ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მათეს სახარება

თავი მეთორმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ერთხელ, შაბათ დღეს, ყანაში მიდიოდა იესო; მოშივდათ მის მოწაფეებს და დაიწყეს თავთავების კრეფა და ჭამა.

1 მას ჟამსა შინა წარვიდოდა იესუ დღესა შაბათსა ყანობირსა მათსა. ხოლო მოწაფეთა მისთა შეემშია და იწყეს მუსრვად თავსა ჴუვილისასა და ჭამად.
2 ეს რომ დაინახეს, ფარისევლებმა უთხრეს მას: აი, შენი მოწაფეები იმას სჩადიან, რაც ნებადართული არ არის შაბათს. 2 ხოლო ფარისეველთა მათ იხილეს რაჲ, ჰრქუეს მას: აჰა მოწაფენი შენნი იქმან, რომელი არა ჯერ-არს შაბათსა შინა საქმედ.
3 ხოლო იესომ უთხრა მათ: არ წაგიკითხავთ, როგორ მოიქცა დავითი, როცა მოშივდა მასაც და მის მხლებლებსაც? 3 ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: არა აღმოგიკითხავსა, რაჲ-იგი ყო დავით, ოდეს-იგი შეემშია და მისთანათა მათ?
4 როგორ მევიდა ღმერთის სახლში და შეჭამა შესაწირავი პური, რისი ქმნა არც მისთვის იყო ნებადართული და არც მისი მხლებლებისათვის, და რისი ნებაც მხოლოდ მღვდლებს ჰქონდათ? 4 ვითარ-იგი შევიდა სახლსა ღმრთისასა და პურნი იგი შესაწირავთანი შეჭამნა, რომელთაჲ არა ჯერ-იყო ჭამად მისა, არცა მისთანათა მათ, გარნა მღდელთა ხოლო?
5 არც ის ამოგიკითხავთ რჯულში, რომ შაბათობით მღვდლები ტაძარში არღვევენ შაბათს, და მაინც უცოდველნი არიან? 5 ანუ არა აღმოგიკითხავსა შჯულსა, რამეთუ შაბათთა შინა მღდელთა ტაძარსა მას შინა შაბათი შეურაცხ-ყვიან და უბრალო იყვნიან?
6 ხოლო მე გეუბნებით თქვენ: აქ არის ის, ვინც ტაძარზეც უმეტესია. 6 ხოლო გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: ტაძრისა უფროჲს არს აქა.
7 რომ იცოდეთ, რას ნიშნავს: წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი, აღარასოდეს შეაჩვენებდით უცოდველთ. 7 უკუეთუმცა გეცნა, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი, არამცა დასაჯენით უბრალონი.
8 რადგან ძე კაცისა შაბათის უფალიც არის. 8 უფალ არს ძე კაცისაჲ შაბათისაცა.
9 წამოვიდა იქიდან იესო და შევიდა მათ სინაგოგაში. 9 და წარმოვიდა მიერ იესუ და მოვიდა შესაკრებელსა მათსა.
10 და, აჰა, იყო იქ ერთი ხელგამხმარი კაცი, და ჰკითხეს იესოს, რათა ბრალი დაედოთ მისთვის: თუ შეიძლება კაცი განკურნო შაბათს? 10 და იყო მუნ კაცი ერთი, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა. ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს: უკუეთუ ჯერ-არს შაბათსა კურნებაჲ რაჲთამცა შეასმინეს იგი.
11

ხოლო იესომ პასუხად უთხრა მათ: რომელიმე თქვენგანს ერთი ცხვარი რომ ჰყავდეს და შაბათ დღეს ორმოში ჩაუვარდეს, ნუთუ ხელს არ ჩასჭიდებს და არ ამოიყვანს მას?

11 ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ვინ არს თქუენგანი კაცი, რომელსა ედგას ცხოვარი ერთი და შთავარდეს იგი დღესა შაბათსა ჯურღმულსა, არა-მე უპყრასა და აღმოიქუას იგი?
12 ხოლო კაცი რამდენად უმჯობესია ცხვარზე? ამიტომაც შეიძლება შაბათ დღეს სიკეთის ქმნა. 12 რაოდენ უმჯობეს არს კაცი ცხოვრისა? ამისთჳს ჯერ-არს შაბათსა შინა კეთლისა საქმე.
13 და უთხრა მაშინ კაცს: გაიწოდე შენი ხელი! მანაც გაიწოდა და ისევე გაუმრთელდა, როგორც მეორე. 13 მაშინ ჰრქუა იესუ კაცსა მას: განირთხ ჴელი შენი! და მან განირთხა ჴელი, და კუალად მოეგო ცოცხალი, ვითარცა ერთი იგი.
14 ხოლო ფარისევლები გამოვიდნენ და მოითათბირეს მის წინააღმდეგ, თუ როგორ დაეღუპათ იგი. 14 ხოლო ფარისეველნი იგი გამოვიდეს და ზრახვა-ყვეს მისთჳს, რაჲთა წარწყმიდონ იგი. ხოლო იესუ გულისჴმა-ყო და განეშორა მიერ და წარვიდა.
15 მაგრამ იესომ გაიგო ეს და გაეცალა იქაურობას; თან მისდევდა დიდძალი ხალხი და განკურნა ყველა. 15 და მისდევდა მას ერი მრავალი, და განკურნნა იგი ყოველნი.
16 და უბრძანა მათ, არ გამთქვათო. 16 და ამცნო მათ, რაჲთა არა გამოაცხადონ იგი.
17 რათა აღსრულდეს თქმული ესაია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: 17 რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი ესაია წინაწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს:
18 აჰა, მსახური ჩემი, რომელიც ავირჩიე; საყვარელი ჩემი, რომელიც შევიტკბე სულით; დავსდებ მასზე ჩემს სულს, და აუწყებს სამართალს ხალხებს. 18 აჰა ესერა ძე ჩემი, რომელი მე სათნო-ვიყავ, საყუარელი ჩემი, რომელი სთნავს სულსა ჩემსა. დავდა სული ჩემი მის ზედა, და სამართალი წარმართთა მიუთხრას.
19 არ იდავებს, არ იყვირებს და ვერც ვერავინ მოისმენს ქუჩებში მის ხმას. 19 არა ჰჴდებოდის, არცა ღაღადებდეს, არცა ესმეს ვის უბანთა ზედა ჴმაჲ მისი.
20 მოტეხილ ლერწამს არ გადატეხს და მბჟუტავ პატრუქს არ დაშრეტს, ვიდრე არ მოუპოვებს ძლევას სამართალს. 20 ლერწამი შემუსრვილი არა განტეხოს და პატრუკი მბნდჳნვარე არა დაშრიტოს, ვიდრემდე გამოიღოს ძლევად სასჯელი.
21

და მისი სახელი სასოებად ექნება ხალხებს.

21 და სახელსა მისსა წარმართნი ესვიდენ.
22 მაშინ მიჰგვარეს მას ბრმა და მუნჯი ეშმაკეული, და განკურნა იგი, ისე, რომ ამ ბრმასა და მუნჯს თვალი აეხილა და ამეტყველდა. 22 მაშინ მოჰგუარეს მას ეშმაკეული ბრმაჲ და ყრუჲ, და განკურნა იგი, ვითარმედ ყრუჲ და ბრმაჲ ხედვიდა და იტყოდა.
23 უკვირდა ხალხს და ამბობდა: ეს ხომ არ არის დავითის ძეო? 23 და განუკჳრდებოდა ერსა მას და იტყოდეს: ნუუკუე ესე არს ძე დავითისი?
24 ხოლო ამის გამგონე ფარისევლები ამბობდნენ: ეს თუ ეშმაკებს აძევებს, მხოლოდ ეშმაკთა მთავრის, ბელზებულის შეწევნითო. 24 ხოლო ფარისეველთა მათ ვითარცა ესმა ესე, იტყოდეს: ესე არა განასხამს ეშმაკთა, გარნა ბელზებულითა, მთავრითა მით ეშმაკთაჲთა.
25 მაგრამ იცოდა იესომ, რასაც ფიქრობდნენ ისინი, და უთხრა მათ: ყოველი სამეფო, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, გაპარტახდება: და ყოველი ქალაქი, გინდა სახლი, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, დაიქცევა. 25 იცოდნა იესუ ზრახვანი იგი გულისა მათისანი და ჰრქუა მათ: ყოველი მეუფებაჲ, რომელი განევლთის თავსა თჳსსა, მოოჴრდის; და ყოველი ქალაქი გინა სახლი, რომელი განევლთის თავსა თჳსსა, ვერ დაემტკიცოს.
26 თუკი სატანა აძევებს სატანას, მაშინ ის თავის თავს განეყოფა; როგორღა გაძლებს მასი სამეფო? 26 და უკუეთუ ეშმაკი ეშმაკსა განჰჴდის, თავსა თჳსსა განევლთა; ვითარ დამტკიცნეს მეუფებაჲ მისი?
27 და თუ მე ბელზებულის შეწევნით ვაძევებ ეშმაკთ, ვისი შეწევნითღა აძევებენ მათ თქვენი ძენი? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მსაჯულნი. 27 და უკუეთუ მე ბელზებულითა განვასხამ ეშმაკთა, ძენი თქუენნი რაჲთა განასხმენ? ამისთჳს იგინივე მსაჯულ თქუენდა იყვნენ.
28 ხოლო თუ მე ღმერთის სულით ვაძევებ ეშმაკთ, მოუწევია კიდეც თქვენამდე ღმრთის სასუფეველს. 28 უკუეთუ მე სულითა ღმრთისაჲთა განვასხამ ეშმაკთა, მო-სამე-იწია თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისაჲ.
29 ან როგორ შეძლებს ვინმე შევიდეს ძლიერის სახლში და გაძარცვოს იგი, თუკი თავდაპირველად არ შებოჭავს ძლიერს? მხოლოდ ამის შემდეგ თუ შესძლებს მისი სახლის გაძარცვას. 29 ანუ ვითარ ვის ჴელ-ეწიფების სახლსა ძლიერისასა შესლვად და ჭურჭელი მისი გამოტყუენვად, უკუეთუ არა პირველად შეკრას ძლიერი იგი და მაშინღა სახლი მისი იავარ-ყოს.
30 ვინც ჩემთან არაა, ჩემს წინააღმდეგაა; და ვინც ჩემთან არა კრებს, - ფანტავს. 30 რომელი არა არს ჩემ თანა, იგი მტერი ჩემი არს; და რომელი არა შეჰკრებს ჩემ თანა, იგი განაბნევს.
31

ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევება ადამიანებს, მაგრამ სულის გმობა არ მიეტევება მათ.

31 ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ყოველი ცოდვაჲ და გმობაჲ მიეტეოს კაცთა, ხოლო სულისა წმიდისა გმობაჲ არა მიეტეოს კაცთა.
32 ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება მას; მაგრამ ვინც იტყვის სიტყვას სული წმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება მას, არც ამ წუთისოფლად და არც საუკუნო სოფლად. 32 და რომელმან თქუას სიტყუაჲ ძისა კაცისათჳს, მიეტეოს მას; ხოლო რომელმან თქუას სულისა წმიდისათჳს, არა მიეტეოს მას არცა ამას სოფელსა, არცა მერმესა მას.
33 ან სცანით ხე ვარგისად და მისი ნაყოფიც ვარგისად; ან სცანით ხე უვარგისად და მისი ნაყოფიც უვარგისად; ვინაიდან ნაყოფით იცნობა ხე. 33 ანუ ყავთ ხე იგი კეთილ და ნაყოფიცა მისი კეთილ; ანუ ყავთ ხე იგი ხენეშ და ნაყოფიცა მისი ხენეშ; რამეთუ ნაყოფისაგან ხე იგი საცნაურ არს.
34 იქედნეს ნაშიერნო, როგორ შეგიძლიათ, თავად უკეთურთ, კეთილი სიტყვის თქმა? ვინაიდან გულის სისავსისგან მეტყველებს ბაგე. 34 ნაშობნო იქედნეთანო, ვითარ ჴელ-გეწიფების კეთილისა სიტყუად, რამეთუ თქუენ უკეთურნი ხართ? რამეთუ ნამეტნავისაგან გულისა პირი იტყჳნ.
35 კეთილ კაცს კეთილი საუნჯისგან გამოაქვს კეთილი, და ბოროტ კაცს ბოროტი საუნჯისგან გამოაქვს ბოროტი. 35 კეთილმან კაცმან კეთილისაგან საუნჯისა გამოიღის კეთილი, და ბოროტმან კაცმან ბოროტისაგან საუნჯისა გამოიღის ბოროტი.
36 ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს. 36 ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ: ყოველი სიტყუაჲ უქმი რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუაჲ მისთჳს დღესა მას სასჯელისასა.
37 ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები, და მაშინვე სიტყვებით განიკითხები. 37 რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო.
38 მაშინ ზოგმა მწიგნობარმა და ფარისეველმა უთხრა მას: მოძღვარო, გვსურს სასწაული ვიხილოთ შენგან. 38 მაშინ მი-ვიეთმე-უგეს მწიგნობართაგან და ფარისეველთა და ჰრქუეს: მოძღუარ, გუნებავს შენგან სასწაულისა ხილვად.
39 ხოლო მან პასუხად თქვა: უკეთური და მემრუშე მოდგმა სასწაულს ეძებს; მაგრამ სასწაული არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის სასწაულისა. 39 ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს, და სასწაული არა ეცეს მას, გარნა სასწაული იგი იონა წინაწარმეტყუელისაჲ.
40 ვინაიდან როგორც იონამ დაყო ვეშაპის მუცელში სამი დღე და სამი ღამე, ასევე დაყოფს ძეც კაცისა ქვეყნის გულში სამ დღეს და სამ ღამეს. 40 რამეთუ ვითარცა-იგი იყო იონა მუცელსა ვეშაპისასა სამ დღე და სამ ღამე, ეგრეთ იყოს ძე კაცისაჲ გულსა ქუეყანისასა სამ დღე და სამ ღამე.
41

ნინეველნი აღსდგებიან განკითხვისას ამ მოდგმასთან ერთად და შეაჩვენებენ მას, ვინაიდან მათ შეინანეს იონას ქადაგებით, და, აჰა, აქ იონაზე უმეტესია.

41 კაცნი იგი ნინეველნი აღდგენ სასჯელსა მას ნათესავისა ამის თანა და დასჯიდენ მათ, რამეთუ შეინანეს ქადაგებასა მას იონაჲსსა; და აჰა ესერა უფროჲს იონაჲსსა არს აქა.
42 სამხრეთის დედოფალი აღსდგება განკითხვისას ამ მოდგმასთან ერთად და შეაჩვენებს მას, ვინაიდან ქვეყნის დასალიერიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის სასმენად, და, აჰა, აქ სოლომონზე უმეტესია. 42 დედოფალი იგი სამხრისაჲ აღდგეს სასჯელსა მას ნათესავსა ამას თანა და დასაჯოს იგი, რამეთუ მოვიდა კიდით ქუეყანისაჲთ სმენად ამის თანა და დასაჯოს იგი, რამეთუ მოვიდა კიდით ქუეყანისაჲთ სმენად სიბრძნესა სოლომონისსა; და აჰა ესერა უფროჲს სოლომონისსა არს აქა.
43 როდესაც უწმინდური სული გამოვა კაცისაგან, უწყალო ადგილებს დაეძებს განსასვენებლად, და ვერ ჰპოვებს მას. 43 ხოლო რაჟამს სული იგი არაწმიდაჲ განვიდის კაცისაგან, მიმოვალნ ურწყულთა ადგილთა და ეძიებნ განსუენებასა და არა პოვის.
44 და მაშინ იტყვის: დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედი; და როცა მივა, ჰპოვებს მას ცარიელს, დაგვილსა და დამშვენებულს. 44 მაშინ თქჳს: მივიქცე სახედ ჩემდა, ვინაჲცა გამოვედ; და მი-რაჲ-ვიდის, პოვის იგი მოცალე, განშუენებული და შემკული.
45 მაშინ წავა და მოიყვანს შვიდ სხვა სულსაც, მასზე უბოროტესს; შევა და დაემკვიდრება იქ; და ამ კაცის უკანასკნელი დღე პირველზე უარესი იქნება. იგივე დღე ელის ამ უკეთურ მოდგმასაც. 45 მაშინ წარვიდის და მოიყვანნის მის თანა სხუანი შჳდნი სულნი, უბოროტესნი მისა, და მოვიდის და დაემკჳდრის მუნ. და იქმნის უკუანაჲსკნელი კაცისაჲ მის უძჳრეს პირველისა. ესრეთ ეყოს ნათესავსა ამასცა უკუეთურსა.
46 და ვიდრე ასე ესაუბრებოდა ხალხს, მისი დედა და ძმები გარეთ იდგნენ და სიტყვის სათქმელად ეძებდნენ მას. 46 და იყო ვიდრე იგი ეტყოდაღა ერსა მას, აჰა ესერა დედაჲ მისი და ძმანი მისნი დგეს გარე და ეძიებდეს მას სიტყუად.
47 მაშინ ვიღაცამ უთხრა მას: აჰა, დედაშენი და შენი ძმები გარეთ დგანან და სიტყვის სათქმელად გეძებენ შენ. 47 მაშინ ჰრქუა ვინმე მას: აჰა დედაჲ შენი და ძმანი შენნი დგანან გარეშე და უნებს რაჲმე სიტყუად შენდა.
48 ხოლო იესომ პასუხად თქვა: ვინ არის დედაჩემი? ან ვინ არიან ჩემი ძმები? 48 ხოლო იესუ მიუგო მეტყუელსა მას და ჰრქუა: ვინ არს დედაჲ ჩემი, ანუ ვინ არიან ძმანი ჩემნი?
49 გაიშვირა ხელი თავისი მოწაფეებისაკენ და თქვა: აჰა, დედაჩემი და ჩემი ძმები. 49 და მიყო ჴელი მისი მოწაფეთა მიმართ თჳსთა და თქუა: აჰა დედაჲ ჩემი და ძმანი ჩემნი!
50 რადგან ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას, იგია ძმაც, დაც და დედაც ჩემი. 50 რამეთუ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ, იგი არს ძმაჲ და დაჲ და დედაჲ ჩემი.