ახალი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
მოუხმო თავის თორმეტ მოწაფეს, და მისცა მათ ხელმწიფება უწმინდურ სულთა განდევნისა და ყოველგვარი სენისა თუ ყოველგვარი უძლურების განკურნებისა. |
1 | და მოუწოდა ათორმეტთა მოწაფეთა თჳსთა და მისცა მათ ჴელმწიფებაჲ სულთა ზედა არაწმიდათა, რაჲთა განასხმიდენ მათ და განჰკურნებდენ ყოველთა სენთა და ყოველთა უძლურებათა. |
2 | ხოლო ამ თორმეტი მოციქულის სახელებია: პირველად სიმონი, პეტრედ წოდებული, და მისი ძმა ანდრია; იაკობი ზებედესი და მისი ძმა იოანე; | 2 | ხოლო ათორმეტთა მათ მოციქულთა სახელები ესე არს: პირველად სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე, და ანდრეა, ძმაჲ მისი, იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ მისი, |
3 | ფილიპე და ბართლომე; თომა და მათე მებაჟე; იაკობი ალფესისა და ლებეოსი, თადეოსად სახელდებული; | 3 | ფილიპე და ბართლომე, თომა და მატთეოს მეზუერე, იაკობ ალფესი და ლებეოს, რომელსა ეწოდა თადეოს, |
4 | სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი. | 4 | სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმანცა განსცა იგი. |
5 | აი, ეს თორმეტი წარგზავნა იესომ, უბრძანა და უთხრა მათ: წარმართთა გზით ნუ ივლით, და ნუ შეხვალთ სამარიელთა ქალაქში. | 5 | ესე ათორმეტნი წარავლინნა იესუ, ამცნო მათ და ჰრქუა: გზასა წარმართთასა ნუ მიხუალთ და ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეხუალთ, |
6 | არამედ მიაკითხეთ უპირატესად ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებს. | 6 | არამედ მივედით უფროჲს ხოლო ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა. |
7 | მიაკითხეთ და უქადაგეთ, რომ მოახლოვდა ცათა სასუფეველი. | 7 | და მი-რაჲ-ხჳდეთ, ქადაგებდით და იტყოდეთ, ვითარმედ: მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ. |
8 | განკურნეთ სნეულნი, განწმინდეთ კეთროვანნი, აღადგინეთ მკვდარნი, განდევნეთ ეშმაკნი; უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით. | 8 | უძლურთა განჰკურნებდით, მკუდართა აღადგინებდით, კეთროვანთა განსწმედდით, ეშმაკთა განასხემდით; უსასყიდლოდ მიგიღებიეს, უსასყიდლოდ მისცემდით. |
9 | ნუ წაიტანებთ სარტყლით ნურც ოქროს, ნურც ვერცხლს, ნურც რვალს; | 9 | ნუ მოიგებთ ოქროსა, ნუცა ვეცხლსა, ნუცა რვალსა სარტყელთა თქუენთა, |
10 | ნურც აბგას გზაში, ნურც ორ ხელ სამოსს, ნურც ფეხსაცმელს, ნურც არგანს, ვინაიდან ღირსია მაშვრალი თავისი საგზლისა. | 10 | ნუცა ვაშკარანსა გზასა ზედა, ნუცა ორსა სამოსელსა, ნუცა ჴამლთა, ნუცა კეურთხსა, რამეთუ ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა. |
11 |
რომელ ქალაქში ან დაბაშიც უნდა შეხვიდეთ, გამოიკითხეთ, ვინ არის იქ ღირსეული, და მისას დადექით, ვიდრე გამოსვლამდე. |
11 | რომელსა ქალაქსა ანუ დაბასა შეხჳდეთ, გამოიკითხეთ; ვინ ღირს იყოს, მუნ დაადგერით ვიდრე გამოსლვადმდე. |
12 | ხოლო სახლში შესვლისას მიესალმეთ მას და თქვით: მშვიდობა ამ სახლს. | 12 | და შე-რაჲ-ხჳდოდით სახლსა მას, მოიკითხეთ იგი და თქუთ: მშჳდობაჲ სახლსა ამას! |
13 | და თუ სახლი ღირსი იქნება, თქვენი მშვიდობა მიუვა მას, თუ არა და, თქვენი მშვიდობა თქვენავე დაგიბრუნდებათ. | 13 | და უკუეთუ სახლი იგი ღირს იყოს, მოვიდეს მშჳდობაჲ თქუენი მას ზედა; უკუეთუ არა ღირს იყოს, მშჳდობაჲ თქუენი თქუენდავე მოიქეცინ. |
14 | და თუ არავინ მიგიღებთ და არც შეისმენს თქვენს სიტყვებს, იმ სახლიდან თუ ქალაქიდან გამოსვლისას ჩამოიბერტყეთ თქვენი ფეხიდან მტვერი. | 14 | და უკუეთუ არავინ შეგიწყნარნეს თქუენ და არცა ისმინნეს სიტყუანი თქუენნი, გამო-რაჲ-ხჳდოდით მიერ სახლით გინა მიერ ქალაქით, განიყარეთ მტუერი ფერჴთა თქუენთაჲ. |
15 | ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: განკითხვის დღე სოდომისა და გომორის მხარისათვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე იმ ქალაქისათვის. | 15 | ამენ გეტყჳ თქუენ: უმოლხინეს იყოს ქუეყანაჲ იგი სოდომისაჲ და გომორისაჲ დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე ქალაქი იგი. |
16 | აჰა, მე გგზავნით თქვენ როგორც ცხვრებს მგლების ხროვაში; მაშ, იყავით გონიერნი, როგორც გველები, და უმანკონი, როგორც მტრედები. | 16 | აჰა მე მიგავლინებ თქუენ, ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა. იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკო, ვითარცა ტრედნი. |
17 | ეკრძალეთ ადამიანებს, ვინაიდან ისინი მიგცემენ სამართალში და თავიანთ სინაგოგებში მათრახით გცემენ თქვენ. | 17 | ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდენ თქუენ კრებულსა და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ. |
18 | და მიგიყვანენ ჩემს გამო მთავრებისა და მეფეების წინაშე, მათთვის და წარმართთათვის სამოწმებლად. | 18 | და წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყვანნენ თქუენ ჩემთჳს საწამებელად მათდა და წარმართთა. |
19 | ხოლო როდესაც გაგცემენ, ნუ იზრუნებთ, როგორ ვთქვათ, ანდა რა ვთქვათო; ვინაიდან თავად მოგეცემათ მაშინ სათქმელი. | 19 | და რაჟამს მიგცნენ თქუენ, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდით, რამეთუ მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, რასა-იგი იტყოდით. |
20 | რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სული თქვენი მამისა ილაპარაკებს თქვენში. | 20 | რამეთუ არა თქუენ იყვნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისაჲ, რომელი იტყოდის თქუენ შორის. |
21 |
და გასცემს ძმა სასიკვდილოდ ძმას, და მამა - შვილს; შვილები აღდგებიან მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ. |
21 | რამეთუ მისცეს ძმამან ძმაჲ სიკუდილდ და მამამან – შვილი; და აღდგენ შვილნი მამა-დედათა ზედა და მოჰკლვიდენ მათ. |
22 | და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო; ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება. | 22 | და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს. ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს. |
23 | და როდესაც დაგიწყებენ დევნას ერთ ქალაქში, მიაშურეთ მეორეს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვერ მოასწრებთ ისრაელის ყველა ქალაქის მოვლას, რომ მოვა ძე კაცისა. | 23 | რაჟამს გდევნიდენ თქუენ ამიერ ქალაქით, მიივლტოდეთ სხუად. ამენ გეტყჳ თქუენ: ვერ დაასრულოთ ქალაქები ისრაჱლისაჲ, ვიდრემდის ძე კაცისაჲ მოვიდეს. |
24 | არ არის მოწაფე, თავის მოძღვარზე უმეტესი, და არც მონა, თავის მბრძანებელზე უპირატესი. | 24 | არა არს მოწაფე უფროჲს მოძღურისა თჳსისა, არცა მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა. |
25 | საკმარისია მოწაფისათვის, იყოს ისეთი, როგორც მისი მოძღვარი, და მონისათვის - როგორც მისი მბრძანებელი. თუ სახლის პატრონს ბელზებულად უხმობენ, მით უმეტეს, სახლეულს მისას. | 25 | კმა არს მოწაფისა მის, უკუეთუ იყოს, ვითარცა მოძღუარი თჳსი, და მონაჲ იგი, ვითარცა უფალი თჳსი. უკუეთუ სახლისა უფალსა ბელზებულით ჰხადოდეს, რაოდენ უფროჲს სახლეულთა მისთა? |
26 | მაშ, ნუ გეშინიათ მათი, ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს. | 26 | ნუუკუე გეშინინ მათგან, რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოჩნდეს, და არცა საიდუმლოჲ, რომელი არა გამოცხადნეს. |
27 | რასაც სიბნელეში გეუბნებით, სინათლეზე თქვით, და რაც ყურში ჩაგესმით, ერდოებზე იქადაგეთ. | 27 | რომელი გარქუ თქუენ ბნელსა შინა, თქუენ თქუთ ნათელსა შინა; და რომელი ყურთა გესმა, ქადაგებდით ერდოთა ზედა. |
28 | ნუ გეშინიათ მათი, რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ არ შეუძლიათ სულის მოკვლა; არამედ უფრო გეშინოდეთ იმისა, ვისაც შეუძლია სულიცა და ხორციც წარწყმიდოს გეენას. | 28 | და ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყჳდნენ ჴორცნი, ხოლო სულისა ვერ ჴელ-ეწიფების მოკლვად. არამედ გეშინოდენ მისა უფროჲს, რომელი შემძლებელ არს სულისა და ჴორცთა წარწყმედად გეჰენიასა შინა. |
29 | განა ორი ბეღურა ერთ ასარად არ იყიდება? მაგრამ ერთი მათგანიც არ დავარდება მიწაზე, თუ არ იქნა თქვენი მამის ნება. | 29 | ანუ არა ორი სირი ასარის განისყიდებისა? და ერთიცა მათგანი არა დავარდების ქუეყანასა ზედა თჳნიერ მამისა თქუენისა. |
30 | ხოლო თქვენს თავზე ყოველი ღერი თმაც სათითაოდ დათვლილია. | 30 | ხოლო თქუენნი თავისა თმანიცა ყოველნი განრაცხილ არიან. |
31 |
მაშ, ნუ შიშობთ, ვინაიდან უთვალავ ბეღურაზე უმჯობესნი ხართ. |
31 | ნუ გეშინინ, რამეთუ მრავალთა სირთა უმჯობეს ხართ თქუენ. |
32 | ყველას, ვინც მაღიარებს კაცთა წინაშე, მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე. | 32 | ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდამო წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲსა. |
33 | ხოლო ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე. | 33 | და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-ვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲსა. |
34 | ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი, რათა მშვიდობა მომეტანა ამ ქვეყნად; მშვიდობის მომტანად კი არ მოვედი, არამედ მახვილისა. | 34 | ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშჳდობისა ქუეყანასა ზედა; არა მოვედ მიფენად მშჳდობისა, არამედ მახჳლისა. |
35 | ვინაიდან მოვედი, რათა გავყარო ვაჟი მამამისს, ქალი - დედამისს, და რძალი - დედამთილს მისას. | 35 | რამეთუ მოვედ განყოფად კაცისა მამისაგან თჳსისა და ასული – დედისაგან თჳსისა და სძალი – დედამთილისაგან თჳსისა. |
36 | და კაცს მტრებად ვუქციო მისი სახლეულნი. | 36 | და მტერ იყვნენ კაცისა სახლეულნი თჳსნი. |
37 | ვისაც მამა ან დედა ჩემზე ზეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; | 37 | რომელსა უყუარდეს მამაჲ ანუ დედაჲ უფროჲს ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს; და რომელსა უყუარდეს ძე ანუ ასული უფროჲს ჩემსა, იგი არა არს ჩემდა ღირს. |
38 | ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, არ არის ჩემი ღირსი. | 38 | და რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს. |
39 | ვინც ჰპოვებს თავის სულს, დაჰკარგავს მას; და ვინც ჩემი გულისათვის დაჰკარგავს თავის სულს, მოიპოვებს მას. | 39 | რომელმან მოიპოოს სული თჳსი, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს, მან პოოს იგი. |
40 | ვინც თქვენ შეგიწყნარებთ, მე შემიწყნარებს; ხოლო ვინც მე შემიწყნარებს, შეიწყნარებს ჩემს მომავლინებელს. | 40 | რომელმან შეგიწყნარნეს თქუენ, მე შემიწყნარა; და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი. |
41 | ვინც წინასწარმეტყველის სახელით შეიწყნარებს წინასწარმეტყველს, წინასწარმეტყველის საზღაურს მიიღებს; და ვინც მართლის სახელით შეიწყნარებს მართალს, მართლის საზღაურს მიიღებს. | 41 | რომელმან შეიწყნაროს წინასწარმეტყუელი სახელად წინასწარმეტყუელისა, სასყიდელი წინასწარმეტყუელისაჲ მიიღოს; და რომელმან შეიწყნაროს მართალი სახელად მართლისა, სასყიდელი მართლისაჲ მიიღოს. |
42 | და ვინც მოწაფის სახელით მიაწვდის ცივ წყალს ერთს ამ მცირეთაგანს, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არ დაეკარგება თავისი საზღაური. | 42 | და რომელმან ასუას ერთსა მცირეთაგანსა სასუმელი ერთი წყალი გრილი სახელად მოწაფისა, ამენ გეტყჳ თქუენ, არა წარუწყმდეს სასყიდელი მისი. |