ახალი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
მაშინ მიემსგავსება ცათა სასუფეველი ათ ქალწულს, რომლებმაც აიღეს თავიანთი ლამპრები და გადავიდნენ სიძის შესაგებებლად. |
1 | მაშინ ემსგავსოს სასუფეველი ცათაჲ ათთა ქალწულთა, რომელთა აღიხუნეს ლამპარნი თჳსნი და განვიდეს მიგებებად სიძისა. |
2 | ხოლო ხუთი მათგანი გონიერი იყო, ხუთი კი - უგუნური. | 2 | ხოლო ხუთნი მათგანნი იყვნეს ბრძენნი და ხუთნი – სულელნი. |
3 | უგუნურებმა აიღეს თავიანთი ლამპრები, მაგრამ თან არ წაიღეს ზეთი. | 3 | მიიხუნეს სულელთა მათ ლამპარნი მათნი და არა მიიღეს მათ თანა ზეთი. |
4 | გონიერებმა კი თავიანთ ლამპრებთან ერთად თან წაიღეს ზეთიც თავიანთი ჭურჭლებით. | 4 | ხოლო ბრძენთა მათ მიიღეს მათ თანა ზეთი ჭურჭელთა მათთა ლამპართა მათთა თანა. |
5 | და რაკი სიძემ დაიგვიანა, ყველას რული მოერია და ჩაეძინა. | 5 | და დაყოვნებასა მას სიძისასა მიერულა ყოველთა და დაიძინეს. |
6 | მაგრამ შუაღამისას გაისმა ძახილი: აჰა, მოდის სიძე, გამოდით, გამოეგებეთო. | 6 | ხოლო შუვა-ღამეს ოდენ ღაღადებაჲ იყო, ვითარმედ: აჰა ესერა სიძე მოვალს, გამოვედით მიგებებად მისა. |
7 | მაშინ ადგა ყველა ქალწული და გამართეს თავიანთი ლამპრები. | 7 | მაშინ აღდგეს ყოველნი იგი ქალწულნი და აღიგნეს ლამპარნი მათნი. |
8 | და უგუნურებმა უთხრეს გონიერთ: გვიწილადეთ თქვენი ზეთი, ვინაიდან ჩვენი ლამპრები ქრება. | 8 | ხოლო სულელნი იგი ეტყოდეს ბრძენთა მათ: მეცით ჩუენ ზეთისაგან თქუენისა, რამეთუ ლამპარნი ჩუენნი დაშრტებიან. |
9 | გონიერებმა კი მიუგეს: რომ არ შემოგვაკლდეს ჩვენცა და თქვენც, გიჯობთ წახვიდეთ ვაჭრებთან და იყიდოთ თქვენთვის. | 9 | მიუგეს ბრძენთა მათ და ჰრქუეს: ნუუკუე ვერ კმა-გუეყოს ჩუენ და თქუენ, არამედ უფროჲსღა წარვედით სავაჭროდ და იყიდეთ თავისა თქუენისა. |
10 | როცა საყიდლად წავიდნენ, მოვიდა სიძე; მზადმყოფნი მასთან ერთად შევიდნენ ქორწილში და დაიხშო კარი. | 10 | და ვითარცა წარვიდეს იგინი სყიდად, მოვიდა სიძე იგი, და განმზადებულნი იგი შევიდეს სიძისა თანა ქორწილსა მას, და დაეჴშა კარი. |
11 | შემდეგ მოვიდნენ დანარჩენი ქალწულნიც და სთხოვეს: უფალო, უფალო, გაგვიღე ჩვენ. | 11 | შემდგომად მათსა მოვიდეს სხუანიცა იგი ქალწულნი და იტყოდეს: უფალო, უფალო, განგჳღე ჩუენ! |
12 |
ხოლო მან პასუხად მიუგო: ჭეშმარიტად გეუბნებით: არ გიცნობთ თქვენ. |
12 | ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: არა გიცნი თქუენ. |
13 | მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არც დღე იცით და არც საათი, როდის მოვა ძე კაცისა. | 13 | იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცით დღე იგი, არცა ჟამი, რომელსა შინა ძე კაცისაჲ მოვიდეს. |
14 | რადგანაც იმ კაცივით მოიქცევა, რომელმაც გამგზავრებისას უხმო თავის მონებს და მთელი თავისი ავლადიდება ჩააბარა. | 14 | ვითარცა-იგი რაჟამს წარვალნ კაცი და მოუწესის მონათა თჳსთა და მისცის მათ მონაგები თჳსი; |
15 | ერთს ხუთი ტალანტი მისცა, მეორეს - ორი, მესამეს - ერთი, თვითეულს - მისი უნარის მიხედვით, და გაემგზავრა. | 15 | და რომელსამე მისცა ხუთი ქანქარი და რომელსამე ორი ქანქარი და რომელსამე ერთი, კაცად-კაცადსა მსგავსად ძალისა თჳსისა, და მეყსეულად წარვიდა. |
16 | ხუთი ტალანტის მიმღები წავიდა, ივაჭრა და ხუთი სხვა ტალანტიც მოიგო. | 16 | ხოლო წარვიდა, რომელმან-იგი ხუთი ქანქარი მიიღო, აქმნია მას ზედა და შესძინა სხუაჲღა ხუთი ტალანტი. |
17 | ასევე ორი ტალანტის მიმღებმა მოიგო ორი სხვაც. | 17 | ეგრეთვე, რომელმან-იგი ორი მიიღო, შესძინა სხუაჲ ორი. |
18 | ხოლო ერთი ტალანტის მიმღები წავიდა, მიწაში დაფლა და დამალა თავისი პატრონის ვერცხლი. | 18 | ხოლო რომელმან-იგი ერთი მიიღო, წარვიდა და მოთხარა და დაჰფლა ქუეყანასა ვეცხლი იგი უფლისა თჳსისაჲ. |
19 | დიდი ხნის შემდეგ დაბრუნდა იმ მონების პატრონი და ანგარიში მოსთხოვა მათ. | 19 | შემდგომად მრავლისა ჟამისა მოვიდა უფალი იგი მათ მონათაჲ და სიტყუაჲ ყო მონათა მათ თანა. |
20 | ეახლა ხუთი ტალანტის მიმღები, ხუთი სხვა ტალანტიც მიართვა და უთხრა: ბატონო, შენ მომეცი ხუთი ტალანტი და, აჰა, მათი წყალობით, ხუთი სხვა ტალანტიც მოვიგე. | 20 | და წამოდგა, რომელმან-იგი ხუთი ქანქარი მიიღო, და მოართუა მას სხუაჲღა ხუთი ქანქარი და ჰრქუა: უფალო, ხუთი ქანქარი მომეც მე, აჰა ესერა სხუაჲღა ხუთი ქანქარი შევსძინე. |
21 | ხოლო პატრონმა მიუგო მას: კეთილი, სანდო და კეთილო მონავ! რაკიღა მცირედში სანდო იყავ, დიდს განდობ შენ: შემოდი შენი პატრონის სიხარულში. | 21 | ჰრქუა მას უფალმან მისმან: კეთილ, მონაო სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა. |
22 | ეახლა ორი ტალანტის მიმღებიც და უთხრა: ბატონო, შენ მომეცი ორი ტალანტი და აჰა, მათი წყალობით, ორი სხვა ტალანტიც მოვიგე. | 22 | მოვიდა იგიცა, რომელსა ორი ქანქარი მიეღო, და ჰრქუა: უფალო, ორი ქანქარი მომეც მე, აჰა სხუაჲ ორი ტალანტი შევსძინე. |
23 |
ხოლო პატრონმა მიუგო მას: კეთილი, სანდო და კეთილო მონავ! რაკი მცირედში სანდო იყავ, დიდს განდობ შენ: შემოდი შენი პატრონის სიხარულში. |
23 | ჰრქუა მას უფალმან მისმან: კეთილ, მონაო სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა. |
24 | ეახლა ერთი ტალანტის მიმღებიც და უთხრა: ბატონო, ვიცოდი, რომ სასტიკი კაცი ხარ; მოიმკი, სადაც არ დაგითესავს, და კრებ, სადაც არ დაგიბნევია. | 24 | მოვიდა იგიცა, რომელსა ერთი ქანქარი მიეღო, და ჰრქუა: უფალო, უწყოდე, რამეთუ ფიცხელი კაცი ხარ შენ: მოიმკი, სადა არა დასთესი, და შეიკრიბი, სადა არა განგიბნევიედ. |
25 | ჰოდა, შემეშინდა, წავედი და მიწაში დავფალი შენი ტალანტი; აჰა, შენი შენავე გქონდეს. | 25 | და შემეშინა, წარვედ და დავმალე ქანქარი იგი შენი ქუეყანასა. აჰა ესერა შენი შენ თანა არს. |
26 | ხოლო პატრონმა მიუგო და უთხრა მას: უკეთურო და მცონარა მონავ! იცოდი, რომ მოვიმკი, სადაც არ დამითესავს, და ვკრებ, სადაც არ დამიბნევია. | 26 | მიუგო უფალმან მისმან და ჰრქუა მას: ბოროტო მონაო და მედგარო! უწყოდე, რამეთუ მოვიმკი, სადა არა დავსთესი, და შევიკრიბი, სადა არა განმიბნევიედ. |
27 | ამიტომაც გმართებდა ვაჭრებისათვის მიგეცა ჩემი ვერცხლი, რათა დაბრუნებულს მიმეღო ჩემი სესხი მონაგებითურთ. | 27 | ჯერ-იყო შენდა დადებად ვეცხლი ჩემი სავაჭროსა, და მომცა-ვედ და მოვიღე ჩემი იგი აღნადგინებითურთ. |
28 | მაშ, წაართვით მაგას ტალანტი, და მიეცით ათი ტალანტის მქონეს. | 28 | მოუღეთ მაგას ქანქარი ეგე და მიეცით მას, რომელსა აქუს ათი ქანქარი. |
29 | რადგან ყველა მქონეს მიეცემა და მიემატება, ხოლო არმქონეს წაერთმევა ისიც, რაცა აქვს. | 29 | რამეთუ ყოველსა, რომელსა აქუნდეს, მიეცეს და მიემატოს; და რომელსა არა აქუნდეს და რომელღა-იგი აქუნდეს, მო-ვე-ეღოს მისგან. და ამას რაჲ იტყოდა, ჴმა-ყო: რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ! |
30 | ხოლო ეგ ურგები მონა გააგდეთ გარესკნელის ბნელში. და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი. | 30 | და უჴმარი ეგე მონაჲ განჴადეთ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ. |
31 | და როდესაც მოვა ძე კაცისა თავისი დიდებით და ყველა წმიდა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება იგი თავისი დიდების ტახტზე. | 31 | ხოლო რაჟამს მოვიდეს ძე კაცისაჲ დიდებითა თჳსითა, და ყოველნი ანგელოზნი მისნი მის თანა, მაშინ დაჯდეს საყდართა დიდებისა თჳსისათა; |
32 | შეიყრება მის წინაშე ყველა ხალხი და გაარჩევს მათ ერთმანეთისაგან, როგორც მწყემსი გამოარჩევს ცხვრებს თხებისაგან. | 32 | და შეკრბენ წინაშე მისა ყოველნი ნათესავნი, და განარჩინეს იგინი ურთიერთას, ვითარცა-იგი მწყემსმან რაჲ განარჩინის ცხოვარნი თიკანთაგან, |
33 | და დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ, ხოლო თხებს - მარცხნივ. | 33 | და დაადგინნეს ცხოვარნი მარჯუენით მისა და თიკანნი – მარცხენით. |
34 | მაშინ ეტყვის მეუფე მის მარჯვნივ მდგომთ: მოდით, კურთხეულნო მამაჩემის მიერ, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი, თქვენთვის გამზადებული ქვეყნის დასაბამიდან. | 34 | მაშინ ჰრქუას მეუფემან მარჯუენითთა მათ მისთა: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაჲთ. |
35 |
რადგან მშიოდა და მომეცით საჭმელი; მწყუროდა და მასვით; უცხო ვიყავი და შემიწყნარეთ; |
35 | რამეთუ მშიოდა, და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და მასუთ მე; უცხო ვიყავ, და შემიწყნარეთ მე; |
36 | შიშველი ვიყავი და შემმოსეთ; სნეული ვიყავი და მომხედეთ; საპყრობილეში ვიყავი და მინახულეთ. | 36 | შიშუელ ვიყავ, და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ, და მომხედეთ მე; საპყრობილესა ვიყავ, და მოხუედით ჩემდა. |
37 | მაშინ მართალნი პასუხად ეტყვიან მას: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ? ანდა მწყურვალი და გასვით შენ? | 37 | მაშინ მიუგონ მას მართალთა მათ და ჰრქუან: უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი და გამოგზარდეთ? ანუ წყურიელი და გასუთ შენ? |
38 | როდის გიხილეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარეთ? ანდა შიშველი და შეგმოსეთ შენ? | 38 | ოდეს გიხილეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარეთ? ანუ შიშუელი და შეგმოსეთ შენ? |
39 | როდის გიხილეთ შენ სნეული, ან საპყრობილეში, და გინახულეთ? | 39 | ოდეს გიხილეთ შენ უძლური ანუ საპყრობილესა და მოვედით შენდა? |
40 | მიუგებს მეუფე და ეტყვის მათ: ჭეშმარიგად გეუბნებით თქვენ: რითაც შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით მე შემეწიეთ. | 40 | და მიუგოს მეუფემან მან და ჰრქუას მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ. |
41 | მაშინ ეტყვის მარცხნივ მდგომთაც: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული. | 41 | მაშინ ჰრქუას მარცხენითთა მათცა: წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათჳს და ანგელოზთა მისთათჳს, |
42 | რადგან მშიოდა და არ მომეცით საჭმელი; მწყუროდა და არ მასვით; | 42 | რამეთუ მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და არა მასუთ მე; |
43 | უცხო ვიყავი და არ შემიწყნარეთ; მიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ; სნეული ვიყავი და საპყრობილეში, და არ მინახულეთ. | 43 | უცხო ვიყავ, და არა შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ, და არა შემმოსეთ მე; უძლურ ვიყავ და საპყრობილესა, და არა მოხუედით ჩემდა. |
44 | მაშინ ისინიც პასუხად ეტყვიან მას: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი, ან მწყურვალი, ან უცხოდ მყოფი, ან შიშველი, ან სნეული, ან საპყრობილეში და არ გემსახურეთ? | 44 | მაშინ მიუგონ მათცა და ჰრქუან: უფალო, ოდეს გიხილეთ შენ მშიერი ანუ წყურიელი, ანუ უცხოებასა, ანუ შიშულოებასა, ანუ უძლურებასა, ანუ საპყრობილესა და არა გმსახურეთ შენ? |
45 | მაშინ მიუგებს და ეტყვის მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რითაც არ შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით არც მე შემეწიეთ. | 45 | მაშინ მიუგოს მან და ჰრქუას მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: რაოდენი არა უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა, მე არა მიყავთ. |
46 | და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი - საუკუნო სიცოცხლეში. | 46 | და წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი – ცხორებასა საუკუნესა. |