ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მარკოზის სახარება

თავი მერვე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

იმ დღეებში, როცა კვლავ დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი და საჭმელი არა ჰქონდათ, იესომ უხმო თავის მოწაფეებს და უთხრა:

1 მათ დღეთა შინა მერმე კუალად ერი მრავალი იყო და არარაჲ აქუნდა, რაჲმცა ჭამეს; მოუწოდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ:
2 მეცოდება ეს ხალხი, რადგან აგერ უკვე სამი დღეა ჩემთან არიან, და არაფერი აქვთ საჭმელი. 2 მეწყალის მე ერი ესე, რამეთუ სამი დღე არს, ვინაჲთგან მელიან მე, და არარაჲ აქუს, რაჲ ჭამონ.
3 მშივრები რომ გავუშვა შინ, გზაში დაუძლურდებიან, ვინაიდან ზოგი მათგანი შორიდანაა მოსული. 3 და უკუეთუ განუტევნე უზმანი ვანად მათა, დაჰჴსნდენ გზასა ზედა, რამეთუ რომელნიმე მათგანნი შორით მოსრულ არიან.
4 მიუგეს მისმა მოწაფეებმა და უთხრეს: ვის შეუძლია აქ, ამ უდაბნოში, ამდენი ხალხის დაპურება? 4 და მიუგეს მოწაფეთა მისთა და ჰრქუეს: ვინაჲ ძალ-გჳც განძღებად აქა პურითა ესოდენისა ერისა უდაბნოსა ზედა?
5 და ჰკითხა მათ: რამდენი პური გაქვთ? ხოლო მათ მიუგეს: შვიდი. 5 და ჰკითხა მათ: რაოდენი გაქუს პური? ხოლო მათ ჰრქუეს: შჳდი.
6 მაშინ მიწაზე დასხდომა უბრძანა ხალხს. აიღო შვიდი პური, აკურთხა, დატეხა და ჩამოსარიგებლად მისცა თავის მოწაფეებს; და მათაც ჩამოურიგეს ხალხს. 6 და უბრძანა ერსა მას დასხდომაჲ ქუეყანასა და მოიღო შჳდი იგი პური, ჰმადლობდა და განტეხა და მისცემდა მოწაფეთა თჳსთა, რაჲთა დაუგონ მათ; და დაუდგეს ერსა მას.
7 ცოტაოდენი თევზიც ჰქონდათ; ისიც აკურთხა და ბრძანა ჩამოერიგებინათ მათთვის. 7 და აქუნდა თევზიცა მცირედ, და იგიცა აკურთხა და უბრძანა მან დაგებად.
8 ჭამეს და გაძღნენ; და გაავსეს ნარჩენებით შვიდი კალათი. 8 და ჭამეს და განძღეს; და აღიღეს ნეშტი იგი ნამუსრევი შჳდი სფჳრიდი.
9 ხოლო იყო მჭამელი ოთხი ათასამდე კაცი; და გაისტუმრა ისინი. 9 და იყვნეს, რომელთა-იგი ჭამეს, ვითარ ოთხ ათას ოდენ; და განუტევნა იგინი.
10 თავისი მოწაფეებითურთ მაშინვე ჩაჯდა ნავში და მივიდა დალმანუთის მხარეს. 10 და მეყსეულად შევიდა იესუ ნავსა მოწაფეთა მისთა თანა და წარვიდა ადგილთა მაგდალოჲსათა.
11

გამოვიდნენ ფარისევლები, დავა დაუწყეს და საცდუნებლად სასწაული მოსთხოვეს ზეცით.

11 და გამოვიდეს ფარისეველნი და იწყეს გამოძიებად მის თანა და ითხოვდეს მისგან სასწაულსა ზეცით და გამოსცდიდეს მას.
12 მაშინ მძიმედ ამოიოხრა და თქვა: რად ეძებს ეს მოდგმა სასწაულს? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ მიეცემა სასწაული ამ მოდგმას. 12 და სულთ-ითქუნა სულითა თჳსითა და თქუა: რაჲ არს ნათესავი ესე, რამეთუ ეძიებს სასწაულსა? ამენ გეტყჳ თქუენ: არა ეცეს ნათესავსა ამას სასწაული.
13 და მიატოვა ისინი, კვლავ ნავში ჩაჯდა და გაღმა გავიდა. 13 და დაუტევნა იგინი და კუალად შევიდა ნავსა და წარვიდა მიერ კერძო.
14 მოწაფეებს კი დაავიწყდათ პურის წაღება, და ერთი პურის მეტი არ ჰქონდათ ნავში. 14 და დაავიწყდა მიღებად პური, და ერთი ხოლო პური აქუნდა მათ ნავსა შინა.
15 უბრძანა მათ იესომ და უთხრა: ფხიზლად იყავით, ერიდეთ ფარისეველთა საფუარს და ჰეროდეს საფუარს. 15 და ამცნებდა მათ იესუ და ეტყოდა: იხილეთ და ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთაჲსა და ცომისაგან ჰეროდიანთაჲსა.
16 ხოლო ისინი ერთმანეთში ბჭობდნენ: ალბათ, იმიტომ, პური რომ არ გვაქვსო. 16 ხოლო იგინი განიზრახვიდეს ურთიერთას და იტყოდეს, ვითარმედ: პური არა გუაქუს.
17 მიუხვდა იესო და უთხრა მათ: რასა ბჭობთ, პური რომ არა გვაქვსო? ვერც რასა სცნობთ და არც რა გესმით? ნუთუ გაქვავდა თქვენი გული? 17 და გულისჴმა-ყო იესუ და ჰრქუა მათ: რაჲსა ჰზრახავთ გულთა თქუენთა, მცირედ-მორწმუნენო, რამეთუ პური არა გაქუს? არა გიცნობიეს, არცა მოიჴსენეთ, რამეთუ დაბრმობილნი გულნი გქონან თქუენ?
18 თვალი გაქვთ და ვერას ხედავთ, ყური გაქვთ და არა გესმით რა და არც რა გახსოვთ? 18 თუალ გასხენ და არა ხედავთ, და ყურ გასხენ და არა გესმის, არა გიცნობიეს, არცა მოიჴსენეთ?
19 როგორ დავუტეხე ხუთი პური ხუთი ათას კაცს, და ნარჩენებით რამდენი კალათი დაავსეთ კიდევ? თქვეს: თორმეტი. 19 ოდეს-იგი ხუთი პური განვტეხე ხუთ ათასთათჳს, და რაოდენი გოდორი სავსე ნამუსრევითა აღიღეთ? ხოლო მათ ჰრქუეს: ათორმეტი.
20 ანდა შვიდი - ოთხი ათასს, და რამდენი კალათი დაავსეთ კიდევ? მათ თქვეს: შვიდი. 20 და ოდეს-იგი შჳდი ოთხ ათასთა, რაოდენი სფჳრიდი ნამუსრევი აღიღეთ? და მათ ჰრქუეს: შჳდი.
21

და უთხრა მათ: ახლაც არ გესმით?

21 ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ვითარ არა გულისჴმა-ჰყავთ?
22 მივიდნენ ბეთსაიდას, მიჰგვარეს ბრმა და შეევედრნენ, ხელი შეეხო მისთვის. 22

და მოვიდა ბეთსაიდად, და მოჰგუარეს მას ბრმაჲ და ევედრებოდეს მას, რაჲთა შეახოს მას.

23 ხელი ჩაჰკიდა ბრმას, სოფლიდან გაიყვანა, თვალებზე მიაფურთხა, ხელი დაადო და ჰკითხა: ხედავ რასმე? 23 და უპყრა ჴელი მისი და განიყვანა იგი გარეშე დაბასა და ჰნერწყუა თუალთა მისთა და დასდვა ჴელი მისი და ჰკითხა მას, რასა-ძი ჰხედავს?
24 მანაც გაიხედა და თქვა: ხალხს ვხედავ, თითქოს ხეები დადიანო. 24 და აღიხილნა და იტყოდა: ვხედავ კაცთა, ვითარცა ხეთა, მიმომავალთა.
25 მაშინ კვლავ დაადო ხელი თვალებზე და გაახელინა; დაუბრუნდა თვალის ჩინი და ყველაფერი ცხადად დაინახა. 25 და მერმე კუალად დაასხნა ჴელნი თუალთა მისთა და აღუხილნა; და მან აღიხილნა და კუალად მოეგო და ხედვიდა ბრწყინვალედ ყოველთა.
26 გაგზავნა შინ და უთხრა: სოფელშიაც კი ნუ შეხვალ. 26 და წარავლინა იგი სახიდ თჳსა და ჰრქუა: წარვედ სახიდ შენდა; და დაბად რაჲ შეხჳდე, ნურას ვის უთხრობ დაბასა შინა.
27 წავიდნენ იესო და მისი მოწაფეები ფილიპეს კესარიის სოფლებში, და გზაში ჰკითხა მათ: რას ამბობს ხალხი, ვინ ვგონივარ მე? 27 და გამოვიდა იესუ და მოწაფენი მისნი დაბნებსა მას კესარია ფილიპესსა და გზასა ზედა ჰკითხვიდა მოწაფეთა თჳსთა და ეტყოდა მათ: რაჲ თქჳან კაცთა ჩემთჳს ყოფაჲ?
28 ხოლო მათ მიუგეს: იოანე ნათლისმცემელი, ზოგს - ელია და ზოგსაც - ერთ-ერთი წინასწარმეტყველი. 28 ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს მას: იოვანე ნათლის-მცემელი, და სხუათა: ელია, და სხუათა: ერთი წინაწარმეტყუელთაგანი.
29 კვლავ ჰკითხა მათ: თქვენ თვითონ ვინღა გგონივართ? მიუგო პეტრემ და უთხრა მას: შენა ხარ ქრისტე. 29 ჰრქუა მათ იესუ: თქუენ რაჲ სთქუთ ჩემთჳს, ვინ ვარ მე? მიუგო მას პეტრე და ჰრქუა: შენ ხარ ქრისტე.
30 მაშინ უბრძანა მათ, არავისთან გაეთქვათ იგი. 30 და შეჰრისხნა მათ, რაჲთა არავის უთხრან მისთჳს.
31

და დაუწყო მათ სწავლება, რომ ძეს კაცისას ელოდა მრავალი ტანჯვის დათმენა, შეურაცხყოფა უხუცესთაგან, მღვდელმთავართა და მწიგნობართაგან, სიკვდილით დასჯა და მესამე დღეს აღდგომა.

31 და იწყო სწავლად მათა, ვითარმედ: ჯერ-არს ძისა კაცისაჲ ფრიად ვნებაჲ და შეურაცხ-ყოფად მოხუცებულთაგან და მღდელთ-მოძღუართა და მწიგნობართა და მოკლვად და მესამესა დღესა აღდგომად.
32 აშკარად ამბობდა ამას. მაგრამ პეტრემ განზე გაიხმო და კიცხვა დაუწყო. 32 და განცხადებულად სიტყუასა ამას ეტყოდა. და გან-რე-იყვანა და იგი პეტრე და იწყო ბრალობად მისა ამის სიტყჳსათჳს.
33 ხოლო ის მობრუნდა, გადახედა თავის მოწაფეებს, შერისხა პეტრე და უთხრა: გამშორდი, სატანა; ვინაიდან ღმერთისას კი არ ფიქრობ, არამედ კაცისას. 33 ხოლო თავადი მიექცა და იხილნა მოწაფენი თჳსნი, შეჰრისხნა პეტრეს და ჰრქუა მას: წარვედ ჩემგან მართლუკუნ, ეშმაკო, რამეთუ არა ჰზრახავ ღმრთისასა, არამედ კაცთასა.
34 მოუხმო ხალხს თავის მოწაფეებთან ერთად და უთხრა მათ: ვისაც სურს მე მომდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე. 34 და მოუწოდა ერსა მას მოწაფეთა მისთა თანა და ჰრქუა მათ: რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსლვაჲ, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე.
35 რადგან ვისაც სურს სულის ხსნა, დაჰკარგავს მას: და ვინც ჩემი და სახარების გულისთვის დაჰკარგავს სულს, ის ჰპოვებს მას. 35 რამეთუ რომელსა უნდეს სულისა თჳსისა განრიდებაჲ, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს გინა სახარებისათჳს, მან აცხოვნოს იგი.
36 რას არგებს კაცს, თუ მოიგებს მთელ ქვეყანას და სულს კი წააგებს? 36 რაჲ სარგებელ არს კაცისა, უკუეთუ შეიძინოს სოფელი ესე ყოველი და სული თჳსი იზღვიოს?
37 ანდა რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ? 37 ანუ რაჲ მისცეს კაცმან ნაცვალად სულისა თჳსისა?
38 რადგან ვისაც ვერცხვინები მეცა და ჩემი სიტყვებიც ამ მემრუშე და ცოდვილ მოდგმაში, ძეც კაცისა სამარცხვინოდ მიიჩნევს მას, როდესაც მოვა მამის თვისის დიდებითა და წმიდა ანგელოზთა თანხლებით. 38 რამეთუ რომელსა-იგი სირცხჳლ უჩნდეს ჩემი და სიტყუათა ჩემთაჲ, ნათესავსა ამას მემრუშესა და ცოდვილსა, ძემანცა კაცისამან არცხჳნოს მას, რაჟამს მოვიდეს დიდებითა მამისა თჳსისაჲთა ანგელოზთა თანა წმიდათა.