ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მარკოზის სახარება

თავი მეთერთმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

როდესაც მიუახლოვდნენ იერუსალიმს, ბეთბაგეს და ბეთანიას, ზეთისხილის მთასთან, გაგზავნა თავისი ორი მოწაფე

1 და რაჟამს მიეახლნეს იერუსალჱმდ, ბეთბაგედ და ბეთანიად, მთასა თანა ზეთისხილთასა, წარავლინნა ორნი მოწაფეთაგანნი
2 და უთხრა მათ: წადით სოფელში, რომელიც თქვენს პირდაპირაა და შესვლისთანავე იპოვით დაბმულ ჩოჩორს, რომელზედაც ჯერ კაცი არ მჯდარა; ახსენით და მომგვარეთ. 2 და ჰრქუა მათ: წარვედით დაბასა მაგას, რომელ არს წინაშე თქუენსა; და შე-რაჲ-ხჳდოდით მას შინა, ჰპოოთ კიცჳ დაბმული, რომელსა კაცი არღა დაჯდომილ არს; აღჰჴსენით იგი და მომგუარეთ.
3 ხოლო თუ ვინმე გეტყვით, რას შვრებითო, უთხარით, უფალს სჭირდება და მალე დაგიბრუნებსო. 3 და უკუეთუ ვინმე გრქუას რაჲ თქუენ, არქუთ, ვითარმედ: უფალსა უჴმს ეგე, და მეყსეულად მოავლინოს იგი აქა.
4 ისინი წავიდნენ, დაინახეს ქუჩაში ჭიშკართან დაბმული ჩოჩორი და ახსნეს იგი. 4 ხოლო იგინი წარვიდეს და პოვეს კიცჳ იგი დაბმული კართა თანა გარეშე შესავალთა და აღჰჴსნეს იგი.
5 ზოგიერთმა იქ მდგომმა ჰკითხა მათ: რას შვრებით, რატომ ხსნით ჩოჩორს? 5 ხოლო მუნ მდგომარენი ვინმე ეტყოდეს მათ: რასა ჰზამთ და აღჰჴსნით კიცუსა მაგას?
6 მათ მიუგეს, როგორც უბრძანა იესომ, და გამოუშვეს ისინი. 6 ხოლო მათ ჰრქუეს, ვითარცა-იგი უბრძანა მათ იესუ; და მიუტევეს მათ.
7 მიჰგვარეს ჩოჩორი იესოს, ზურგზე დაუფინეს თავიანთი სამოსელი და ზედ შესვეს იგი. 7 და მოიყვანეს კიცჳ იგი იესუჲსა. და დაასხეს მას ზედა სამოსელი მათი, და დაჯდა მას ზედა.
8 ბევრი თავის სამოსელს უფენდა გზაზე, სხვები კი - ხის ტოტებს, რომლებსაც მინდვრად ჭრიდნენ. 8 და მრავალნი სამოსელსა მათსა დაუფენდეს გზასა ზედა, და სხუანი მოჰკაფდეს რტოთა ხეთაგან და დაუფენდეს გზასა ზედა.
9 წინ მიმავალნიცა და უკან მიმყოლნიც ღაღადებდნენ და ამბობდნენ: ოსანა! კურთხეულია მომავალი უფლის სახელით. 9 და რომელნი წინა-უძღოდეს და რომელნი უკუანა შეუდგეს, ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანა მაღალთა შინა! კურთხეულ არს მომავალი მეუფე სახელითა უფლისაჲთა!
10 კურთხეულია დავითის, ჩვენი მამის, მომავალი სამეფო! ოსანა მაღალთა შინა! 10 კურთხეულ არს მოსლვაჲ მეუფისა დავითის, მამისა ჩუენისაჲ! გუაცხოვნენ ჩუენ, რომელი ხარ მაღალთა შინა!
11 შევიდა იესო იერუსალიმსა და ტაძარში; როდესაც მოიხილა ყველაფერი, უკვე გვიანი იყო და ბეთანიას გაემართა თორმეტის თანხლებით. 11 და შევიდა იესუ იერუსალჱმდ და ტაძარსა მას და მიმოხედვიდა ყოველსა, რამეთუ მწუხრი იყო ჟამი იგი. და განვიდა ბეთანიად ათორმეტთა თანა.
12

ხოლო მეორე დღეს, ბეთანიიდან წამოსულს მოშივდა;

12 და ხვალისაგან, ვითარ გამოვიდეს იგინი ბეთანიაჲთ, შეემშია.
13

შორიდან დაინახა გაფოთლილი ლეღვის ხე და მივიდა, იქნებ ზედ რამე ვიპოვოო, მაგრამ მისულმა ვერაფერი ნახა ფოთლების გარდა, ვინაიდან ჯერ კიდევ არ მოეწია ლეღვის მწიფობას.

13 და იხილა ლეღჳ ერთი შორით, რომელსა ესხა ფურცელი, და მოვიდა, უკუეთუმცა რაჲმე პოვა მას შინა. და მოვიდა რაჲ მისა, არარაჲ პოვა, გარნა ფურცელი ხოლო, რამეთუ არა იყო ჟამი ლეღჳისაჲ.
14 და უთხრა მას: აღარავის ეგემოს შენი ნაყოფი უკუნისამდე! და გაიგონეს ეს მისმა მოწაფეებმა. 14 და ჰრქუა მას: ნუღარამცა ვინ ჭამს უკუნისამდე შენგან ნაყოფსა. და ესმოდა ესე მოწაფეთა მისთა.
15 მივიდნენ იერუსალიმში; შევიდა იესო ტაძრად, და დაიწყო იმათი გამოყრა, ვინც ყიდიდა და ყიდულობდა ტაძარში; ააყირავა მეკერმეთა დახლები და მტრედებით მოვაჭრეთა მერხები.  15 და მოვიდეს იერუსალჱმდ, და შევიდა იესუ ტაძარსა მას და იწყო გამოსხმად განმსყიდელთა მათ და მომსყიდელთა მიერ ტაძრით; და ტაბლები იგი მეკერმეთაჲ მათ და დასასხდომელები იგი მსყიდელთაჲ მათ ტრედისათაჲ დაუმჴუა.
16 და არავის აძლევდა იმის ნებას, რომ რამე გამოეტარებინა ტაძარში. 16 და არა უტევებდა, რაჲთა გან-ვინმე-იღოს ჭურჭელი მიერ ტაძრით.
17 ასწავლიდა მათ და ამბობდა: განა დაწერილი არ არის, რომ ჩემი სახლი სალოცავ სახლად იწოდება ყველა ხალხისთვის? თქვენ კი ყაჩაღთა ბუნაგად გიქცევიათ იგი. 17 და ასწავებდა და ეტყოდა, ვითარმედ: წერილ არს: სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს ყოველთა მიერ წარმართთა, ხოლო თქუენ გიყოფიეს იგი ქუაბ ავაზაკთა.
18 გაიგონეს ეს მწიგნობრებმა და მღვდელმთავრებმა და ეძებდნენ ხერხს მის დასაღუპად, რადგანაც ეშინოდათ მისი, ვინაიდან მთელ ხალხს უკვირდა მისი მოძღვრება. 18 და ესმა ესე მღდელთ-მოძღუართა მათ და მწიგნობართა და ეძიებდეს, ვითარმცა წარწყმიდეს იგი; და ეშინოდა მისა, რამეთუ ყოველი ერი განკჳრვებულ იყო მოძღურებასა მას მისსა.
19 შებინდებისას ქალაქიდან გამოვიდა. 19 და ვითარცა იყო მწუხრი, განვიდოდა გარეშე ქალაქსა.
20 დილაადრიან გვერდით ჩაუარეს და დაინახეს, რომ ლეღვის ხე ძირფესვიანად გამხმარიყო. 20 და ვითარცა თანა-წარჰვიდოდეს განთიად, იხილეს ლეღჳ იგი განჴმელი ძირითაგან.
21 გაახსენდა პეტრეს და უთხრა მას: რაბი! შეხედე, ლეღვის ხე, შენ რომ დასწყევლე, გამხმარა. 21 და მოეჴსენა პეტრეს და ჰრქუა მას: რაბი, აჰა ლეღჳ იგი, რომელსა სწყევე, განჴმა.
22 მიუგო იესომ და უთხრა მათ: გქონდეთ ღმრთის რწმენა. 22 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ:
23

რადგან ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ვინმე ეტყვის ამ მთას: აღმოიფხვერი და ზღვაში ჩავარდიო, და არ შეეჭვდება თავის გულში, არამედ იწამებს, რომ მისი სიტყვისამებრ მოხდება, - ექნება ის, რასაც იტყვის.

23 გაქუნდინ სარწმუნოებაჲ ღმრთისაჲ. ამენ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: რომელმან ჰრქუას მთასა ამას: აღიფხუარ და შთავარდი ზღუად! და არა შეორგულდეს გულსა თჳსსა, არამედ ჰრწმენეს, რამეთუ რომელი თქუას, იქმნეს, და იყოს ეგრე.
24 ამიტომ გეუბნებით თქვენ: რასაც ლოცვაში ითხოვთ, გწამდეთ, ყველაფერს მიიღებთ და მოგეცემათ. 24 ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ყოველსა რომელსა ლოცვასა შინა ითხოვდეთ, გრწმენინ, რამეთუ მოიღოთ, და გეყოს თქუენ.
25 როდესაც ლოცვად დგახართ, მიუტევეთ, ვინც რამე გცოდათ, რათა მამამ თქვენმა ზეციერმაც მოგიტევოთ თქვენი შეცოდებანი. 25 და რაჟამს სდგეთ ლოცვასა შინა, მიუტევეთ, უკუეთუ გაქუნდეს რაჲმე ბოროტი ვისთჳსმე, რაჲთა მამამანცა თქუენმან, რომელ არს ცათა შინა, მოგიტევნეს შეცოდებანი თქუენნი.
26 ხოლო თუ არ მიუტევებთ, არც მამა თქვენი ზეციერი მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს. 26 ხოლო უკუეთუ თქუენ არა მიუტევნეთ, არცა მამამან თქუენმან, რომელ არს ცათა შინა, მოგიტევნეს შეცოდებანი თქუენნი.
27 კვლავ მივიდნენ იერუსალიმში და როცა ტაძრად მიმოდიოდა, მიუახლოვდნენ მღვდელმთავარნი, მწიგნობარნი და უხუცესნი. 27 და მოვიდეს კუალად იერუსალჱმდ. და ვითარცა იქცეოდა იგი ტაძარსა მას შინა, მოვიდეს მისა მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი და მოხუცებულნი.
28 და უთხრეს მას: რომელი ძალით იქმ ამას? ან ვინ მოგცა ამისი ძალა? 28 და ეტყოდეს მას: რომლითა ჴელმწიფებითა იქმ ამას, და ვინ მოგცა შენ ჴელმწიფებაჲ ესე, რამეთუ ამას იქმოდი?
29 ხოლო იესომ მიუგო და უთხრა მათ: მეც ერთ რამეს გკითხავთ, და მიპასუხეთ: მაშინ გეტყვით, რომელი ძალით ვიქმ ამას. 29 ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: გკითხო მეცა თქუენ სიტყუაჲ ერთი, და თქუენ მომიგეთ მე, და მე გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ვიქმ ამას:
30 ნათლისცემა იოანესი ზეციდან იყო თუ კაცთაგან? მიპასუხეთ. 30 ნათლის-ცემაჲ იოვანესი ზეცით იყო ანუ კაცთაგან? მითხართ მე.
31 ხოლო ისინი ერთმანეთში ბჭობდნენ: თუ ვეტყვით: ზეციდანო, ის გვეტყვის, მაშინ რატომ არ ერწმუნეთ მას? 31 ხოლო იგინი განიზრახვიდეს თჳსაგან და იტყოდეს: უკუეთუ ვთქუათ: ზეცით იყო, გურქუას ჩუენ: რაჲსათჳს უკუე არა გრწმენა მისი?
32 ხოლო თუ იტყოდნენ: კაცთაგანო, ხალხისა ეშინოდათ, ვინაიდან ყველას ჭეშმარიტ წინასწარმეტყველად მიაჩნდა იოანე. 32 და უკუეთუ ვთქუათ: კაცთაგან, გუეშინის ერისა ამის, რამეთუ ყოველთა იცოდეს იოვანე, ვითარმედ ჭეშმარიტად წინაჲსწარმეტყუელი იყო.
33 ამიტომ პასუხად უთხრეს იესოს: არ ვიცით. ხოლო იესომ მიუგო მათ: მაშინ არც მე გეტყვით, რომელი ძალით ვიქმ ამას. 33 და მიუგეს და ჰრქუეს მათ იესუს: არა ვიცით. და მიუგო მათ იესუ და ჰრქუა: არცა მე გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ამას ვიქმ.