ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მათეს სახარება

თავი ოცდამეერთე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

როცა მიუახლოვდნენ იერუსალიმს, და მიადგნენ ბეთბაგეში ზეთისხილის მთას, გაგზავნა იესომ ორი მოწაფე.

1 და ვითარცა მიეახლნეს იერუსალჱმდ და მოვიდეს ბეთბაგედ და ბეთანიად, მთასა მას ზეთისხილთასა, მაშინ წარავლინნა იესუ ორნი მოწაფეთა მისთაგანნი
2 და უთხრა მათ: წადით სოფელში, რომელიც თქვენს პირდაპირაა, და ხელად იპოვით დაბმულ ვირსა და მის ჩოჩორს: ახსენით და მომიყვანეთ. 2 და ჰრქუა მათ: წარვედით დაბასა მაგას, რომელ არს წინაშე თქუენსა, და მეყსეულად ჰპოოთ ვირი დაბმული და კიცჳ მის თანა; აჰჴსენით და მომგუარეთ მე იგი.
3 ხოლო თუ ვინმე რაიმეს გეტყვით, უთხარით, უფალს სჭირდება-თქო, და მაშინვე გამოგატანთ. 3 და უკუეთუ ვინმე გრქუას რაჲმე თქუენ, არქუთ, ვითარმედ: უფალსა უჴმან ეგე, და მეყსეულად მოავლინნეს იგინი.
4 ყოველივე ეს იქმნა, რათა აღსრულდეს წინასწარმეტყველის მიერ თქმული, რომელიც ამბობს: 4 ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი წინაწარმეტყუელისაჲ, რომელ თქუა:
5 უთხარით სიონის ასულს: აჰა, გიახლოვდება შენი მშვიდი მეუფე, ვირსა და ჩოჩორზე, სახედრის ნაშიერზე, მჯდარი. 5 არქუთ ასულსა სიონისასა: აჰა ესერა მეუფე შენი მოვალს შენდა მშჳდი და ზე ზის იგი ვირსა და კიცუსა, ნაშობსა კარაულისასა.
6 მოწაფეები წავიდნენ და ისე მოიქცნენ, როგორც უბრძანა მათ იესომ. 6 ხოლო მოწაფენი იგი წარვიდეს და ყვეს ეგრეთ, ვითარცა უბრძანა მათ იესუ.
7 მოჰგვარეს ვირი და ჩოჩორი, ზედ დაუფინეს თავიანთი სამოსი, და შეჯდა მათზე. 7 და მოჰგუარეს ვირი იგი და კიცჳ მის თანა და დაასხეს მას ზედა სამოსელი, და დაჯდა მას ზედა.
8 დიდძალი ხალხი თავის სამოსელს უფენდა გზაზე: სხვები კი ხის ტოტებს ჭრიდნენ და გზაზე უფენდნენ. 8 ხოლო უმრავლესი იგი ერი დაუფენდა სამოსელსა მათსა გზასა ზედა, და სხუანი მოჰკაფდეს რტოებსა ხეთაგან და დაუფენდეს გზასა ზედა.
9 ხოლო ხალხი, წინ რომ უძღოდა და უკანაც მისდევდა მას, ღაღადებდა და ამბობდა: ოსანა დავითის ძეს! კურთხეულია მომავალი უფლის სახელით! ოსანა მაღალთა შინა! 9 და ერი იგი, რომელი წინა-უვიდოდა და რომელი უკანა შეუდგა, ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანა ძესა დავითისსა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! გუაცხოვნენ ჩუენ, რომელი ხარ მაღალთა შინა!
10 როცა შევიდა იერუსალიმში, მთელი ქალაქი შეიძრა, და ამბობდნენ: ვინ არის ეს? 10 და ვითარცა შევიდა იგი იერუსალჱმდ, შეიძრა ქალაქი იგი ყოველი და იტყოდეს: ვინ არს ესე?
11 ხალხი კი ამბობდა: ეს არის იესო, წინასწარმეტყველი, გალილეის ნაზარეთიდან. 11 ხოლო ერი იგი ეტყოდა: ესე არს წინაწარმეტყუელი იესუ ნაზარეთით გალილეაჲსაჲთ.
12 შევიდა იესო ტაძარში, და გამოყარა ტაძრიდან ყველა მყიდველი და გამყიდველი, ააყირავა მეკერმეთა ტაბლები და მტრედებით მოვაჭრეთა მერხები. 12 და შევიდა იესუ ტაძარსა მას ღმრთისასა და გამოასხა ყოველი იგი განმსყიდელი და ყოველი, რომელი იყიდდა ტაძარსა მას შინა, და ტაბლები იგი მეკერმეთაჲ მათ დაამჴუა და დასასხდომლები იგი ტრედის-მოფარდულთაჲ მათ დაუქცია.
13

და უთხრა მათ: დაწერილია: ჩემი სახლი სალოცავ სახლად იწოდება; თქვენ კი ყაჩაღთა ბუნაგად გიქცევიათ იგი.

13 და ჰრქუა მათ: წერილ არს: სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს, ხოლო თქუენ გიყოფიეს იგი ქუაბ ავაზაკთა.
14 მიეახლნენ მას ტაძარში ბრმანი და კოჭლნი, და განკურნა ისინი. 14 და მოუჴდეს მას ბრმანი და მკელობელნი ტაძარსა მას შინა, და განკურნნა იგინი.
15 როდესაც იხილეს მღვდელმთავრებმა და მწიგნობრებმა მის მიერ ქმნილი სასწაულნი და ტაძარში მოყიჟინე ბალღები, რომლებიც ამბობდნენ: ოსანა დავითის ძეს! - განრისხდნენ. 15 და ვითარცა იხილეს მღდელთ-მოძღუართა მათ და მწიგნობართა, რომელ-იგი ქმნნა სასწაულნი, და ყრმები იგი, რომელ ღაღადებდეს ტაძარსა მას შინა და იტყოდეს: ოსანა ძესა დავითისსა,
16 და უთხრეს მას: გესმის, რას ამბობენ ისინი? ხოლო იესომ მიუგო მათ: დიახ! არასოდეს წაგიკითხავთ: ჩვილთა და მეძუძურთა პირით დაიმკვიდრე დიდება? 16 განრისხნეს და ჰრქუეს მას: გესმისა, რასა-ესე იტყჳან? ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ჰე; არასადა აღმოგიკითხავსა, ვითარმედ: პირითა ყრმათა ჩჩჳლთა მწოვართაჲთა დაამტკიცე ქებაჲ?
17 მიატოვა ისინი, ქალაქიდან გაემართა ბეთანიას და იქ გაათია ღამე. 17 დაუტევნა იგინი და განვიდა გარე ქალაქით ბეთანიად და იქცეოდა მუნ.
18 ხოლო დილით ქალაქისკენ მომავალს მოშივდა; 18 და განთიად, მო-რაჲ-ვიდოდა ქალაქად, შეემშია.
19 დაინახა გზის პირას ერთი ლეღვის ხე, და რაკი ზედ ფოთლების მეტი ვერაფერი ნახა, უთხრა მას: აღარასოდეს გამოგეღოს ნაყოფი უკუნისამდე. და მაშინვე გახმა ლეღვის ხე. 19 და იხილა ლეღჳ ერთი გზასა ზედა და მოვიდა მისა და არარაჲ პოვა მას შინა, გარნა ფურცელი ხოლო. და ჰრქუა მას: ნუღარა იყოფინ ნაყოფი შენგან საუკუნოდ! და განჴმა ლეღჳ იგი მეყსეულად.
20 ეს რომ იხილეს, გაუკვირდათ მოწაფეებს და თქვეს: რა უცებ გახმა ლეღვის ხე? 20 ვითარცა იხილეს მოწაფეთა მათ, დაუკჳრდა და იტყოდეს: ვითარ მეყსეულად განჴმა ლეღჳ იგი!
21 ხოლო იესომ პასუხად უთხრა მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ გექნებათ რწმენა და არ შეეჭვდებით, არა მარტო იმის ქმნას შესძლებთ, რაც დაემართა ლეღვის ხეს, არამედ თუნდაც ამ მთას უბრძანებთ: აღმოიფხვერი მანდედან და ზღვაში ჩავარდიო, და მოხდება აგრე. 21 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ და არა შეორგულდეთ, არა ხოლო ლეღჳსაჲ ამის ჰყოთ, არამედ ჰრქუათ-თუ მთასა ამას: აღიფხუერ ამიერ და შთავარდი ზღუასა! – იყოს ეგრე.
22 და ყველაფერი, რასაც ლოცვაში ითხოვთ რწმენით, მოგეცემათ. 22 და ყოველსა რაოდენსა ითხოვდეთ ლოცვასა შინა სარწმუნოებით, გეყოდ თქუენ.
23 როცა ტაძარში შევიდა საქადაგებლად, მიადგნენ მას მღვდელმთავარნი და ხალხის უხუცესნი და უთხრეს: რომელი ძალით იქმ ამას? ან ვინ მოგცა ეს ძალა? 23 და მო-რაჲ-ვიდა იგი ტაძრად, მოუჴდეს მას მღდელთ-მოძღუარნი იგი და მოხუცებულნი ერისანი, ვითარ-იგი ასწავებდა ერსა, და ჰრქუეს მას: რომლითა ჴელმწიფებითა ამას იქმ, და ვინ მოგცა შენ ჴელმწიფებაჲ ესე?
24 იესომ პასუხად მიუგო მათ: მეც ერთ რამეს გკითხავთ, და თუ მიპასუხებთ, გეტყვით, რომელი ძალით ვიქმ ამას: 24 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: გკითხო მეცა თქუენ სიტყუაჲ ერთი, რომელი უკუეთუ მითხრათ მე, მეცა გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ვიქმ ამას.
25

ნათლისცემა იოანესი საიდან იყო: ზეციდან თუ კაცთაგან? ხოლო ისინი ერთმანეთში ბჭობდნენ: თუ ვეტყვით: ზეციდანო, ის გვეტყვის: მაშინ რატომ არ ერწმუნეთ მას?

25 ნათლის-ცემაჲ იოვანესი ვინაჲ იყო: ზეცით ანუ კაცთაგან? ხოლო იგინი განიზრახვიდეს თჳსაგან და იტყოდეს: უკუეთუ ვთქუათ: ზეცით იყო, გურქუას ჩუენ: რაჲსათჳს უკუე არა გრწმენა მისი?
26 ხოლო თუ ვეტყვით: კაცთაგანო, - ხალხისა გვეშინია, ვინაიდან ყველას წინასწარმეტყველად მიაჩნია იოანე. 26 და უკუეთუ ვთქუათ: კაცთაგან, გუეშინის ერისა ამის, რამეთუ ყოველთავე ვითარცა წინაწარმეტყუელი უპყრიეს იოვანე.
27 და პასუხად უთხრეს იესოს, არ ვიცითო, და მანაც მიუგო: მაშინ არც მე გეტყვით, რომელი ძალით ვიქმ ამას. 27 და მიუგეს იესუს და ჰრქუეს: არა უწყით. ჰრქუა მათ მანცა: არცა მე გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ვიქმ ამას.
28 ამაზე რაღას იტყვით? ერთ კაცს ორი ძე ჰყავდა: მივიდა ერთთან და უთხრა: შვილო, წადი დღეს სამუშაოდ ჩემს ვენახში. 28 აწ ვითარ ჰგონებთ თქუენ? კაცსა ვისმე ესხნეს ორ ძე; მოვიდა პირველისა მის და ჰრქუა: შვილო, წარვედ დღეს და იქმოდე ვენაჴსა ჩემსა.
29 ხოლო მან მიუგო: არ მინდა; ბოლოს კი ინანა და წავიდა. 29 ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: არა მნებავს. ხოლო უკუანაჲსკნელ შეინანა და წარვიდა.
30 მივიდა მეორესთან და იგივე უთხრა. ხოლო მან მიუგო: წავალ, ბატონო, და არ წავიდა. 30 და მოუჴდა მეორესა მას და ჰრქუა ეგრეთვე. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: წარვიდე, უფალო; და არა წარვიდა.
31 ამ ორთაგან რომელმა შეასრულა მამის ნება? მიუგეს: პირველმა. უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მებაჟენი და მეძავნი თქვენზე წინ შევლენ ღმრთის სასუფეველში. 31 ვინ ორთა ამათგანმან ყო ნებაჲ მამისა თჳსისაჲ? ჰრქუეს მას: პირველმან მან. ჰრქუა მათ იესუ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მეზუერენი და მეძავნი წინა-გიძღოდიან თქუენ სასუფეველსა ღმრთისასა.
32 ვინაიდან მოვიდა თქვენთან იოანე სიმართლის გზით და არ ირწმუნეთ მისი, ხოლო მებაჟენი და მეძავნი ერწმუნენ მას; თქვენ კი იხილეთ, და მაინც არ მოინანიეთ, რათა გერწმუნათ მისი. 32 რამეთუ მოვიდა თქუენდა იოვანე გზითა სიმართლისაჲთა, და არა გრწმენა მისი, ხოლო მეზუერეთა და მეძავთა ჰრწმენა მისი; ხოლო თქუენ იხილეთ და არა შეინანეთ უკუანაჲსკნელ, რაჲთამცა გრწმენა მისი.
33 სხვა აგავიც მოისმინეთ: იყო ერთი სახლის პატრონი, რომელმაც ჩაყარა ვაზი, ღობე შემოავლო, შიგ საწნანელი ამოკვეთა, ააგო კოშკი და იჯარით მისცა მევენახეებს, თვითონ კი წავიდა. 33 სხუაჲ იგავი ისმინეთ: კაცი ვინმე იყო სახლისა უფალი, რომელმან დაასხა ვენაჴი და ზღუდე გარე-მოსდვა მას და ქმნა მას შინა საწნეხელი და აღაშენა გოდოლი და მისცა იგი მოქმედთა საქმედ და წარვიდა.
34 და როცა რთვლობამ მოაწია, გაგზავნა თავისი მონები მევენახეებთან, რათა მოსავალი ჩაებარებინათ მათგან. 34 და რაჟამს მოიწია ჟამი ნაყოფთაჲ, მოავლინნა მონანი მისნი მოქმედთა მათ მოღებად ნაყოფისა მისისა.
35 ხოლო მევენახეებმა დაიჭირეს მისი მონები, ზოგი სცემეს, ზოგი დახოცეს, ზოგიც კიდევ ქვებით ჩაქოლეს. 35 და შეიპყრნეს მოქმედთა მათ მონანი იგი მისნი, რომელთამე სცეს, რომელნიმე მოსწყჳდეს და რომელთამე ქვაჲ დაჰკრიბეს.
36 ახლა სხვა მონები გაგზავნა, უწინდელზე მეტნი, და მათაც იგივე დამართეს. 36 კუალად წარავლინნა სხუანი მონანი, უმრავლესნი პირველთასა, და მათცა ეგრეთვე უყვეს.
37

ბოლოს თავისი ძე გაგზავნა და თქვა: ჩემი ძის მაინც მოერიდებათო.

37 ხოლო უკუანაჲსკნელ მიუვლინა მათ ძე თჳსი და თქუა: შე-ხოლო თუ-იკდიმონ ძისაგან ჩემისა.
38 მაგრამ მევენახეებმა მისი ძე რომ დაინახეს, ერთმანეთს უთხრეს: აგერ მემკვიდრე; მოდით, მოვკლათ და მისი სამკვიდრო დავისაკუთროთ. 38 ხოლო ქუეყანის მოქმედთა მათ ვითარცა იხილეს ძე იგი მისი, და თქუეს გულსა მათსა: ესე არს მკჳდრი, მოვედით და მოვკლათ იგი და დავიპყრათ სამკჳდრებელი მისი.
39 შეიპყრეს იგი, ვენახიდან გაიყვანეს და მოკლეს. 39 და შეიპყრეს იგი და განიყვანეს გარეშე სავენახისა მის და მოკლეს.
40 მერედა, როცა მოვა ვენახის პატრონი, რას უზამს ამ მევენახეებს? 40 რაჟამს უკუე მოვიდეს უფალი სავენაჴისაჲ მის, რაჲ-მე უყოს ქუეყანის-მოქმედთა მათ?
41 უთხრეს მას: ბოროტთ ბოროტად მოაკვდინებს, ხოლო ვენახს სხვა მევენახეებს მისცემს, რომლებიც დროულად ჩააბარებენ მოსავალს. 41 ჰრქუეს მას: ბოროტნი იგი ბოროტად წარწყმიდნეს და ვენაჴი იგი მისცეს სხუათა ქუეყანის-მოქმედთა, რომელთა მოსცენ მას ნაყოფი ჟამსა თჳსსა.
42 უთხრა მათ იესომ: ნუთუ არასოდეს ამოგიკითხავთ წერილში: ქვა, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, კუთხის თავად დაიდვა? უფლის მიერ იქნა ეს, და საოცრებად უჩანს ჩვენს თვალს. 42 ჰრქუა მათ იესუ არასადა აღმოგიკითხავსა წიგნთა შინა: ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა. უფლისა მიერ იყო ესე და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
43 ამიტომაც გეუბნებით თქვენ: წაგერთმევათ ღმრთის სასუფეველი, და მიეცემა ხალხს, რომელიც გამოიღებს მის ნაყოფს. 43 ამისთჳს გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: მიგეღოს თქუენგან სასუფეველი ღმრთისაჲ და მიეცეს ნათესავსა, რომელნი ჰყოფდენ ნაყოფსა მისსა.
44 ვინც ამ ქვაზე დაეცემა, დაიმტვრევა, ხოლო ვისაც იდაეცემა, გასრესს. 44 და რომელი დაეცეს ლოდსა მას ზედა, შეიმუსროს; და რომელსა ზედა დაეცეს, განანქრიოს იგი.
45 როცა მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა მოისმინეს მისი იგავნი, მიხვდნენ, რომ მათზე ამბობდა ამას. 45 და ესმნეს რაჲ მღდელთ-მოძღუართა მათ და ფარისეველთა იგავნი ესე მისნი, ცნეს, რამეთუ მათთჳს თქუნა.
46 და უნდოდათ მისი შეპყრობა, მაგრამ ხალხისა შეეშინდათ, ვინაიდან წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი. 46 და ეძიებდეს მას შეპყრობად და ეშინოდა მისგან, რამეთუ ვითარცა წინაწარმეტყუელი აქუნდა მათ იგი.