1 |
ამიტომ თავს ვერ იმართლებ, ვინც უნდა იყო, კაცო, რომელიც განიკითხავ, რადგანაც
სხვისი განმკითხველი განსჯით შენსავე თავსა სდებ მსჯავრს, ვინაიდან იმასვე
სჩადიხარ, რისთვისაც განიკითხავ. |
1 |
ამისთჳს ვერ სიტყჳს მიმგებელ ხარ, ჵ კაცო, ყოველი, რომელიცა შჯი, რამეთუ რომლითა
შჯი მოყუასსა, თავსა თჳსსა დაიშჯი, რამეთუ მასვე იქმ, რომელსაცა შჯი. |
2 |
ხოლო ჩვენ ვიცით, რომ, ჭეშმარიტებისამებრ, არის ღვთის
მსჯავრი ყოველივე ამის მოქმედთა მიმართ. |
2 |
ესე უწყით, რამეთუ საშჯელი ღმრთისაჲ ჭეშმარიტ არს
ესევითარისა მოქმედთათჳს. |
3 |
იქნებ გგონია, კაცო, რომ თავს დააღწევ ღვთის მსჯავრს
რაკიღა განიკითხავ ამის მოქმედს და თვითონ კი მასვე სჩადიხარ? |
3 |
ამას სამე ჰგონება, ჵ კაცო, რომელი შჯი ესევითარისა
მოქმედთა მათ და იქმ მასვე ვითარ-მე შენ განერე საშჯელსა ღმრთისასა? |
4 |
ან აქნებ უგულებელყოფ მისი სიკეთის, ლმობიერებისა თუ
სულგრძელობის სიუხვეს და ვერ შეგიგნია, რომ ღვთის სიკეთეს სინანულისაკენ
მიჰყავხარ? |
4 |
ანუ სიმდიდრესა მას სიტკბოებისა მისისასა და თავს-დებასა
და სულგრძელებასა შეურაცხ-ჰყოფ, ვერ გიცნობიეს, რამეთუ სიტკბოებაჲ ღმრთისაჲ
სინანულად მოგიყვანებს შენ? |
5 |
შენ კი სიკერპითა და უსინანულო გულით თვითონვე იუნჯებ
რისხვას ღვთის რისხვისა და მისი მართალი მსჯავრის გამოცხადების დღისთვის, |
5 |
ხოლო სიფიცხლითა მაგით შენითა და შეუნანებელითა გულითა
იუნჯებ თავისა შენისა რისხვასა დღესა მას რისხვისა და გამოჩინებისა და
მართლმსაჯულებისა ღმრთისასა, |
6 |
როცა, მათი საქმისამებრ, კუთვნილს მიაგებს ყველას: |
6 |
რომელმან მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მისთაებრ: |
7 |
მათ, ვინც კეთილი საქმის ერთგულებით დიდებას, პატივსა და
უხრწნელებას მიელტვის, საუკუნო სიცოცხლეს; |
7 |
მოთმინეთა მათ საქმისა კეთილისათა - დიდებაჲ და პატივი და
უხრწნელებაჲ, რომელნი ეძიებენ ცხორებასა საუკუნესა; |
8 |
ხოლო მათ, ვინც ურჩობს და ჭეშმარიტებას კი არა,
უსამართლობას ჰმორჩილებს, - გულისწყრომას და რისხვას. |
8 |
ხოლო ჴდომისაგანთა მათ და ურჩთა ჭეშმარიტებისათა და
მორჩილთა სიცრუისათა – რისხვაჲ და გულის წყრომაჲ. |
9 |
ჭირი და ვიწროება ყველა ბოროტმოქმედი კაცის სულს, ჯერ
იუდეველისას, მერე ბერძნისას. |
9 |
ჭირი და იწროებაჲ ყოველსა ზედა სულსა კაცისასა, მოქმედსა ბოროტისასა, ჰურიასა
პირველად და მერმე წარმართსა! |
10 |
დიდება, პატივი და მშვიდობა ყველა კეთილისმოქმედს, ჯერ იუდეველს, მერე კი ბერძენს. |
10 |
დიდებაჲ და პატივი და მშჳდობაჲ ყოველსა მოქმედსა კეთილისასა, ჰურიასა პირველად და
მერმე წარმართსა! |
11 |
რადგანაც მიკერძოება უცხოა ღვთისათვის. |
11 |
რამეთუ არა არს თუალთ-ღებაჲ ღმრთისა თანა. |
12 |
ვინც ურჯულოდ შესცოდა, ურჯულოდვე წარწყმდება, ხოლო ვინც რჯულით სცოდა, რჯულითვე
განიკითხება. |
12 |
რამეთუ რომელთა-იგი უშჯულოდ შესცოდეს, უშჯულოდცა წარწყმდენ, და რომელთა შჯულსა შინა
შესცოდეს, შჯულითაცა ისაჯნენ. |
13 |
რადგანაც რჯულის მსმენელნი კი არ არიან მართალნი ღვთის წინაშე, არამედ რჯულის
აღმასრულებელნი გამართლდებიან. |
13 |
რამეთუ არა მსმენელნი შჯულისანი განმართლდნენ წინაშე ღმრთისა, არამედ მყოფელნი
შჯულისანი განმართლდენ. |
14 |
ვინაიდან როცა რჯულის არმქონე წარმართნი ბუნებრივად ასრულებენ რჯულს, მაშინ რჯულის
არმქონენი თვითონვე არიან თავიანთი თავის რჯული. |
14 |
რამეთუ წარმართთა, რომელთა შჯული არა აქუნ, და ბუნებითსა მას შჯულსა ჰყოფდეს; ამათ
რამეთუ შჯულ არა აქუს, თავისა თჳსისათჳს შჯულ არიან: |
15 |
ისინი გვიჩვენებენ, რომ რჯულის საქმე გულის ფიცარზე უწერიათ, რასაც მოწმობენ მათი
სინდისი და მათი აზრები, როძლებიც ხან ბრალს სდებენ, ხან კი ამართლებენ ერთმანეთს, |
15 |
რომელნი გამოაჩინებენ საქმესა შჯულისასა, დაწერილსა გულთა შინა მათთა,
თანა-მოწამებითა მათდა გონებისა მათისაჲთა და შორის ურთიერთას გულის სიტყუანი
შეასმენდენ ანუ სიტყუას უგებდენ |
16 |
საიმდღისოდ, როცა, ჩემი სახარებისამებრ, ღმერთი განსჯის კაცთა ფარულ საქმეებს იესო
ქრისტეს მიერ. |
16 |
დღესა მას, რომელსა შჯიდეს ღმერთი დაფარულსა მას კაცთასა მსგავსად სახარებისა მის
ჩემისა იესუ ქრისტეს მიერ. |
17 |
აჰა, შენ იუდეველი ხარ, თავს იმშვიდებ რჯულით და იქადი ღმერთს, |
17 |
უკუეთუ შენ ჰურიაჲ სახელ-გედების, და განისუენებ შჯულსა ზედა და იქადი ღმრთისა |
18 |
ვისი ნებაც იცი და, რჯულით განსწავლული, ირჩევ უკეთესს. |
18 |
და იცი ნებაჲ იგი და გამოიცდი უმჯობესსა მას და სწავლულ ხარ შჯულისაგან |
19 |
თვითმრწმენს გგონია, რომ შენა ხარ ბრმათა მეგზური და ბნელში მყოფთა ნათელი, |
19 |
და ესავ თავსა შენსა წინამძღურად ბრმათა, ნათლად, რომელნი არიან ბნელსა შინა, |
20 |
უგუნურთა მასწავლებელი და ყრმათა მოძღვარი, რომელსაც გაქვს ცოდნისა და ჭეშმარიტების
ნიმუში რჯულში. |
20 |
მასწავლელად უგუნურთა, მოძღურად ჩჩჳლთა და გაქუს ხატი იგი მეცნიერებისაჲ და
ჭეშმარიტებისაჲ შჯულსა შინა, |
21 |
კი მაგრამ, სხვებს რომ ასწავლი, რად არ ასწავლი შენსავე თავს? |
21 |
რომელი-ეგე ასწავებ მოყუასსა, თავსა თჳსსა არა ასწავებ; |
22 |
ქადაგებ: არა იპაროო, და იპარავ? ამბობ: არ იმრუშოო, და მრუშობ? კერპები გძაგს და
მკრეხელობ? |
22 |
რომელი ჰქადაგებ არა-პარვასა, იპარავ; რომელი იტყჳ არა მრუშებასა, იმრუშებ; რომელსა
გძაგან კერპნი, საკურთხეველსა სძარცუავ; |
23 |
რჯულს იქადი და რჯულის დარღვევით ღმერთს შეურაცხყოფ? |
23 |
რომელი შჯულითა იქადი, გარდასლვითა მაგით შჯულისაჲთა ღმერთსა შეურაცხ-ჰყოფ? |
24 |
ვინაიდან, როგორც წერია, თქვენს გამო იგმობა ღვთის სახელი წარმართთა შორის. |
24 |
რამეთუ სახელი ღმრთისაჲ თქუენთჳს იგმობვის წარმართთა შორის, ვითარცა წერილ არს. |
25 |
წინადაცვეთილობა სარგოა, თუ რჯულს ასრულებ, ხოლო თუ რჯულს არღვევ, შენი
წინადაცვეთილობა წინდაუცვეთელობად იქცევა. |
25 |
რამეთუ წინადაცუეთილებაჲ სარგებელ არს, უკუეთუ შჯულსა იმარხავ, ხოლო უკუეთუ
გარდამავალ იყო შჯულისა, წინადაცუეთილებაჲ შენი წინადაუცუეთელება იქმნა. |
26 |
თუ წინადაუცვეთელი რჯულის მართლწესებს იცავს, განა მისი წინადაუცვეთელობა
წინადაცვეთილობად არ შეერაცხება? |
26 |
აწ უკუე, უკუეთუ წინადაუცუეთელი იგი სიმართლესა შჯულისასა იმარხავს, არა-მე
წინადაუცუეთელობაჲ იგი მისი წინადაცუეთილებად შეერაცხოსა? |
27 |
ეგეც არ იყოს ბუნებით წინადაუცვეთელი, რომელიც რჯულს ასრულებს, განა არ განგსჯის
შენ, რომელიც, წერილისა და წინადაცვეთილობის მიუხედავად, რჯულს არღვევ? |
27 |
და გშჯიდეს ბუნებით წინადაცუეთელი იგი, შჯულისა აღმასრულებელი, შენ, რომელი-ეგე
წიგნითა და წინადაცუეთითა შჯულისა გარდამავალ ხარ! |
28 |
ვინაიდან იუდეველი ის კი არაა, ვინც გარეგნულადაა იადეველი, და არც
წინადაცვეთილობაა ის, რაც გარეგნულია და ხორციელი. |
28 |
რამეთუ არა რომელი-იგი ცხადად ჰურიაჲ არს, არცა რომელი ცხადად ჴორცითა
წინადაცუეთილ, |
29 |
არამედ იუდეველი ისაა, ვინც შინაგანადაა იუდეველი, და წინადაცვეთაც ისაა, რაც
გულისა და სულისმიერია და არა ასოსმიერი. ასე რომ, კაცთაგან კი არ იქება, არამედ
ღვთისაგან. |
29 |
არამედ რომელი ფარულად ჰურიაჲ არს და წინადაცუეთილებაჲ გულისაჲ აქუს სულითა, არა
წიგნითა, რომლისა-იგი ქებაჲ არა კაცთაგან არს, არამედ ღმრთისაგან. |