ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მოციქულთა საქმენი

თავი მეთორმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

იმხანად მეფე ჰეროდემ ბოროტი ზრახვით აღმართა ხელი ეკლესიის ზოგიერთ წევრზე.

1 მას ჟამსა შინა ჴელი მიყო ჰეროდე მეფემან ძჳრის ყოფად რომელთამე ეკლესიისაგანთა
2 და მახვილით მოაკვლევინა იაკობი, იოანეს ძმა. 2 და მოკლა იაკობ, ძმაჲ იოვანესი, მახჳლითა.
3 რაკი დაინახა, რომ ამით აამა იუდეველებს, პეტრეს შეპყრობაც ბრძანა (უფუარობის დღეები იყო). 3 და ვითარცა იხილა, რამეთუ სათნო უჩნდა ჰურიათა მათ, შესძინა შეპყრობაჲ პეტრესიცა. ხოლო იყვნეს დღენი იგი უცომოებისანი.
4 როგორც კი შეიპყრო, საპყრობილეში ჩასვა და ჯარისკაცთა ოთხ ათეულს უბრძანა მისი დარაჯობა, რადგანაც აპირებდა ნაპასექევს ხალხის წინაშე გამოეყვანა. 4 და შე-რაჲ-იპყრა იგი, შესუა საპყრობილესა და მისცა იგი ოთხთა ოთხეულთა ერისაგანთა ცვად. ესრეთ ეგულებოდა, რაჲთა შემდგომად ზატიკისა აღიყვანოს იგი და მისცეს ერსა მას.
5 ასე რომ, პეტრეს დარაჯობდნენ საპყრობილეში, ეკლესია კი გულმხურვალედ ლოცულობდა მისთვის ღვთის მიმართ. 5 და პეტრე ცვულ იყო საპყრობილესა მას შინა. ხოლო ლოცვაჲ გულს-მოდგინედ იყოფოდა ეკლესიათა მიერ ღმრთისა მიმართ მისთჳს.
6 იმ ღამეს, როცა ჰეროდემ მისი გამოყვანა დააპირა, პეტრეს ორ ჯარისკაცს შორის ეძინა, ორმაგი ჯაჭვით შეკრულს, კართან მდგარი მცველები კი საპყრობილეს დარაჯობდნენ. 6 რაჟამს უკუე ეგულებოდა ჰეროდეს გამოყვანებად და მიცემად ჴელთა მათთა, მას ღამესა ეძინა პეტრეს შორის ორთა ერისაგანთა, შეკრულსა ჯაჭჳთა მრჩობლითა, და მჴუმილნი იგი წინაშე კართა სცვიდეს საპყრობილესა მას.
7 და, აჰა, წარმოსდგა ანგელოზი უფლისა და ნათელმა მოიცვა მთელი საკანი; ფერდში წაჰკრა პეტრეს, გააღვიძა და უთხრა: ადექი ჩქარა! და ხელებიდან დასცვივდა ჯაჭვი. 7 და აჰა ანგელოზი უფლისაჲ ზედა მოადგა, და ნათელი გამობრწყინდა სახლსა მას შინა, და სცა გუერდსა პეტრესსა, და განაღჳძა იგი და ჰრქუა მას: აღდეგ ადრე. და დასცჳვეს ჯაჭუნი იგი ჴელთაგან მისთა.
8 ანგელოზმა თქვა: სარტყელი მოირტყი და ჩაიცვი შენი ხამლები. ასეც მოიქცა. მან კი უბრძანა: მოისხი შენი მოსასხამი და მომყევი. 8 ჰრქუა მას ანგელოზმან მან: მოირტყ და შეისხენ სანდალნი შენნი. და მან ყო ეგრეთ. და ჰრქუა მას: შეიმოსე სამოსელი შენი და შემომიდეგ მე.
9 გავიდა და პეტრეც გაჰყვა, მაგრამ არ იცოდა, რომ ცხადი იყო, რასაც იქმოდა ანგელოზი, არამედ ეგონა სიზმარს ვხედავო. 9 და განვიდა და შეუდგა მას, და არა უწყოდა, ვითარმედ ჭეშმარიტ არს, რომელი-იგი იყო ანგელოზისა მისგან; ეგრე ჰგონებდა, ვითარმედ ჩუენებასა იხილავს.
10 პირველსა და მეორე საგუშაგოს რომ გასცდნენ, ქალაქში შესასვლელ რკინის ბჭეს მიადგნენ, თავისით რომ გაიღო მათ წინაშე, და როცა გამოსულებმა ერთი ქუჩა გაიარეს, მყისვე გაშორდა მას ანგელოზი. 10 და ვითარ განვლეს მათ პირველი საჴუმილავი და მეორე, მიიწინეს იგინი ბჭეთა მათ რკინისათა, რომელი შევიდოდა ქალაქად, რომელცა-იგი თჳთ განეღო მათ. და ვითარცა განვლეს იგი, წარვლეს უბანი ერთი, და მეყსეულად განეშორა მისგან ანგელოზი იგი.
11 გონს რომ მოეგო, პეტრემ თქვა: ახლა კი ვხედავ ჭეშმარიტად, რომ უფალმა მოავლინა თავისი ანგელოზი, რომელმაც დამიხსნა ჰეროდეს ხელიდან და ყოველივე იმისაგან, რასაც მოელოდნენ იუდეველნი. 11 და პეტრე მოეგო გონებასა თჳსსა და თქუა: აწ უწყი ჭეშმარიტად, რამეთუ მოავლინა ღმერთმან ანგელოზი თჳსი და განმარინა მე ჴელთაგან ჰეროდესთა და ყოვლისაგან მოლოდებისა ერისა მის ჰურიათაჲსა.
12 ამ ფიქრით მიადგა მარკოზად წოდებული იოანეს სახლს, სადაც მრავალნი შეკრებილიყვნენ და ლოცულობდნენ. 12 გულსა მოეგონა და მივიდა სახლსა მარიამისსა, დედისა მის იოვანესსა, რომელსა ერქუა მარკოს, სადა-იგი იყვნეს მრავალნი შეკრებულ და ილოცვიდეს.
13 როდესაც პეტრემ ჭიშკარზე დააკაკუნა, მისაყურადებლად გამოვიდა ერთი მხევალი, სახელად როდე. 13 და ვითარცა ჰრეკა პეტრე კარსა ბჭისასა, გამოვიდა მჴევალი ერთი სმენად, რომელსა სახელი ერქუა როდი.
14

პეტრეს ხმა რომ შეიცნო, სიხარულისაგან ჭიშკარიც კი არ გაუღია, არამედ შინ შევარდა და შეკრებილთ შეატყობინა, ჭიშკართან პეტრე დგასო.

14

და ვითარცა იცნა ჴმაჲ იგი პეტრესი, სიხარულითა არა განუღო მას კარი, არამედ შინა შერბიოდა და უთხრა, ვითარმედ: პეტრე კართა ზედა დგას.

15 მათ უთხრეს, ხომ არ შეიშალეო, ის კი თავისას გაიძახოდა. მაშინ თქვეს: მისი ანგელოზი იქნებაო. 15 ხოლო მათ ჰრქუეს: ჰბორგი. და იგი დაამტკიცებდა, ვითარმედ: ესრეთ არს. ხოლო იგინი იტყოდეს, ვითარმედ: ანგელოზი მისი არს.
16 პეტრე კი განაგრძობდა კაკუნს. როცა გაუღეს, დაინახეს და სახტად დარჩნენ. 16 და პეტრე ჰრეკდა კარსა მას ზედაჲს-ზედა. ხოლო გან-რაჲ-უღეს, იხილეს იგი და განჰკრთეს.
17 ხოლო მან ხელით ანიშნა, ჩუმად იყავითო, და უამბო მათ, როგორ გამოიყვანა უფალმა საპყრობილედან; მერე თქვა: ეს ამბავი იაკობს და ძმებსაც შეატყობინეთო; გამოვიდა და სხვაგან წავიდა. 17 მან ჴელი განუყარა მათ, რაჲთა დადუმნენ. და მიუთხრა მათ, ვითარ-იგი უფალმან გამოიყვანა საპყრობილით, და ამცნო: უთხართ ესე იაკობს და ძმათა ყოველთა. და განვიდა და წარვიდა სხუასა ადგილსა.
18 განთიადისას ჯარისკაცებს შორის განგაში ატყდა: პეტრე რა იქნაო? 18 და ვითარცა განთენა, არა მცირედი შეზრუნებაჲ იყო ერის კაცთაჲ მათ, ვითარმე: რაიმე იქმნა პეტრე?
19 ჰეროდემ ბევრი ეძება, მაგრამ ვერ მიაგნო. მაშინ დაჰკითხა მცველები და მათი დახოცვა ბრძანა. მერე კი იუდეიდან კესარიაში ჩავიდა და იქ დარჩა. 19 და ჰეროდე ეძიებდა მას და არა პოვა. მაშინ განიკითხნა მცველნი იგი და ბრძანა მოკლვაჲ მათი. და მოვიდა მიერ ჰურიასტანით და კესარიას იქცეოდა.
20 ჰეროდე გულმწყრალად იყო ტიროსელთა და სიდონელთა მიმართ. ამიტომაც ისინი ერთად მივიდნენ, გადაიბირეს ბლასტოსი, მეფის მესაწოლე, და ზავი ითხოვეს, ვინაიდან მათი ქვეყანა ჰეროდეს სამეფოდან იღებდა სარჩოს. 20 ხოლო იყო ჰეროდე გულ-მწყრალ ტჳრელთა და სიდონელთათჳს. და იგინი მოსრულ იყვნეს ერბამად მისა და ქველის მეტყუელ იყოფდეს ვლასტონს, რომელი იყო სასუენებელსა ზედა მეფისასა, და ითხოვდეს მშჳდობასა, რამეთუ ქუეყანაჲ იგი მათი იზარდებოდა სამეუფოჲსაგან მისისა.
21 დათქმულ დღეს სამეფო სამოსით მოსილი ჰეროდე ტახტზე დაჯდა და სიტყვით მიმართა მათ. 21 და დღესა ერთსა დაწესებულსა ჰეროდე შეიმოსა სამოსელი სამეუფოჲ და დაჯდა საყდარსა ზედა და ზრახვიდა მათდა მიმართ.
22 ხალხი კი ღაღადებდა: ღმერთის ხმა გვესმის და არა კაცისაო. 22 და ერი იგი ღაღადებდა: ღმრთისა ჴმაჲ არს და არა კაცისაჲ.
23 მაგრამ უფლის ანგელოსმა ანაზდეულად დაამხო იგი, რადგანაც დიდება არ მიაგო ღმერთს, და მატლებისაგან შეჭმულმა სული განუტევა. 23 და მეყსეულად სცა მას ანგელოზმან უფლისამან ამისთჳს, რამეთუ არა მისცა დიდებაჲ ღმერთსა, და იქმნა იგი მატლთა შესაჭმელ და სულნი წარჰჴდეს.
24 ღვთის სიტყვა კი იზრდებოდა და ფრთებს შლიდა. 24 რამეთუ სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ აღორძნდებოდა და განმრავლდებოდა.
25 თავიანთი მსახურება რომ აღასრულეს, ბარნაბა და სავლე იერუსალიმიდან კვლავ ანტიოქიაში დაბრუნდნენ და თან ჩაიყვანეს იოანე, ვისაც მარკოზადაც უხმობდნენ. 25 ბარნაბა და სავლე მოიქცეს იერუსალჱმით ანტიოქიადვე, ვითარ-იგი აღასრულეს მსახურებაჲ მათი; თანა წარიყვანეს იოვანეცა, რომელსა წოდებულ იყო მარკოზ.