ახალი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
და დაუწყო მათ იგავებით ლაპარაკი: ერთმა კაცმა ჩაყარა ვაზი, შემოღობა, ამოკვეთა საწნახელი, ააგო კოშკი და იჯარით მისცა მევენახეებს, თვითონ კი წავიდა. |
1 | და იწყო იგავით მათა სიტყუად: კაცმან ვინმე დაასხა ვენაჴი და ზღუდე გარე-მოსდვა და ქმნა საწნეხელი და აღაშენა გოდოლი და მისცა იგი ქუეყანის-მოქმედთა და წარვიდა. |
2 | როცა დრომ მოაწია, მევენახეებთან გაგზავნა მონა, რათა მოსავალი ჩაებარებინა მათგან. | 2 | და მიავლინა ქუეყანის-მოქმედთა მათ მიმართ ჟამსა ნაყოფისასა მონაჲ, რაჲთა მოიღოს ნაყოფი ვენაჴისაჲ მის. |
3 | ხოლო მათ შეიპყრეს იგი, სცემეს და ხელცარიელი გაუშვეს. | 3 | ხოლო მათ შეიპყრეს და გუემეს იგი და წარავლინეს ცალიერი. |
4 | კვლავ გაგზავნა მეორე მონა; მას ქვებით გაუტეხეს თავი და შეგინებული გააგდეს. | 4 | მერმე კუალად წარავლინა სხუაჲ მონაჲ, და მასცა კუალად გამო-ვე-ეწყვნეს, გუემეს და წარავლინეს გინებული. |
5 | ახლა სხვა მონა გაგზავნა; ის კიდევ მოკლეს; და სხვასაც მრავალს ან სცემდნენ, ან კლავდნენ. | 5 | და კუალად სხუაჲ მიავლინა, და იგიცა მოკლეს; და სხუანი მრავალნი – რომელთამე სტანჯვიდეს და რომელთამე მოჰკლვიდეს. |
6 | ერთი საყვარელი ძეც ჰყავდა; ბოლოს ის გაგზავნა მათთან, რადგან ეგონა, ჩემი ძის მაინც მოერიდებათო. | 6 | უკუანაჲსკნელ, ერთი ძე ესუა საყუარელი თჳსი, მიავლინა მათა, რამეთუ თქუა, ვითარმედ: შეიკდიმონ ძისა ჩემისათჳს. |
7 | მაგრამ მევენახეებმა ერთმანეთს უთხრეს: აგერ მემკვიდრე; მოდით, მოვკლათ და მისი სამკვიდრთ ჩვენ დაგვრჩებაო. | 7 | ხოლო ქუეყანის-მოქმედთა მათ თქუეს ურთიერთას: ესე არს მკჳდრი მისი, მოვედით და მოვკლათ იგი, და ჩუენდა იყოს სამკჳდრებელი ესე. |
8 | შეიპყრეს იგი, მოკლეს და ვენახს გარეთ დააგდეს. | 8 | და შეიპყრეს იგი და მოკლეს და გამოაგდეს იგი მიერ სავენაჴით. |
9 | მერედა, რას იზამს ვენახის პატრონი? მოვა და დახოცავს მევენახეებს, ხოლო ვენახს სხვებს მისცემს. | 9 | აწ რაჲ უყოს მათ უფალმან მის ვენაჴისამან? მოვიდეს და მოსრნეს ქუეყანის-მოქმედნი იგი და ვენაჴი იგი მისცეს სხუათა. |
10 | ნუთუ არ ამოგიკითხავთ წერილში: ქვა, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, კუთხის თავად დაიდვა? | 10 | არცაღა ესე წიგნი აღმოგიკითხავსა: ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა? |
11 | უფლის მიერ იქმნა ეს, და საოცრებად უჩანს ჩვენს თვალს. | 11 | უფლისა მიერ იყო ესე და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა. |
12 |
უნდოდათ მისი შეპყრობა, ვინაიდან მიხვდნენ, რომ მათზე ამბობდა იგავს; მაგრამ ხალხისა შეეშინდათ, მიატოვეს და გაეცალნენ. |
12 | და ეძიებდეს მას შეპყრობად და ეშინოდა ერისა მისგან, რამეთუ ცნეს, ვითარმედ მათთჳს თქუა იგავი იგი. და დაუტევეს იგი და წარვიდეს. |
13 | მიუგზავნეს ზოგიერთი ფარისეველი და ჰეროდელი, რათა სიტყვის მახე დაეგოთ მისთვის. | 13 | და მი-ვინმე-ავლინნეს მისა ფარისეველნი და ჰეროდიანნი, რაჲთა მოინადირონ იგი სიტყჳთა. |
14 | მივიდნენ ისინი და უთხრეს: მოძღვარო, ვიცით, რომ მართალი ხარ, და არავის არჩევ, ვინაიდან არ უყურებ სახეს კაცისას, არამედ სამართლით გვასწავლი ღმრთის გზას. გვმართებს თუ არა ხარკი ვაძლიოთ კეისარს? ვაძლიოთ თუ არ ვაძლიოთ? | 14 | ხოლო იგინი მოვიდეს და ჰკითხვიდეს მას: მოძღუარ, ვიცით, რამეთუ ჭეშმარიტ ხარ და არარაჲ ზრუნვაჲ გაქუს ვისთჳსმე, რამეთუ არა ხედავ პირსა კაცისასა, არამედ ჭეშმარიტად გზასა ღმრთისასა ასწავებ. ჯერ-არსა ხარკი მიცემად კეისრისა ანუ არა? მივსცეთ ანუ არა მივსცეთ? |
15 | ხოლო იესომ შეიცნო მათი თვალთმაქცობა და უთხრა მათ: რატომ მაცდუნებთ? მომიტანეთ დინარი, რათა ჩემი თვალით ვიხილო. | 15 | ხოლო თავადმან იცოდა ორგულებაჲ მათი და ჰრქუა მათ: რაჲსა გამომცდით მე? მომართჳთ მე დრაჰკანი, რაჲთა ვიხილო. |
16 | მიუტანეს თუ არა, უთხრა მათ: ვისია ეს ხატი და ეს წარწერა? მიუგეს: კეისრისა. | 16 | ხოლო მათ მოართუეს. და ჰრქუა მათ: ვისი არს ხატი ესე და ზედაწერილი? ხოლო მათ ჰრქუეს: კეისრისაჲ. |
17 | იესომ მიუგთ და უთხრა მათ: მიაგეთ კეისარს კეისრისა, ხოლო ღმერთს - ღმრთისა. და უკვირდათ მისი. | 17 | მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: მიეცით კეისრისაჲ კეისარსა და ღმრთისაჲ ღმერთსა. და დაუკჳრდა ამას ზედა და წარვიდეს. |
18 | მერე მიუახლოვდნენ სადუკევეღნი, რომელნიც ამბობენ, რომ არ არსებობს აღდგომა, და ჰკითხეს: | 18 | და მოვიდეს მისა სადუკეველნი, რომელნი იტყჳან, ვითარმედ: აღდგომაჲ არა არს, და ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს: |
19 | მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა, თუ ვინმეს მოუკვდება ძმა, რომელსაც დარჩება ცოლი, მაგრამ არ დარჩება შვილი, დაე, მისმა ძმამ მოიყვანოს მისი ცოლი, რათა აღუდგინოს თავის ძმას მისი თესლი. | 19 | მოძღუარ, მოსე ესრეთ დამიწერა ჩუენ: უკუეთუ ვისმე მოუკუდეს ძმაჲ და ესუას მას ცოლი, და შვილი არა დაშთეს, რაჲთა შეირთოს ძმამან მისმან ცოლი იგი მისი და აღუდგინოს თესლი ძმასა თჳსსა. |
20 | იყო შვიდი ძმა; პირველმა შეირთო ცოლი და უშვილოდ მოკვდა. | 20 | აწ შჳდნი ძმანი იყვნეს ჩუენ შორის. და პირველმან შეირთო ცოლი და მოკუდა, და არა დაშთა შვილი; |
21 | მეორემ შეირთო იგი და ისიც უშვილოდ მოკვდა. ასევე მესამეც. | 21 | და მეორემან შეირთო იგი და მოკუდა, და არა დაშთა შვილი. და მესამემან ეგრეთვე, |
22 | შვიდივეს ცოლად ჰყავდა და არცერთს არ დარჩა შვილი. ყველაზე ბოლოს კი ქალიც მოკვდა. | 22 | ვიდრე მეშჳდედმდე, და არა დაუშთა შვილი; უკუანაჲსკნელ ყოველთასა მოკუდა დედაკაციცა იგი. |
23 |
მერედა, აღდგომისას, როცა აღდგებიან, ვისი ცოლი იქნება იგი? ვინაიდან შვიდივეს ცოლად ესვა. |
23 | აწ უკუე აღდგომასა მას, ოდეს აღდგენ, ვისა მათგანისა იყოს იგი ცოლ, რამეთუ შჳდთავე მათ ესუა იგი ცოლად? |
24 | იესომ პასუხად მიუგო მათ: იმიტომ ხომ არ სცდებით, რომ არც წერილს იცნობთ და არც ღმრთის ძალას? | 24 | მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა ამისთჳს სცთებითა, რამეთუ არა იცნით წიგნნი, არცა ძალი ღმრთისაჲ? |
25 | რადგან მკვდრეთით აღდგომისას არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან, არამედ არიან, როგორც ანგელოზები ცაში. | 25 | რამეთუ რაჟამს მკუდრეთით აღდგენ, არცა იქორწინებოდიან, არცა განჰქორწინებდენ, არამედ იყვნენ ვითარცა ანგელოზნი ცათა შინა. |
26 | ხოლო მკვდართა აღდგომისათვის არ წაგიკითხავთ მოსეს წიგნში, რა უთხრა მას მაყვლოვანში ღმერთმა: მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა. | 26 | ხოლო ამისთჳს, რამეთუ აღდგენ მკუდარნი, არა აღმოგიკითხავსა წიგნსა მოსესსა, მაყულოვანსა ზედა ვითარ-იგი ღმერთი ეტყოდა მას და ჰრქუა: მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი? |
27 | ღმერთი მკვდრებისა კი არ არის, არამედ - ცოცხლებისა. ხოლო თქვენ დიდად სცდებით. | 27 | არა არს ღმერთი მკუდართაჲ, არამედ ღმერთი ცხოველთაჲ. ხოლო თქუენ ფრიად სცთებით. |
28 | მოვიდა ერთი მწიგნობართაგანი, რომელმაც გაიგონა მათი კამათი და მიხვდა, რომ კარგად მიუგო მათ, და ჰკითხა იესოს: რომელია უპირველესი მცნება? | 28 | და მოვიდა მისა ერთი მწიგნობართაგანი, ესმოდა რაჲ მათი, ვითარ-იგი გამოეძიებდეს მის თანა, იცოდა, რამეთუ კეთილად მიუგო მათ, ჰკითხა მას მანცა, ვითარმედ: რომელი არს ყოველთა პირველი მცნებაჲ? |
29 | ხოლო იესომ მიუგო მას: აი, უპირველესი მცნება: ისმინე, ისრაელ! უფალი ღმერთი ჩვენი ერთი უფალია! | 29 | ხოლო იესუ ჰრქუა მას: პირველი ყოველთა მცნებათაჲ ესე არს: ისმინე, ისრაჱლ: უფალი ღმერთი შენი უფალი ერთ არს; |
30 | და: გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით, - აი, უპირველესი მცნება. | 30 | და შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა. ესე არს პირველი მცნებაჲ. |
31 | და მეორე, ამისი მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. არ არსებობს ამათზე დიადი მცნება. | 31 | და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი. უფროჲს ამათსა სხუაჲ მცნებაჲ არა არს. |
32 | მწიგნობარმა უთხრა მას: კეთილი, მოძღვარო; ჭეშმარიტს ამბობ, რომ ერთია ღმერთი, და არ არის სხვა, მის გარდა; | 32 | ჰრქუა მას მწიგნობარმან მან: კეთილად, მოძღუარ, ჭეშმარიტად სთქუ, რამეთუ ერთ არს ღმერთი, და არავინ არს სხუაჲ მისა გარეშე; |
33 | და რომ უნდა გვიყვარდეს იგი მთელი გულით და მთელი სულით და მთელი გონებით და მთელი ძალით; და გვიყვარდეს მოყვასი, როგორც საკუთარი თავი - ეს ყოველგვარ მსხვერპლსა და შესაწირავზე უმეტესია. | 33 | და შეყუარებად იგი ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა და ყოვლითა ძალითა და ყოვლითა გულისჴმის-ყოფითა, და შეყუარებად მოყუასი, ვითარცა თავი თჳსი; უფროჲს არს ესე ყოველთა მსხუერპლთა და შესაწირავთა. |
34 |
როცა იხილა იესომ, რომ გონივრულად უპასუხა, მიუგო მას: შორს როდი ხარ ღმრთის სასუფევლისგან. ამის შემდეგ ვეღარავინ ბედავდა რაიმე ეკითხა მისთვის. |
34 | და იხილა იესუ, რამეთუ გონიერად მიუგო, ჰრქუა მას: არა შორს ხარ სასუფეველისაგან ღმრთისა. და არღარავინ იკადრა კითხვად მისა. |
35 | კვლავ ასწავლიდა იესო ტაძარში და თქვა: როგორ ამბობენ მწიგნობრები, რომ ქრისტე დავითის ძეა? | 35 |
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ და ასწავებდა ტაძარსა მას შინა: ვითარ უკუე იტყჳან მწიგნობარნი, ვითარმედ: ქრისტე ძე არს დავითისი? |
36 | რადგან თვით დავითი ამბობს სულით წმიდით: უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექ ჩემს მარჯვნივ, ვიდრე ფერხთით დაგიმხობ მტრებს. | 36 | რამეთუ თჳთ იგი დავით იტყჳს სულითა წმიდითა: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა. |
37 | ამრიგად, თვით დავითი უწოდებს მას უფალს; როგორღა ეკუთვნის ძედ? დიდძალი ხალხი სიამოვნებით უსმენდა მას. | 37 | თჳთ იგი დავით ჰხადის მას უფლით, და ვითარ ძჱ მისი არს? და მრავალი ერი ისმენდა მისსა ტკბილად. |
38 | და თავისი სწავლით ამბობდა: ეკრძალეთ მწიგნობრებს, რომლებსაც უყვართ გრძელი სამოსით მოკაზმვა და საკრებულოებში - სალმის ძღვნა, | 38 | და ეტყოდა მათ სწავლასა მას შინა მისსა: ეკრძალენით მწიგნობართა მათგან, რომელთა ჰნებავს სამკაულითა სლვაჲ და მოკითხვაჲ უბანთა ზედა, |
39 | სინაგოგებში - წინა რიბები და წვეულებებზე - სუფრის თავში ჯდომა. | 39 | და ზემოჯდომაჲ კრებულსა შორის და პირველ ანაჴით-ჯდომაჲ სერსა ზედა, |
40 | რომლებიც ნთქამენ ქვრივთა სახლებს და თვალთმაქცურად ლოცულობენ დიდხანს: მით უფრო მძიმე იქნება მათი სასჯელი. | 40 | რომელნი შესჭამენ სახლებსა ქურივთასა და მიზეზით მყოვარ ჟამ ილოცვენ, რომელთა მიიღონ უმეტესი სასჯელი. |
41 | დაჯდა იესო საგანძურის წინ და უყურებდა, როგორ ყრიდა ხალხი ფულს საგანძურში. ხოლო ბევრი მდიდარი ბლომად ყრიდა. | 41 | და დაჯდა იესუ წინაშე ფასის-საცავსა მას და ხედვიდა ვითარ-იგი ერი დასდებდა რვალსა ფასის-საცავსა მას. და მრავალთა მდიდართა დადვეს ფრიად. |
42 | მოვიდა ერთი საწყალი ქვრივი ქალი და ჩააგდო ორი ლეპტა, რაც შეადგენს კოდრანტს. | 42 | და მოვიდა ერთი ქურივი გლახაკი და დასხნა ორნი მწულილნი, რომელ არს კოდრანტე. |
43 | მოუხმო თავის მოწაფეებს და უთხრა მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ამ საწყალმა ქვრივმა ყველაზე მეტი ჩააგდო საგანძურში. | 43 | და მოუწოდა იესუ მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ ქურივმან ამან გლახაკმან უფროჲს ყოველთასა დადვა ფასის-საცავსა ამას; |
44 | ვინაიდან ყველა აგდებდა იმას, რაც ზედმეტი ჰქონდა, ხოლო მან ჩააგდო მთელი თავისი სისაწყლე, მთელი თავისი საბადებელი. | 44 | რამეთუ ყოველთა ნამეტნავისაგან მათისა დადვეს, ხოლო ამან ნაკლულევანებისაგან თჳსისა ყოველი, რაჲცა აქუნდა, დადვა საცხორებელი თჳსი. |