ახალი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ღვთის მოწყალებით შეგაგონებთ, ძმებო, ცოცხალ, წმიდა და კეთილსასურველ მსხვერპლად უძღვენით თქვენი სხეული ღმერთს, და ეს იქნება თქვენი გონივრული ღვთისმსახურება. |
1 |
გლოცავ თქუენ, ძმანო, მოწყალებათათჳს ღმრთისათა, წარუდგინენით ჴორცნი ეგე თქუენნი მსხუერპლად ცხოველად, წმიდად, სათნოდ ღმრთისა მეტყუელი ეგე მსახურებაჲ თქუენი. |
2 | ნუ ემსგავსებით ამ ქვეყანას, არამედ გარდაიქმენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ნება ღვთისა, კეთილი, სათნო და სრული. | 2 | და ნუ თანა-ხატ ექმნებით სოფელსა ამას, არამედ შეიცვალენით განახლებითა მით გონებისა თქუენისაჲთა, რაჲთა გამოიცადოთ თქუენ, რაჲ-იგი არს ნებაჲ ღმრთისაჲ: კეთილი, სათნოჲ და სრული. |
3 | ჩემთვის მოცემული მადლით მოგმართავთ ყველას: ნურავინ იფიქრებს თავის თავზე უფრო მეტს, ვიდრე უნდა ფიქრობდეს; არამედ იფიქროს ზომიერად, იმ რწმენის თანახმად, ღმერთმა რომ მიაგო თვითეულ თქვენგანს. | 3 | რამეთუ ვეტყჳ მადლითა ღმრთისაჲთა, რომელი მოცემულ არს ჩემდა ყოველსა მას, ვინცა-იგი არს თქუენ შორის: ნუ უფროჲს ბრძნობნ უმეტეს წესისა მის, არამედ ბრძნობდინ სიწმიდესა კაცად-კაცადი, ვითარცა ღმერთმან განუყო საზომითა მით სარწმუნოებისაჲთა. |
4 | ვინაიდან როგორც ერთ სხეულს ჩვენსას მრავალი ასო აქვს, მაგრამ ყველა ასოს როდი აქვს ერთი და იგივე საქმე, | 4 | ვითარცა ერთსა მას გუამსა მრავალ ასოებ აქუს, ხოლო ასოებსა მას ყოველსა არა იგივე საქმე აქუს, |
5 | ასევე ჩვენც, მრავალნი, ერთი სხეული ვართ ქრისტეში, ხოლო ცალ-ცალკე ერთმანეთის ასოები ვართ. | 5 | ეგრეთცა ჩუენ ყოველნი ერთ გუამ ვართ ქრისტეს მიერ, ხოლო თითოეული ურთიერთას ასოებ ვართ. |
6 | და რაკი ჩვენთვის მოგებული მადლის წყალობით სხვადასხვა ნიჭი გვაქვს, ამიტომ, თუ წინასწარმეტყველების ნიჭი გებოძა, რწმენისამებრ იწინასწარმეტყველე, | 6 | ხოლო გუაქუს ჩუენ ნიჭები მადლისა მისებრ მოცემულისა ჩუენდა თითო-სახედ, გინა თუ წინაწარმეტყუელებაჲ საზომისაებრ სარწმუნოებისა, |
7 | თუ მსახურებისა - იმსახურე, თუ მოძღვრობისა - იმოძღვრე, | 7 | გინა რომელი ჰმსახურებდეს მსახურებითა მით; გინა რომელი ასწავებდეს - სწავლითა მით; |
8 | თუ შემგონებლისა - შეაგონე, თუ მოწყალების გაცემისა - უშურველად გაეცი, თუ წინამძღვრისა - გულმოდგინედ იწინამძღვრე, თუ ქველმოქმედისა - სიხარულით აღასრულე სიქველის საქმე. | 8 | გინა რომელი ნუგეშინის-სცემდეს - ნუგეშინის-ცემითა მით; რომელი მისცემდეს - უხუებით; რომელი ზედა-ადგებოდის - მოსწრაფებით; რომელი სწყალობდეს - მხიარულებით, |
9 | დაე, უორგულო იყოს სიყვარული; განეშორეთ ბოროტს, მიეახლეთ კეთილს. | 9 | სიყუარულითა შეუორგულებელითა. განეშორენით ბოროტსა და შეეყვენით კეთილსა; |
10 | ძმური სიყვარულით გიყვარდეთ ერთმანეთი; ერთიმეორეს ასწრებდეთ ურთიერთპატივისცემას. | 10 | ძმათმოყუარებითა ურთიერთას მოწლედ მოსურნე იყვენით; პატივის-ცემასა ურთიერთსა უსწრობდით; |
11 | გულმოდგინება ნუ დაგზარდებათ; სულით მდუღარენი იყავით; ჰმონებდეთ უფალს. | 11 | სწრაფასა ნუ მცონარე ხართ; სულითა მდუღარე იყვენით; უფალსა ჰმონებდით; |
12 |
გიხაროდეთ სასოებით; მომთმენნი იყავით ჭირში, ხოლო ლოცვისას - მოუღლელნი. |
12 | სასოებასა გიხაროდენ, ჭირსა დაუთმობდით, ლოცვასა განკრძალულ იყვენით; |
13 | შეეწიეთ წმიდათა გასაჭირს; სტუმართმოყვარეობა გქონდეთ წესად. | 13 | საჴმარსა წმიდათასა ეზიარებოდეთ, სტუმრის მოყუარებასა შეუდეგით; |
14 | აკურთხეთ თქვენი მდევნელნი; ნუკი სწყევლით, არამედ აკურთხეთ. | 14 | აკურთხევდით მდევართა თქუენთა, აკურთხევდით და ნუ სწყევთ; |
15 | ხარობდეთ მათთან ერთად, რომელნიც ხარობენ, და ტიროდეთ მათთან ერთად, რომელნიც ტირიან. | 15 | გიხაროდენ მოხარულთა თანა და ტიროდეთ მტირალთა თანა; |
16 | ერთსულოვანნი იყავით; მაღლად მხედობას ნუკი ცდილობთ, არამედ ემსგავსეთ მდაბალთ, ბრძენკაცებად ნუ მოგაქვთ თავი. | 16 | და მასვე ურთიერთას ზრახევდით; ნუ მაღალსა მას ჰზრახავთ, არამედ მდაბალსა მას შეეყვენით; ნუ იქმნებით ბრძენ თავით თჳსით |
17 | ბოროტის წილ ნურავის მიაგებთ ბოროტს; ეცადეთ კეთილი უყოთ ყველას. | 17 | და ნუცა ვინ ბოროტსა ბოროტისა წილ მიაგებთ; წინაწარ განიზრახევდით კეთილსა წინაშე ყოველთა კაცთა. |
18 | თუკი შესაძლოა თქვენის მხრივ, მშვიდობისმყოფელნი იყავით ყოველი კაცის მიმართ. | 18 | უკუეთუ შესაძლებელ არს თქუენ მიერ, ყოველთა კაცთა თანა მშჳდობასა ჰყოფდით. |
19 | თქვენი თავისთვის თვითონვე ნუკი იძიებთ შურს, საყვარელნო, არამედ ადგილი დაუთმეთ ღვთის რისხვას, რადგანაც დაწერილია: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ, - ამბობს უფალი“. | 19 | ნუ თავით თჳსით შურსა ეძიებთ, საყუარელნო, არამედ ეცით ადგილ რისხვასა, რამეთუ წერილ არს: ჩემი არს შურის-გებაჲ, და მე მივაგო, იტყჳს უფალი. |
20 | ამრიგად, თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე; თუ მწყურვალია, წყალი ასვი: რადგანაც ამით მოგიზგიზე ნაკვერჩხლებს აგროვებ მის თავზე. | 20 | არამედ შიოდის თუ მტერსა შენსა, პური ეც მას; და, სწყუროდის თუ, ასუ მას; რამეთუ ესე რაჲ ჰყო, ნაკუერცხალი ცეცხლისაჲ შეჰკრიბო თავსა მისსა. |
21 | ნუ იძლევი ბოროტისაგან, არამედ კეთილით სძლიე ბოროტი. | 21 | ნუ იძლევი ბოროტისაგან, არამედ სძლე კეთილითა მით ბოროტსა მას. |