ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მოციქულთა საქმენი

თავი მეცამეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ხოლო ანტიოქიის ეკლესიაში იყვნენ წინასწარმეტყველნი და მოძღვარნი: ბარნაბა და სიმონი, რომელსაც ერქვა ნიგერი, ლუციუს კირენელი, ჰეროდე მეოთხედმთავრის ძუძუმტე მანაენი და სავლე.

1 იყვნეს ინტიოქიას შინა მსგავსად კრებულისა მის წინაწარმეტყუელნი და მოძღუარნი: ბარნაბა და სჳმეონ, რომელსა-იგი ერქუა ნიგერ, და ლუკიოს კჳრინელი და მანაინ, რომელი-იგი იყო ძუძუს მტე ჰეროდე მეფისაჲ, და სავლე.
2 უფალს რომ მსახურებდნენ და მარხულობდნენ, უთხრა მათ სულმა წმიდამ: გამომირჩიეთ ბარნაბა და სავლე იმ საქმისათვის, რისთვისაც ვუხმე მათ. 2 და ვიდრე-იგი ჰმსახურებდეს უფალსა და იმარხვიდეს, ჰრქუა მათ სულმან წმიდამან: გამომირჩიენით მე ბარნაბა და სავლე საქმესა, რომელსა მე უწოდი მათ.
3 მაშინ, მარხვას და ლოცვას რომ მორჩნენ, ხელი დაადეს მათ და გაუშვეს. 3 მაშინ იმარხეს და ილოცეს და დაასხნეს მათ ზედა ჴელნი მათნი და განუტევნეს.
4 ხოლო ისინი, სულის წმიდის მიერ მივლინებულნი, სელევკიაში ჩავიდნენ და იქიდან კიპროსისკენ გაცურეს. 4 ესენი უკუე ვითარცა წარიგზავნნეს სულისა მიერ წმიდისა, შთავიდეს სელევკიად , და მიერ ნავითა წიაღჴდეს კჳპრედ.
5 სალამინში ყოფნისას ღვთის სიტყვას ქადაგებდნენ იუდეველთა სინაგოგებში და იოანეც თან ჰყავდათ მსახურებისას. 5 და შე-რაჲ-ვიდეს სალამინდ, უთხრობდეს სიტყუასა მას ღმრთისასა შესაკრებელსა მას შორის ჰურიათასა; თანა ჰყვანდა იოვანეცა მსახურად.
6 როცა მთელი კუნძული მოიარეს პაფოსამდე, შეხვდნენ ერთ მოგვს, იუდეველ ცრუწინასწარმეტცელს, სახელად ბარიესოს, 6 და ვითარცა მოვლეს ყოველი იგი ჭალაკი ვიდრე პაფოდმდე, პოვეს კაცი ვინმე მოგჳ, ცრუ წინაწარმეტყუელი, ჰურიაჲ, რომლისა სახელი ბარიისუ,
7 რომელიც პროკონსულ სერგიუს პავლიუსს, გონიერ კაცს ახლდა. მან უხმო ბარნაბასა და სავლეს, რადგანაც სურდა მოესმინა ღვთის სიტყვა. 7 რომელი-იგი იყო მთავრისა მის ანთჳპატისა თანა სერგისა პავლესა, კაცისა გონიერისა. ამან მოუწოდა ბარნაბას და სავლეს, და ეძიებდა მათგან სმენად სიტყუასა ღმრთისასა.
8 მაგრამ მათ წინ აღუდგა მოგვი ელიმა, რადგანაც ასე ითარგმნება მისი სახელი, და ცდილობდა რწმენისაგან მიექცია პროკონსული. 8 ხოლო უჴდებოდა მას ელჳმას, მოგჳ იგი, რამეთუ ესრეთ გამოითარგმანების სახელი მისი, და ეძიებდა გარდაქცევასა ანთჳპატისასა სარწმუნოებისაგან.
9 ხოლო სავლე, იგივე პავლე, აღივსო სულით წმიდით, შეხედა მას 9 ხოლო სავლე, რომელ არს პავლე, აღივსო სულითა წმიდითა, მიხედა მას
10 და უთხრა: ეჰა, სავსეთ ყოველგვარი მზაკვრობით და უკეთურობით, ეშმაკის ძეო და ყოველგვარი სიმართლის მტერო, როდემდის უნდა ამრუდო უფლის წრფელი გზანი? 10 და ჰრქუა: ჵ სავსეო ყოვლითა ზაკუვითა და ყოვლითა მანკიერებითა, შვილო ეშმაკისაო და მტერო ყოვლისა სიმართლისაო, არა დასცხრეა გარდაქცევად გზათა მათ უფლისათა წრფელთა?
11 აჰა, ახლა შენზეა უფლის ხელი: დაბრმავდები და დრომდე ვეღარ იხილავ მზეს. მაშინვე თავს დაატყდა წყვდიადი და უკუნეთი, აქეთ-იქით აწყდებოდა და ეძებდა გამძღოლს. 11 და აწ ესერა ჴელი უფლისაჲ შენ ზედა, და იყო შენ ბრმა და შენ ხედვიდე მზესა ვიდრე ჟამადმდე. და მეყსეულად დაეცა მის ზედა არმური და ბნელი, და მიმოვიდოდა და იძიებდა მძღუარსა.
12 როცა პროკონსულმა დაინახა, რაც მოხდა, ირწმუნა, უფლის მოძღვრებით განცვიფრებულმა. 12 მაშინ ვითარცა იხილა ანთჳპატმან მან, რაჲ-იგი იქმნა, ჰრწმენა განკჳრვებულსა მოძღურებასა მას ზედა უფლისასა.
13

პაფოსიდან წამოსული პავლე და მისი მხლებლები პამფილიის პერგეში ჩავიდნენ, იოანე კი ჩამოსცილდა მათ და იერუსალიმში დაბრუნდა.

13 წარ-რაჲ-ვიდეს პაფოჲთ პავლე და მისთანანი იგი, წიაღჴდეს პერგედ პამფილიაჲსა. ხოლო იოვანე განეშორა მათგან და მიიქცა მუნვე იერუსალჱმდ.
14 ხოლო ისინი პერგედან პისიდიის ანტიოქიას მიადგნენ, შაბათ დღეს შევიდნენ სინაგოგაში და დასხდნენ. 14 და იგინი განვიდეს პერგით და მივიდეს ანტიოქიად პისიდიისა, და შევიდეს შესაკრებელსა მათსა დღესა შაბათსა და დასხდეს.
15 რჯულისა და წინასწარმეტყველთა კითხვას რომ მორჩნენ, სინაგოგის წინამძღვრებმა კაცის პირით შეუთვალეს: კაცნო, ძმანო, თუ სამოძღვრო სიტყვა რამ გაქვთ ამ ხალხისათვის სათქმელი, თქვით. 15 და ვითარცა აღმოიკითხეს სჯული და წინაწარმეტყუელნი, მიავლინნეს მათდა შესაკრებელის მთავართა მათ და ჰრქუეს: კაცნო ძმანო, უკუეთუ არს თქუენ თანა სიტყუაჲ ნუგეშინის-ცემისაჲ ერისა ამის მომართ, იტყოდეთ.
16 წამოდგა პავლე, ხელით ანიშნა ხალხს, დაჩუმდითო, და თქვა: მისმინეთ! 16 აღდგა პავლე და განუყარა ჴელი, რაჲთა დადუმნენ, და თქუა: კაცნო ისრაიტელნო და რომელნი მოშიშნი ღმრთისანი ხართ, ისმინეთ!
17

ამ ხალხის, ისრაელის ღმერთმა გამოარჩია ჩვენი მამები, აამაღლა ეს ხალხი ეგვიპტის მიწაზე ყოფნისას და ზეშემართული მკლავით გამოიყვანა იქიდან.

17 ღმერთმან ამის ერისამან გამოირჩინა მამანი ჩუენნი და ერი იგი აღამაღლა ჟამსა მას მწირობისასა ქუეყანასა მას ეგჳპტისასა, და მკლავითა მაღლითა გამოიყვანნა იგინი მიერ.
18 ორმოციოდე წელიწადს ასაზრდოებდა მათ უდაბნოში. 18 და ზრდიდა მათ უდაბნოსა ზედა ორმეოცისა წლისა ჟამთა,
19 ქანაანის მიწაზე შვიდ ხალხს გაავლო მუსრი და ისრაელს დაუმკვიდრა მათი ქვეყანა. 19 და დაარღჳნა ნათესავნი შჳდნი ქუეყანასა მას ქანანისასა და დაუმკჳდრა მათ ქუეყანაჲ იგი მათი.
20 შემდგომ ამისა, თითქმის ოთხას ორმოცდაათი წლის მანძილზე აძლევდა მათ მსაჯულებს წინასწარმეტყველ სამუელამდე. 20 და შემდგომად ამისა ვითარ ოთხას ერგასის წელ ოდენ მოსცა მათ მსაჯულებ მიდღედმდე სამოელ წინაწარმეტყუელისა.
21 მერე ითხოვეს და მისცა ღმერთმა მათ საული, ძე კისისა, ბენიამინის ტომიდან, და მეფობდა იგი ორმოც წელიწადს. 21 მიერითგან ითხოვეს მეფე, და მოსცა მათ ღმერთმან საულ, ძე კისისი, კაცი ნათესავისაგან ბენიამენისა, ორმეოც წელ.
22 ხოლო მისი გადაყენების შემდეგ მეფედ დაუსვა მათ დავითი, ვისაც თავად უმოწმა სიტყვით: „ვპოვე დავითი, ძე იესესი, ჩემი გულით ნანატრი კაცი, რომელიც მთლიანად აღასრულებს ჩემს ნებას“. 22 და ვითარცა გარდაცვალა იგი, აღუდგინა მათ დავით მეფედ, რომელსა-იგი თავადი ეწამა, და თქუა: ვპოვე დავით ძე იესესი, კაცი გულითადი ჩემი, რომელმან ყოს ყოველი ნებაჲ ჩემი.
23 სწორედ მისი თესლისგან ღმერთმა აღთქმისამებრ აღუდგინა ისრაელს მაცხოვარი იესო, 23 მისისა მის ნათესავისაგან ღმერთმან აღთქუმისა მისებრ აღუდგინა ისრაჱლსა მჴსნელი იესუ,
24 ვის მოსვლამდეც იოანე წინასწარ უქადაგებდა მთელ ხალხს ნათლისღებას სინანულისას. 24 რომელსა წინაჲსწარ ქადაგებდა იოვანე წინაშე პირსა შემოსლვისა მისისასა ნათლის-ღებასა სინანულისასა ყოვლისა მიმართ ერისა ისრაჱლისა.
25

ხოლო თავისი სარბიელის დასასრულს იოანე ამბობდა: ვინც თქვენ გგონივართ, ის არა ვარ; არამედ, აჰა, მოდის ჩემს შემდეგ ის, ვის წინაშე იმის ღირსიც არა ვარ, რომ ხამლი შევუხსნა ფეხზე.

25 ვითარცა აღასრულებდა იოვანე სრბასა თჳსსა, იტყოდა: ვინ-იგი გგონიე მე ყოფად, მე არა იგი ვარ, არამედ ესერა მოვალს შემდგომად ჩემსა, რომელსა-იგი არა ვარ ღირს განჴსნად ჴამლთა ფერჴთა მისთასა.
26 კაცნო, ძმანო, აბრაამის მოდგმის ძენო და ღვთისმოშიშნო თქვენს შორის: აჰა, მოგევლინათ ხსნის სიტყვა. 26 კაცნო ძმანო და ძენო ნათესავისა მის აბრაჰამისნო, და თქუენ შორის რომელთა ეშინის ღმრთისა, თქუენთჳს სიტყუაჲ იგი ცხორებისაჲ მოივლინა.
27 ვინაიდან იერუსალიმელებმა და მათმა მთავრებმა ვერ იცნეს იგი, განსაჯეს და, ამრიგად, აღასრულეს წინასწარმეტყველთა სიტყვები, რომლებიც იკითხება ყოველ შაბათს. 27 რამეთუ რომელნი-იგი მკჳდრ არიან იერუსალჱმს შინა და მთავარნი იგი მათნი ამას უმეცარ იქმნნეს და ჴმათა მათ წინაწარმეტყუელთასა, რომელნი-იგი ყოველთა შაბათთა აღმოიკითხვოდეს, საჯეს და აღასრულეს.
28 და რაკი სიკვდილით დასჯის ღირსი ერთი ბრალიც ვერ უპოვეს, პილატეს სთხოვეს, მოეკლა იგი. 28 და არცა ერთი ბრალი სიკუდილისაჲ უპოეს და მოითხოვეს პილატესგან მოკლვად იგი.
29 ხოლო როცა აღასრულეს ყველაფერი, რაც მასზე დაიწერა, ძელიდან ჩამოხსნეს და სამარხში დაასვენეს. 29 და ვითარ-იგი აღასრულეს ყოველივე, რომელი მისთჳს წერილ იყო, გარდამოჰჴსნეს იგი ძელისაგან და დადვეს საფლავსა.
30 მაგრამ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით. 30 ხოლო ღმერთმან აღადგინა იგი მკუდრეთით,
31 მრავალი დღის განმავლობაში ეჩვენებოდა გალილეიდან იერუსალიმში მასთან ერთად ამოსულთ, რომელნიც ახლა მისი მოწმენი არიან ხალხის წინაშე. 31 რომელი-იგი ეჩუენა დღეთა მრავალთა მათ, რომელნი-იგი მის თანა აღმოსულ იყვნეს გალილეაჲთ იერუსალჱმდ, რომელნი-იგი აწ არიან მოწამე მისა ერისა მიმართ.
32 და ჩვენ გახარებთ, რომ მამებისათვის მიცემული აღთქმა ღმერთმა აგვისრულა მათ შვილებს და აღგვიდგინა იესო. 32 და ჩუენ თქუენ გახარებთ მამათა მიმართ ქმნილსა მას აღთქუმასა, რამეთუ ესე ღმერთმან აღუსრულა შვილთა მათთა და ჩუენ აღგჳდგინა იესუ.
33 როგორც წერია მეორე ფსალმუნში: „ძე ხარ ჩემი, დღეს გშობე შენ“. 33 ვითარცა ფსალმუნსა მეორესა წერილ არს, ვითარმედ: ძე ჩემი ხარ შენ და მე დღეს მიშობიე შენ.
34 ხოლო მკვდრეთით რომ აღადგინა იგი, რათა აღარასოდეს მიბრუნებოდა ხრწნილებას, ასე ბრძანა: „მე მოგცემთ სიწმიდეს, დავითისათვის აღთქმულს“. 34 ხოლო რამეთუ აღადგინა იგი მკუდრეთით და არღარა ეგულებოდა მიქცევაჲ განსახრწნელად, ესრეთ თქუა, ვითარმედ: მიგცე თქუენ წმიდაჲ იგი დავითისი სარწმუნოჲ.
35 ამიტომ სხვაგანაც ამბობს: „არ ახილვინებ ხრწნილებას შენს წმიდას“. 35 რომლისათჳს სხუასაცა ადგილსა იტყჳს: არა სცე წმიდასა შენსა ხილვად განსახრწნელი.
36 დავითმა, მას შემდეგ, რაც ღვთის ნებით ემსახურა თავის მოდგმას, მიიძინა, შეერთო თავის მამებს და იხილა ხრწნილება. 36 რამეთუ დავით ნათესავსა შინა თჳსსა ჰმსახურა და ნებითა ღმრთისაჲთა შეისუენა და შეეძინა მამათა თჳსთა და იხილა განსახრწნელი.
37 ხოლო მას, ვინც ღმერთმა აღადგინა, არ უხილავს ხრწნილება. 37 ხოლო რომელი ღმერთმან აღდგინა, არა იხილა განსახრწნელი.
38 მაშ, იცოდეთ, კაცნო, ძმანო, რომ მის მიერ გეუწყებათ ცოდვათა მიტევება. 38 უწყებულ უკუე იყავნ ესე თქუენდა, კაცნო ძმანო, რამეთუ ამის მიერ თქუენ მოტევებაჲ ცოდვათაჲ გეხარების;
39 ყოველივე იმისაგან, რისგანაც მოსეს რჯულით ვერ შესძელით გამართლება, მის მიერ გამართლდება ყველა მორწმუნე. 39 და ყოველთა მათგან, რომელთაგან ვერ უძლეთ სჯულითა მით მოსესითა განმართლებად, ამის მიერ ყოველსა რომელსა ჰრწმენეს, განმართლდების.
40 ფრთხილად იყავით, რათა არ მოიწიოს თქვენზე წინასწარმეტყველთაგან თქმული: 40 იხილეთ, ნუუკუე მოიწიოს თქუენ ზედა თქუმული იგი წინაწარმეტყუელთა შინა, ვითარმედ:
41 „უყურეთ, მოძულენო, განცვიფრდით და განქარდით, რადგანაც იმნაირ საქმეს აღვასრულებ თქვენს დროში, რომელსაც არ დაიჯერებდით, ვინმეს რომ ეამბნა თქვენთვის“. 41 იხილეთ შეურაცხის-მყოფელთა მაგათ და გიკჳრდინ და განირყუნენით, რამეთუ საქმესა ვიქმ მე დღეთა თქუენთა, საქმესა რომელი-იგი არა გრწმენეს, უკუეთუ ვინმე გითხრას თქუენ.
42 იუდეველთა სინაგოგიდან გამოსვლისას ხალხი სთხოვდა მათ, იგივე ელაპარაკათ მომავალ შაბათს. 42 და ვითარცა ეგულებოდა მათ განსლვაჲ შესაკრებელისაგან ჰურიათაჲსა, ჰლოცვიდეს მათ წარმართნი და ევედრებოდეს მერმესაცა შაბათსა თხრობად მათდა სიტყუათა ამათ.
43 საკრებულო რომ დაიშალა, იუდეველთა და ღვთისმოსავ პროზელიტთაგან მრავალი გაჰყვა პავლესა და ბარნაბას, რომლებიც ესაუბრებოდნენ და არწმუნებდნენ მათ, დამკვიდრებულიყვნენ ღვთის მადლში. 43 და ვითარცა განუტევეს კრებული იგი, მისდევდეს მათ მრავალნი ჰურიათაგანნი და მორწმუნეთა მათ მწირთაგანნი პავლეს და ბარნაბას, ხოლო იგინი ეტყოდეს მათ და არწმუნებდეს მტკიცედ დადგრომად მადლსა მას ზედა ღმრთისასა.
44 მეორე დღეს თითქმის მთელმა ქალაქმა მოიყარა თავი, რათა მოესმინათ ღვთის სიტყვა. 44 და მერმესა მას შაბათსა კნინღა-და ყოველი იგი ქალაქი შეკრბა სმენად სიტყუასა მას უფლისასა.
45 ამდენი ხალხის დანახვაზე იუდეველები შურით აღივსნენ და გმობით უარყოფდნენ იმას, რასაც ამბობდა პავლე. 45 ხოლო იხილეს რაჲ ჰურიათა მათ ეგოდენი იგი ერი, აღივსნეს შურითა და მჴდომად აღუდგეს სიტყუათა მათ პავლესთა და ჰგმობდეს მათ.
46 ხოლო პავლემ და ბარნაბამ თამამად თქვეს: პირველად თქვენთვის უნდა გვეუწყებინა ღვთის სიტყვა, მაგრამ რაკი უარყოფთ მას და საუკუნო სიცოცხლის უღირსად მიგაჩნიათ თავი, მაშინ ჩვენც წარმართებს მივმართავთ. 46 განეცხადნეს ბარნაბა და პავლე და თქუეს: თქუენდა ჯერ-იყო პირველად რქუმად სიტყუაჲ ესე ღმრთისაჲ. ხოლო ვინაჲთგან განიშორებთ მას და არა ღირსად გისჯიან თავნი თჳსნი ცხოვრებისა საუკუნოჲსა, აჰა-ესერა მივიქცევით წარმართთა მიმართ.
47 რადგანაც ასე გვამცნო უფალმა: „დაგადგინე შენ წარმართთა ნათლად, რათა იყო ხსნად ქვეყნის კიდემდე“. 47 რამეთუ ესრეთ მამცნო ჩუენ უფალმან, ვითარმედ: დაგადგინე შენ ნათლად წარმართთა, რაჲთა იყო შენ მაცხოვრად კიდით კიდედმდე ქუეყანისა.
48 ეს რომ ესმოდათ, ხარობდნენ წარმართნი და ადიდებდნენ უფლის სიტყვას, და ირწმუნა ყველამ, ვინც იყო განწესებული საუკუნო სიცოცხლისათვის. 48 ესე რაჲ ესმოდა წარმართთა, უხაროდა და ადიდებდეს სიტყუასა მას უფლისასა. და ჰრწმენა, რაოდენნიცა იყვნეს დაწესებულ ცხორებასა საუკუნესა.
49 და ვრცელდებოდა უფლის სიტყვა მთელს ქვეყანაში. 49 და მიმოეფინებოდა სიტყუაჲ იგი უფლისაჲ ყოველსა მას სოფელსა.
50 მაგრამ იუდეველებმა წააქეზეს ღვთისმოსავი და წარჩინებული ქალები და ქალაქის თავკაცნი, დევნა დაუწყეს პავლესა და ბარნაბას და თავიანთი საზღვრებიდან გააძევეს ისინი. 50 ხოლო ჰურიათა მათ განარისხნეს მსახურნი იგი დედანი აზნაურნი და მთავარნი იგი მის ქალაქისანი, და აღადგინეს დევნაჲ პავლეს და ბარნაბაჲს ზედა და განდევნნეს იგინი საზღვრით მათით.
51 ხოლო მათ ჩამოიბერტყეს ფეხიდან მტვერი და იკონიას მიაშურეს. 51 ხოლო მათ განიყარეს მტუერი ფერჴთა მათთაჲ მათ ზედა და მივიდეს იკონიად.
52 მოწაფეები კი ივსებოდნენ სიხარულით და სულით წმიდით. 52 და მოწაფენი იგი აღივსებოდეს მადლითა და სულითა წმიდითა.