ახალი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
კესარიაში იყო ერთი კაცი, სახელად კორნელიუსი, ეგრეთწოდებული იტალიური კოჰორტის ასისთავი, |
1 | კაცი ვინმე იყო კესარიას შინა სახელით კორნილეოს, ასისთავი, ტომისაგან, რომელსა ჰრქჳან იტალიკე, |
2 | კეთილმორწმუნე და ღვთისმოშიში მთელი თავისი სახლეულითურთ, ხალხის ნამდვილი მწყალობელი და მუდამ ღმერთის მიმართ მლოცველი. | 2 | კეთილად მსახური და მოშიში უფლისაჲ ყოვლითურთ სახლეულით თჳსით, იქმოდა ქველის საქმესა მრავალსა ერსა მას შორის და ევედრებოდა ღმერთსა მარადის. |
3 | მეცხრე საათი იქნებოდა, როცა ცხადად იხილა ხილვით, რომ შევიდა მასთან ღვთის ანგელოზი და უთხრა: კორნელიუს! | 3 | იხილა მან ჩუენებით განცხადებულად ვითარ მეცხრესა ოდენ ჟამსა მის დღისასა, რამეთუ ანგელოზი უფლისაჲ მოვიდა მისა და ჰრქუა მას: კორნილიე! |
4 | ხოლო მან შეხედა ანგელოზს და შეძრწუნებულმა თქვა: რა გნებავს, უფალო? მან კი მიუგო: შენი ლოცვანი და წყალობანი ავიდნენ ღვთის წინაშე მოსახსენებლად. | 4 | და მან მიხედა მას და ზარი განჰჴდა და ჰრქუა მას: ლოცვანი შენნი და ქველის საქმენი შენნი აღვიდეს საჴსენებელად შენდა წინაშე უფლისა. |
5 | მაშ, გაგზავნე ხალხი იეპოში და მოუხმე სიმონს, რომელსაც ჰქვია პეტრე. | 5 | და აწ მიავლინენ შენ იოპედ კაცნი და მოუწოდე სიმონს, რომელსა ჰრქჳან პეტრე. |
6 | იქ სტუმრადაა ვინმე სიმონ დაბაღისას, ვისი სახლიც ზღვის პირას დგას. | 6 | ამისი ვანი არს სიმონის ვისმე თანა მეპრატაკისა, რომლისა ტაძარი ახს ზღუასა. |
7 | როდესაც მასთან მოსაუბრე ანგელოზი გაუჩინარდა, კორნილიუსმა უხმო ორ მსახურს და ღვთისმოსავ მეომარს, თავის ხელქვეითს, | 7 | და ვითარცა წარვიდა ანგელოზი იგი, რომელი ეტყოდა მას, მოუწოდა ორთა მონათა მისთა და ერის კაცსა, კეთილად მსახურსა, წინაშე მდგომელსა მისსა, |
8 | ყველაფერი უამბო და იოპეს გაგზავნა ისინი. | 8 | და უთხრა მათ ესე ყოველი და წარავლინნა იგინი იოპედ. |
9 | მეორე დღეს, როცა გზად მიმავალნი უკვე ქალაქს მიუახლოვდნენ, პეტრე ერდოზე ავიდა სალოცავად; იქნებოდა, ასე, ექვსი საათი. | 9 | და ხვალისაგან მი-რაჲ-ვიდოდეს იგინი გზასა ზედა, ქალაქსა მიეახლნეს, აღჴდა პეტრე ერდოსა ზედა ლოცვად ჟამსა მეექუსესა, |
10 | მოშივდა და ჭამა მოუნდა; ვიდრე რამეს მოუმზადებდნენ, ექსტაზში ჩავარდა იგი. | 10 | რამეთუ შეემშია და უნდა პირისა ჴსნაჲ. და ვიდრე იგინი უმზადებდეს მას, იყო მის ზედა განკჳრვებაჲ, |
11 | და იხილა გახსნილი ცა, საიდანაც მისკენ ეშვებოდა რაღაც უცნაური ჭურჭელი, ვეება ტილოს მსგავსი, ოთხივე წვერით გამოკრული რომ უახლოვდებოდა მიწას. | 11 | და ხედვიდა ცათა განხუმულთა და გარდამომავალსა ჭურჭელსა რასმე, ვითარცა ტილოსა დიდსა ოთხთაგან კიდეთა ზე დამოკიდებულსა ზეცით ქუეყანად, |
12 | მასში იყო დედამიწის ბინადარი ყოველგვარი ოთხფეხი, ქვეწარმავალი და ცის ფრინველი. | 12 | რომელსა შინა იყო ყოველი ოთხფერჴი და ქუეწარმავალი და მჴეცი ქუეყანისაჲ და მფრინველნი ცისანი. |
13 |
და იყო ხმა მის მიმართ: ადექი, პეტრე, დაკალი და ჭამე. |
13 | და იყო ჴმაჲ მისა მიმართ: აღდეგ პეტრე, დაკალ და ჭამე. |
14 | ხოლო მან თქვა: არა, უფალო, რადგანაც არასოდეს მიჭამია რაიმე ბილწი და უწმინდური. | 14 | მიუგო პეტრე და ჰრქუა: ნუ იყოფინ, უფალო, რამეთუ არასადა შეგინებული და არაწმიდაჲ შესრულ არს პირსა ჩემსა. |
15 | კვლავ იყო ხმა მის მიმართ: რაც წმიდა-ყო ღმერთმა, შენ ნუ მიიჩნევ უწმინდურად. | 15 | და მერმე კუალად მეორედ ჴმაჲ იყო მისა მიმართ და თქუა: რომელი-იგი ღმერთმან წმიდა ყო, შენ ნუ შეგინებულ გიჩნს. |
16 | ასე განმეორდა სამჯერ, და კვლავ ამაღლდა ჭურჭელი ზეცად. | 16 | ხოლო ესე იყო სამ გზის, და კუალად ამაღლდა ჭურჭელი იგი მუნვე ზეცად. |
17 | ვიდრე განცვიფრებული პეტრე ფიქრობდა, ნეტა რას უნდა ნიშნავდეს ჩემს მიერ ხილული ჩვენებაო, - აჰა, კორნელიუსის გამოგზავნილმა კაცებმა სიმონის სახლი იკითხეს და ჭიშკართან შედგნენ. | 17 | და ვითარ-იგი განიზრახვიდა პეტრე გულსა თჳსსა, ვითარმედ რაჲ-მე იყოს ხილვაჲ ესე, რომელი ეჩუენა მას, და აჰა-ესერა კაცნი იგი, რომელნი კორნელეოსისგან მოვლინებულ იყვნეს, იკითხვიდეს სახლსა სიმონისსა და მოვიდეს და დადგეს ბჭეთა ზედა მისთა. |
18 | დაიძახეს და იკითხეს: აქ ხომ არ არის სიმონი, რომელსაც ჰქვია პეტრე? | 18 | და მოხადეს და ჰკითხვიდეს, უკუეთუ სიმონისი, რომელსა ჰრქჳან პეტრე, ვანი არს აქა? |
19 | ვიდრე პეტრე ჩვენებაზე ფიქრობდა, სულმა უთხრა მას: აი, სამი კაცი დაგეძებს. | 19 | ხოლო პეტრე, ვიდრეღა იგი გულის ზრახვად დგა ჩუენებისა მისთჳს, ჰრქუა მას სულმან წმიდამან: აჰა-ეგერა სამნი კაცნი გეძიებენ შენ; |
20 | ადექი, ჩადი და გაჰყევი მათ: ნუღარ ყოყმანობ, ვინაიდან მე მოვავლინე ისინი. | 20 | არამედ აღდეგ და გარდაგუალე და მივედ მათ თანა და ნურარას ორგულებ, რამეთუ მე მომივლინებიან იგინი. |
21 | პეტრე ჩავიდა და უთხრა მათ: მე ვარ, ვისაც დაეძებთ; რისთვის მოსულხართ? | 21 | გარდამოვიდა პეტრე კაცთა მათ თანა, მოვლინებულთა კორნილიოსის მიერ, და ჰრქუა: აჰა-ესერა მე ვარ, რომელსა თქუენ მეძიებთ. აწ რაჲ არს მიზეზი, რომლისათჳს მოსრულ ხართ? |
22 | ხოლო მათ თქვეს: ასისთავ კორნელიუსს, მართალსა და ღვთისმოშიშ კაცს, რომელსაც ემოწმება იუდეველთა მთელი ერი, წმიდა ანგელოზმა უბრძანა, შინ მიგიწვიოს და მოისმინოს შენი სიტყვები. | 22 | ხოლო მათ ჰრქუეს: კორნილიოს ასისთავმან, კაცმან მართალმან და მოშიშმან ღმრთისამან, რომელი წამებულ არს ყოვლისაგან ნათესავისა ჰურიათაჲსა, ბრძანებაჲ მოიღო ანგელოზისაგან წმიდისა მიყვანებად შენდა სახლსა თჳსსა და სმენად შენგან სიტყუათა. |
23 | მაშინ პეტრემ მიიპატიჟა ისინი და გაუმასპინძლდა. მეორე დღეს კი ადგა და გაჰყვა მათ და ზოგიერთი იოპეელი ძმაც თან ახლდა. | 23 | ხოლო მან შეუწოდა მათ და მუნ დაიყენნა და ისტუმრნა იგინი. და ხვალისაგან აღდგა პეტრე და განვიდა მათ თანა, და ვიეთნიმე ძმათაგანნიცა იოპით მიჰყვეს მის თანა. |
24 | მეორე დღეს შევიდნენ კესარიაში. მათ მომლოდინე კორნელიუსს ნათესავები და ახლო მეგობრები შემოეკრიბა. | 24 | და ხვალისაგან შევიდეს კესარიად, ხოლო კორნილეოს მოელოდა მათ, შემოეკრიბა თესლ-ტომი მისი და საყუარელნი მეგობარნი მისნი. |
25 |
როგორც კი შევიდა პეტრე, კორნელიუსი შეეგება, ფეხებში ჩაუვარდა და თაყვანი სცა. |
25 | და იყო შესლვასა მას პეტრესსა, მოეგებოდა მას კორნილიე და შეუვრდა ფერჴთა მისთა და თაყუანის-სცა მას. |
26 | პეტრემ კი წამოაყენა და უთხრა: ადექი, მეც ხომ ადამიანი ვარ. | 26 | ხოლო პეტრე აღადგინა იგი და ჰრქუა მას: აღდეგ რამეთუ მეცა თავადი კაცივე ვარ. |
27 | მასთან საუბრით შევიდა შინ, სადაც დახვდა ბევრი წვეული. | 27 | და იტყოდეს თანად, და შე-რაჲ-ვიდა შინა, პოვნა მუნ მრავალნი შემოკრებულნი. |
28 | და უთხრა მათ: თქვენ იცით, რომ იუდეველს ეკრძალება უცხოელთან ურთიერთობა და დაახლოება, მაგრამ მე ღმერთმა მიჩვენა, რომ არცერთი ადამიანი არ მიმაჩნდეს ბილწად და უწმინდურად. | 28 | და ჰრქუა მათ პეტრე: თქუენ თჳთ უწყით, ვითარმედ არა ჯერ არს კაცისა ჰურიისა მიახლებად წარმართთა, ანუ შეხებად უცხო თესლთა; და მე მიჩუენა ღმერთმან, რაჲთა არავინ კაცი შევჰრაცხო ბილწად და არაწმიდად. |
29 | ამიტომ, როგორც კი მიხმეთ, უყოყმანოდ მოვედი. ახლა გეკითხებით, რისთვის მიხმეთ? | 29 | ამისთჳს უცილობელად შემოვედ თქუენდა, მოვედ რაჲ. აწ უკუე მაუწყეთ, რომლისა სიტყჳსათჳს მომხადეთ მე. |
30 | კორნელიუსმა თქვა: ოთხი დღის წინ ამ დრომდე ვმარხულობდი, მეცხრე საათს კი შინ შევედი სალოცავად, და, აჰა, დადგა ჩემს წინაშე მოელვარე სამოსით მოსილი კაცი, | 30 | ჰრქუა მას კორნილიოს: მეოთხით დღითგან ვიდრე აქა ჟამადმდე ვიყავ მარხული და მეცხრესა ჟამსა ვილოცევდ რაჲ სახლსა შინა ჩემსა, და აჰა-ესერა დადგა კაცი წინაშე ჩემსა სამოსლითა ბრწყინვალითა |
31 | რომელმაც მითხრა: კორნელიუს, შესმენილ იქნა შენი ლოცვა და შენი წყალობანი მოხსენიებულ იქნენ ღმერთის წინაშე. | 31 | და მრქუა მე: კორნილიე, შეისმეს ლოცვანი შენნი, და ქველის საქმენი შენნი მოიჴსენნეს წინაშე ღმრთისა. |
32 | მაშ, გაგზავნე ხალხი იოპეს და მოუხმე სიმონს, პეტრედ წოდებულს, რომელიც სტუმრადაა სიმონ დაბაღის სახლში, ზღვის პირას. | 32 | აწ მიავლინე შენ იოპედ და მოუწოდე სიმონს, რომელსა ჰრქჳან პეტრე: ამას ვანი დაუც სახლსა სიმონის ვისმე მეპრატაკისასა, ზღჳს კიდით კერძო, რომელი მოვიდეს და გეტყოდის შენ. |
33 | მაშინვე გამოვგზავნე ხალხი შენთან და კარგი ქენი, რომ მოხვედი. ახლა ყველანი ღვთის წინაშე ვდგავართ, რომ მოვისმინოთ ყველაფერი, რაც უფალს უბრძანებია შენთვის. | 33 | და მუნთქუესვე წარმოვავლინენ შენდა და შენ კეთილად ჰყავ, რამეთუ მოხუედ. აწ ესერა ჩუენ ყოველნი მოსრულ ვართ წინაშე ღმრთისა სმენად ყოვლისა ბრძანებულისა შენდა უფლისა მიერ. |
34 | პეტრემ გახსნა ბაგენი და თქვა: ჭეშმარიტად ვრწმუნდები, რომ ღმერთისთვის უცხოა მიკერძოება. | 34 | აღაღო პეტრე პირი თჳსი და თქუა: ჭეშმარიტად ვიცი, რამეთუ არა არს თუალთ-ღება ღმრთისა თანა, |
35 | არამედ ყველა ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის. | 35 | არამედ ყოველთა შორის თესლთა რომელსა ეშინის მისა და იქმს სიმართლესა, სათნო მისა არს. |
36 | მან მოუვლინა სიტყვა ისრაელის ძეთ, რათა ეხარებინა მშვიდობა იესო ქრისტეს მიერ: ის არის ყველას უფალი. | 36 | სიტყუაჲ იგი, რომელი მოუვლინა ძეთა ისრაჱლისათა მახარებლად მშჳდობისა იესუ ქრისტეს მიერ, ესე თავადი არს უფალი ყოველთაჲ. |
37 | თქვენ იცით, რა მოხდა მთელ იუდეაში, გალილეიდან მოყოლებუღი, იმ ნათლისცემის შემდეგ, რასაც ქადაგებდა იოანე. | 37 | თქუენ თჳთ უწყით სიტყუაჲ იგი, რომელი იყო ყოველსა ზედა ჰურიასტანსა, რომელმან-იგი იწყო გალილეაჲთ შემდგომად ნათლის-ცემისა, რომელსა-იგი ქადაგებდა იოვანე: |
38 |
ვინაიდან სცხო ღმერთმა სულით წმიდითა და ძალით იესო ნაზარეველს, რომელიც დადიოდა, ქველმოქმედებდა და კურნავდა ყველას, ეშმაკისაგან მიმძლავრებულს, რადგანაც მასთან იყო ღმერთი. |
38 | იესუს ნაზარეველსა, რომელსა-იგი სცხო ღმერთმან სულითა წმიდითა და ძალითა, რომელი-იგი მოვიდა ქველის მოქმედად და განკურნებად ყოველთა მიმძლავრებულთა ეშმაკისათა, რამეთუ ღმერთი იყო მის თანა. |
39 | ჩვენა ვართ ყოველივე იმის მოწმენი, რაც მოიმოქმედა მან იუდეველთა ქვეყანაში და იერუსალიმს; ბოლოს კი ძელზე დაკიდეს და მოკლეს. | 39 | და ჩუენ მოწამე ვართ ყოველთათჳს, რომელნი ქმნნა სოფელსა მას ჰურიასტანისასა და იერუსალჱმს შინა, რომელცა-იგი მოკლეს დამოკიდებითა ძელსა ზედა. |
40 | მაგრამ ღმერთმა აღადგინა მესამე დღეს და მისცა ძალა, გამოცხადებოდა | 40 | ესე ღმერთმან აღადგინა მესამესა დღესა და მისცა მას განცხადებულებაჲ, |
41 | მთელ ხალხს კი არა, არამედ ღვთის მიერ წინასწარ არჩეულ მოწმეებს, - ჩვენ, რომელნიც მასთან ერთად ვჭამდით და ვსვამდით მისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ. | 41 | არა ყოვლისა ერისაჲ, არამედ მოწამეთა ამათ, რჩეულთა წინაჲსწარვე ღმრთისა მიერ, ჩუენ, რომელნი მის თანა ვჭამდით და ვსუემდით შემდგომად მკუდრეთით აღდგომისა მისისა. |
42 | მან გვიბრძანა გვექადაგა ხალხისთვის და გვემოწმებინა, რომ ის არის ღვთის მიერ განჩინებული ცოცხალთა და მკვდართა მსაჯულად. | 42 | და მამცნო ჩუენ ქადაგებად ერისა და წამებად, რამეთუ იგი თავადი არს განჩინებული ღმრთისა მიერ, მსაჯული ცხოველთა და მკუდართაჲ. |
43 | მისთვის მოწმობს ყველა წინასწარმეტყველი, რომ ვისაც სწამს იგი, მიიღებს ცოდვათა მიტევებას მისი სახელით. | 43 | ამას ყოველნი წინასწარმეტყუელნი ეწამებიან მოტევებასა ცოდვათასა მოღებად სახელითა მისითა ყოველთა რომელთა ჰრწმენეს მისა მიმართ. |
44 | პეტრე ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, რომ სული წმიდა გადმოვიდა ყველაზე, ვისაც ესმოდა ეს სიტყვა. | 44 | და ვიდრე-იგი იტყოდა-ღა პეტრე სიტყუათა ამათ, მოვიდა სული წმიდაჲ და დაადგრა ყოველთა ზედა, რომელთა ესმოდა სიტყუაჲ იგი, |
45 | წინადაცვეთილ მორწმუნეებს, რომლებიც პეტრეს მოჰყვნენ, უკვირდათ, რომ წარმართებსაც მიეფინათ სული წმიდის ნიჭი. | 45 | და დაუკჳრდა წინა-დაცუეთილებისაგანთა მორწმუნეთა, რაოდენნი-იგი შევიდეს პეტრეს თანა, რამეთუ წარმართთაცა ზედა ნიჭი იგი სულისა წმიდისაჲ მიფენილ არს, |
46 | რადგანაც ესმოდათ, როგორ ლაპარაკობდნენ ისინი სხვადასხვა ენაზე და ადიდებდნენ ღმერთს. | 46 | რამეთუ ესმოდა მათი, იტყოდეს რაჲ ენათა, და ადიდებდეს ღმერთსა. მაშინ მიუგო პეტრე და ჰრქუა: |
47 | მაშინ პეტრემ თქვა: ვინ აუკრძალავს წყლით ნათლისღებას ამათ, ჩვენსავით რომ მიიღეს სული წმიდა? | 47 | წყლისაგან ნუ რაჲ ყენებაჲ არსა არა ნათლის-ცემაჲ ამათი, რომელთა-ესე სული წმიდაჲ მიიღეს, ვითარცა-იგი ჩუენ? |
48 | და უბრძანა მათ, ნათელ ეღოთ იესო ქრისტეს სახელით. მაშინ სთხოვეს, რამდენიმე დღე დარჩენილიყო მათთან. | 48 | და უბრძანა მათ ნათლის-ღებად სახელითა იესუ ქრისტესითა. მაშინ ევედრნეს მას, რაჲთა დაადგრეს მათ თანა დღე რაოდენმე. |