ახალი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
პავლე, იესო ქრისტეს მონა, მოციქულად ხმობილი და ღვთის სახარებისათვის რჩეული, |
1 |
პავლე, მონაჲ იესუ ქრისტესი, ჩინებული მოციქული, რჩეული სახარებასა მას ღმრთისასა, |
2 | სახარებისა, რომელიც წინასწარ აღგვითქვა თავის წინასწარმეტყველთა მიერ წმიდა წერილში, | 2 | რომელი-იგი წინაწარ აღუთქუა წინაწარმეტყუელთა მისთა მიერ წიგნთაგან წმიდათა |
3 | და რომელიც ეხება მის ძეს, დავითის თესლისაგან ხორციელად შობილს, | 3 | ძისა მისისათჳს, რომელი-იგი იშვა თესლისაგან დავითისა ჴორციელად, |
4 | ძალით, სიწმიდის სულითა და მკვდრეთით აღდგომით ღვთის ძედ განჩინებულს, უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს, | 4 | რომელი-იგი გამოჩნდა ძედ ღმრთისა ძალითა და სულითა მით სიწმიდისაჲთა, აღდგომითა მით მკუდრეთით იესუ ქრისტეს უფლისა ჩუენისაჲთა, |
5 | ვისი მეოხებითაც მივიღეთ მადლი და მოციქულობა, რათა მისი სახელით სარწმუნოებას დავუმორჩილოთ ყოველი ხალხი, | 5 | რომლისაგან მოვიღეთ მადლი და მოციქულებაჲ დასამორჩილებელად სარწმუნოებისა ყოველთა წარმართთა სახელისა მისისათჳს, |
6 | რომელთა შორის ხართ თქვენც, იესო ქრისტეს მიერ ხმობილნი; | 6 | რომელთა შორის ხართ თქუენცა, ჩინებულნი იესუ ქრისტესნი, |
7 | ყველას, ვინცა ხართ რომში, ღვთის საყვარელთ და წმიდა ხმობილთ: მადლი და მშვიდობა თქვენდა მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან. | 7 | ყოველთა, რომელნი ხართ ჰრომეს შინა, საყუარელთა ღმრთისათა, ჩინებულთა წმიდათა, მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა! |
8 | უპირველესად, ყოველი თქვენგანისათვის ვმადლობ ღმერთს ჩემსას იესო ქრისტეს მეოხებით, რადგანაც თქვენი რწმენა ეხარება მთელ ქვეყანას. | 8 | პირველად ვჰმადლობ ღმერთსა ჩემსა ქრისტე იესუჲს მიერ თქუენ ყოველთათჳს, რამეთუ სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი განითქუმის ყოველსა სოფელსა, |
9 | მოწმედ მყავს ღმერთი, რომელსაც ვემსახურები ჩემი სულით მისი ძის სახარებაში, რომ გამუდმებით გიგონებთ; | 9 | რამეთუ მოწამე ჩემდა არს ღმერთი, რომელსა ვჰმსახურებ სულითა ჩემითა სახარებითა ძისა მისისაჲთა, ვითარ უნაკლულოდ ჴსენებასა თქუენსა ვჰყოფ; |
10 | დღენიადაგ ვევედრები ჩემს ლოცვებში, იქნებ როგორმე შემეწიოს ღვთის ნება, რომ თქვენთან მოვიდე. | 10 | მარადის ლოცვათა შინა ჩემთა ვევედრები, რაჲთა აწ ღათუ სამე წარმემართოს მე ნებითა ღმრთისაჲთა მისლვად თქუენდა, |
11 | რადგანაც გულით მწადია თქვენი ნახვა, რათა გიწილადოთ სულიერი ნიჭი თქვენს განსამტკიცებლად, | 11 | რამეთუ მსურის ხილვაჲ თქუენი, რაჲთა მი-რაჲმე-გცე თქუენ მადლი სულიერი დასამტკიცებელად თქუენდა. |
12 | ანუ, რაც იგივეა, ჩემს სანუგეშებლად, თქვენი და ჩემი საერთო რწმენით. | 12 | ხოლო არს ესე თანა-ნუგეშინის-ცემა თქუენ შორის ურთიერთარსი იგი სარწმუნოებაჲ თქუენი და ჩემი. |
13 | მინდა იცოდეთ, ძმებო, რომ მრავალჯერ დავაპირე თქვენთან მოსვლა (მაგრამ აქამდე ვერ მოვახერხე), რათა თქვენშიაც მქონოდა ნაყოფი, როგორც სხვა ხალხთა შორის. | 13 | არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, რამეთუ მრავალგზის მინდა მისლვად თქუენდა და დავეყენე მოაქამდე, რაჲთა თქუენ შორისცა ნაყოფი რაჲმე მაქუნდეს, ვითარცა სხუათა მათ შორის თესლთა. |
14 | ბერძენთა და ბარბაროსთა, ბრძენთა და უგუნურთა მოვალე ვარ. | 14 | წარმართთა და ბარბაროზთა, ბრძენთა და უგუნურთა თანა-მდებ ვარ. |
15 | ჩემდა თავად კი ვისწრაფვი, რომ გახაროთ რომში მყოფთაც. | 15 | და ესრეთ არს გულსმოდგინებაჲ ჩემი, რაჲთა თქუენცა, რომელნი ხართ ჰრომს შინა, გახარო. |
16 | რადგანაც არა მრცხვენია სახარებისა, ვინაიდან იგია ძალა ღვთისა, ყოველი მორწმუნის მხსნელი, ჯერ იუდეველისა და მერე ელინის. | 16 | რამეთუ არა მრცხუენის მე სახარებაჲ იგი ქრისტესი, რამეთუ ძალი ღმრთისაჲ არს მაცხოვრად ყოვლისა მორწმუნისა, ჰურიისა პირველად და მერმე წარმართისა. |
17 |
რაკიღა მასში ცხადდება სიმართლე ღვთისა რწმენისთვის და რწმენით; როგორც დაწერილია: „მართალი რწმენით იცოცხლებს“. |
17 | რამეთუ სიმართლე ღმრთისაჲ მას შინა გამოცხადნების სარწმუნოებითი სარწმუნოებად, ვითარცა წერილ არს: მართალი სარწმუნოებითა ცხონდეს. |
18 | რადგანაც ღვთის რისხვა ზეცით ცხადდება, რათა თავს დაატყდეს კაცთა უსამართლობას და უღმერთოებას, თავიანთი უსამართლობით რომ ახშობენ ჭეშმარიტებას. | 18 | რამეთუ გამოჩინებად არს რისხვაჲ ღმრთისაჲ ზეცით ყოველსა ზედა უღმრთოებასა და სიცრუვესა კაცთასა, რომელთა ჭეშმარიტებაჲ სიცრუვით აქუნდა. |
19 | ვინაიდან რაც შეიძლება იცოდე ღმერთზე, ცხადია მათთვის, რადგანაც ღმერთმა განუცხადა მათ. | 19 | რამეთუ მეცნიერებაჲ იგი ღმრთისაჲ ცხად არს მათ შორის, რამეთუ ღმერთმანვე გამოუცხადა მათ. |
20 | და მართლაც, მისი უხილავი სრულყოფილება, წარუვალი ძალა და ღვთაებრიობა, ქვეყნიერების დასაბამიდან მისსავ ქმნილებებში ცნაურდება და ხილული ხდება: ასე რომ, არა აქვთ პატიება. | 20 | რამეთუ უხილავი იგი მისი დაბადებითგან სოფლისაჲთ ქმნულთა მათ შინა საცნაურად იხილვების, და სამარადისოჲ იგი ძალი მისი და ღმრთეებაჲ, რაჲთა იყვნენ იგინი ვერ სიტყჳს მიმგებელ, |
21 | რაკი შეიცნეს ღმერთი, მაგრამ არ ადიდეს, როგორც ღმერთი, და არც მადლი შესწირეს არამედ ამაონი იქმნენ თვიანთი ზრახვით და დაბნელდა მათი უგონო გული; | 21 | რამეთუ იცოდეს ღმერთი, და არა ღმრთეებრ ადიდებდეს მას, გინა ჰმადლობდეს, არამედ ამაო იქმნეს გულის ზრახვითა მათითა, და დაუბნელდა უგულისხმოჲ იგი გული მათი. |
22 | ბრძენკაცებად მოჰქონდათ თავი და შლეგებად იქცნენ; | 22 | იტყოდეს თავთა თჳსთა ბრძენ და განცოფნეს. |
23 | და უხრწნელი ღმერთის დიდება ხრწნადი კაცის, ფრინველთა და ქვეწარმავალთა ხატებაზე გაცვალეს, | 23 | და ცვალეს დიდებაჲ იგი უხრწნელისა ღმრთისაჲ მსგავსებად ხატისა მის განხრწნადისა კაცისა და მფრინველთა და ოთხფერჴთა და ქუეწარმავალთა. |
24 | ამიტომაც მისცა ისინი ღმერთმა მათივე გულისთქმათა უწმინდურებას, რათა შეებილწათ თავიანთი სხეული; | 24 | ამისთჳსცა მისცნა იგინი ღმერთმან გულის თქუმასა გულთა მათთასა არა-წმიდებად და გინებად ჴორცთა მათთა მათ თანა, |
25 | სიცრუეზე გაცვალეს ღვთის ჭეშმარიტება, შექმნილს რომ მსახურებდნენ და არა შემოქმედს, რომელიც კურთხეულია უკუნისამდე. ამინ. | 25 | რომელთა-იგი გარდაცვალეს ჭეშმარიტებაჲ ღმრთისაჲ სიცრუვედ და პატივს-სცემდეს და ჰმსახურებდეს დაბადებულთა, და არა დამბადებელსა, რომელი-იგი არს კურთხეულ უკუნისამდე. ამინ. |
26 | ამიტომაც მისცა ისინი ღმერთმა საგინებელ ვნებებს, ვინაიდან მათმა ქალებმაც კი ბუნებრივი წესი არაბუნებითით შეცვალეს. | 26 | ამისთჳს მისცნა იგინი ღმერთმან ვნებასა მას გინებისასა, რამეთუ დედათა მათთა გარდაცვალეს ბუნებისა იგი წესი არა-ბუნებად. |
27 | ასევე კაცებმაც მიატოვეს ქალებთან ბუნებრივი ცხოვრების წესი და გულისთქმით გახურებულნი აღერივნენ ერთმანეთს, მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სასირცხვოს და მიიღეს თავიანთი ცთუნების საკადრისი საზღაური. | 27 | ეგრეთცა მამათა მათთა დაუტევეს ბუნებისა იგი წესი დედათაჲ, განჴურდეს გულის თქუმითა მათითა ურთიერთარს. მამანი მამათა თანა სარცხჳნელსა იქმოდეს, და კუალად-საგებელი იგი, რომელ ჯერ-არნ საცთურისა მათისაჲ, ურთიერთას მიიღიან. |
28 | და რაკი არ ეცადნენ გონებით შეენარჩუნებინათ ღმერთი, ამიტომაც უჯერო საქმეთათვის მისცა ღმერთმა ისინი გაუკუღმართებულ გონებას. | 28 | და ვითარცა არა გამოიცადეს ღმერთი, რაჲთამცა აქუნდა მეცნიერებით, მისცნა იგინი ღმერთმან გამოუცდელსა მას გონებასა საქმედ უჯეროჲსა; |
29 | ასე რომ, აღვსილნი არიან ყოველგვარი უსამართლობით, ბოროტებით, ანგარებით, სიავით, სავსენი შურით, მკვლელობით, შუღლით, ვერაგობით, უზნეობით, მაბეზღარობით. | 29 | აღსავსენი ყოვლითა სიცრუითა, სიძვითა, უკეთურებითა, ანგაჰრებითა, ბოროტებითა, სავსე შურითა, კაცის-კლვითა, ჴდომითა, ზაკუვითა, ბოროტის ჩუეულებითა, |
30 | ავსიტყვანი, ცილისმწამებელნი, ღვთისმოძულენი, ქედმაღალნი, ცუდმედიდნი, ბოროტმზრახველნი, დედ-მამის ურჩნი, | 30 | ცუნდრუკებითა, ძჳრის მეტყუელ, ღმრთის შემაწუხებელ, მაგინებელ, ამპარტავან, ლაღ, მომპოვნებელ ბოროტისა, მამა-დედათა ურჩ, |
31 |
უგულისხმონი, უნდონი, უყვარულნი, ულმობელნი და უწყალონი, |
31 | უგულისჴმო, უწესო, უყუარულ, უწირავ, უწყალო, |
32 | რომელთაც იციან ღვთის სამართალი, რომ ამნაირ საქმეთა ჩამდენნი სიკვდილის ღირსნი არიან, მაგრამ არამცთუ თვითონ სჩადიან, არამედ ჩამდენთაც თანაუგრძნობენ. | 32 | რომელთა სამართალი ღმრთისაჲ იცოდეს, რამეთუ ესევითარისა მოქმედნი ღირს არიან სიკუდილისა; არცა ხოლო ამას იქმან, არამედ თანაცა სათნო-ეყოფვიან მოქმედთა მათ. |