ახალი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
და უთხრა მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ზოგი აქ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ღმრთის სასუფეველს, მომავალს ძალმოსილებით. |
1 |
და ეტყოდა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ სასუფეველი ღმრთისაჲ, მომავალი ძალითა. |
2 | ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და იოანე, მარტო ისინი აიყვანა მაღაღ მთაზე და მათ წინაშე იცვალა ფერი. | 2 | და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა თჳსაგან მარტონი და იცვალა სხუად ხატად წინაშე მათსა. |
3 | სამოსი მისი გახდა მოელვარე და ისეთი სპეტაკი, როგორც ვერცერთი მრეცხავი ვერაფერს გაასპეტაკებს ამ ქვეყნად. | 3 | და სამოსელი მისი იქმნა ბრწყინვალე და სპეტაკ, ვითარცა თოვლი, რომელ ყოველსავე მმურკნვალსა ქუეყანასა ზედა ვერ ჴელ-ეწიფების ეგრეთ განსპეტაკებად. |
4 | და მოევლინა მათ ელია და მოსე, იესოსთან მოსაუბრენი. | 4 | და ეჩუენა მათ მოსე ელიაჲს თანა, და იყვნეს იესუჲს თანა და ზრახვიდეს. |
5 | და უთხრა პეტრემ იესოს: რაბი! რა გვიჯობს აქ ყოფნას? მოდი, გავაკეთოთ სამი კარავი: ერთი - შენ, ერთი - მოსეს და ერთიც - ელიას. | 5 | და მიუგო პეტრე და ჰრქუა იესუს: რაბი, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ; ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენთჳს, ერთი მოსესთჳს და ერთი ელიაჲსთჳს. |
6 | რადგან არ იცოდა, რა ეთქვა, ვინაიდან შეშინებულნი იყვნენ. | 6 | რამეთუ არა იცოდა, რაჲმცა მიუგო, რამეთუ იყვნეს შეშინებულ. |
7 | გამოჩნდა ღრუბელი და ჩრდილით დაბურა ისინი. და გაისმა ხმა ღრუბლით, რთმელმაც თქვა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი: უსმინეთ მას. | 7 | და იყო ღრუბელი და აგრილობდა მათ, და ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, მაგისი ისმინეთ. |
8 | იმწამსვე მიმოიხედეს, მაგრამ ვერავინ დაინახეს იესოს გარდა. | 8 | და მეყსეულად მიმოიხილეს და არავინ იხილეს, გარნა იესუ ხოლო მათ თანა. |
9 | ხოლო მთიდან ჩამოსვლისას იესომ უბრძანა მათ, არავისთვის გაენდოთ ეს ხილვა, ვიდრე ძე კაცისა არ აღდგებთდა მკვდრეთით. | 9 | და გარდამო-რაჲ-ვიდოდეს მიერ მთით, ამცნო მათ, რაჲთა არავის უთხრან, რაჲ-იგი იხილეს, გარნა ოდეს ძე კაცისაჲ მკუდრეთით აღდგეს. |
10 | მათ დაიხსომეს ეს სიტყვა და ერთმანეთს ეკითხებთდნენ: რას ნიშნავს მკვდრეთით აღდგომა? | 10 | და სიტყუაჲ იგი დაიმარხეს თავისა თჳსისა თანა და გამოეძიებდეს ურთიერთას, ვითარმედ: რაჲ არს იგი: ოდეს მკუდრეთით აღდგეს? |
11 |
და ჰკითხეს მას: რატომ ამბობენ მწიგნობარნი, პირველად ელია უნდა მოვიდესო? |
11 | და ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს: ვითარ-მე იტყჳან მწიგნობარნი: ელიაჲსი ჯერ-არს პირველად მოსლვაჲ? |
12 | ხოლო მან პასუხად თქვა: მართალია, პირველად ელია უნდა მოვიდეს და აღადგინოს ყოველი. კაცის ძეს კი, როგორც დაიწერა მასზე, დიდი ტანჯვა და შეურაცხყოფა ელის. | 12 | ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ელია მოვიდეს და კუალად-აგოს ყოველი; და ვითარ წერილ არს ძისა კაცისათჳს, რაჲთა ფრიად ევნოს და შეურაცხ იქმნეს. |
13 | მაგრამ გეუბნებით: ელია უკვე მოვიდა და როგორც უნდოდათ, ისე მოექცნენ; როგორც დაიწერა მისთვის. | 13 | არამედ გეტყჳ თქუენ, რამეთუ ელია მოვიდა, და უყვეს მას, რაოდენი უნდა, ვითარცა წერილ არს მისთჳს. |
14 | როცა მოწაფეებთან დაბრუნდა, იხილა მათ ირგვლივ შეკრებილი დიდძალი ხალხი და მათთან მოკამათე მწიგნობრები. | 14 |
და მოვიდა მოწაფეთა მისთა თანა, იხილა ერი გარემო მათსა, და მწიგნობარნი გამოეძიებდეს მათ თანა. |
15 | მაშინვე შენიშნა მთელმა ხალხმა; განცვიფრებულნი გამოიქცნენ და მიესალმნენ. | 15 | და მეყსეულად ყოველმან ერმან იხილა იგი და დაუკჳრდა და მორბიოდეს და მოიკითხეს იგი. |
16 | ჰკითხა მწიგნობრებს: რას ედავებით ამათ? | 16 | და ჰკითხა მწიგნობართა მათ და ჰრქუა: რასა გამოეძიებთ ურთიერთას? |
17 | ერთმა კაცმა ხალხიდან მიუგო მას: მოძღვარო, ჩემი ძე მოგგვარე, შეპყრობილი სიმუნჯის სულით. | 17 | და მი-ვინმე-უგო მას ერთმან მის ერისაგანმან და ჰრქუა: მოძღუარ, მოვიყვანე ძე ჩემი შენდა, რომლისა თანა არს სული უტყუებისაჲ. |
18 | სადაც მოიხელთებს, ძირს დასცემს; დუჟი გადმოსდის, კბილებს აღრჭიალებს და შეშდება. ვთხოვე შენს მოწაფეებს, განდევნეთ-მეთქი, მაგრამ ვერ შესძლეს. | 18 | და სადაცა დააპყრის იგი, დააკუეთის, და პეროინ და იღრჭენნ კბილთა და განჴმებინ. და უთხარ მოწაფეთა შენთა, რაჲთამცა განკურნეს, და ვერ შეუძლეს. |
19 | ხოლო იესომ პასუხად თქვა: ო, ურწმუნო მოდგმავ, როდემდის ვიქნები თქვენთან? როდემდის მოგითმენთ თქვენ? აქ მომგვარეთ! | 19 | მიუგო იესუ და ჰრქუა: ჵ ნათესავი ურწმუნოჲ! ვიდრემდე ვიყო თქუენ თანა? ვიდრემდე თავს-ვიდებდე თქუენსა? მომგუარეთ მე იგი აქა! |
20 | მიჰგვარეს იგი, და იხილა თუ არა იესო, სულმა შეარყია ბავშვი, მიწაზე დაეცა და გორავდა დუჟმორეული. | 20 | და მოჰგუარეს იგი მას. და იხილა რაჲ იგი, მეყსეულად სულმან არაწმიდამან დააკუეთა იგი; და და-რაჲ-ეცა ქუეყანასა, გორვიდა და პეროოდა. |
21 |
ჰკითხა მამამისს: რამდენი ხანია ასე? ხოლო მან მიუგო: სიყრმითგანვე. |
21 | და ჰკითხა იესუ მამასა მისსა: რაოდენი ჟამი აქუს, ვინაჲთგან შეემთხჳა ესე? ხოლო მან ჰრქუა: სიყრმითგან. |
22 | მრავალჯერ ჩაუგდია სულს ცეცხლსა თუ წყალში, რათა დაეღუპა იგი. მაშ, თუ რამ შეგიძლია, შეგვიწყალე და შეგვეწიე. | 22 | და მრავალ-გზის ცეცხლსა შთააგდო ეგე და წყალსა, რაჲთამცა წარწყმიდა ეგე, არამედ რაჲ ძალ-გიც, შემეწიე ჩუენ და წყალობა-ყავ ჩუენთჳს. |
23 | ხოლო იესომ უთხრა მას: თუ შეგიძლია გწამდეს, ყველაფერი შესაძლოა მორწმუნისათვის. | 23 | ხოლო იესუ ჰრქუა მას: უკუეთუ ძალ-გიც რწმუნებად, ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა. |
24 | ბავშვის მამამ მყისვე შეჰღაღადა ცრემლების ფრქვევით: მწამს, უფალო; შეეწიე ჩემს ურწმუნოებას. | 24 | და მეყსეულად ჴმა-ყო მამამან მის ყრმისამან და ჰრქუა ცრემლით: მრწამს, უფალო, შემეწიე ურწმუნოებასა ჩემსა. |
25 | როდესაც დაინახა იესომ, რომ ხალხი ეხვევა გარშემო, შერისხა სული და უთხრა: ყრუ-მუნჯო სულო! გიბრძანებ გამოხვიდე მაგისგან და აღარასოდეს შეხვიდე მასში! | 25 | და ვითარცა იხილა იესუ, რამეთუ შეკრბებოდა ერი მის ზედა, შეჰრისხნა სულსა მას და ჰრქუა უტყუსა და ყრუსა სულსა: მე გიბრძანებ შენ: განვედ მაგისგან და ნუღარა შეხუალ მაგისა! |
26 | სულმა შეჰყვირა, საშინლად შეარყია იგი და გამოვიდა, ხოლო ბავშვი მკვდარს დაემსგავსა; ასე რომ, ბევრი ამბობდა კიდეც: მოკვდაო. | 26 | და ღაღატ-ყო და ფრიად გორვიდა და განვიდა მისგან; და იქმნა იგი, ვითარცა მკუდარი, ვითარმედ მრავალნი იტყოდესცა, ვითარმედ: მოკუდა. |
27 | მაგრამ იესომ ხელი მოჰკიდა, წამოაყენა და ისიც აღდგა. | 27 | ხოლო იესუ უპყრა ჴელი მისი და აღადგინა იგი, და აღდგა. |
28 | როდესაც სახლში შევიდა, მისმა მოწაფეებმა განცალკევებით ჰკითხეს: რატომ ჩვენ ვერ შევძელით მისი განდევნა? | 28 | და ვითარცა შევიდა იესუ სახიდ, მოწაფეთა მისთა თჳსაგან ჰკითხეს მას: რაჲსათჳს ჩუენ ვერ შეუძლეთ განძებად მას? |
29 | და უთხრა მათ: ამ მოდგმას ვერაფრით ვერ განდევნი, თუ არა ლოცვით და მარხვით. | 29 | ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: ესე ნათესავი ვერ შესაძლებელ არს განსლვად, გარნა ლოცვითა და მარხვითა. |
30 | წამოვიდა იქიდან, გალილეა გადაიარა და არ უნდოდა ვინმეს გაეგო ეს. | 30 | და მიერ განვიდეს და წარმოჰვლიდეს გალილეასა; და არა უნდა, რაჲთამცა აგრძნა ვინ. |
31 |
ვინაიდან ასწავლიდა თავის მიწაფეებს და ეუბნებოდა მათ, რომ ძე კაცისა მიეცემა კაცთა ხელში, მოკლავენ მას და, სიკვდილის შემდეგ, მესამე დღეს აღდგება მკვდრეთით. |
31 | რამეთუ ასწავებდა მოწაფეთა თჳსთა და ეტყოდა მათ, რამეთუ: ძე კაცისაჲ მიეცემის ჴელთა კაცთასა, და მოკლან იგი; და, მო-რაჲ-კუდეს, მესამესა დღესა აღდგეს. |
32 | მაგრამ მათ ვერ გაიგეს ეს სიტყვები, კითხვა კი ვერ შეჰბედეს. | 32 | ხოლო იგინი უმეცარ იყვნეს სიტყუასა ამას და ეშინოდა კითხვად მისა. |
33 | მივიდა კაპერნაუმში; და სახლში ყოფნისას ჰკითხა მათ: რაზე მსჯელობდით გზაში? | 33 |
და მოვიდა კაპერნაუმდ. და ვითარცა შევიდა იგი სახლსა, და ჰკითხვიდა მათ, რასა-იგი იცილობდეს ურთიერთას გზასა ზედა. |
34 | ისინი კი დუმდნენ, ვინაიდან გზაში იმაზე ბჭობდნენ, ვინ უფრო დიდიაო. | 34 | ხოლო იგინი დუმნეს, რამეთუ ურთიერთას იტყოდეს გზასა ზედა, ვითარმედ: ჩუენგანი ვინ-მე უდიდეს იყოს? |
35 | მაშინ დაჯდა, მოუხმო თორმეტს და უთხრა მათ: ვისაც სურს პირველი იყოს, ყველაზე უკანასკნელი იქნება და ყველას მსახური. | 35 | და დაჯდა და მოუწოდა ათორმეტთა მათ და ჰრქუა: ვის უნდეს თქუენგანსა პირველ ყოფაჲ, იყოს იგი ყოველთა მრწემ და ყოველთა მსახურ. |
36 | მოიყვანა პატარა ბავშვი, მათ შორის ჩააყენა, ხელი მოხვია და უთხრა მათ: | 36 | და მოიყვანა ყრმაჲ და დაადგინა იგი შორის მათსა და მკლავთა მიიქუა იგი და ჰრქუა მათ: |
37 | ვინც შეიწყნარებს ერთ ამნაირ ბავშვს ჩემი სახელით, მე შემიწყნარებს, ხოლო ჩემი შემწყნარებელი მე კი არ შემიწყნარებს, არამედ ჩემს მომავლინებელს. | 37 | რომელმან ერთი ამათგანი ყრმაჲ შეიწყნაროს სახელისა ჩემისათჳს, მე შემიწყნაროს; და რომელმან მე შემიწყნაროს, არა მე შემიწყნაროს, არამედ მომავლინებელი ჩემი. |
38 | მიუგო იოანემ და უთხრა მას: მოძღვარო, ვიხილეთ კაცი, რომელიც შენი სახელით აძევებს ეშმაკთ და ჩვენ კი არ მოგვდევს; და ავუკრძალეთ იმიტომ, რომ ჩვენ არ მოგვყვება. | 38 | მიუგო მას იოვანე და ჰრქუა: მოძღუარ, ვიხილეთ ვინმე, რომელი სახელითა შენითა ეშმაკთა განასხმიდა, რომელი ჩუენ არა შეგჳდგს, და ვაყენებდით მას, რამეთუ არა შემიდგს ჩუენ. |
39 | ხოლო იესომ თქვა: ნუ უკრძალავთ, რადგან ვერავინ, ვინც ჩემი სახელით ახდენს სასწაულს, აგრე იოლად ვერ იტყვის ჩემს ძვირს. | 39 | ხოლო თავადმან ჰრქუა: ნუ აყენებთ მას, რამეთუ არავინ არს, რომელმან ქმნეს ძალი სახელითა ჩემითა და ჴელ-ეწიფოს ბოროტის-სიტყუად ჩემდა. |
40 |
რადგან ვინც ჩვენს წინააღმდეგ არაა, ჩვენს მხარესაა. |
40 | რამეთუ რომელი არა ჩუენდა მტერ არს, იგი ჩუენ კერძო არს. |
41 | იმას, ვინც ჭიქა წყალს მოგაწვდით ჩემი სახელით, ვინაიდან ქრისტესი ხართ, ჭეშმარიტად გეუბნებით: არ დაეკარგება თავისი საზღაური. | 41 | რომელმან გასუას თქუენ სასუმელი წყლისაჲ სახელად ჩემდა, რამეთუ ქრისტესნი ხართ, ამენ გეტყჳ თქუენ, არა წარუწყმდეს სასყიდელი მისი. |
42 | და ვინც აცთუნებს თუნდაც ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, უჯობს წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ ყელზე და ზღვაში დანთქან. | 42 | და რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთაგანი მორწმუნეთაჲ ჩემდა მომართ, უმჯობეს არს მისა გამო-თუმცა-იბა ქედსა მისსა წისქჳლის ქვაჲ ვირით საფქველი და შთავარდა ზღუასა. |
43 | თუ შენი ხელი გაცთუნებს, მოიკვეთე იგი: გიჯობს სახიჩარი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორივე ხელის მქონე ჩავარდე გეენაში, გაუნელებელ ცეცხლში, | 43 | და უკუეთუ დაგაბრკოლებდეს ჴელი შენი, მოიკუეთე იგი: უმჯობეს არს შენდა უჴელოჲსაჲ შესლვად ცხორებასა, ვიდრე ორთა ჴელთა სხმასა და შესლვად გეჰენიასა, ცეცხლსა მას უშრეტსა. |
44 | სადაც ულევია მათთვის მატლი და უშრეტი - ცეცხლი. | 44 | სადა-იგი მატლი მათი არა მოაკლდების, და ცეცხლი არა დაშრტების. |
45 | თუ შენი ფეხი გაცთუნებს, მოიკვეთე იგი: გიჯობს კოჭლი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორივე ფეხის მქონე ჩავარდე გეენაში, გაუნელებელ ცეცხლში, | 45 | და უკუეთუ ფერჴი შენი დაგაბრკოლებდეს შენ, მოიკუეთე იგი: უმჯობეს არს შენდა მკელობელისაჲ შესლვად ცხორებასა, ვიდრე ორითა ფერჴითა შთაგდებად გეჰენიასა, ცეცხლსა მას უშრეტსა, |
46 | სადაც ულევია მათთვის მატლი და უშრეტი - ცეცხლი. | 46 | სადა-იგი მატლი მათი არა დაესრულების, და ცეცხლი არა დაშრტების. |
47 | ხოლო თუ შენი თვალი გაცთუნებს, ამოითხარე იგი: გიჯობს ცალთვალა შეხვიდე ღმრთის სასუფეველში, ვიდრე ორივე თვალის მქონე ჩავარდე ცეცხლის გეენაში, | 47 | და უკუეთუ თუალი შენი გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი: უმჯობეს არს შენდა ერთითა თუალითა შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა, ვიდრე ორითა თუალითა შთაგდებად გეჰენიასა ცეცხლისა უშრეტისასა. |
48 | სადაც ულევია მათთვის მატლი და უშრეტი - ცეცხლი. | 48 | სადა-იგი მატლი მათი არა დაესრულების, და ცეცხლი არა დაშრტების. |
49 | რადგან ყველაფერი ცეცხლით დამარილდება და ყოველი შესაწირავი მარილით დამარილდება. | 49 | რამეთუ ყოველივე ცეცხლითა დაიმარილოს, და ყოველი შესაწირავი მარილითა დაიმარილოს. |
50 | კარგი რამ არის მარილი; მაგრამ თუ მარილი უმარილო გახდა, რაღათი შეანელებთ მას? გქონდეთ მარილი თქვენში და მშვიდობით იყავით ერთმანეთს შორის. | 50 | კეთილ არს მარილი; ხოლო უკუეთუ მარილი უმარილო იქმნეს, რაჲთაღა შეინელოს იგი? გაქუს თავისა თქუენისა მარილი და მშჳდობით იყვენით ურთიერთას. |