონისა, ნაასონისა, | 32 | იესესა, იობედისა, ბოოსისა, სალმუნისა, ნაასონისა, |
33 | ამინადაბისა, არამისა, ესრომისა, ფარესისა, იუდასი, | 33 | ამინადაბისა, არამისა, ესრომისა, ფარეზისა, იუდაჲსა, |
34 | იაკობისა, ისააკისა, აბრაამისა, თარასი, ნაქორისა, | 34 | იაკობისა, ისაკისა, აბრაჰამისა, თარაჲსა, ნაქორისა, |
35 | სარუქისა, რაგავისა, ფალეკისა, ებერისა, სალასი, | 35 | სერუქისა, რაგავისა, ფალეგისა, ებერისა, სალაჲსა, |
36 | კაინანისა, არფაქსადისა, სემისა, ნოესი, ლამექისა, | 36 | კაინანისა, არფაქსადისა, სემისა, ნოესა, ლამექისა, |
37 | მათუსალასი, ენოქისა, იარედისა, მადელეილისა, კაინანისა, | 37 | მათუსალაჲსა, ენუქისა, იარედისა, მალელეილისა, კაინანისა, |
38 | ენოსისა, სეთისა, ადამისა, ღმრთისა. | 38 | ენოსისა, სეითისა, ადამისა და ღმრთისა. |