ახალი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
იმ ხანად მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და ჰკითხეს: ვინ უფრო დიდია ცათა სასუფეველში? |
1 | მას ჟამსა შინა მოუჴდეს იესუს მოწაფენი და ეტყოდეს: ვინ-მე უფროჲს იყოს სასუფეველსა ცათასა? |
2 | იესომ დაუძახა ბავშვს, მათ შორის ჩააყენა | 2 | და მოუწოდა იესუ ყრმასა და დაადგინა შორის მათსა |
3 | და თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში. | 3 | და ჰრქუა: ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა. |
4 | ამრიგად, ვინც დაიმდაბლებს თავს, როგორც ეს ბავშვი, ის არის უდიდესი ცათა სასუფეველში. | 4 | რამეთუ რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, ვითარცა ყრმაჲ ესე, იგი უფროჲს იყოს სასუფეველსა ცათასა. |
5 | და ვინც შეიწყნარებს ერთ ამნაირ ბავშვს ჩემი სახელით, მე შემიწყნარებს. | 5 | და რომელმან შეიწყნაროს ერთი ყრმაჲ ესევითარი სახელითა ჩემითა, მე შემიწყნარებს. |
6 | ხოლო ვინც აცდუნებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, უჯობს წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ ყელზე და ზღვის უფსკრულში დანთქან. | 6 | და რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთა ამათგანი ჩემდა მომართ მორწმუნეთაჲ, უმჯობეს არს მისა, დამო-თუ-იკიდოს წისქჳლი ვირით საფქველი ქედსა და დაინთქას იგი უფსკრულსა ზღჳსასა. |
7 | ვაი ამ ქვეყანას საცდურთაგან, ვინაიდან საცდური გარდუვალია: მაგრამ ვაი იმ კაცს, ვისგანაც მოდის საცდური. | 7 | ვაჲ სოფლისა ამის საცთურთა მათგან, რამეთუ უნებლიადცა მომავალ არიან საცთურნი; ხოლო ვაჲ მის კაცისა, რომლისაგან მოვიდეს საცთური. |
8 | თუ შენი ხელი ანდა შენი ფეხი გაცდუნებს, მოიკვეთე და გადააგდე: გიჯობს უხელოდ ან უფეხოდ შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორივე ხელით ან ორივე ფეხით ჩავარდე საუკუნო ცეცხლში. | 8 | უკუეთუ ჴელი შენი ანუ ფერჴი შენი გაცთუნებდეს შენ, მოიკუეთენ იგი და განაგდენ შენგან: უმჯობეს არს შენდა შესლვაჲ ცხორებასა მკელობელისა გინა უჴელოჲსაჲ, ვიდრე ორნი ჴელნი და ორნი ფერჴნი თუ გესხნენ და შთაჰვარდე ცეცხლსა მას საუკუნესა. |
9 | თუ შენი თვალი გაცდუნებს, ამოითხარე და გადააგდე: გიჯობს ცალთვალა შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორივე თვალის მქონე ჩავარდე ცეცხლის გეენაში. | 9 | და უკუეთუ თუალი შენი გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან: უმჯობეს არს შენდა ერთ-თუალისაჲ შესლვად ცხორებასა, ვიდრე ორთა თუალთა სხმასა და შთაგდებად გეჰენიასა ცეცხლისასა. |
10 | ეკრძალეთ, ნუ შეურაცხყოფთ ნურცერთ ამ მცირეთაგანს, რადგანაც გეუბნებით თქვენ, რომ მათი ანგელოზები ცაში თვალს არ აშორებენ ჩემი ზეციერი მამის სახეს. | 10 | ეკრძალენით, ნუუკუე ვინმე შეურაცხ-ჰყოთ ერთი მცირეთა ამათგანი. გეტყჳ თქუენ, რამეთუ ანგელოზნი მათნი ცათა შინა მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა, რომელ არს ცათა შინა. |
11 | რადგან ძე კაცისა მოვიდა, რათა იხსნას დაკარგულნი. | 11 | რამეთუ მოვიდა ძე კაცისაჲ ცხორებად წარწყმედულისა. |
12 | როგორ გგონიათ, კაცს რომ ასი ცხვარი ჰყავდეს და ერთი მათგანი დაეკარგოს, განა არ მიატოვებს მთაში ოთხმოცდაცხრამეტს, და არ წავა დაკარგულის საძებნად? | 12 | ვითარ ჰგონებთ თქუენ: კაცსა თუ ვისმე ედგას ასი ცხოვარი და შეცსთეს ერთი მათგანი, არამე დაუტევნესა და ოთხმეოც და ათცხრამეტნი იგი მთათა ზედა და წარვიდეს და მოიძიოს შეცთომილი იგი? |
13 |
და თუ მოხდა ისე, რომ იპოვა, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მას უფრო მეტად შეჰხარის, ვიდრე იმ ოთხმოცდაცხრამეტს, რომლებიც არ დაჰკარგვია. |
13 | და რაჟამს პოოს იგი, ამენ გეტყჳ თქუენ: უფროჲს უხაროდის მის ზედა, ვიდრე ოთხმეოცდა ათცხრამეტთა მათ, რომელნი არა შეცთომილ იყვნეს. |
14 | ასევე არ ნებავს ჩემს ზეციერ მამას, რომ დაიღუპოს ერთი ამ მცირეთაგანი. | 14 | ესრეთ არა არს ნებაჲ მამისა თქუენისა ზეცათაჲსაჲ, რაჲთა წარწყმდეს ერთი მცირეთა ამათგანი. |
15 | ხოლო თუ შენი ძმა შესცოდავს შენს მიმართ, მიდი და ამხილე, როცა მარტო იქნებით ორივენი; თუ შეისმინა შენი, შეგიძენია ძმა შენი. | 15 | ხოლო უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ მარტონი. უკუეთუ ისმინოს შენი, შეიძინე ძმაჲ იგი შენი. |
16 | ხოლო თუ არ შეისმინა, მიიყვანე ერთი ან ორი კაცი, რათა ორი თუ სამი მოწმის პირით დადასტურდეს ყოველი სიტყვა. | 16 | ხოლო უკუეთუ არა ისმინოს, მიიყვანე შენ თანა ერთი ანუ ორი სხუაჲ, რაჲთა პირითა ორისა და სამისა მოწამისაჲთა დაემტკიცოს ყოველი სიტყუაჲ. |
17 | და თუ არც მათსას შეისმენს, უთხარი ეკლესიას; ხოლო თუ არც ეკლესიისას შეისმენს, მაშინ იქნება იგი შენთვის როგორც მებაჟე ან წარმართი. | 17 | ხოლო უკუეთუ მათიცა არა ისმინოს, უთხარ კრებულსა; ხოლო უკუეთუ კრებულისაჲცა არა ისმინოს, იყავნ იგი შენდა, ვითარცა მეზუერე და წარმართი. |
18 | ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც შეკრავთ მიწაზე, შეკრული იქნება ცაშიც, და რასაც დახსნით მიწაზე, დახსნილი იქნება ცაშიც. | 18 | ამენ გეტყჳ თქუენ: რაოდენი შეჰკრათ ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რაოდენი განჰჴსნათ ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა. |
19 | კვლავ ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ორი თქვენგანი შეთანხმდება ამ ქვეყნად და ერთად ითხოვს რასმე, მაშინ, რასაც უნდა ითხოვდნენ, მიეცემათ ჩემი ზეციერი მამისგან. | 19 | კუალად ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ ორნი თქუენგანნი შეითქუნენ ქუეყანასა ზედა ყოვლისათჳსვე საქმისა, რომელიცა ითხოონ, ეყოს მათ მამისა ჩემისაგან ზეცათაჲსა. |
20 | რადგან სადაც ორი თუ სამი შეიყრება ჩემი სახელით, მეც იქვე ვარ, მათ შორის. | 20 | რამეთუ სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათჳს, მუნ ვარ მე შორის მათსა. |
21 | მაშინ მიუახლოვდა მას პეტრე და უთხრა: უფალო, რამდენჯერ მივუტევო ჩემს ძმას, რომელიც ჩემს წინააღმდეგ სცოდავს? შვიდჯერ? | 21 | მაშინ მოუჴდა მას პეტრე და ჰრქუა: უფალო, რაოდენ-გზის შემცოდოს ძმამან ჩემმან, და მიუტეო მას? ვიდრე შჳდ-გზისამდეა? |
22 | იესომ მიუგო: არ გეუბნები: შვიდჯერ-მეთქი, არამედ სამოცდაათგზის შვიდჯერ. | 22 | ჰრქუა მას იესუ: არ გეტყჳ შენ ვიდრე შჳდ-გზისამდე, არამედ ვიდრე სამეოც და ათ შჳდ-გზის. |
23 | ამითა ჰგავს ცათა სასუფეველი მეფეს, რომელმაც გადაწყვიტა ანგარიში გაესწორებინა თავისი მონებისათვის. | 23 | ამისთჳს ემსგავსა სასუფეველი ცათაჲ კაცსა მეუფესა, რომელმან ინება სიტყჳსა განგებაჲ მონათა თჳსთა თანა. |
24 | და როცა ანგარიშსწორება დაიწყო, წარუდგინეს მას ერთი, რომელსაც მისი ათი ათასი ტალანტი ემართა. | 24 | და ვითარცა იწყო განგებად, წარმოუდგინეს მას ერთი თანა-მდები ბევრისა ტალანტისაჲ. |
25 |
და რაკი გადახდის თავი არ ჰქონდა, მისმა მეფემ ბრძანა, გაეყიდათ ისიც, მისი ცოლიც, მისი შვილებიც, მთელი მისი სარჩო-საბადებელიც და ვალი დაეფარათ. |
25 | და ვითარ არარაჲ აქუნდა მას, რაჲმცა მისცა, უბრძანა უფალმან მისმან განსყიდაჲ ცოლისა მისისაჲ და შვილთა მისთაჲ და რაჲცა აქუნდა მას, და გარდაჴდად იგი. |
26 | დაემხო მონა, თაყვანი სცა და უთხრა: შემიბრალე, მეფეო, და მთელ ვალს გადაგიხდი. | 26 | დავარდა უკუე მონაჲ იგი, თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: სულგრძელ იქმენ ჩემ ზედა, უფალო, და ყოველივე მიგცე შენ. |
27 | შეიბრალა მეფემ თავისი მონა, გაუშვა და ვალიც აპატია. | 27 | შეეწყალა უფალსა მისსა მონაჲ იგი და განუტევა იგი და თანა-ნადებიცა იგი მიუტევა მას. |
28 | მაგრამ წავიდა ეს მონა და ერთ თავის ამხანაგს შეხვდა, რომელსაც მისი ასი დინარი ემართა: ყელში სწვდა, დახრჩობა დაუპირა და შესძახა: ჩემი ვალი დამიბრუნეო. | 28 | და ვითარცა გამოვიდა მიერ მონაჲ იგი, პოვა ერთი მის თანა მონაჲ, რომელსა თანა-ედვა მისი ასი დრაჰკანი; შეიპყრა იგი და შეაშთობდა მას და ეტყოდა: მომეც, რაჲცა-იგი თანა-გაც. |
29 | ამხანაგი ფეხებში ჩაუვარდა და შეევედრა: ცოტაც მაცალე და მთელ ვალს გაგისტუმრებო. | 29 | შეუვრდა მას მოყუასი იგი მისი და ევედრებოდა მას და ეტყოდა: სულგრძელ იქმენ ჩემ ზედა, და ყოველივე მიგცე შენ. |
30 | მაგრამ მან ყური არ ათხოვა, არამედ წავიდა და, ვალის გადახდამდე, ციხეში ჩააგდებინა იგი. | 30 | ხოლო მან არა ისმინა მისი, არამედ წარვიდა და შეაგდო იგი საპყრობილესა, ვიდრემდე მისცეს მას თანა-ნადები იგი. |
31 | ეს რომ მისმა ამხანაგებმა დაინახეს, ძალიან შეწუხდნენ, წავიდნენ და მეფეს მოახსენეს ყველაფერი, რაც მოხდა. | 31 | ხოლო იხილეს რაჲ მის თანა მონათა მათ საქმე ესე, შეწუხნეს ფრიად; და მივიდეს და აუწყეს უფალსა მათსა ყოველივე იგი, რაჲცა იქმნა. |
32 | მაშინ მეფემ დაიბარა მონა და უთხრა: შე ბოროტო, მთელი ვალი გაპატიე, რაკიღა მთხოვე. | 32 | მაშინ მოუწოდა მას უფალმან მისმან და ჰრქუა მას: მონაო ბოროტო, ყოველივე თანანადები შენი მოგიტევე შენ, რამეთუ მევედრებოდე მე. |
33 | ნუთუ არა გმართებდა, ისევე შეგებრალებინა შენი ამხანაგი, როგორც მე შეგიბრალე შენ? | 33 | არა ჯერ-იყო შენდაცა, რაჲთამცა შეიწყალე შენ შენ თანა მონაჲ იგი, ვითარცა მე შენ შეგიწყალე? |
34 | განრისხდა მეფე და მტანჯველებს მისცა ხელში, ვიდრე არ გადაიხდიდა მთელ თავის ვალს. | 34 | და განურისხნა უფალი იგი მისი და მისცა იგი ჴელთა მტანჯველთასა, ვიდრემდის გარდაიჴადოს ყოველი იგი თანა-ნადები მისი. |
35 | ასევე მოგექცევათ ჩემი ზეციერი მამა, თუ მთელი გულით არ მიუტევებთ თქვენს ძმას მის შეცოდებებს. | 35 | ეგრეთცა მამამან ჩემმან ზეცათამან გიყოს თქუენ, უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცად-კაცადმან ძმასა თჳსსა ყოვლითა გულითა თქუენითა ცთომანი მათნი. |