1 |
რას ვიტყვით? დავრჩეთ ცოდვაში, რათა იმრავლოს მადლმა? არამც და არამც. |
1 |
რაჲ-მე უკუე ვთქუათ აწ? და-მე-ვადგრეთა ცოდვასა მას ზედა, რაჲთა მადლი განმრავლდეს?
ნუ იყოფინ! |
2 |
ჩვენ, რომელნიც მოვკვდით ცოდვისათვის, როგორღა ვიცხოვროთ
მასში? |
2 |
რომელნი-ესე მოვკუედით ცოდვითა, ვითარ უკუე მერმე
ვცხონდებოდით მას შინა? |
3 |
ან იქნებ არ იცით, რომ ვინც მოვინათლეთ იესო ქრისტეს
მიერ, მის სიკვდილში მოვინათლენით? |
3 |
ანუ არა უწყითა, რამეთუ რომელთა-ესე ნათელ-ვიღეთ ქრისტე
იესუჲს მიერ, სიკუდილისა მისისა მიმართ ნათელ-ვიღეთ? |
4 |
მასთან ერთადვე დავიმარხეთ სიკვდილში ნათლისღებით, რათა
როგორც ქრისტე აღდგა მკვდრეთით მამის დიდებით, ჩვენც ასევე ვიარებოდეთ ახალ
სიცოცხლეში. |
4 |
და თანა-დავეფლენით მას ნათლის-ღებითა მით სიკუდილსა
მისსა, რაჲთა ვითარცა-იგი აღდგა ქრისტე მკუდრეთით დიდებითა მამისაჲთა,
ეგრეთცა ჩუენ განახლებითა ცხორებისაჲთა ვიდოდით. |
5 |
რადგან თუ სიკვდილის მსგავსებით მასთან თანაშეზრდილნი
ვართ, აღდგომითაც მავემსგავსებით, |
5 |
რამეთუ უკუეთუ თანა-ნერგ ვექმნენით მსგავსებასა მას
სიკუდილისა მისისასა, ეგრეთცა აღდგომასა მას მისსა ვიყვნეთ. |
6 |
რაკიღა ვიცით, რომ ჩვენი ძველი კაცი ჯვარს ეცვა მასთან
ერთად, რათა გადაგებულიყო ცოდვის სჯული და აღარასოდეს დავმონებოდით ცოდვას. |
6 |
ესე უწყით, რამეთუ ძუელი იგი კაცი ჩუენი მის თანა
ჯუარს-ეცუა, რაჲთა განქარდეს ჴორცი იგი ცოდვისაჲ, რაჲთა არღარა ვჰმონებდეთ
ჩუენ ცოდვასა, |
7 |
რადგანაც მკვდარი ცოდვისაგან თავდახსნილია. |
7 |
რამეთუ, რომელი – იგი მოკუდა, განმართლებულ არს
ცოდვისაგან. |
8 |
ხოლო თუ ქრისტესთან ერთად მოვკვდით, გვწამს, რომ
სიცოცხლითაც ერთად ვიცოცხლებთ. |
8 |
უკუეთუ მოვკუდეთ ქრისტეს თანა, გურწამს, რამეთუ მის
თანაცა ვცხონდეთ. |
9 |
რადგანაც ვიცით, რომ ქრისტე, მკვდრეთით აღმდგარი, აღარა
კვდება: სიკვდილი ვეღარ უფლობს მასზე. |
9 |
ესე უწყით, რამეთუ ქრისტე აღდგა მკუდრეთით, არღარა მოკუდეს, და სიკუდილი მის ზედა
არღარა უფლებდეს. |
10 |
რადგანაც, თუ მოკვდა, ცოდვისთვის მოკვდა ერთხელ, ხოლო რაკიღა ცოცხლობს, ღმერთისთვის
ცოცხლობს. |
10 |
რამეთუ, რომელი იგი-მოკუდა, ცოდვითა მოკუდა ერთ-გზის, ხოლო რომელი-იგი ცხოველ არს,
ცხოველ არს ღმრთისა. |
11 |
ასევე თქვენც მკვდრებად შერაცხეთ თავი ცოდვისთვის და ცოცხლებად - ღმრთისთვის ქრისტე
იესოს მიერ. |
11 |
ეგრეცა თქუენ შეჰრაცხენით თავნი თქუენნი მკუდრად ცოდვისათჳს და ცხოველად ღმრთისა
ქრისტე იესუს მიერ უფლისა ჩუენისა. |
12 |
მაშ, ნუ იქნება ცოდვის სუფევა თქვენს მოკვდავ სხეულში, ნუ დაემორჩილებით მის
ვნებებს. |
12 |
ნუ უკუე სუფევნ ცოდვაჲ მოკუდავთა მაგათ ჴორცთა თქუენთა მორჩილებად მისა
გულის-თქუმათა შინა მისთა, |
13 |
ნუ მისცემთ თქვენს ასოებს ცოდვას უსამართლობის საჭურვლად, არამედ, როგორც მკვდრეთით
აღმდგარმა, უძღვენით თავი ღმერთს, ხოლო თქვენი ასოები საჭურვლად - ღმერთის
სიმართლეს. |
13 |
ნუცა წარუდგინებთ ასოთა მაგათ თქუენთა საჭურველად სიცრუისა ცოდვასა, არამედ
წარუდგინენით თავნი თქუენნი ღმერთსა, ვითარცა მკუდრეთით ცხოველნი, და ასონი ეგე
თქუენნი საჭურველად სიმართლისა ღმერთსა. |
14 |
ვეღარ გეუფლებათ ცოდვა, ვინაიდან რჯულის ქვეშ კი არა ხართ, არამედ მადლის ქვეშ. |
14 |
და ცოდვაჲ თქუენ ზედა არა უფლებდეს, რამეთუ არა ხართ შჯულსა ქუეშე, არამედ მადლსა. |
15 |
მერედა რა? ვცოდოთ, რადგან რჯულის ქვეშ კი არა ვართ, არამედ მადლის ქვეშ? არამც და
არამც. |
15 |
აწ უკუე რაჲ? ვცოდვიდეთ-მეა, რამეთუ არა ვართ შჯულსა ქუეშე, არამედ მადლსა? ნუ
იყოფინ! |
16 |
ნუთუ არ იცით, რომ ვისაც თავს მისცემთ მორჩილებისთვის, მისი მონები ხართ, ვისაც
ჰმორჩილებთ: ან ცოდვის მონები სიკვდილისათვის, ან მორჩილების მონები
სიმართლისათვის. |
16 |
არა უწყითა, რამეთუ რომელსა-იგი წარუდგინენით თავნი თჳსნი მონად მორჩილებისა,
მონანი ხართ, რომელსაცა-იგი ერჩით; გინა თუ ცოდვასა სიკუდილდ ანუ მორჩილებად
სიმართლესა? |
17 |
მადლობა ღმერთს, რომ ოდესღაც ცოდვის მონები, გულით დაემორჩილეთ იმ მოძღვრებას,
რომელსაც უძღვენით თავი. |
17 |
ხოლო მადლი ღმერთსა, რამეთუ იყვენით მონა ცოდვისა და მორჩილ იქმნენით გულითა,
რომელსაცა-იგი მიეცენით სახედ მოძღურებისა. |
18 |
ხოლო ცოდვისგან თავდახსნილნი სიმართლეს დაემონეთ. |
18 |
ხოლო აწ განთავისუფლებულ ხართ ცოდვისაგან, და დამონებულ ხართ სიმართლესა. |
19 |
თქვენი ხორცის უძლურების გამო ისე ვმსჯელობ, როგორც მსჯელობენ კაცნი: მსგავსად
იმისა, როგორც ურჯულოებისათვის დაუმონეთ თქვენი ასოები უწმინდურებას და ურჯულოებას,
ახლა სიწმიდისათვის დაუმონეთ ისინი სიმართლეს. |
19 |
კაცობრივ ვიტყჳ უძლურებისათვჳს ჴორცთა თქუნთაჲსა: ვითარცა-იგი წარუდგინენით ასონი
ეგე თქუენნი მონებად არაწმიდებასა და უშჯულოებასა უშჯულოებად, ეგრეცა აწ
წარუდგინენით ასონი ეგე თქუენნი მონებად სიმართლესა სიწმიდედ. |
20 |
ვინაიდან, როცა ცოდვის მონები იყავით, თავისუფალნი იყავით სიმართლისაგან. |
20 |
რამეთუ ოდეს-იგი მონანი იყვენით ცოდვისანი, თავისუფალ იყვენით სიმართლისაგან. |
21 |
კი მაგრამ, რა იყო მაშინ თქვენი ნაყოფი? ის, რისიც ამჟამად გრცხვენიათ, ვინაიდან
სიკვდილია მისი დასასრული. |
21 |
რაჲ უკუე ნაყოფი გაქუნდა მაშინ, რომლისათჳს აწ ეგერა გრცხუენის? რამეთუ აღსასრული
მათი სიკუდილი არს. |
22 |
ხოლო ამჟამად, როცა ცოდვისაგან გათავისუფლდით და ღმერთს დაემონეთ, სიწმიდეა თქვენი
ნაყოფი, დასასრული კი - საუკუნო სიცოცხლე. |
22 |
ხოლო აწ განთავისუფლებულ ხართ ცოდვისაგან და დამონებულ ღმერთსა, და გაქუს ნაყოფი
თქუენი სიწმიდედ, და აღსასრულსა – ცხორებაჲ საუკუნოჲ. |
23 |
ვინაიდან ცოდვის საზღაური არის სიკვდილი, ხოლო ღვთის მადლი - საუკუნო სიცოცხლე,
ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ. |
23 |
რამეთუ საგზალი ცოდვისაჲ სიკუდილი არს, ხოლო ნიჭი ღმრთისაჲ – ცხორებაჲ საუკუნოჲ
ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა. |