ახალი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
წამოვიდა იქიდან და მოწაფეების თანხლებით მივიდა თავის მამულში. |
1 | და გამოვიდა მიერ და მოვიდა თჳსა მამულად, და მოსდევდეს მას მოწაფენი მისნი. |
2 | შაბათ დღეს დაიწყო სწავლება სინაგოგაში და მრავალი მსმენელი გაოცებული ამბობდა: ვინ მისცა ყოველივე ეს, ან რა სიბრძნე აქვს ბოძებული, რომ ამნაირი სასწაულები ხდება მისი ხელით? | 2 | და იყო შაბათი, და იწყო შესაკრებელსა მათსა სწავლად მათა. და მრავალთა, რომელთა ესმოდა, განუკჳრდებოდა და იტყოდეს: ვინაჲ არს ესე ამისა? ანუ რაჲ არს სიბრძნე ესე მოცემული ამისა, და ძალნი ესოდენნი, ჴელთაგან ამისთა რომელნი იქმნებიან? |
3 | განა ხურო არ არის, მარიამის ძე და იაკობის, იოსეს, იუდასა და სიმონის ძმა? მისი დებიც ხომ აქვე არიან, ჩვენს შორის? და ცდებოდნენ მასში. | 3 | ანუ არა ესე არსა ხუროჲსაჲ მის და ძე მარიამისი და ძმაჲ იაკობისი და იოსესი, იუდაჲსი და სიმონისი? და დანი მისნი ყოველნი ჩუენ თანა არიან? და დაჰბრკოლდებოდეს მისა მიმართ. |
4 | ხოლო იესომ უთხრა მათ: არ არსებობს წინასწარმეტყველი პატივის გარეშე, თუ არა თავის მამულში, თავისიანებს შორის და თავის სახლში. | 4 | ხოლო იესუ ეტყოდა: არა არს წინაწარმეტყუელი შეურაცხ, გარნა თჳსსა სოფელსა და ნათესავთა შორის მისთა და სახლსა შინა თჳსსა. |
5 | და არ მოუხდენია იქ არავითარი სასწაული. მხოლოდ რამდენიმე სნეულს დაადო ხელი და განკურნა. | 5 | და არა ქმნა მუნ ძალი არცა ერთი, გარნა მცირედთა სნეულთა ჴელი დასდვა და განკურნნა იგინი. |
6 | უკვირდა მათი ურწმუნოება, ახლომახლო სოფლებში დადიოდა და ასწავლიდა მათ. | 6 | და დაუკჳრდა ურწმუნოებაჲ იგი მათი და მიმოიქცეოდა გარემო სოფლებსა მას და ასწავებდა მათ. |
7 | მოუხმო თორმეტს, წყვილ-წყვილად დაუწყო წარგზავნა, და მისცა მათ უწმინდურ სულთა დათრგუნვის ძალა. | 7 | და მოუწოდა ათორმეტთა მათ და იწყო წარვლინებად მათა ორ-ორისა და მისცემდა ჴელმწიფებასა სულთა ზედა არაწმიდათა. |
8 | და ამცნო მათ, არაფერი წაეღოთ გზაში, გარდა არგნისა; არცა აბგა, არც პური, არც რვალი სარტყლით: | 8 | და ამცნებდა მათ, რაჲთა არარაჲ მიიღონ გზასა ზედა, გარნა კუერთხი ხოლო: ნუცა ვაშკარანი, ნუცა პური, ნუცა სარტყელსა რვალი. |
9 | არამედ სცმოდათ მხოლოდ ხამლები, და ნუ იგულებდნენ ორ ხელ სამოსს. | 9 | და რაჲთა ესხნენ სანდალნი, და ნუცა შემოსად ორი სამოსელი. |
10 | და უთხრა მათ: თუ სადმე შეხვალთ სახლში, იქვე დარჩით, სანამ არ გამოხვალთ იქიდან. | 10 | და ეტყოდა მათ: ვიდრეცა შეხჳდეთ სახლსა, მუნ დაადგერით, ვიდრე მიერ გამოსლვადმდე. |
11 | ხოლო თუ არავინ მიგიღოთ და არც ისმინოს თქვენი, იქიდან გამოსვლისას, მათ სამოწმებლად ჩამოიბერტყეთ თქვენი ფეხიდან მტვერი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: განკითხვის დღე სოდომისა და გომორისთვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე იმ ქალაქისათვის. | 11 | და რაოდენთა არა შეგიწყნარნენ თქუენ და არცა ისმინონ თქუენი, გამო-რაჲ-ხჳდოდით მიერ, განიყარეთ მტუერი ფერჴთაგან თქუენთა საწამებელად მათა. ამენ გეტყჳ თქუენ: უმოლხინეს იყოს სოდომისა და გომორისა დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე ქალაქისა მის. |
12 |
და წავიდნენ ისინი სინანულის საქადაგებლად. |
12 | და გამოვიდეს და ქადაგებდეს, რაჲთა შეინანონ. |
13 | აძევებდნენ მრავალ ეშმაკს, ზეთს სცხებდნენ და ჰკურნავდნენ უამრავ სნეულს. | 13 | და ეშმაკნი მრავალნი განასხნეს და სცხებდეს ზეთსა მრავალთა სნეულთა და განჰკურნებდეს. |
14 | ჰეროდე მეფემ გაიგო ეს (ვინაიდან გაცხადდა მისი სახელი) და თქვა: იოანე ნათლისმცემელი აღმდგარა მკვდრეთით და ამიტომ ძალნი მძლავრობენ მასში. | 14 | და ესმა ჰეროდეს მეფესა, რამეთუ განცხადნა სახელი მისი, და იტყოდა, ვითარმედ: იოვანე ნათლის-მცემელი მკუდრეთით აღდგომილ არს, და მისთჳს იქმნებიან ძალნი მისნი თანა. |
15 | სხვები ამბობდნენ: ეს ელიაა; ზოგი კი ამბობდა: წინასწარმეტყველია, ანდა როგორც ერთი წინასწარმეტყველთაგანი. | 15 | და სხუანი იტყოდეს: ელია არს გინა ვითარცა ერთი წინაწარმეტყუელთაგანი პირველთაჲ. |
16 | ხოლო ჰეროდემ რომ გაიგო, თქვა: ეს იოანეა, რომელსაც მე მოვკვეთე თავი; მკვდრეთით აღმდგარა. | 16 | ესმა რაჲ ჰეროდეს, თქუა, ვითარმედ: რომელსა მე თავი მოვჰკუეთე იოვანეს, იგი აღდგომილ არს მკუდრეთით. |
17 | ვინაიდან ჰეროდემ თვითონ წარგზავნა ხალხი, შეაპყრობინა იოანე, შეკრა და საპყრობილეში ჩააგდო ჰეროდიადას, თავისი ძმის, ფილიპეს ცოლის გამო, ცოლად რომ შეერთო მას. | 17 | რამეთუ ამან ჰეროდე მიავლინა და შეიპყრა იოვანე, შებორკილა იგი და შესუა საპყრობილედ ჰეროდიადაჲსთჳს, ცოლისა ფილიპესა, ძმისა მისისა, რამეთუ იგი შეირთო ცოლად. |
18 | რადგან იოანე ეუბნებოდა ჰეროდეს: არ უნდა გყავდესო შენი ძმის ცოლი. | 18 | რამეთუ ეტყოდა იოვანე ჰეროდეს, ვითარმედ: არა ჯერ-არს შენდა, ვითარმცა ცოლად გესუა ძმის-ცოლი შენი. |
19 | ამიტომ ჰეროდიადა სდევნიდა მას და ცდილობდა მოეკლა იგი, მაგრამ არ შეეძლო. | 19 | ხოლო ჰეროდიას გულსა დაედვა მისთჳს და უნდა მოკლვაჲ მისი და ვერ ჴელ-ეწიფა. |
20 | რადგანაც ჰეროდეს ეშინოდა იოანესი, ვინაიდან იცოდა, რომ მართალი და წმიდა კაცი იყო და უფრთხილდებოდა; ბევრ რამეს აკეთებდა მისი რჩევით და სიამოვნებით უსმენდა მას. | 20 | რამეთუ ჰეროდეს ეშინოდა იოვანესა და იცოდა იგი, რამეთუ კაცი მართალი და წმიდაჲ არს, და სცვიდა მას და ისმინის მისი და მრავალსა პატივსა უყოფდა და ჯეროვნად ისმენდა მისსა. |
21 | მაგრამ ქალმა დრო იხელთა, როცა ჰეროდემ თავისი დაბადების დღეს წვეულება გაუმართა თავის დიდებულებს, ათასისთავებსა და გალილეველ წარჩინებულებს; | 21 | და ვითარცა იყო დღე მარჯუჱ, ოდეს ჰეროდე ჟამსა შობისა მისისასა სერი უმზადა მთავართა მისთა და ათასისთავთა მისთა და აზნაურთა გალილეაჲსათა, |
22 | გამოვიდა ჰეროდიადას ასული, იცეკვა და მოხიბლა ჰეროდეც და მისი თანამეინახენიც. და უთხრა მეფემ ქალწულს: მითხარი, რაც გსურს, და მოგცემო. | 22 | და შევიდა ასული ჰეროდიაჲსი და როკვიდა; და სთნდა ჰეროდეს და მის თანა მიენაჴეთა. და ჰრქუა ჰეროდე მეფემან ქალსა მას: მთხოვე, რაჲცა გნებავს, და მიგცე შენ. |
23 |
და შეჰფიცა: რაც უნდა მთხოვო, მოგცემ, თუნდაც ჩემს ნახევარ სამეფოსო. |
23 | და ეფუცა მას, ვითარმედ: რაჲცა ითხოო, მიგცე შენ, ვიდრე ზოგადმდე მეფობისა ჩემისა. |
24 | ხოლო ის გავიდა და დედამისს ჰკითხა: რა ვთხოვოო? და მან მიუგო: იოანე ნათლისმცემლის თავი. | 24 | ხოლო იგი გამოვიდა და ჰკითხა დედასა თჳსსა, ვითარმედ: რაჲ ვითხოო? ხოლო მან ჰრქუა მას: თავი იოვანე ნათლის-მცემელისაჲ. |
25 | მსწრაფლ შემობრუნდა მეფესთან და უთხრა: მინდა ახლავე მომართვა ლანგრით იოანე ნათლისმცემლის თავი. | 25 | და შევიდა ქალი იგი მსრწაფლ მეფისა და ჰრქუა: მნებავს, რაჲთა აწვე მომცე მე ლაკნითა თავი იოვანე ნათლის-მცემელისაჲ. |
26 | შეწუხდა მეფე, მაგრამ ფიცისა და თანამეინახეთა რიდით ვერ იკადრა გაეწბილებინა იგი. | 26 | და მწუხარე იქმნა ჰეროდე მეფე, ხოლო ფიცისა მისთჳს და მის თანა მეინაჴეთა არა ინება შეურაცხ-ყოფაჲ ქალისაჲ მის. |
27 | მაშინვე გაგზავნა თავისი მცველი და უბრძანა მოეტანა იოანეს თავი. | 27 | და მეყსეულად წარავლინა მეჴრმლე მისი და უბრძანა მოღებად თავი მისი. |
28 | ისიც წავიდა, თავი მოჰკვეთა მას საპყრობილეში და ლანგრით მიართვა ქალწულს, ხოლო ქალწულმა მისცა დედამისს. | 28 | ხოლო იგი წარვიდა და მოჰკუეთა თავი საპყრობილესა შინა და მოიღო თავი მისი ფეშხუენითა და მისცა ქალსა მას, და ქალმან მან მიართუა დედასა თჳსსა. |
29 | ეს რომ გაიგეს, იოანეს მოწაფეები წავიდნენ, გამოიტანეს მისი ნეშტი და ჩაასვენეს იგი სამარხში. | 29 | და ესმა მოწაფეთა მისთა, მოვიდეს და შემოსეს გუამი მისი და დაჰფლეს საფლავსა. |
30 | შეიკრიბნენ მოციქულები იესოსთან და უამბეს ყველაფერი, რაც ექმნათ და ესწავლებინათ. | 30 | და მოვიდეს და შემოკრბეს მოციქულნი იესუჲსა და უთხრეს მას ყოველი, რაოდენი ქმნეს და ასწავეს. |
31 | ხოლო იესომ უთხრა მათ: წადით, განმარტოვდით უდაბურ ადგილას და ცოტა დაისვენეთ; - რადგან ბევრი იყო მომსვლელ-წამსვლელი და ჭამის დროც არ ჰქონდათ. | 31 | და ჰრქუა მათ იესუ: მოვედით თქუენ თჳსაგან უდაბნოსა ადგილსა და განისუენეთ მცირედ. რამეთუ იყვნეს მომავალნი და წარმავალნი მრავალ და არცაღა პურისა ჭამად აცალებდეს. |
32 | და მარტონი გაემგზავრნენ უდაბურ ადგილას ნავით. | 32 | და წარვიდეს უდაბნოსა ადგილსა ნავითა თჳსაგან. |
33 | მაგრამ ხალხმა დაინახა მიმავალნი, ბევრმა იცნო იგი და ქალაქებიდან ფეხდაფეხ მიჰყვნენ სირბილით, დაწინაურდნენ და მათზე ადრე მივიდნენ იქ. | 33 | და იხილა ერმან მან, წარ-ღა-ვიდოდეს, და გულისჴმა-ყვეს მრავალთა, და მკჳრცხლ ყოვლისაგან ქალაქებისა შეკრბა მუნ და მოვიდეს მათა. |
34 |
გამოვიდა იესო, დაინახა დიდძალი ხალხი და შეებრალა ისინი, რადგანაც იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვრები; და დაიწყო მათთვის მრავალი რამის სწავლება. |
34 | და გამოვიდა იესუ და იხილა ერი მრავალი და შეეწყალნეს იგინი, რამეთუ იყვნეს, ვითარცა ცხოვარნი, რომელთა არა აქუნ მწყემსი. და იწყო სწავლად მათდა ფრიად. |
35 | და რაკი დიდმა დრომ განვლო, მოწაფეები მივიდნენ და უთხრეს მას: უდაბურია ეს ადგილი და თანაც გვიანია უკვე; | 35 | და ვითარ მრავალი ჟამი წარსულ იყო, მოვიდეს მოწაფენი მისნი და ეტყოდეს მას, ვითარმედ: უდაბნო არს ადგილი ესე, და ჟამი არსღა ფრიად. |
36 | გაუშვი ისინი, რათა წავიდნენ ახლომახლო სოფლებსა თუ დაბებში პურის საყიდლად, ვინაიდან არაფერი აქვთ საჭმელი. | 36 | განუტევე ერი ესე, რაჲთა წარვიდენ გარემო სოფლებსა და სანახებსა და იყიდონ თავისა მათისა საზრდელი, რამეთუ რაჲმცა ჭამეს, არა აქუს. |
37 | ხოლო მან პასუხად თქვა: თქვენ თვითონ მიეცით საჭმელი. მათ უთხრეს: რა ვქნათ, წავიდეთ, ვიყიდოთ ორასი დინარის პური და ამათ მივცეთ საჭმელად? | 37 | ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ეცით თქუენ მაგათ ჭამადი. ხოლო მათ ჰრქუეს მას: წარვიდეთ და ვიყიდოთ ორასისა დრაჰკნისა პური და ვსცეთ მათ ჭამადი. |
38 | მან კი იკითხა: რამდენი პური გაქვთ? წადით და ნახეთ. მათაც ნახეს და მოახსენეს: „ხუთი პური და ორი თევზი“. | 38 | ხოლო იესუ ჰრქუა მათ: რაოდენი გაქუს პური? მივედით და იხილეთ. და იხილეს და ჰრქუეს: ხუთი პური და ორი თევზი. |
39 | მაშინ უბრძანა მათ, მწვანე მდელოზე ჯგუფ-ჯგუფად დაესხათ ხალხი. | 39 | და უბრძანა მან დასხდომაჲ მათ ყოველთაჲ პურისმტედ-პურისმტედ მწუანვილსა ზედა თივისასა. |
40 | და დასხდნენ რიგ-რიგად. ას-ასი და ორმოცდაათ-ორმოცდაათი. | 40 | და დასხდა მწყობრად-მწყობრად ას-ასი და ერგასის-ერგასისი. |
41 | აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცად აღაპყრო თვალნი, აკურთხა, დატეხა პურები და მისცა თავის მოწაფეებს, რათა ჩამოერიგებინათ მათთვის; და ორი თევზიც უწილადა ყველას. | 41 | და მოიღო ხუთი იგი პური და ორი თევზი და აღიხილნა ზეცად და აკურთხა და დამუსრა პური იგი და მისცემდა მოწაფეთა თჳსთა, რაჲთა დაუგონ მათ; და ორი იგი თევზი ეგრეთვე განუყო ყოველთა. |
42 | ყველამ ჭამა და გაძღა. | 42 | და ჭამეს ყოველთა და განძღეს. |
43 | და გაავსეს პურისა და თევზის ნარჩენებით თორმეტი კალათი. | 43 | და აღიღეს ნეშტი ნამუსრევი ათორმეტი გოდორი სავსებით; და თევზისა მისგანცა. |
44 | ხოლო იყო პურის მჭამელი ასე ხუთი ათასამდე კაცი. | 44 | და იყვნეს, რაოდენთა-იგი ჭამეს, ვითარ ხუთ ათას კაცნი. |
45 |
მაშინვე აიძულა თავისი მოწაფეები, ნავში ჩამსხდარიყვნენ და მასზე ადრე გასულიყვნენ გაღმა, ბეთსაიდას, სანამდის თვითონ გაისტუმრებდა ხალხს. |
45 |
და მეყსეულად აიძულა მოწაფეთა შესლვად ნავსა, რაჲთა წინა-წარუძღუენ მას წიაღკერძო ზღუასა მას ბეთსაიდად, ვიდრემდე განუტეოს მან ერი იგი. |
46 | ხოლო როდესაც გაისტუმრა ისინი, მთაზე ავიდა სალოცავად. | 46 | და უჯმნა მათ და აღვიდა მთასა ლოცვად. |
47 | მწუხრის ჟამს ნავი შუაგულ ზღვაში იყო, თვითონ კი მარტო იდგა ხმელეთზე. | 47 | და ვითარცა შემწუხრდა, იყო ნავი იგი შუა ოდენ ზღუასა მას, და იგი თავადი – მარტოჲ ქუეყანასა. |
48 | და დაინახა, რომ გაუჭირდათ ცურვა, ვინაიდან პირქარი ქროდა; ხოლო ღამის მეოთხე გუშაგობისას ზღვაზე სვლით მივიდა მათთან და დააპირა უკან მოეტოვებინა ისინი. | 48 | და იხილნა იგინი, რამეთუ იურვოდეს სლვასა მას ნავისასა, რამეთუ იყო ქარი იგი პირით კერძო მათსა. და მეოთხესა საჴუმილავსა ღამისასა მოვიდა მათა იესუ სლვით ზღუასა ზედა და უნდა თანა-წარსლვად მათგან. |
49 | ხოლო მათ, ზღვაზე მომავალი რომ დაინახეს, მოჩვენება ეგონათ და ყვირილი მორთეს; | 49 | ხოლო მათ ვითარცა იხილეს იგი, ვიდოდა რაჲ ზღუასა ზედა, ჰგონებდეს, ვითარმედ საოცარი რაჲმე არს, და ღაღად-ყვეს. |
50 | რადგან მისმა ხილვამ თავზარი დასცა ყველას. და მაშინვე შეეხმიანათ იესო: მხნედ იყავით; მე ვარ, ნუ გეშინიათ. | 50 | რამეთუ ყოველთა იხილეს იგი და შეძრწუნდეს. და მეყსეულად ეტყოდა მათ და ჰრქუა: გულ-პყრობილ იყვენით, მე ვარ, ნუ გაშინინ! |
51 | ნავში ჩაუჯდა მათ და ქარიც ჩადგა, რამაც კიდევ უფრო განაცვიფრა ისინი. | 51 | და აღვიდა მათ თანა ნავსა, და დასცხრა ქარი იგი; და უმეტესად დაუკჳრდებოდა მოწაფეთა მისთა. |
52 | რადგან ვერ მიმხვდარიყვნენ პურობის სასწაულს, ვინაიდან გამქისებულიყო მათი გული. | 52 | რამეთუ ვერ გულისჴმა-ყვეს პურთა მათ ზედა, რამეთუ იყვნეს გულნი მათნი დასულებულ. |
53 | გავიდნენ გაღმა და მიადგნენ გენესარეთის მხარეს. | 53 | და წიაღჴდეს და მოვიდეს ქუეყანად გენესარეთად. |
54 | ნავიდან გადმოსვლისთანავე იცნეს იგი იქაურებმა. | 54 | და ვითარ გამო-ოდენ-ვიდეს მიერ ნავით, მეყსეულად იცნეს იგი კაცთა მათ მის ადგილისათა. |
55 | შემოირბინეს მთელი ეს მხარე, და ყველგან, სადაც კი ესმოდათ, აქ არისო, სარეცლებით მიჰყავდათ მასთან სნეულნი. | 55 | და მიმორბიოდეს ყოველსა მას სოფლებსა და იწყეს მოღებად ყოველთა სნეულთა ცხედრებითა, სადაცა ესმის, ვითარმედ მუნ არს. |
56 | სადაც უნდა შესულიყო - სოფლებში, დაბებსა თუ ქალაქებში, მოედნებზე აწვენდნენ თავიანთ სნეულთ და სთხოვდნენ, ნება მიეცი, შენი სამოსის კალთას შეეხონო; და ყველა, ვინც მას ეხებოდა, იკურნებოდა. | 56 | და ვიდრეცა შევიდოდა დაბნებსა და ქალაქებსა და აგარაკებსა, უბანთა ზედა დასდგმიდეს უძლურთა მათთა და ევედრებოდეს მას, რაჲთა ფესუსა ოდენ სამოსლისა მისისასა შეახონ. და რაოდენნი შეეხებოდეს, ცხონდებოდეს. |