ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მარკოზის სახარება

თავი მეოთხე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

კვლავ დაიწყო სწავლება ზღვის პირას და შეგროვდა მის ირგვლივ იმდენი ხალხი, რომ ნავში ჩაჯდა და ზღვაში შევიდა, ხოლო მთელი ხალხი ზღვის პირას, ხმელეთზე იყო.

1 მერმე კუალად იწყო სწავლად ზღჳს-კიდესა; და შეკრბა მისა ერი მრავალი, ვიდრე შესლვადმდე მისა ნავად, და დაჯდა იგი ნავსა მას ზღუასა შინა; და ყოველი იგი ერი ზღჳს-კიდესა ქუეყანასა ზედა დგა.
2 ბევრ რასმე ასწავლიდა იგავებით და თავისი სწავლით ამბობდა: 2 და ასწავებდა მათ იგავით ფრიად და ეტყოდა მათ სწავლასა მას მისსა:
3 ისმინეთ: აჰა, გამოვიდა მთესავი თესვად. 3 ისმინეთ ესე: გამოვიდა მთესვარი თესვად.
4 ხოლო თესვისას ზოგი მარცვალი გზის პირას დავარდა; მოფრინდნენ ცის ფრინველები და აკენკეს ისინი. 4 და იყო თესვასა მას მისსა რომელიმე დავარდა გზასა ზედა, მოვიდეს მფრინველნი და შეჭამეს იგი.
5 ზოგიც ქვიან ადგილას დავარდა, სადაც ბლომად არ იყო მიწა და მალე აღმოცენდა, ვინაიდან ნიადაგი არ იყო ღრმა. 5 და სხუაჲ დავარდა კლდოვანსა ზედა, სადა არა იყო მიწაჲ ფრიად, და მეყსეულად აღმოსცენდა, და რამეთუ არა იყო სიღრმე მიწისაჲ.
6 მაგრამ ამოვიდა თუ არა მზე, დაჭკნა, და რადგან ფესვი არ ჰქონდა, გახმა. 6 და ვითარცა მზე აღმოჰჴდა დასცხა, და რამეთუ ძირნი არა დაებნეს, განჴმა.
7 ზოგი კი ეკალ-ბარდებში ჩაცვივდა; წამოიზარდა ეკალი და ერთიანად მოაშთო ყველა; და ვეღარ გამოიღეს ნაყოფი. 7 და სხუაჲ დავარდა ეკალთა შორის; და აღმოსცენდეს ეკალნი და შეაშთვეს იგი, და ნაყოფი ვერ გამოიღო.
8 ხოლო ზოგი პოხიერ ნიადაგზე დაეცა, იზარდა, ნაყოფი გამოიღო და იმატა: ერთი ოცდაათად, ერთი სამოცად თუ ერთი ასად. 8 და სხუაჲ დავარდა ქუეყანასა კეთილსა და მოსცემდა ნაყოფსა, აღმოვიდოდა და აღორძნდებოდა და მოაქუნდა ოცდაათეული, სამოცეული და ასეული.
9 და უთხრა მათ: ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს! 9 და ეტყოდა: რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!
10 როდესაც ხალხი დაიშალა, მასთან დარჩენილებმა თორმეტ მოწაფესთან ერთად ჰკითხეს იგავის აზრი. 10 და ოდეს იყო იგი თჳსაგან, ჰკითხეს მას მოწაფეთა მისთა: რაჲ არს იგავი ესე?
11

და უთხრა მათ: თქვენ მოგეცათ ღმრთის სასუფევლის საიდუმლოთა ცოდნა, ხოლო გარეშეთათვის ყველაფერი იგავში ხდება.

11 ხოლო იგი ეტყოდა მათ: თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოჲ იგი სასუფევლისა ღმრთისაჲ, ხოლო გარეშეთა მათ – ყოველივე იგავით სიტყუად.
12 რადგან თვალით მხედველნი ვერას ხედავენ, და ყურით მსმენელნი ვერას ისმენენ, რათა არ მოიქცნენ და არ მიეტევოთ ცოდვები. 12 რაჲთა ხედვით ხედვიდენ, და არა იხილონ და სმენით ესმოდის და ვერ გულისჴმა-ყონ, ნუუკუე მოიქცენ და მიეტეოს მათ ცოდვაჲ მათი.
13 და უთხრა მათ: ეს იგავი არ გესმით და როგორღა გაიგებთ დანარჩენთ? 13 და ჰრქუა მათ: არა იცით იგავი ესე? და ვითარ უკუე ყოველნი იგავნი გულისჴმა-ჰყვნეთ?
14 მთესავი სიტყვას თესავს. 14 რომელი-იგი სთესავს, სიტყუასა მას სთესავს.
15 გზის პირას დაცვენილი თესლი ისინი არიან, რომლებშიაც ითესება სიტყვა, მაგრამ სიტყვის მოსმენისთანავე მიადგებათ სატანა და მოსტაცებთ სიტყვას, რომელიც მათ გულში ჩაითესა. 15 ხოლო ესენი არიან, რომელნი-იგი გზასა ზედა, სადა-იგი დაეთესის სიტყუაჲ; და რაჟამს ისმინიან, მეყსეულად მოვიდის ეშმაკი და მიუღის მათ სიტყუაჲ იგი გულთაგან მათთა.
16 ასევე, ქვიან ადგილას დაცვენილი თესლი ისინი არიან, რომელნიც სიტყვის მოსმენისთანავე სიხარულით იღებენ მას; 16

და ესენი არიან კლდოვანსა მას დათესულნი, რომელთა-იგი რაჟამს ისმინიან სიტყუაჲ, მეყსეულად სიხარულით მიიღიან;

17 მაგრამ ფესვი არა აქვს მათში, და როდესაც მოაწევს ჭირის დღე ან დევნა სიტყვის გამო, მყისვე ცდებიან. 17 და რამეთუ არა უბნ ძირი მათ შორის, არამედ საწუთო არიედ; და რაჟამს მოიწიის ჭირი ანუ დევნულებაჲ სიტყჳსა მისთჳს, მეყსეულად დაჰბრკოლდიან.
18 ეკალ-ბარდებში ჩაცვენილი თესლი სიტყვის მსმენელნი არიან, 18 და რომელნი ეკალთა შორის დაეთესნეს, ესენი არიან, რომელთა სიტყუაჲ იგი ისმინიან,
19 რომლებშიაც სოფლის საზრუნავი, სიმდიდრის საცდური და სხვა გულისთქმანი, მათში შესვლისას, აშთობენ სიტყვას და უნაყოფოს ხდიან მას. 19 და ზრუნვანი ამის სოფლისანი და საცთური სიმდიდრისაჲ შეუჴდის და შეაშთვიან სიტყუაჲ იგი, და უნაყოფო იქმნის.
20 ხოლო პოხიერ ნიადაგზე დაცვენილი თესლი ისინი არიან, რომელნიც ისმენენ და კიდევაც იღებენ სიტყვას, და ნაყოფიც გამოაქვთ: ერთი ოცდაათად, ერთი სამოცად თუ ერთი ასად. 20 და ესენი არიან, რომელნი კეთილსა ქუეყანასა დაეთესნეს, რომელთა ისმინიან სიტყუაჲ იგი და შეიწყნარიან და ნაყოფი გამოიღიან ოცდაათეული და სამოცეული და ასეული.
21

და უთხრა მათ: განა იმიტომ მოაქვთ სანთელი, რომ საწყაოსა თუ საწოლის ქვეშ დადგან? არამედ სასანთლეზე დგამენ მას.

21 და ეტყოდა მათ: ნუ სანთელი მოიღიან და ჴჳმირსა ქუეშე შედგიან ანუ ცხედარსა ქუეშე დადგიან? ანუ არა სასანთლესა ზედა დადგიან?
22 არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს. 22 რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, არცა იყოს საიდუმლოდ, არამედ რაჲთა განცხადებულად მოვიდეს.
23 ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს! 23 რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!
24 და უთხრა მათ: დაუკვირდით, რაც გესმით: რთმელი საწყაულითაც მიუწყავთ, იმითვე მოგეწყვით და მოგემატებათ. 24 და ეტყოდა მათ: იხილეთ, რაჲ-ესე გესმის: რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ და ზედა დაგერთოს თქუენ, რომელთა-ეგე გესმის.
25 რადგან ვისაც აქვს, მას მიეცემა, ხოლო ვისაც არა აქვს, წაერთმევა ისიც, რაცა აქვს. 25 რამეთუ რომელსა აქუნდეს, მიეცეს მას, და რომელსა არა აქუნდეს და რომელღა-იგი აქუნდეს, მო-ვე-ეღოს მას.
26 და თქვა: ღმრთის სასუფეველი იმასა ჰგავს, კაცი რომ თესლს ჩათესავს მიწაში. 26

და ეტყოდა მათ: ესრეთ არს სასუფეველი ღმრთისაჲ, ვითარცა-იგი კაცმან დასთესის თესლი ქუეყანასა

27 სძინავს თუ დგება, დღისით თუ ღამით, არც იცის, როგორ აღმოცენდება და იზრდება თესლი. 27 და დაიძინის; და აღდგის ღამე და დღე, და თესლი იგი აღმოსცენდის და განორძნდებინ, ვითარ-იგი მან არა უწყინ,
28 რადგანაც მიწას თავისთავად გამოაქვს ნაყოფი: ჯერ ღერო, შემდეგ თავთავი, ბოლოს, სავსე მარცვალი თავთავში. 28 რამეთუ თჳსით თავით ქუეყანაჲ ნაყოფსა გამოიღებს: პირველად წუელი, მერმე თავი, მაშინღა სავსე იფქლი თავსა მას შინა.
29 და როცა დამწიფდება ნაყოფი, მაშინვე გაგზავნის ნამგალს, ვინაიდან დამდგარა მკის ჟამი. 29 და რაჟამს მოსცის ნაყოფი, მეყსეულად მოავლინის მანგალი, რამეთუ მოიწია მკაჲ.
30 და თქვა: რას ვამსგავსო ღმრთის სასუფევეღი? ან რომელი იგავით წარმოგისახოთ იგი? 30 და ეტყოდა: რასა ვამსგავსო სასუფეველი ღმრთისაჲ? ანუ რომელი იგავი მოვიღოთ მისთჳს?
31

ესაა მდოგვის მარცვალი, რომელიც მიწაში ჩათესვისას ყველა თესლზე უმცირესია ამ ქვეყნად.

31 ვითარცა მდოგჳსა მარცუალი, რომელი დაეთესის ქუეყანასა, რამეთუ უმცირეს არს იგი ყოველთა თესლთა, რომელნი არიან ქუეყანასა ზედა.
32 მაგრამ დათესვის შემდეგ ამოდის, ყველა მწვანილზე დიდი იზრდება და ისე ფართოდ შლის ტოტებს, რომ ცის ფრინველებს შეუძლიათ მის ჩრდილში დაიბუდონ. 32 და ოდეს დაეთესის და აღმოჴდის და იქმნის იგი უფროჲს ყოველთა მხალთა და გამოიხუნის რტონი დიდ-დიდნი, ვითარმედ შესაძლებელ არნცა ქუეშე საგრილსა მისსა მფრინველთა ცისათა დადგრომად.
33 ბევრი ასეთი იგავით ეუბნებოდა მათ სიტყვას, რამდენის მოსმენაც შეეძლოთ. 33 და ესევითარითა იგავითა ეტყოდა მათ სიტყუასა, ვითარცა შემძლებელ იყვნეს იგინი სმენად.
34 ხოლო უიგავოდ არაფერს ეტყოდა მათ; თავის მთწაფეებს კი განმარტოებით უხსნიდა ყველაფერს. 34 და თჳნიერ იგავისა არარას ეტყოდა მათ; ხოლო თჳსაგან მოწაფეთა გამოუთარგმანის იგი ყოველი.
35 იმ დღეს, მწუხრის ჟამს, უთხრა მათ: გაღმა გავიდეთო. 35 მას დღესა შინა, ვითარცა შემწუხრდა, ჰრქუა მათ: წიაღვჴდეთ მიერ კერძო.
36 გაისტუმრეს ხალხი და წაიყვანეს იგი ნავით, რომელშიც იჯდა. და სხვა ნავებიც მისდევდნენ მას. 36 და დაუტევეს ერი იგი და წარიყვანეს იგი მოწაფეთა, ვითარცა იყო ნავსა მას შინა, და სხუაჲცა ნავები, რომელი იყო მის თანა.
37 ამოვარდა საშინელი ქარიშხალი და ტალღები ეხეთქებოდნენ ნავს, ისე რომ, ლამის წყლით აივსო იგი. 37 და იყო მეყსეულად ბორბალი ქარისაჲ დიდი და ღელვასა მას შთაასხმიდა ნავსა, ვითარმედ აღ-ცა-ივსებოდა ნავი იგი.
38 ხოლო ის კიჩოზე იწვა და სასთუმალზე ეძინა. გააღვიძეს და უთხრეს: მოძღვარო, არ გენაღვლება, რომ ვიღუპებით? 38 და თავადი იყო პირით კერძო თავსა მის ნავისასა და ეძინა. და განაღჳძებდეს მას და ეტყოდეს: მოძღუარ, არა ჰზრუნავ, რამეთუ წარვწყმდებით?
39 მაშინ წამოდგა, შერისხა ქარი და უბრძანა ზღვას: დაყუჩდი, დაცხრი! და ჩამოვარდა სიმყუდროვე დიდი. 39 და აღდგა და შეჰრისხნა ქარსა მას და ზღუასა და ჰრქუა: დადუმენ და პირი დაიყავ! და დასცხრა ქარი იგი, და იქმნა დაყუდება დიდ.
40 და უთხრა მათ: რატომ ხართ ასე მოშიშარნი? რატომ არა გაქვთ რწმენა? 40 და ჰრქუა მათ: რაჲსა ესოდენ მოშიშ ხართ? ვითარ არა გაქუს სარწმუნოებაჲ?
41 ისინი საშინელი ძრწოლით შეძრწუნდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ვინ არის იგი, ქარიც და ზღვაც რომ მორჩილებენ? 41 და შეეშინა მათ შიშითა დიდითა და იტყოდეს ურთიერთას: ვინ-მე არს ესე, რამეთუ ქარნიცა და ზღუაჲცა ერჩიან მას?