ახალი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
კვლავ შევიდა სინაგოგაში, და იყო იქ ხელგამხმარი კაცი. |
1 |
და მერმე შევიდა შესაკრებელსა, და იყო მუნ კაცი, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა. |
2 | და უთვალთვალებდნენ მას, ვნახოთ, შაბათს თუ განკურნავსო, რათა ბრალი დაედოთ მისთვის. | 2 | და უმზირდეს მას, უკუეთუ შაბათსა განკურნოს იგი, რაჲთა შეასმინონ იგი. |
3 | ხოლო მან უთხრა ხელგამხმარ კაცს: შუაში დადექ. | 3 | და მას ჟამსა ჰრქუა იესუ კაცსა მას, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა: აღდეგ და წარმოდეგ შორის! |
4 | მათ კი უთხრა: რისი ქმნა შეიძლება შაბათს: კეთილისა თუ ბოროტისა? სულის ცხონება თუ წარწყმედა? ხოლო ისინი დუმდნენ. | 4 | და ჰრქუა მას იესუ: ჯერ-არს შაბათსა შინა კეთილისა საქმე ანუ ბოროტისაჲ? სულისა ცხოვნებაჲ ანუ მოკლვაჲ? ხოლო იგინი დუმნეს. |
5 | რისხვით მოავლო თვალი შეკრებილთ, მათი გულქვაობით დამწუხრებულმა, და უთხრა ხელგამხმარ კაცს: გაიწოდე შენი ხელი! მანაც გაიწოდა და კვლავ გაუმრთელდა, როგორც მეორე. | 5 | და მიმოიხილა მათდა რისხვით და მწუხარედ სიბრმისათჳს გულთა მათთაჲსა და ჰრქუა კაცსა მას: განირთხ ჴელი შენი! და მან განირთხა, და კუალად მოეგო ჴელი იგი, ვითარცა ერთი იგი. |
6 | გამოვიდნენ თუ არა ფარისევლები, სასწრაფოდ მოითათბირეს ჰეროდელებთან ერთად, როგორ დაეღუპათ იგი. | 6 | და ვითარცა გამოვიდეს მიერ ფარისეველნი იგი ჰეროდიანელთა თანა, და ზრახვა-ყვეს მისთჳს, რაჲთა წარწყმიდონ იგი. |
7 | მაგრამ იესო მოწაფეებითურთ ზღვის პირას გავიდა; და მიჰყვა მას დიდძალი ხალხი გალილეიდან და იუდეიდან, | 7 | ხოლო იესუ მოწაფითურთ განეშორა მათგან და მოვიდა ზღჳს-კიდედ. და მრავალი ერი შეუდგა მას გალილეაჲთ და ჰურიასტანით, |
8 | იერუსალიმიდან, იდუმეიდან და იორდანეს გაღმიდან. ტიროსისა და სიდონის მხარის მცხოვრებთაც შეიტყეს მისი საქმენი, და მრავალი მივიდა მასთან. | 8 | იერუსალჱმით, იდუმიაჲთ, წიაღ-იორდანით და ტჳროსით კერძო და სიდონით. ესმა მრავალსა სიმრავლესა, რაოდენსა-იგი იქმოდა, და მოვიდეს მისა. |
9 | და, ხალხმრავლობის გამო, თავის მოწაფეებს უთხრა, ნავი გამიმზადეთო, რათა არ შეევიწროებინათ იგი. | 9 | და ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა, რაჲთა ნავი განუმზადონ მას ერისა მისთჳს, რაჲთა არა შეაიწრონ იგი. |
10 | ვინაიდან მრავალი განეკურნა: ასე რომ, ყველა სნეული აწყდებოდა, რათა შეხებოდა მას. | 10 | რამეთუ მრავალთა განჰკურნებდა, ვითარმედ ზედაცა დაესხმოდა მას ერი იგი, რაჲთა შე-ოდენ-ეხნენ. და რაოდენთა აქუნდა უძლურებაჲ და შეეხნეს, განიკურნებოდეს. |
11 | მისი შემყურე უწმინდური სულები მის წინაშე ემხობოდნენ და ყვიროდნენ: შენა ხარ ძე ღმრთისა. | 11 |
და სულები იგი არაწმიდაჲ ხედვიდეს მას და შეუვრდებოდეს, ღაღადებდეს და იტყოდეს: შენ ხარ ძე ღმრთისაჲ. |
12 | ხოლო იესომ მკაცრად უბრძანა მათ, არ გამთქვათო. | 12 | და ფრიად შეჰრისხნა მათ იესუ, რაჲთა არა გამოაცხადონ იგი. |
13 |
მერე ავიდა მთაზე და მოუხმო მათ, ვინც თვითონ სურდა; და მივიდნენ მასთან. |
13 |
და აღვიდა მთასა და მოუწოდა, რომელთაჲ უნდა მას; და მოვიდეს მისა. |
14 | აირჩია თორმეტი, რათა ყოფილიყვნენ მასთან და საქადაგებლად წარეგზავნა ისინი, | 14 | და ყვნა ათორმეტნი იგი, რაჲთა იყვნენ მის თანა და წარავლინნეს იგინი ქადაგებად |
15 | და რათა პქონოდათ სნეულთა განკურნებისა და ეშმაკთა განდევნის ძალა. | 15 | და რაჲთა აქუნდეს ჴელმწიფებაჲ განსხმად ეშმაკთა. |
16 | აირჩია თორმეტი, და სიმონს სახელად უწოდა პეტრე. | 16 | და დასდვა სახელები: სიმონს პეტრე, |
17 | ხოლო იაკობს ზებედესას და იაკობის ძმას იოანეს უწოდა ბოანერგეს, რაც ნიშნავს: ქუხილის ძენი; | 17 | და იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ იაკობისი; და დასდვა მათ სახელები: ბანერგეს, რომელ არს: ძენი ქუხილისანი; |
18 | ანდრია და ფილიპე, ბართლომე და მათე, თომა და იაკობ ალფესი, თადეოსი და სიმონ კანანელი. | 18 | ანდრეა და ფილიპე, ბართლომე და მატთეოს, თომა და იაკობ ალფესი, თადეოს და სიმონ კანანელი |
19 | და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი. | 19 | და იუდა ისკარიოტელი, რომელმანცა მისცა იგი. |
20 | მივიდა სახლში, და კვლავ შეგროვდა იმდენი ხალხი, რთმ პურის ჭამა ვეღარ შეიძლეს. | 20 | და მოვიდეს სახლსა, და შეკრბა კუალად მისა ერი, ვიდრემდის ვერ ჴელ-ეწიფებოდა მათ ვერცაღა პურისა ჭამად. |
21 | გაიგეს მისმა ახლობლებმა და მოვიდნენ, რათა შეეპყროთ იგი, ვინაიდან ამბობდნენ, შეიშალაო. | 21 | და ესმა მის კერძოჲსათა და გამოვიდეს შეპყრობად მისა, რამეთუ იტყოდეს, ვითარმედ: განკრთომილ არს. |
22 | ხოლო იერუსალიმიდან ჩამოსული მწიგნობრები ამბობდნენ: ბელზებული ჰყავს და ეშმაკთა მთავრის შეწევნით აძევებსო ეშმაკთ. | 22 | და მწიგნობარნი იგი, რომელნი იერუსალჱმით შთამოსრულ იყვნეს, იტყოდეს, ვითარმედ: ბელზებული მის თანა არს, და მთავრითა ეშმაკთაჲთა განასხამს ეშმაკთა. |
23 | მაშინ მოუხმო და იგავით უთხრა მათ: როგორ შეუძლია სატანას სატანის გაძევება? | 23 | და მოუწოდა მათ და იგავით ეტოდა: ვითარ ჴელ-ეწიფების ეშმაკსა ეშმაკისა განჴდად? |
24 | თუ სამეფო თავის თავს განეყოფა, ვერ გაძლებს ის სამეფო. | 24 | და უკუეთუ მეუფებაჲ მეუფებასა განევლთას, ვერ ჴელ-ეწიფების დამტკიცებად მეუფებაჲ იგი. |
25 |
და თუ სახლი თავის თავს განეყოფა, ვერ გაძლებს ის სახლი. |
25 | და უკუეთუ სახლი სახლსა განევლთას, ვერ ჴელ-ეწიფების სახლი იგი დამტკიცებად. |
26 | ხოლო თუ სატანა წინ აღუდგება და განეყოფა თავის თავს, ვერ გაძლებს, არამედ ახლოა მისი აღსასრული. | 26 | და უკუეთუ ეშმაკი თავსა თჳსსა ზედა აღდგომილ არს და განყოფილ არს, ვერ ჴელ-ეწიფების დამტკიცებად, არამედ აღსასრული აქუს. |
27 | ვერც ვერავინ შევა ძლიერის სახლში და გაძარცვავს მას, თუკი თავდაპირველად არ შებოჭავს ძლიერს. მხოლოდ ამის შემდეგ თუ შესძლებს გაძარცვოს მისი სახლი. | 27 | და არცა ვის ჴელ-ეწიფების შესლვად სახლსა ძლიერისასა და ჭურჭელი მისი გამოტყუენვად, არა თუ პირველად ძლიერი იგი შეკრას და მაშინღა სახლი მისი გამოტყუენოს. |
28 | ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევება კაცთ, რამდენსაც უნდა ჰგმობდნენ. | 28 | ამინ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ ყოველივე მიეტეოს ძეთა კაცთა ცოდვანი და გმობანი, რაოდენსაცა ჰგმობდენ; |
29 | მაგრამ ვინც იტყვის სულის წმიდის გმობას, არა აქვს მიტევება უკუნისამდე, არამედ ღირსია საუკუნო სასჯელისა. | 29 | ხოლო რომელმან თქუას გმობაჲ სულისა წმიდისათჳს, არა აქუს მიტევებაჲ უკუნისამდე, არამედ თანამდებ არს იგი საუკუნოჲსა სასჯელისა. |
30 | ასე თქვა, იმიტომ რომ ამბობდნენ: უწმინდური სული ჰყავსო. | 30 | რამეთუ იტყოდეს, ვითარმედ: სული არაწმიდაჲ არს მის თანა. |
31 | მოვიდნენ მისი დედა და ძმები, გარეთ გაჩერდნენ და კაცი შეუგზავნეს დასაძახებლად. | 31 | მოვიდეს უკუე ძმანი მისნი და დედაჲ მისი და გარეშე დგეს და მოუვლინეს მას და გამოხადოდეს. |
32 | დიდძალი ხალხი ეხვია გარს, როდესაც უთხრეს: აჰა, დედაშენი და შენი და-ძმანი გარეთ დგანან და გკითხულობენო. | 32 | და სხდა გარემო მისა ერი მრავალი; და ვითარცა ჰრქუეს მას: აჰა დედაჲ შენი და ძმანი შენნი გარე დგანან და გეძიებენ შენ, |
33 | ხოლო იესომ მიუგო მათ: ვინ არის დედაჩემი, ან ჩემი ძმები? | 33 | მიუგო იესუ და ჰრქუა: ვინ არს დედაჲ ჩემი ანუ ძმანი ჩემნი? |
34 | თვალი მოავლო ირგვლივ მსხდომთ და თქვა: აი, დედაჩემი და ჩემი ძმები. | 34 | და მიმოიხილა გარემო მისა მოწაფეთა თჳსთა მსხდომარეთა და ჰრქუა: აჰა დედაჲ ჩემი და ძმანი ჩემნი! |
35 | რადგან ვინც აღასრულებს ღმერთის ნებას, იგია ჩემი ძმაც, ჩემი დაცა და დედაც. | 35 | რამეთუ რომელმან ყოს ნებაჲ ღმრთისაჲ, ესე არს ძმაჲ ჩემი დაჲ ჩემი და დედაჲ ჩემი. |