ახალი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
როცა იესომ დაასრულა ეს სიტყვები, წამოვიდა გალილეიდან და მივიღა იუდეის მხარეში, იორდანეს გაღმა. |
1 | და იყო ვითარცა დაასრულნა იესუ სიტყუანი ესე, წარვიდა გალილეაჲთ და მივიდა საზღვართა ჰურიასტანისათა, წიაღ-იოდანესა. |
2 | თან მისდევდა დიდძალი ხალხი, და იქ განკურნა ისინი. | 2 | და მისდევდა მას ერი მრავალი, და განკურნნა იგინი მუნ. |
3 | მაშინ საცდუნებლად მიუახლოვდნენ ფარისევლები და უთხრეს: აქვს თუ არა ნება კაცს, ყოველგვარი მიზეზით გაუშვას ცოლი? | 3 | მაშინ მოუჴდეს მას ფარისეველნი, გამოსცდიდეს მას და ეტყოდეს: უკუეთუ ჯერ-არს კაცისა განტევებაჲ ცოლისა თჳსისაჲ ყოვლისათჳს ბრალისა? |
4 | ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაბამიდან კაცად და ქალად შექმნა ისინი? | 4 | ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: არა აღმოგიკითხავსა, რამეთუ რომელმან დაჰბადა დასაბამსა, მამაკაცად და დედაკაცად შექმნნა იგინი? |
5 | და თქვა: ამიტომ მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას, შეერთვის თავის ცოლს, და იქნებაან ორივენი ერთ ხორც. | 5 | და თქუა: ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა, და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც, |
6 | ასე რომ, ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთ ხორც. ამრიგად, ვინც ღმერთმა შეაუღლა, დაე, ნუ განაშორებს კაცი. | 6 | ვითარმედ არღარა არიან ორ, არამედ ერთ ჴორც. აწ უკუე რომელნი-იგი ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ განაშორებს. |
7 | კვლავ უთხრეს მას: მაშინ რატომღა გვამცნო მოსემ გაყრის წერილის მიცემა და ცოლთან გაყრა? | 7 | ხოლო მათ ჰრქუეს მას: რაჲსათჳს უკუე მოსე ამცნო წიგნი განტევებისაჲ მიცემად და განტევებად? |
8 | მიუგო მათ: მოსემ თქვენი გულქვაობის გამო მოგცათ ცოლებთან გაყრის ნება, თავიდან კი არ იყო ასე. | 8 | მიუგო იესუ და ჰრქუა მათ, რამეთუ: მოსე გულ-ფიცხელობისა თქუენისათჳს გიბრძანა განტევებაჲ ცოლთა თქუენთაჲ, ხოლო დასაბამსა არა ეგრე იყო. |
9 | ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ვინც გაეყრება თავის ცოლს, სიძვის მიზეზის გარეშე, და სხვას შეირთავს, მრუშობს; და ვინც განაშვებს შეირთავს, აგრეთვე მრუშობს. | 9 | ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ: რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი თჳნიერ სიძვისა და სხუაჲ შეირთოს, იმრუშებს; და რომელმან განტევებული შეირთოს, იგიცა იმრუშებს. |
10 | უთხრეს მას მოწაფეებმა: თუ კაცს ამდენი რამ მართებს ცოლის მიმართ, უმჯობესია სულაც არ შეირთოს. | 10 | ჰრქუეს მას მოწაფეთა მისთა: უკუეთუ ესოდენი ბრალი არს კაცისაჲ დედაკაცისა თანა, არა შეჰგავს ქორწინებაჲ. |
11 | ხოლო იესომ პასუხად თქვა: ყველას როდი შეუძლია ამ სიტყვის წვდომა, არამედ მხოლოდ იმათ, ვისაც მიეცა. | 11 | ჰრქუა მათ იესუ: არა ყოველთა დაიტიონ სიტყუაჲ ეგე, არამედ რომელთადა მიცემულ არს. |
12 | ვინაიდან არიან საჭურისნი, რომელნიც დედის საშოდანვე ასე იშვნენ; არიან საჭურისნი, რომელნიც კაცთაგან დასაჭურისდნენ; და არიან საჭურისნი, რომელთაც თავად დაისაჭურისეს თავი ცათა სასუფევლის გულისთვის. ვისაც წვდომის თავი აქვს, ჩასწვდეს. | 12 | რამეთუ არიან საჭურისნი, რომელნი მუცლითგან დედისა თჳსისაჲთ საჭურისნი იშვნეს; და არიან საჭურისნი, რომელნი კაცთაგან გამოისაჭურისნეს; და არიან საჭურისნი, რომელთა გამოისაჭურისნეს თავნი თჳსნი სასუფეველისათჳს ცათაჲსა. რომელი შემძლებელ არს დატევნად, დაიტიენ. |
13 | მაშინ მიჰგვარეს მას ბავშვები, რათა ხელი დაედო და დაელოცა ისინი, მოწაფეები კი უშლიდნენ მათ. | 13 |
მაშინ მოჰგუარეს მას ყრმები, რაჲთამცა ჴელი დასდვა მათ ზედა და აკურთხნა იგინი, ხოლო მოწაფენი ჰრისხჳდეს მათ. |
14 | ხოლო იესომ თქვა: აცადეთ ბავშვებს და ნუ უშლით ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მაგისთანებისაა ცათა სასუფეველი. | 14 | ხოლო იესუ ჰრქუა მათ: აცადეთ ყრმებსა მაგას მოსლვად ჩემდა და ნუ აყენებთ მაგათ, რამეთუ ეგევითართაჲ არს სასუფეველი ცათაჲ. |
15 | დაადო ხელი და წავიდა იქიდან. | 15 | და დაასხნა მათ ზედა ჴელნი. და ვითარცა წარვიდა მიერ. |
16 |
და, აჰა, ვიღაც მიუახლოვდა და უთხრა: კეთილო მოძღვარო, რა სიკეთე ვქნა, რომ საუკუნო სიცოცხლე მქონდეს? |
16 | აჰა მო-ვინმე-უჴდა მას და ჰრქუა: მოძღვარო სახიერო, რაჲ კეთილი ვქმნე, რაჲთა მაქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ? |
17 | ხოლო მან მიუგო: რად მეკითხები სიკეთის გამო? არავინაა კეთილი, გარდა ერთის - ღმერთისა, ხოლო თუ გსურს შეხვიდე სიცოცხლეში, დაიცავი მცნებანი. | 17 | ხოლო იესუ ჰრქუა მას: რაჲსა მეტყჳ მე სახიერით? არავინ არს სახიერი, გარნა მხოლოჲ ღმერთი. ხოლო უკუეთუ გნებავს ცხორებასა შესლვაჲ, დაიმარხენ მცნებანი. |
18 | უთხრა მას: რომელნი? ხოლო იესომ მიუგო მას: არა კაც-ჰკლა; არა იმრუშო; არა იპარო; არა ცილი სწამო; | 18 | ჰრქუა მას: რომელნი? ხოლო იესუ ჰრქუა მას, ვითარმედ: არა კაც-ჰკლა, არა იპარო, არა იმრუშო, არა ცილი სწამო; |
19 | პატივი ეცი მამას შენსას და დედას; და შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი. | 19 | პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა და შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი. |
20 | უთხრა მას ჭაბუკმა: ეს ყოველივე დამიცავს ჩემი სიყრმიდან; რაღა მაკლია კიდევ? | 20 | ჰრქუა მას ჭაბუკმან მან: ესე ყოველი დამიმარხავს სიყრმით ჩემითგან. რაჲღა მაკლს მე? |
21 | იესომ მიუგო მას: თუ გინდა, რომ სრულქმნილი იყო, წადი, გაყიდე, რაც გაბადია, მიეცი გლახაკთ, და გექნება საუნჯე ცაში; მერე მოდი და გამომყევ მე. | 21 | ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ გნებავს, რაჲთა სრულ იყო, წარვედ და განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა და მოვედ და შემომიდეგ მე. |
22 | ეს სიტყვა რომ მოისმინა, ჭაბუკი დაღონებული წავიდა, რადგანაც ძალიან მდიდარი იყო. | 22 | და ვითარცა ესმა სიტყუაჲ ესე ჭაბუკსა მას, წარვიდა მწუხარე, რამეთუ იყო იგი მდიდარ ფრიად. |
23 | ხოლო იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მდიდარი ძნელად თუ შევა ცათა სასუფეველში. | 23 | ხოლო იესუ ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მდიდარი ძნიად შევიდეს სასუფეველსა ცათასა. |
24 | ამასაც გეუბნებით თქვენ: აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში. | 24 | და მერმე გეტყჳ თქუენ: უადვილეს არს აქლემი განსლვად ჴურელსა ნემისისა, ვიდრე მდიდარი შესლვად სასუფეველსა ცათასა. |
25 | ეს რომ მოისმინეს, მოწაფეები ძალზე განცვიფრდნენ და თქვეს: კი მაგრამ, ვინღა ცხონდება. | 25 | ვითარცა ესმა ესე მოწაფეთა მისთა, განუკჳრდებოდა ფრიად და იტყოდეს: და ვის-მე ჴელ-ეწიფების ცხოვნებად? |
26 | შეხედა იესომ და უთხრა მათ: ეს შეუძლებელია კაცთათვის, ღმერთისთვის კი ყველაფერი შესაძლებელია. | 26 | მიჰხედა იესუ და ჰრქუა მათ: კაცთაგან შეუძლებელ არს ესე, ხოლო ღმრთისა მიერ ყოველივე შესაძლებელ არს. |
27 | მაშინ პეტრემ მიუგო და უთხრა მას: აი, ჩვენ მივატოვეთ ყველაფერი და გამოგყევით; რა გვექნება ჩვენ? | 27 | მაშინ მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: აჰა ესერა ჩუენ ყოველი დაუტევეთ და შეგიდეგით შენ; რაჲ-მე იყოს ჩუენდა? |
28 | ხოლო იესომ მიუგო მათ: ჭეშმარიგად გეუბნებით, რომ ვინც მე გამომყევით, მეორედ შობისას, როცა ძე კაცისა დაჯდება თავისი დიდების ტახტზე, - ერთად დასხდებით თორმეტ ტახტზე ისრაელის თორმეტი ტომის განსჯად. | 28 | ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ თქუენ, რომელნი-ეგე შემომიდეგით მე, მერმესა მას შობასა, რაჟამს დაჯდეს ძე კაცისაჲ საყდართა დიდებისა თჳსისათა, დასხდეთ თქუენცა ათორმეტთა საყდართა განსჯად ათორმეტთა ტომთა ისრაჱლისათა. |
29 | და ყველა, ვინც მიატოვებს თავის სახლს, ან თავის და-ძმას, თავის ცოლ-შვილს თუ დედ-მამას, ანდა თავის ადგილ-მამულს ჩემი სახელის გულისთვის, ასმაგად მიიღებს საზღაურს და საუკუნო სიცოცსლეს დაიმკვიდრებს. | 29 | და ყოველმან, რომელმან დაუტევა სახლი გინა ძმანი ანუ დანი ანუ მამაჲ ანუ დედაჲ ანუ ცოლი ანუ შვილნი ანუ აგარაკნი სახელისა ჩემისათჳს, ას წილად მიიღოს და ცხორებაჲ საუკნოჲ დაიმკჳდროს. |
30 | მაგრამ მრავალი პირველი იქნება უკანასკნელი, და უკანასკნელი - პირველი. | 30 | ხოლო მრავალნი იყვნენ პირველნი უკანა, და უკუანანი წინა. |