ახალი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
მაშინ იესო აყვანილ იქნა უდაბნოში სულის მიერ, ეშმაკისაგან საცდუნებლად. |
1 | მაშინ იესუ აღმოიყვანა უდაბნოდ სულისაგან გამოცდად ეშმაკისაგან. |
2 | და იმარხულა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე და ბოლოს მოშივდა. | 2 | და იმარხა ორმეოცი დღე და ორმეოცი ღამე და მერმე შეემშია. |
3 | მაშინ მიადგა მაცდური და უთხრა: თუ ძე ხარ ღმრთისა, თქვი, რომ ეს ქვები პურებად იქცნენ. | 3 | მოუჴდა მას გამომცდელი იგი და ჰრქუა: უკუეთუ შენ ხარ ძე ღმრთისაჲ, თქუ, რაჲთა ქვანი ესე პურ იქმნენ. |
4 | ხოლო იესომ მიუგო და უთხრა: დაწერილია: არა მხოლოდ პურით იცოცხლებს კაცი, არამედ ყოველი სიტყვით, რომელიც გამოდის ღმერთის პირიდან. | 4 | ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა: წერილ არს, რამეთუ: არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა. |
5 | მაშინ ეშმაკმა წაიყვანა იგი წმიდა ქალაქში, დააყენა ტაძრის ქიმზე | 5 | მაშინ წარიყვანა იგი ეშმაკმან მან წმიდასა ქალაქსა და დაადგინა იგი სართულსა მას ზედა ტაძრისასა |
6 | და უთხრა: თუ ძე ხარ ღვთისა, გადავარდი აქედან, რადგანაც დაწერილია: თავის ანგელოზებს უბრძანებს შენს გამო, და აგიტაცებენ ხელში, რათა არსად წამოჰკრა ქვას ფეხი შენი. | 6 | და ჰრქუა მას: უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდაიგდე თავი შენი ამიერ ქუეყანად, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთჳს, და ჴელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერჴი შენი. |
7 | იესომ მიუგო: ესეც დაწერილია: არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი. | 7 | ჰრქუა მას იესუ: კუალად წერილ არს: არა განსცადო უფალი ღმერთი შენი. |
8 | კვლავ აიყვანა იგი ეშმაკმა ძალიან მაღალ მთაზე, და უჩვენა მას ქვეყნის ყველა სამეფო და დიდება მათი. | 8 | კუალად წარიყვანა იგი ეშმაკმან მთასა ფრიად მაღალსა და უჩუენნა მას ყოველნი სუფევანი სოფლისანი და დიდებაჲ მათი |
9 | და უთხრა: ყოველივე ამას მოგცემ, თუ დაეცემი და თაყვანს მცემ მე. | 9 | და ჰრქუა მას: ესე ყოველი მიგცე შენ, უკუეთუ დაჰვარდე და თაყუანის-მცე მე. |
10 | მაშინ მიუგო მას იესომ: გამშორდი, სატანა, რადგანაც დაწერილია: უფალს ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე. | 10 | მაშინ ჰრქუა მას იესუ: წარვედ ჩემგან მართლუკუნ, სატანა, რამეთუ წერილ არს: უფალსა ღმერთსა შენსა თაყუანის-სცე და მას მხოლოსა ჰმსახურებდე. |
11 | მაშინ მიატოვა იგი ეშმაკმა, და აჰა, ანგელოზები მოვიდნენ და ემსახურებოდნენ მას. | 11 | მაშინ დაუტევა იგი ეშმაკმან მან, და ანგელოზნი მოვიდეს და ჰმსახურებდეს მას. |
12 | ხოლო როდესაც გაიგო იესომ, იოანე შეუპყრიათო, გალილეას გაემართა. | 12 |
ხოლო ესმა რაჲ იესუს, ვითარმედ იოვანე მიეცა, განეშორა და წარვიდა გალილეად. |
13 | მიატოვა ნაზარეთი, მივიდა და დაემკვიდრა ზღვისპირა კაპერნაუმს, ზაბულონის და ნეფთალემის მხარეს, | 13 | და დაუტევა ნაზარეთი და მოვიდა და დაემკჳდრა კაპერნაუმს, საზღვართა ზაბულონისთა და ნეფთალემისთა, |
14 |
რათა აღსრულდეს თქმული ესაია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: |
14 | რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი ესაია წინასწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს: |
15 | ქვეყანა ზაბულონისა და ქვეყანა ნეფთალემისა, გზა ზღვისა იორდანეს გაღმა, გალილეა წარმართთა; | 15 | ქუეყანაჲ ზაბულონისი და ქუეყანაჲ ნეფთალემისი, გზაჲ ზღჳსაჲ წიაღ-იორდანესა, გალილეაჲ წარმართთაჲ. |
16 | ბნელში მსხდომარე ხალხმა იხილა ნათელი დიდი, და ქვეყნად და სიკვდილის ჩრდილში მსხდომთ გამოუბრწყინდა ნათელი. | 16 | ერი რომელი სხდა ბნელსა, იხილა ნათელი დიდი, და რომელნი სხდეს სოფელსა და აჩრდილთა სიკუდილისათა, ნათელი აღმოუბრწყინდა მათ. |
17 | შემდგომ ამისა, დაიწყო იესომ ქადაგება და ამბობდა: მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოვდა ცათა სასუფეველი. | 17 | მიერითგან იწყო იესუ ქადაგებად და სიტყუად: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ. |
18 | და როცა გალილეის ზღვის პირას მიდიოდა იგი, დაინახა ორი ძმა: სიმონი, პეტრედ წოდებული, და მისი ძმა ანდრია, ბადეს რომ ისროდნენ ზღვაში, ვინაიდან მებადურები იყვნენ. | 18 | და იქცეოდა რაჲ იესუ ზღჳსკიდესა მას გალილეაჲსასა, იხილნა ორნი ძმანი: სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე, და ანდრეა, ძმაჲ მისი, ითხევლიდეს რაჲ სათხევლითა ზღუასა მას, რამეთუ იყვნეს მესათხევლე. |
19 | და უთხრა მათ: გამომყევით და კაცთა მებადურებად გაქცევთ. | 19 | და ჰრქუა მათ: მოვედით და შემომიდეგით მე, და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა. |
20 | მათაც მყისვე მიატოვეს ბადე და გაჰყვნენ მას. | 20 | ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ბადე მათი და შეუდგეს მას. |
21 | იქიდან წამოსულმა დაინახა ორი სხვა ძმა: იაკობი ზებედესი და მისი ძმა იოანე, რომლებიც ზებედესთან, თავიანთ მამასთან ერთად ბადეს კემსავდნენ ნავში, და უხმო მათ. | 21 | და წარმოვიდა მიერ და იხილნა სხუანი ორნი ძმანი: იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ მისი, ნავსა შინა ზებედეს თანა, მამისა მათისა, გან-რაჲ-აგდებდეს ბადეთა მათთა, და უწოდა მათ. |
22 | მათაც მყისვე მიატოვეს თავიანთი ნავიც და მამაც, და გაჰყვნენ მას. | 22 | ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ნავი იგი და მამაჲ მათი და მისდევდეს მას. |
23 | მიმოდიოდა იესო მთელს გალილეაში, ასწავლიდა მათ სინაგოგებში, ქადაგებდა სახარებას სასუფევლისას და კურნავდა ყოველგვარ სენსა და ყოველგვარ უძლურებას ხალხში. | 23 | და მოჰვლიდა იესუ ყოველსა გალილეასა და ასწავებდა შესაკრებელთა შორის მათთა და ქადაგებდა სახარებასა სასუფეველისასა და განჰკურნებდა ყოველსა სენსა და ყოველსა უძლურებასა ერსა შორის. |
24 | და მოედო მისი ამბავი მთელს სირიას: მოჰყავდათ მასთან უძლურნი, სხვადასხვა სენითა და ჭირით სნეულნი, ეშმაკეულნი, მთვარეულნი და დავრდომილნი, და კურნავდა მათ. | 24 | და განითქუა ჰამბავი მისი ყოველსა ქუეყანასა ასურასტანისასა. და მოჰგურიდეს მას ყოველთა ბოროტად სნეულთა თითო-სახეთაგან სენთა და გუემითა შეპყრობილთა და ეშმაკეულთა და ცისად-ცისად გუემულთა და განრღუეულთა, და განკურნა იგინი. |
25 | და მისდევდა მას დიდძალი ხალხი გალილეიდან და ათქალაქიდან, იერუსალიმიდან, იუდეიდან და იორდანეს გაღმიდან. | 25 | და მისდევდა მას ერი მრავალი გალილეაჲთ და ათქალაქით და იერუსალჱმით და ჰურიასტანით და წიაღ-იორდანით. |