ახალი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
შეგროვდნენ მასთან ფარისევლები და იერუსალიმიდან ჩამოსული ზოგიერთი მწიგნობარი. |
1 | და შეკრბეს მისა ფარისეველნი და რომელნიმე მწიგნობართაგანნი, რომელნი მოსრულ იყვნეს იერუსალჱმით. |
2 | დაინახეს, რომ ზოგიერთი მისი მოწაფე ჭუჭყიანი, ესე იგი, დაუბანელი ხელით ჭამდა პურს, და დაჰგმეს ისინი. | 2 | და იხილნეს ვინმე მოწაფეთა მისთაგანნი. შეგინებულითა ჴელითა, ესე იგი არს უბანელითა ჴელითა ჭამდეს პურსა, და ჰგმობდეს. |
3 | (რადგან ფარისეველნი და, საერთოდ, იუდეველნი ისე არ ჭამენ პურს, თუ საგულდაგულოდ არ დაიბანეს ხელი, წინაპართა გადმოცემისამებრ. | 3 | რამეთუ ფარისეველთა და ყოველთა ჰურიათა, უკუეთუ არა იდაყჳთგან დაიბანნიან ჴელნი, არა ჭამიან, რამეთუ ეპყრა მათ მოცემული იგი მოძღურებაჲ ხუცესთაჲ. |
4 | არც მოედნებიდან დაბრუნებულნი ჭამენ დაუბანლად, და მრავალ სხვა წესსაც იცავენ, როგორიცაა მაგალითად, თასების, ჯამების, ქვაბებისა და ვარცლების რეცხვა). | 4 | და უბანთაგან რაჲ შევიდიან, უკუეთუ არა იბანნიან, არა ჭამიან და სხუაჲცა მრავალი არს, რომელი მოეღო პყრობად: განრცხაჲ სასუმელებისაჲ და სტამნებისაჲ და ქუაბებისაჲ და ცხედრებისაჲ. |
5 | მაშინ ჰკითხეს მას ფარისევლებმა და მწიგნობრებმა: რატომ არ იქცევიან შენი მოწაფეები წინაპართა გადმოცემისამებრ, არამედ ხელდაუბანლად ჭამენ პურს? | 5 | მაშინ ჰკითხეს მას ფარისეველთა მათ და მწიგნობართა: რაჲსათჳს მოწაფენი შენნი არა ვლენან მოძღურებისაებრ ხუცესთაჲსა, არამედ უბანელითა ჴელითა ჭამენ პურსა? |
6 | ხოლო იესომ პასუხად მიუგო მათ: მართლად იწინასწარმეტყველა თქვენებრ თვალთმაქცთათვის ესაია წინასწარმეტყველმა, ვის მიერაც დაიწერა: ეს ხალხი მადიდებს თავისი ბაგით, მაგრამ მისი გული შორსაა ჩემგან. | 6 | ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ, რამეთუ კეთილად თქუა ესაია წინაწარმეტყუელმან თქუენ ორგულთათჳს. ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: ერი ესე ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორად განშორებულ არიან ჩემგან. |
7 | ამაოდ მადიდებენ, რადგან ასწავლიან ადამიანთა მოძღვრებებსა და მცნებებს. | 7 | ამაოდ მმსახურებენ მე, ასწავებენ მცნებასა და მოძღურებასა კაცთასა. |
8 | ვინაიდან მიგიტოვებიათ ღმერთის მცნება და იცავთ კაცთა გადმოცემას, ჯამ-ჭურჭლის რეცხვას და სხვა მისთანათ. | 8 | და დაგიტევებიეს მცნებაჲ ღმრთისაჲ და გიპყრიეს მოძღურებაჲ კაცთაჲ: განრცხაჲ სასუმლებისაჲ და სტამნებისაჲ და სხუასა ესევითარსა მრავალსა ჰყოფთ. |
9 | და უთხრა მათ: მერედა, კარგია, რომ აუქმებთ ღმერთის მცნებას, რათა დაიცვათ თქვენი გადმოცემა? | 9 | და ეტყოდა მათ: კეთილად შეურაცხ-ჰყოფთ მცნებასა ღმრთისასა, რაჲთა მოძღურებაჲ თქუენი დაამტკიცოთ. |
10 | ვინაიდან მოსემ თქვა: პატივი ეცი მამას შენსას და დედას შენსას; და კიდევ: ვინც მამისა თუ დედის ძვირს იტყვის, სიკვდილით მოკვდეს. | 10 | რამეთუ მოსე თქუა: პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა; და რომელმან ბოროტი თქუას მამისათჳს გინა დედისათჳს, სიკუდილით მოკუედინ. |
11 | ხოლო თქვენ ამბობთ: თუ კაცი ეტყვის მამას ან დედას: ღმერთს ვწირავ კორბანს, ანუ შესაწირავს, რაც ჩემგან უნდა მიგეღო, - | 11 | ხოლო თქუენ სთქუთ: უკუეთუ ჰრქუას კაცმან მამასა ანუ დედასა კორბან, რომელ არს ნიჭი, რომელი რაჲ ჩემგან სარგებელ გეყოს, |
12 | ნებას რთავთ მას, აღარაფერი გააკეთოს თავისი დედ-მამისათვის. | 12 | და არა უტევებთ მათ მამასა და დედასა ყოფად. |
13 |
და ამრიგად, თქვენგანვე მომდინარე გადმოცემით აუქმებთ ღმერთის სიტყვას და მრავალ ამნაირ რასმე სჩადიხართ. |
13 | და დაუმტკიცებელ გიყოფიეს სიტყუაჲ ღმრთისაჲ მოძღურებითა მაგით თქუენითა, რომელსა ასწავებთ, და მსგავსსა ამათსა მრავალსა ჰყოფთ. |
14 | მოუხმო ხალხს და უთხრა: მისმინეთ ყველამ და შეიმეცნეთ: | 14 | და მოუწოდა ყოველსა მას ერსა და ეტყოდა მათ: ისმინეთ ჩემი ყოველთა და გულისჴმა-ყავთ: |
15 | არაფერი გარედან შემავალი არ ბილწავს კაცს, არამედ მისგან გამომავალია, რაც ბილწავს კაცს. | 15 |
არარაჲ არს კაცისა გარეთ შემავალი მისა, რომელმანცა შეაგინა იგი; არამედ რომელი გამოვალს მისგან, იგი არს, რომელი შეაგინებს კაცსა. |
16 | ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს: | 16 | რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ! |
17 | ხოლო, როცა ხალხს გაეცალა და სახლში შევიდა, მისმა მოწაფეებმა ჰკითხეს იგავის აზრი. | 17 | და ოდეს შევიდა სახიდ ერისა მისგან, ჰკითხვიდეს მას მოწაფენი მისნი იგავისა მისთჳს. |
18 | და უთხრა მათ: ნუთუ თქვენც არა გაგეგებათ რა? ნუთუ არ გესმით, რომ არაფერს, გარედან შემავალს კაცში, არ შეუძლია მისი შებილწვა? | 18 | და ჰრქუა მათ: ეგრეთვე თქუენცა უგულისჴმოვე ხართა და არა გიცნობიეს, რამეთუ ყოველი გარეშე შემავალი კაცსა არა შეაგინებს? |
19 | ვინაიდან მის გულში კი არ შედის, არამედ მუცელში, და გარეთ გამოდის, რითაც წმიდა იყოფა ყოველი საზრდო. | 19 | რამეთუ არა შევალს გულსა, არამედ მუცლად, და განსავალით განვალს და განსწმედს ყოველსა ჭამადსა. |
20 | და თქვა: კაცისაგან გამომავალი შებილწავს კაცს. | 20 | და იტყოდა, ვითარმედ: კაცისაგან გამომავალი შეაგინებს კაცსა, |
21 | ვინაიდან შიგნიდან, კაცის გულიდან გამოვლენ: ბოროტი ზრახვანი, მრუშობანი, პარვანი, კაცისკვლანი, | 21 | რამეთუ შინაგან გულისაგან კაცთაჲსა გამოვლენან გულის-სიტყუანი ბოროტნი, მრუშებანი, სიძვანი, პარვანი, კაცის-კლვანი, |
22 | სიძვანი, ანგარებანი, უკეთურებანი, მზაკვრობანი, გარყვნილება, თვალის სიავე, გმობა, ქედმაღლობა, უგუნურება. | 22 | ანგაჰრებანი და უკეთურებანი, ზაკუვანი, არაწმიდებანი, თუალ-ბოროტებანი, გმობანი, ამპარტავანებანი, უგუნურებანი. |
23 | ყოველივე ეს შიგნიდან გამოდის და ბილწავს კაცს. | 23 | ესე ყოველნი ბოროტნი შინაგან გამოვლენ და შეაგინებენ კაცსა. |
24 | წამოვიდა იქიდან და მივიდა ტიროსისა და სიდონის საზღვარს. შევიდა სახლში და არ უნდოდა ვინმეს გაეგო ეს, მაგრამ ვერ შესძლო დაფარვა. | 24 | და მიერ აღდგა და წარვიდა საზღვართა ტჳროსისა და სიდონისათა. და შევიდა სახლსა და არა უნდა, რაჲთამცა აგრძნა ვინმე, და ვერ ჴელ-ეწიფა დაფარვად. |
25 |
რადგან გაიგო ერთმა ქალმა, ვის ასულსაც უწმინდური სული ჰყავდა, მივიდა და ფეხქვეშ ჩაუვარდა მას. |
25 | რამეთუ ესმა ვისმე დედაკაცსა მისთჳს, რომელსა ესუა ასული სულითა არაწმიდითა ურვეული, და მოვიდა და შეუვრდა ფერჴთა მისთა. |
26 | ხოლო ეს ქალი წარმართი იყო. ტომით ასუროფინიკიელი, და შეევედრა, გაეძევებინა ეშმაკი მისი ასულისაგან. | 26 |
ხოლო დედაკაცი იგი იყო წარმართი, ნათესავით ასური ფინიკელი, ზღჳსკიდით, და ევედრებოდა მას, რაჲთა განჴადოს ეშმაკი იგი ასულისაგან მისისა. |
27 | მაგრამ იესომ უთხრა: მაცალე, ჯერ დავაძღო შვილები; სად გაგონილა, შვილებს წაართვა და ძაღლებს მიუგდო პური. | 27 | ხოლო იესუ ჰრქუა მას: მაცადე პირველად განძღებად შვილთა, რამეთუ არა კეთილ არს მოღებაჲ პურისაჲ შვილთაგან და დაგებად ძაღლთა. |
28 | ქალმა პასუხად მიუგო: დიახ, უფალო; მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ ტაბლის ქვეშ შვილების ნასუფრალს? | 28 | ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ტაბლასა ქუეშე ჭამედ ნამუსრევისაგან შვილთაჲსა. |
29 | და უთხრა მას: მაგ სიტყვისათვის წადი; გამოვიდა ეშმაკი შენი ასულისაგან. | 29 | ხოლო იესუ ჰრქუა მას: მაგის სიტყჳსათჳს ვიდოდე! განსრულ არს ეშმაკი ასულისაგან შენისა. |
30 | მივიდა ქალი თავის სახლში და ნახა, რომ მისი ასული სარეცელზე იწვა, ეშმაკი კი გამოსულიყო მისგან. | 30 | და წარვიდა დედაკაცი იგი სახიდ თჳსა და პოვა, რამეთუ ეშმაკი იგი განსრულ იყო, და ასული იგი მისი შემოსილი, მჯდომარე ცხედარსა ზედა. |
31 | მერე კვლავ წამოვიდა ტიროსისა და სიდონის საზღვრით და მოვიდა გალილეის ზღვის პირას, ათქალაქის საზღვართა შორის. | 31 | და მერმე კუალად გამოვიდა საზღვართაგან ტჳროსისა და სიდონისათა და მოვიდა ზღუასა მას გალილეაჲსასა, შორის საზღვართა ათქალაქისათა. |
32 | მიჰგვარეს მას ყრუ და ენაბლუ და შეევედრნენ, ხელი დაედო მისთვის. | 32 | და მოართუეს მას ყრუჲ და ძნიად მეტყუელი და ევედრებოდეს მას, რაჲთა ჴელი დასდვას მას ზედა. |
33 | ხალხს გააცალა, თითებით დაუცო ყური, გადააფურთხა და მის ენას შეეხო; | 33 | და განიყვანა ერისა მისგან თჳსაგან და დაასხნა თითნი მისნი ყურთა მისთა და ჰნერწყუა და შეახო ენასა მისსა |
34 | ზეცად აღაპყრო თვალნი, ამოიოხრა და უთხრა მას: ეფფათა! რაც ნიშნავს: გაიხსენ! | 34 | და აღიხილნა ზეცად და სულთ-ითქუნა და ჰრქუა მას: ეფფათა! რომელ არს: განეხუენით! |
35 | მაშინვე გაეხსნა სმენაცა და დაბმული ენაც და გამართულად ამეტყველდა. | 35 | და მეყსეულად განეხუნეს მას სასმენელნი, და განჰჴსნდა კრულებაჲ ენისა მისისაჲ, და იტყოდა მართლად. |
36 | და უბრძანა მათ, არავისთან გამამხილოთო, მაგრამ რაც უფრო მეტს უბრძანებდა, მით უფრო მეტად ამხელდნენ; | 36 | და ამცნო მათ, რაჲთა არავის უთხრან. და რაოდენ იგი ამცნებდა მათ, იგინი უფროჲს მიმოდასდებდეს. |
37 | დიდად უკვირდათ და ამბობდნენ: ყოველივეს კეთილად იქმს: ყრუს სმენას უბრუნებს და უტყვს ამეტყველებსო. | 37 | და უმეტესად განუკჳრდებოდა და იტყოდეს: ყოველსავე კეთილსა იქმს: ყრუთა ასმენს და უტყუთა ატყუებს. |