ახალი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ამრიგად, ვამბობ: ნუთუ ღმერთმა უარყო თავისი ხალხი? არამც და არამც. რადგან მეც ისრაელიტი ვარ, აბრაამის თესლისაგან, ბენიამინის ტომიდან. |
1 |
ვიტყჳ უკუე: ნუ განიშორა-მეა ღმერთმან ერი თჳსი? ნუ იყოფინ და რამეთუ მეცა ისრაიტელი ვარ თესლისაგან აბრაჰამისა, ტომისაგან ბენიამენისა. |
2 | არ უარუყვია ღმერთს თავისი ხალხი, რომელიც წინასწარ იცნო. ან იქნებ არ იცით, რას ამბობს წერილი ელიაზე? როგორ შესჩივის ღმერთს ისრაელის გამო: | 2 | არა განიშორა ღმერთმან ერი თჳსი, რომელი-იგი წინაწარ იცნა. ანუ არა უწყითა ელიაჲსი, რასა-იგი იტყჳს წიგნი? ვითარ-იგი შეემთხუევის ღმერთსა შესმენად ისრაჱლისა და იტყჳს: |
3 | „უფალო, შენი წინასწარმეტყველნი მოკლეს და დაანგრიეს შენი საკურთხეველნი. მარტო მე დავრჩი, და ეძებენ ჩემს სულს“. | 3 | უფალო, წინაწარმეტყუელნი შენნი მოსწყჳდნეს და საკურთხეველნი შენნი დაარღჳნეს; და მე დაშთომილ ვარ მარტოჲ, და ეძიებენ სულსაცა ჩემსა. |
4 | მაგრამ რას ეუბნება პასუნი ღვთისა? „მე დავიტოვე შვიდი ათასი კაცი, რომელთაც მუხლი არ მოუყრიათ ბაალის წინაშე. | 4 | არამედ რასა ეტყჳს მას ბრძანებაჲ იგი სიტყჳსაჲ მის? დამიტევებიეს თავისა ჩემისა შჳდ ათასი მამაკაცი, რომელთა არა მოუდრეკიან მუჴლნი მათნი ბაალისა. |
5 | ამჯერადაც მადლისმიერი არჩევანით დარჩა ნატამალი. | 5 | ეგრეცა უკუე და აწცა ჟამსა ამას ნეშტი რჩევით მადლითა მით იქმნა. |
6 | მაგრამ თუ მადლის მიერ, უკვე არა საქმეთა მიერ, თორემ მადლი აღარაა მადლი. | 6 | ხოლო უკუეთუ მადლით, არღარა საქმეთაგან; უკუეთუ არა, მადლი იგი არღარა შეირაცხების მადლად; უკუეთუ კულა საქმეთაგან, არღარა არს მადლი, ვინაჲთგან საქმე იგი არღარა არს საქმე. |
7 | მერედა, რა? რასაც ეძებდა ისრაელი, ვერ ეწია; მხოლოდ რჩეულნი ეწივნენ; დანარჩენებს კი ქვად ექცათ გული. | 7 | აწ უკუე რაჲ? რომელსა ეძიებს ისრაჱლი, ამას ვერ მიემთხჳა; ხოლო რჩეული იგი მიემთხჳა, და სხუანი იგი დაბრმეს. |
8 | როგორც წერია: „მისცა მათ ღმერთმა მთვლემარე სული; თვალი, რათა ვერ ხედავდნენ, და ყური, რათა არ ესმოდეთ დღევანდელ დღემდე“. | 8 | ვითარცა წერილ არს: მოსცა მათ ღმერთმან სული მწუხარებისაჲ, თუალნი, რაჲთა არა ჰხედვიდენ, და ყურნი, რაჲთა არა ესმოდის, ვიდრე დღენდელად დღედმდე. |
9 | ხოლო დავითი ამბობს: „დაე, ტაბლა მახედ და ბადედ ექცეთ, საცდურად და მათ საზღაურად; | 9 | და დავით იტყჳს: იქმენინ ტაბლაჲ მათი მათ წინაშე საფრჴე და სანადირო და მისაგებელ და საცდურ მათდა. |
10 | დაევსოთ თვალი, რომ ვეღარ ხედავდნენ, და მოდრიკე მათი ზურგი სამარადისოდ“. | 10 | დაუბნელდედ თუალნი მათნი, რაჲთა არა ხედვიდენ, და ზურგი მათი მარადის შედრიკე! |
11 | მე ვამბობ: ნუთუ ისე წაიბორძიკეს, რომ დაეცნენ? არამც და არამც. მაგრამ მათი დაცემა ხსნად ექცა წარმართთ, რათა აღძრულიყო მათში საღმრთო შური. | 11 | ხოლო ვიტყჳ: ნუუკუე შეუბრკუმა, რაჲთა დაეცნენ? ნუ იყოფინ! არამედ მათითა მით შეცოდებითა ცხორებაჲ წარმართაჲ იქმნა საშურებელად მათდა. |
12 | ხოლო თუ მათი დაცემა ქვეყნის სიმდიდრეა, მათი სიმწირე კი - წარმართთა სიმდიდრე, რამდენად უფრო მეტი იქნება სავსება მათი. | 12 | ხოლო უკუეთუ შეცოდებაჲ იგი მათი სიმდიდრე სოფლისა, და ძლეულებაჲ იგი მათი სიმდიდრე წარმართთა, რაოდენ უფროჲს სავსებაჲ იგი მათი! |
13 | თქვენ გეუბნებით, წარმართნო: რამდენადაც წარმართთა მოციქული ვარ, ჩემს მსახურებას ვადიდებ. | 13 | ხოლო თქუენ გეტყჳ, წარმართთა მაგათ: რაოდენ-ესე ვარ მე წარმართთა მოციქულ, მსახურებაჲ ესე ჩემი ვადიდო. |
14 |
იქნებ ასე მაინც შევძლო საღმრთო შური აღვძრა ჩემსავე თვისტომთა შორის და ვიხსნა ზოგიერთი მათგანი. |
14 | ვაშურო ხოლო თუ ჴორცთა ჩემთა და ვაცხოვნნე ვინმე მათგანნი? |
15 | რადგან თუ მათი განშორება ქვეყნის დაზავებაა, რაღა იქნება მათი შემოერთება, თუ არა სიცოცხლის აღდგომა მკვდრეთით? | 15 | რამეთუ უკუეთუ განვრდომაჲ იგი მათი დაგება სოფლისა, რაოდენ-მე შეწყნარებაჲ მათი, არა თუ ცხორებაჲ მკუდართაგან? |
16 | თუ პირველნაყოფი წმიდაა, ასევე - ცომიც; და თუ ფესვი წმიდაა, ასევე - რტონიც. | 16 | ხოლო უკუეთუ დასაბამი იგი წმიდა არს, და თბეცა; და უკუეთუ ძირი იგი წმიდა არს, და რტონიცა მისნი. |
17 | ხოლო თუ ზოგიერთი რტო მოტყდა და შენ, ველური ზეთისხილი, მათ ადგილას დაემყენ, ასე რომ, ზეთისხილის ფესვისა და წვენის თანაზიარი გახდი, | 17 | ხოლო უკუეთუ რტოთა მათგანნი ვინმე გარდასტყდეს, ხოლო შენ ველური ზეთის ხილი იყავ და დაემყენ მათ ზედა და თანა-ზიარ ძირისა და სიპოხისა ზეთის ხილისა იქმენ, |
18 | ნუ იქადი რტოთა წინაშე, ხოლო თუ მაინც იქადი, გახსოვდეს, რომ შენ კი არ გიტვირთავს ფესვი, არამედ ფესვმა გიტვირთა შენ. | 18 | ნუ ექადი რტოთა მათ. ხოლო უკუეთუ ექადი, არა თუ შენ ძირი იგი გიტჳრთავს, არამედ ძირსა მას - შენ. |
19 | იტყვი: რტოები გადატყდნენ, რათა მე დავმყნილიყავიო. | 19 | სთქუა უკუე: გარდასტყდეს რტონი იგი, რაჲთა მე დავემყნა, |
20 | კეთილი. ისინი ურწმუნოებით გადატყდნენ, ხოლო შენ რწმენითა დგახარ. ნუ ქედმაღლობ, არამედ გეშინოდეს. | 20 | კეთილ! იგინი ურწმუნოებითა მათითა გარდასტყდეს, ხოლო შენ სარწმუნოებითა სდგა; ნუ ჰმაღლოი, არამედ გეშინოდენ. |
21 | რადგან თუ ღმერთმა ბუნებრივი რტოები არ დაინდო, არც შენ დაგინდობს. | 21 | უკუეთუ ღმერთმან ბუნებითთა მათ რტოთა არა ჰრიდა, ნუუკუე შენცა არა გრიდოს. |
22 | ხომ ხედავ სიკეთეს და სიმკაცრეს ღვთისას: სიმკაცრეს - დაცემულთა, ხოლო სიკეთეს - შენს მიმართ, თუკი მის სიკეთეში მკვიდრობ; არა და, შენც მოიკვეთები. | 22 | აწ უკუე იხილე სიტკბოებაჲ და სასტიკებაჲ ღმრთისაჲ: დაცემულთა მათ ზედა - სასტიკებაჲ, ხოლო შენ ზედა - სიტკბოებაჲ, უკუეთუ ეგო სიტკბოებასა მას ზედა; უკუეთუ არა, შენცა მო-ვე-ეკუეთო. |
23 | მაგრამ, თუ ურწმუნოებაში არ დარჩნენ, ისინიც დაემყნობიან, რადგან ღმერთს კვლავაც ძალუძს მათი დამყნობა. | 23 | და იგინი, თუ არა დაადგრენ ურწმუნოებასა მათსა ზედა, და-ვე-ემყნენ; რამეთუ შემძლებელ არს ღმერთი კუალად დამყნად მათდა. |
24 |
ვინაიდან თუ შენ მოიკვეთე თავისი ბუნებით ველური ზეთისხილისგან და არაბუნებრივად დაემყნე შინაურ ზეთისხილს, განა ბუნებრივი რტონი მით უმეტეს არ დაემყნობიან თავიანთ საკუთარ ღეროს? |
24 | უკუეთუ შენ ბუნებითისა მისგან მოეკუეთე ველურისა ზეთის ხილისა და გარეშე ბუნებისა დაემყენ კეთილსა ზეთის ხილსა, რავდენ უფროჲს იგინი ბუნებითსა მას დაემყნენ თჳსსავე მას ზეთის ხილსა! |
25 | რადგანაც არ მინდა, ძმებო, რომ თქვენთვის უცნობი დარჩეს ეს საიდუმლო, რათა თავს არ გაგივიდეთ: ისრაელის სიბრმავე ნაწილობრივია და დროებითი, ვიდრე არ შემოგვიერთდება წარმართთა მთელი სიმრავლე. | 25 | არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, საიდუმლოჲსა ამის, - რაჲთა არა იყვნეთ თავით თვსით ბრძენ, - რამეთუ სიბრძნე ჟამად-ჟამად შეჰყვა ისრაჱლსა, ვიდრემდე სავსებაჲ იგი წარმართთაჲ შემოჴდეს. |
26 | ასე გადარჩება მთელი ისრაელი, როგორც წერია: „მოვა სიონით მხსნელი და უღმერთოებას მიაქცევს ისრაელისგან. | 26 | და ესრეთ ყოველი ისრაჱლი ცხონდეს, ვითარცა წერილ არს: მოვიდეს სიონით მჴსნელი და მოაქციოს უღმრთოებისაგან იაკობი. |
27 |
ეს არის ჩემი აღთქმა მათდამი, როდესაც წარვხოცავ მათ ცოდვებს“. |
27 | და ესე არს ჩემ მიერი იგი მათდა მიმართ აღთქუმაჲ, რაჟამს მოვსპნე ცოდვანი მათნი. |
28 | სახარების მიხედვით, ისინი მტრები არიან თქვენს გამო, ხოლო არჩევის გულისთვის - საყვარელნი მამათა გამო. | 28 | სახარებისა მისგან - მტერ თქუენდა, ხოლო რჩეულებისა მისგან - საყუარელ მამათათჳს. |
29 | რადგანაც უცვალებელია ნიჭი და მოწოდება ღვთისა. | 29 | რამეთუ შეუნანებელ არიან მადლნი იგი და ჩინებანი ღმრთისანი. |
30 | ვინაიდან როგორც თქვენ ეურჩეთ ოდესღაც ღმერთს, ახლა კი შეწყალებულნი ხართ მათი ურჩობის გამო, | 30 | რამეთუ ვითარცა-იგი თქუენცა ოდესმე ურჩ ექმნენით ღმერთსა, ხოლო აწ შეიწყალენით მათითა მით ურჩებითა, |
31 | ასევე ურჩობენ ახლა ისინიც, რათა იმ მოწყალებით, თქვენ რომ გხვდათ წილად, თვითონაც შეწყალებულ იქნენ. | 31 | ეგრეთე ესენი ურჩ ექმნეს აწ თქუენისა შეწყალებისათჳს, რაჲთა იგინიცა შეიწყალნენ. |
32 | რადგანაც ღმერთმა ყველანი ურჩობაში გამოამწყვდია, რათა ყველანი შეიწყალოს. | 32 | რამეთუ შეაყენნა ღმერთმან ყოველნივე ურჩებასა, რაჲთა ყოველნი შეიწყალნეს. |
33 | ეჰა, ღმერთის სიუხვის, სიბრძნისა და ცოდნის სიღრმე! რაოდენ გონებამიუწვდომელნი არიან მისი მსჯავრნი და მიუკვლეველი მისი გზანი! | 33 | ჵ სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაჲ! ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკულეველ არიან გზანი მისნი! |
34 | რადგანაც ვინ შეიცნო აზრი უფლისა, ან ვინ იყო მისი მრჩეველი? | 34 | რამეთუ ვინ ცნა გონებაჲ უფლისაჲ? ანუ ვინ თანა-მზრახველ ეყო მას? |
35 | ანდა ვინ მისცა წინასწარ, რომ შემდეგ მიაგოს? | 35 | ანუ ვინ წინაწარ მი-რაჲმე-სცა მას და კუალად მიეგოს მას? |
36 | რადგანაც მისგან, მის მიერ და მის მიმართაა ყოველი. დიდება მას უკუნითი უკუნისამდე. ამინ. | 36 | რამეთუ მისგან და მის მიერ და მისა მიმართ არს ყოველი. მისა დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამინ. |