ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პავლეს მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ

თავი მერვე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ასე რომ, ახლა არ არის არავითარი სასჯელი მათთვის, რომელნიც არიან ქრისტე იესოში.

1 არა-მე რაჲ დასაშჯელ არსა აწ ქრისტე იესუჲს მიერ მათდა, რომელნი-იგი არა ჴორცთაებრ ვლენან, არამედ სულისაებრ?
2 რადგანაც სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში ცოდვისა და სიკვდილის რჯულისაგან გამათავისუფლა მე. 2 რამეთუ შჯულმან სულისა ცხორებისამან ქრისტე იესუჲს მიერ განმათავისუფლა მე შჯულისა მისგან ცოდვისა და სიკუდილისა.
3 რაკი ხორცისგან დაუძლურებულმა რჯულმა მეტი ვერ შესძლო, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებით და ცოდვისვე გამო, რათა მსჯავრი დაედო ხორციელი ცოდვისთვის. 3 რამეთუ შეუძლებელი იგი შჯულისაჲ, რომლითა უძლურ იყო ჴორცთა მათთჳს, ღმერთმან ძე თჳსი მოავლინა, მსგავსად ჴორცთა მათ ცოდვისათა და ცოდვისათჳს, და საჯა ცოდვაჲ იგი ჴორცითა თჳსითა.
4 და, ამრიგად, რჯულის სიმართლე აღსრულებულიყო ჩვენში, რომელნიც ხორციელად კი არ ვცხოვრობთ, არამედ - სულიერად. 4 რაჲთა სიმართლე იგი შჯულისაჲ აღესრულოს ჩუენ შორის, რომელნი არა ჴორციელად ვიქცევით, არამედ სულიერად.
5 რადგანაც ხორციელნი ხორცისას იზრახავენ, სულიერნი კი - სულისას. 5 რამეთუ რომელნი-იგი ჴორციელად არიან, ჴორცთასა ზრახვენ, ხოლო რომელნი-იგი სულიერად არიან, - სულისასა.
6 ვინაიდან ხორცის ზრახვა სიკვდილია, სულის ზრახვა კი - სიცოცხლე და მშვიდობა. 6 რამეთუ ზრახვაჲ იგი ჴორცთაჲ სიკუდილ არს, ხოლო ზრახვაჲ იგი სულისაჲ ცხორება არს და მშჳდობა.
7 იმიტომ, რომ ხორცის ზრახვა ღვთის მტრობაა, ვინაიდან არ ემორჩილება და ვერც დაემორჩილება ღვთის რჯულს. 7 რამეთუ ზრახვაჲ იგი ჴორცთაჲ მტერობა არს ღმრთისა; რამეთუ შჯულსა მას ღმრთისასა ვერ დაემორჩილების და ვერცა ძალ-უც.
8 ამიტომ ხორციელად მცხოვრებნი ვერ აამებენ ღმერთს. 8 რამეთუ რომელნი-იგი ჴორცთა შინა არიან, ღმრთისა სათნო-ყოფად ვერ ძალ-უც.
9 ხოლო თქვენ ხორციელად მყოფნი კი არა ხართ, არამედ - სულიერად, თუკი სული ღვთისა დამკვიდრებულია თქვენში. მაგრამ ვისაც ქრისტეს სული არა აქვს, იგი არც არის მისი. 9 ხოლო თქუენ არა ხართ ჴორცთა შინა, არამედ სულთა, უკუეთუ სული ღმრთისაჲ დამკჳდრებულ არს თქუენ შორის. უკუეთუ ვისმე სული ქრისტესი არა აქუს, იგი არა არს მისი.
10 ხოლო თუ ქრისტე თქვენშია, ხორცი ცოდვისთვის მკვდარია, სული კი ცოცხალია სიმართლისათვის. 10 უკუეთუ ქრისტე თქუენ შორის არს, ჴორცნიმცა მკუდარ არიან ცოდვისათჳს, ხოლო სული - ცხოველ სიმართლისათჳს.
11 და თუ მისი სული, ვინც მკვდრეთით აღადგინა იესო, დამკვიდრებულია თქვენში, ქრისტეს მკვდრეთით აღმდგენი თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით, რომელიც მკვიდრობს თქვენში. 11 უკუეთუ სული იგი აღმადგინებელისა იესუჲსი მკუდრეთით მკჳდრ არს თქუენ შორის, რომელმან-იგი აღადგინა ქრისტე მკუდრეთით, განაცხოველნეს მოკუდავნიცა ეგე ჴორცნი თქუენნი დამკჳდრებულისა მის მიერ თქუენ შორის სულისა მისისა.
12 ამრიგად, ძმანო, ხორცის მოვალენი როდი ვართ, რომ ხორციელად ვიცხოვროთ. 12 აწ უკუე, ძმანო, თანა-გუაც არა ჴორცთაჲ, რაჲთა ჴორციელად სცხონდებოდით.
13 რადგან თუ ხორციელად ცხოვრობთ, სიკვდილი გელით, ხოლო თუ სულით მოაკვდინებთ ხორცის საქმეს, ცოცხალნი იქნებით. 13 რამეთუ უკუეთუ ჴორციელად სცხონდებოდით, მოსიკუდიდ ხართ; ხოლო უკუეთუ სულითა ჴორცთა საქმესა მოაკუდინებდეთ, სცხონდეთ.
14 ვინაიდან ღვთის ძეა ყველა, ვისაც ღვთის სული წარმართავს. 14 რამეთუ რომელნი სულითა ღმრთისაჲთა ვლენან, ესენი არიან ძენი ღმრთისანი.
15

რადგან მონობის სული როდი მიგიღიათ, რომ კვლავ გეშინოდეთ, არამედ მიიღეთ ძეობის სული, რომლითაც ვღაღადებთ: აბბა, მამაო!

15 რამეთუ არა მიგიღებიეს სული იგი მონებისაჲ, რაჲთამცა კუალად გეშინოდა, არამედ მიგიღებიეს სული იგი შვილებისაჲ, რომლითა ვღაღადებთ: აბბა, მამაო!
16 სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღვთის შვილები ვართ. 16 იგივე სული ეწამების სულსა ამას ჩუენსა, რამეთუ ვართ შვილნი ღმრთისანი.
17 ხოლო თუ შვილები ვართ, მემკვიდრენიცა ვართ, ღვთის მემკვიდრენი და ქრისტეს თანამემკვიდრენი, თუკი მასთან ერთად ვევნებით, რათა მასთან ერთად ვიდიდოთ. 17 ხოლო უკუეთუ შვილ, მკჳდრცა, მკჳდრ ღმრთისა თანა და თანა-მკჳდრ ქრისტესა. უკუეთუ მის თანა ვივნოთ, მის თანაცა ვიდიდნეთ.
18 რადგანაც ვფიქრობ, რომ აწინდელი ვნებანი არაფერია იმ დიდებასთან შედარებით, რომელიც გამოვლინდება ჩვენს მიმართ. 18 რამეთუ მე ესრე მგონიეს, ვითარმედ ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა, რომელ გამოჩინებად არს ჩუენდა მომართ.
19 ვინაიდან ქმნილება სასოებით მოელის ღვთის შვილთა გამოცხადებას, 19 რამეთუ იჭჳ იგი დაბადებისაჲ გამოჩინებასა მას შვილთა ღმრთისათა მოელის,
20 იმიტომ, რომ ქმნილება ნებსით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ მის მიერ, ვინც ამაოებას დაუმორჩილა იგი, იმის იმედით, 20 რამეთუ ამაოებასა დაემორჩილა დაბადებული არა ნებსით, არამედ მის მიერ, რომელმან-იგი დაამორჩილა, სასოებით.
21 რომ თვით ქმნილებაც განთავისუფლდებოდა ხრწნილების მონობისაგან, რათა წილი დაედო ღვთის შვილთა დიდებასა და თავისუფლებაში. 21 რამეთუ თჳთ იგიცა დაბადებული გან-ვე-თავისუფლდეს მონებისაგან ხრწნილებისა აზნაურებასა მას დიდებისა შვილთა ღმრთისათა.
22 რადგანაც ვიცით, რომ მთელი ქმნილება ერთიანად გმინავს და წვალობს დღემდე. 22 უწყით, რამეთუ ყოველი დაბადებული თანა-კუნესის და თანა-ელმის მოაქამდე.
23 და არა მარტო ის, არამედ ჩვენც, სულის პირველნაყოფის მქონენი, ასევე ვგმინავთ შინაგანად ღვთის ძეობისა და ჩვენი სხეულის ხსნის მოლოდინში. 23 არა ხოლო თუ იგი, არამედ თჳთ ჩუენცა, რომელთა- ესე პირველი ნაყოფი სულისაჲ გუაქუს, თჳთ ჩუენცა თავთა შინა ჩუენთა ვკუნესით და შვილებასა მას მოველით, გამოჴსნასა მას ჴორცთა ჩუენთასა,
24 რადგანაც ხსნილნი ვართ სასოებით, ხილული სასოება კი არ არის სასოება, ვინაიდან რა სასოება უნდა გქონდეს იმის მიმართ, რასაცა ხედავ? 24 რამეთუ სასოებით ვცხონდებით. ხოლო სასოებაჲ ხილული არა არს სასოება, რამეთუ რომელსა-იგი ვინმე ხედავნ, რაჲსაღა-მე ესავნ?
25 ხოლო იმის მსასოოვარნი, რასაც ვერ ვხედავთ, მოთმინებით მოველით მას. 25 ხოლო ჩუენ, რომელსა არა ვხედავთ, ვესავთ, რამეთუ მოთმინებით მოველით.
26 ასევე სულიც შეეწევა ჩვენს უძლურებას, ვინაიდან არ ვიცით, რისთვის ან როგორ ვილოცოთ, მაგრამ თვით სულია ჩვენი მეოხი უთქმელი ოხვრით. 26 ეგრეთვე და სულიცა იგი თანა-შეეწევის უძლურებათა ჩუენთა, რამეთუ რაჲმცა იგი ვილოცეთ, ვითარ-იგი ჯერ-არს, არა ვიცით; არამედ თჳთ იგი სული მეოხ არს ჩუენთჳს სულ-თქუმითა მით უსიტყუელითა.
27 ხოლო გულების მცდელმა იცის, როგორია ზრახვა სულისა, ვინაიდან იგია წმიდათა მეოხი ღვთის ნებით. 27 ხოლო რომელი-იგი გამომეძიებელ არს გულთაჲ, იცის, თუ რაჲ არს ზრახვაჲ იგი სულისაჲ, რამეთუ ღმრთისა მიმართ მეოხ არს წმიდათათჳს.
28

ჩვენ ვიცით, რომ ღვთის მოყვარეთ, რომელნიც მისი განზრახვით არიან ხმობილნი, ყველაფერი შეეწევათ სასიკეთოდ.

28 ესე უწყით, რამეთუ ღმრთის მოყუარეთა ყოველივე განემარჯუების კეთილად, რომელნი-იგი ბრძანებით ჩინებულ არიან.
29 რადგან ისინი, ვინც წინასწარ სცნო, წინასწარვე აირჩია თავისი ძის ხატის მსგავსებად, რათა იგი ყოფილიყო პირმშო მრავალ ძმას შორის. 29 რამეთუ რომელნი-იგი წინაწარ იცნნა, წინაწარცა განაჩინნა თანა-მსგავსად ხატისა მის ძისა თჳსისა, რაჲთა იყოს იგი პირმშო მრავალთა შორის ძმათა;
30 ხოლო რომელნიც წინასწარ აირჩია, იგივენი იხმო, და რომელნიც იხმო, იგივენი გაამართლა, და რომელნიც გაამართლა, იგივენი განადიდა. 30 ხოლო რომელნი-იგი წინაწარ განაჩინნა, მათცა უწოდა; და რომელთა-იგი უწოდა, იგინიცა განამართლნა; და რომელნი-იგი განამართლნა, იგინიცა ადიდნა.
31 მერედა, რას ვიტყვით ამაზე? თუკი ღმერთი ჩვენსკენაა, მაშ, ვინღაა ჩვენს წინააღმდეგ? 31 რაჲ-მე უკუე ვთქუათ ამისთჳს? უკუეთუ ღმერთი ჩუენ კერძო არს, ვინ არს ძჳრის მყოფელ ჩუენდა?
32 ის, ვინც თავისი ძეც არ დაინდო, არამედ ყველა ჩვენგანისთვის გასწირა იგი, როგორღა არ მოგვანიჭებს მასთან ერთად ყოველს? 32 რომელმან-იგი ძესაცა თჳსსა არა ჰრიდა, არამედ ჩუენ ყოველთათჳს მისცა იგი, ვითარ უკუე არა მითურთ ყოველივე მოგუანიჭოს ჩუენ?
33 ვინ გაამტყუნებს ღვთის რჩეულთ? თვით ღმერთი ამართლებს მათ. 33 ვინ არს მაბრალობელ რჩეულთა მათ ღმრთისათა? ღმერთი არს განმამართლებელ.
34 ანდა ვინ არის მსჯავრმდები? ქრისტე იესო მოკვდა, მაგრამ აღდგა კიდეც: იგია ღვთის მარჯვნივ, იგია მეოხი ჩვენი. 34 და ვინ არს დამსჯელ? ქრისტე იესუ, რომელი მოკუდა, უფროჲს-ღა აღდგა; რომელი-იგი არს მარჯუენით ღმრთისა, რომელიცა-იგი მეოხ არს ჩუენთჳს.
35 რა განგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს: ვიწროება თუ ურვა, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე, ანდა მახვილი? 35 ვინ განმაშორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტესსა: ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ სიყმილმან, შიშლოებამან ანუ ურვამან ანუ მახვილმან? ვითარცა წერილ არს:
36 (როგორც დაიწერა: „შენთვის გვხოცავენ ყოველდღე: ცხვრებად გვთვლიან, დასაკლავად განწირულებად“). 36 რამეთუ შენთჳს მოვწყდებით ჩუენ მარადღე და შევირაცხებით ჩუენ, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი.
37 ყოველივე ამას ვძლევთ მისი წყალობით, ვინც შეგვიყვარა. 37 არამედ ამას ყოველსა ზედა ვსძლევთ ჩუენ მის მიერ, რომელმანცა-იგი შემიყუარნა ჩუენ,
38 რადგანაც მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზნი და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო, ვერც მომავალი, 38 რამეთუ მრწამს მე, ვითარმედ არცა სიკუდილმან, არცა ცხორებამან, არცა ანგელოზთა, არცა მთავრობათა, არცა ძალთა, არცა ამან სოფელმან, არცა მან სოფელმან,
39 ვერც სიმაღლე, ვერც სიღრმე და ვერც რაიმე სხვა ქმნილება ვერ განგვაშორებს ღვთის სიყვარულს ჩვენს უფალ ქრისტე იესოში. 39 არცა სიმაღლეთა, არცა სიღრმეთა, არცა სხუამან დაბადებულმან შემიძლოს ჩუენ განყენებად სიყუარულსა ღმრთისასა, რომელ არს ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა.