ახალი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ან იქნებ არ იცით, ძმებო, - რაკიღა რჯულის მცოდნეთ მივმართავ, - რომ ვიდრე კაცი ცოცხალია, სიკვდილი მბრძანებლობს მასზე. |
1 |
ანუ არა უწყითა, ძმანო, - რამეთუ მეცნიერთა მათ შჯულისათა ვეტყჳ, - ვითარმედ შჯული უფლებს კაცსა ზედა, რაოდენ ჟამ ცოცხალ არს იგი? |
2 | რადგანაც გათხოვილი ქალი ქმრის სიცოცხლეში რჯულითაა შეკრული მასთან, ხოლო თუ ქმარი მოუკვდა, განთავისუფლებულია ცოლ-ქმრობის რჯულისაგან. | 2 | რამეთუ ქმრის ცოლი დედაკაცი სიკუდილადმდე ქმრისა შეკრულ არს შჯულითა; ხოლო უკუეთუ მოკუდეს ქმარი იგი, განთავისუფლებულ არს იგი შჯულისა მისგან ქმრისა. |
3 | ამიტომაც, თუ ქმრის სიცოცხლეში სხვას გაჰყვა, მეძავად იწოდება, ხოლო თუ ქმარი მოუკვდა, განთავისუფლებულია რჯულის მიერ, და სხვას რომ გაჰყვეს, აღარ იწოდება მეძავად. | 3 | აწ უკუე ცხორებასა ქმრისასა მემრუშედ ეწოდოს, შე-თუ-ეყოს ქმარსა სხუასა; ხოლო უკუეთუ მოკუდეს ქმარი მისი, თავისუფალ არს იგი შჯულისა მისგან, რაჲთა არა იყოს იგი მემრუშე, შე-თუ-ეყოს ქმარსა სხუასა. |
4 | თქვენც, ძმანო ჩემნო, ასევე მოკვდით რჯულისათვის ქრისტეს სხეულის მეოხებით, რათა ეკუთვნოდეთ სხვას, მკვდრეთით აღმდგარს, და, ამრიგად, ნაყოფი მოგვქონდეს ღვთისათვის. | 4 | ამისთჳს თქუენცა, ძმანო ჩემნო, მოჰკუედით შჯულისაგან ჴორცითა მით ქრისტესითა, რაჲთა იყვნეთ თქუენ სხჳსა მის მკუდრეთით აღდგომილისა, რაჲთა ნაყოფი გამოვიღოთ ღმრთისა. |
5 | ვინაიდან, სანამ ხორციელად ვცოცხლობდით, რჯულის მიერ გამჟღავნებული ცოდვის ვნებები მოქმედებენ ჩვენს ასოებში, რათა გამოგვეღო სიკვდილის ნაყოფი. | 5 | რამეთუ ვიდრე-იგი ვიყვენით ჴორცთა შინა, ვნებანი იგი ცოდვათანი შჯულისა მისგან იქმნებოდეს ასოთა შინა ჩუენთა, რაჲთა ნაყოფი გამოვიღოთ სიკუდილისა; |
6 | ახლა კი, რჯულისთვის მკვდარნი, რომლითაც შეკრულნი ვიყავით, გავთავისუფლდით მისგან, რათა ვმონებდეთ ღმერთს სულის სიახლით და არა ასოს სიძველით. | 6 | ხოლო აწ განთავისუფლებულ ვართ შჯულისა მისგან და მოვკუედით, რომლითა-იგი შეპყრობილ ვიყვენით, რაჲთა ვჰმონებდეთ ჩუენ განახლებულითა სულითა და არა დაძუელებულითა წიგნითა. |
7 | მერედა, რას ვიტყვით? ნუთუ რჯული ცოდვაა? არამც და არამც, მაგრამ მე მხოლოდ რჯულით შევიცან ცოდვა, და სურვილსაც ვერ შევიცნობდი, რჯულს რომ არ ეთქვა: ნუ გსურს. | 7 | რაჲ-მე უკუე ვთქუათ? შჯული ცოდვა-მე არსა? ნუ იყოფინ! არამედ ცოდვაჲ არა ვიცოდე, გარნა შჯულისაგან. რამეთუ გულის-თქუმაჲ არა ვიცოდე, უკუეთუმცა არა შჯული იტყოდა, ვითარმედ: ნუ გული-გითქუამნ. |
8 | მაგრამ ცოდვამ მცნებისგან მიიღო საბაბი და ჩამინერგა ყველა სურვილი; რადგანაც რჯულის გარეშე ცოდვა მკვდარია. | 8 | მიზეზი უკუე პოვა ცოდვამან მცნებისა მისგან და შექმნა ჩემ თანა ყოველი გულის-თქუმაჲ: რამეთუ თჳნიერ შჯულისა ცოდვაჲ მკუდარ არს. |
9 | ხოლო მე ოდესღაც რჯულის გარეშე ვცხოვრობდი, და როცა მოიწია მცნება, ცოდვა გაცოცხლდა. | 9 | ხოლო მე ცხოველ ვიყავ ოდესმე თჳნიერ შჯულისა, და ოდეს მოიწია მცნებაჲ იგი, ცოდვაჲ განცოცხლდა, |
10 | მე კი მოვკვდი და, ამრიგად, სასიცოცხლოდ მოცემული მცნება სასიკვდილოდ მექცა. | 10 | და მე მოვკუედ; და მეპოვა მე მცნებაჲ იგი, რომელი იყო საცხორებელად, იგივე სიკუდილად. |
11 | რადგანაც ცოდვამ, მცნებისგან რომ მიიღო საბაბი, მაცდუნა და მის მიერ მომკლა. | 11 | რამეთუ ცოდვამან მან მიზეზი მიიღო მცნებისა მისგან, მაცთუნა მე და მის მიერ მომკლა. |
12 | ასე რომ, რჯული წმიდაა და მცნებაც წმიდაა, მართალი და კეთილი. | 12 | ამიერითგან შჯული წმიდა არს, და მცნებაჲ იგი წმიდა და მართალ და კეთილ. |
13 |
ნუთუ სიკეთე სიკვდილად მექცა? არამც და არამც. არამედ ცოდვამ, იმისათვის, რომ ცოდვად ჩანდეს, სიკეთის მეშვეობით მომაგო სიკვდილი, რათა უცოდვილესად წარმოჩენილიყო მცნების წყალობით. |
13 | აწ უკუე კეთილი იგი მე სიკუდილ მექმნაა? ნუ იყოფინ! არამედ ცოდვაჲ იგი, რაჲთა ჩნდეს ცოდვა კეთილითა მით, რომელი იქმნა ჩემდა სიკუდილ, რაჲთა იყოს გარდარეულად ცოდვილ ცოდვაჲ იგი მცნებისა მისგან. |
14 | რადგანაც ვიცით, რომ რჯული სულიერია, მე კი ხორციელი ვარ და ცოდვას მიყიდული. | 14 | ესე უწყით, რამეთუ შჯული სულიერ არს, ხოლო მე ჴორციელ ვარ და განფრდილ ცოდვასა შინა. |
15 | ვინაიდან არ მესმის რას ვაკეთებ: იმიტომ, რომ იმას კი არ ვაკეთებ, რაც მსურს, არამედ იმას, რაც მძულს. | 15 | რამეთუ რომელსა-იგი ვიქმნ, არა ვიცი; რამეთუ არა რომელი-იგი მე მნებავს, მას ვიქმ, არამედ რომელი-იგი მძულს, მას ვჰყოფ. |
16 | ხოლო თუ იმას ვაკეთებ რაც არა მსურს, მაშასადამე, ვაღიარებ, რომ რჯული კეთილია. | 16 | ხოლო უკუეთუ, რომელი-იგი არა მნებავს და მას ვჰყოფ, თანა-მოწამე ვარ შჯულისა, რამეთუ კეთილ არს. |
17 | ასე რომ, მე კი არ ვაკეთებ ამას, არამედ ცოდვა, რომელიც მკვიდრობს ჩემში. | 17 | აწ უკუე არღარა მე ვიქმ მას, არამედ რომელი-იგი დამკჳდრებულ არს ჩემ თანა ცოდვაჲ. |
18 | რადგანაც ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი, ჩემს სხეულში არ არის კეთილი; არის ჩემში სიკეთის ნდომა, მაგრამ როგორ აღვასრულო სიკეთე, ამას კი ვეღარ ვპოულობ ჩემში. | 18 | რამეთუ უწყი, ვითარმედ არარაჲ დამკჳდრებულ არს ჩემ თანა, ესე იგი არს, ჴორცთა შინა ჩემთა კეთილი, რამეთუ ნებაჲ იგი წინა მიც მე, ხოლო საქმედ კეთილისა მის არა ვჰპოებ. |
19 | ვინაიდან კეთილს კი არ ვაკეთებ, რომელიც მსურს, არამედ ბოროტს, რომელიც არ მსურს. | 19 | რამეთუ არა რომელი-იგი მნებავს კეთილი, მას ვჰყოფ, არამედ რომელი-იგი არა მნებავს ბოროტი, მას ვიქმ. |
20 | ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არა მსურს, მე კი არ ვაკეთებ მას, არამედ ცოდვა, რომელიც მკვიდრობს ჩემში. | 20 | ხოლო უკუეთუ, რომელი-იგი მე არა მნებავს და მას ვჰყოფ, არღარა მე ვიქმ მას, არამედ რომელი-იგი დამკჳდრებულ არს ჩემ თანა ცოდვაჲ. |
21 | და ვპოულობ ამ რჯულს კეთილის ქმნა მსურს, მაგრამ ბოროტი კი მიდევს გვერდით. | 21 | ვპოვო-მეა შჯული, რომელსა უნდეს ჩემდა ყოფად კეთილისა, რამეთუ მე ბოროტი წინა მიც? |
22 | ვინაიდან, როგორც შინაგანი კაცი, ღვთის რჯულით ვტკბები. | 22 | რამეთუ თანა-მნებავს მე შჯულსა ღმრთისასა შინაგანითა მით კაცითა. |
23 | მაგრამ ჩემს ასოებში სხვა რჯულსა ვხედავ, რომელიც ეურჩება ჩემი გონების რჯულს, და ცოდვის იმ რჯულის ტყვედ მაქცევს, რომელიც არის ჩემს ასოებში. | 23 | და ვხედავ სხუასა შჯულსა ასოთა შინა ჩემთა, რომელი-იგი წინა-განეწყვების შჯულსა მას გონებისა ჩემისასა და წარმტყუენავს მე შჯულითა მით ცოდვისაჲთა, რომელი-იგი არს ასოთა შინა ჩემთა. |
24 | ვაიმე, ბედკრულს! ვინ დამიხსნის სიკვდილის ამ სხეულისაგან? | 24 | უბადრუკი მე ესე კაცი! ვინ-მე მიჴსნეს ჴორცთა ამათგან ამის სიკუდილისათა? |
25 | ვმადლობ ღმერთს, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ. ამრიგად, მე, ერთი და იგივე კაცი, გონებით ღვთის რჯულს ვემონები, ხორცით კი - ცოდვის რჯულს. | 25 | ხოლო ვჰმადლობ ღმერთსა ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა. აწ უკუე თავადი მე გონებითა ჩემითა ვჰმონებ რჩულსა ღმრთისასა, ხოლო ჴორცითა შჯულსა ცოდვისასა. |