ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მოციქულთა საქმენი

თავი მეთხუთმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ზოგ-ზოგიერთნი ჩამოვიდნენ იუდეიდან და ასწავლიდნენ ძმებს: თუ მოსეს წესით არ მიიღებთ წინადაცვეთას, თავს ვერ იხსნითო.

1 და გარდამო-ვინმე-ვიდეს ჰურიასტანით და ასწავებდეს ძმათა, ვითარმედ: არა თუ წინა-დაიცჳთოთ სჯულითა მოსესითა, ვერ ძალ-გიც ცხორებად.
2 როდესაც პავლეს და ბარნაბას დიდი დავა და უთანხმოება მოუხდათ მათთან, გადაწყვიტეს, პავლე, ბარნაბა და ზოგიერთი მათგანი ამ საკითხის გამო იერუსალიმში ასულიყვნენ მოციქულებსა და უხუცესებთან. 2 და ვითარ იგი იყო ჴდომაჲ და გამოძიებაჲ არა მცირედი პავლესი და ბარნაბაჲსი მათდა მიმართ, ბრძანეს აღსლვაჲ პავლესი და ბარნაბაჲსი და სხუათა ვიეთმე მათგანთაჲ მოციქულთა მიმართ და ხუცესთა იერუსალჱმდ ამის ცილობისათჳს.
3 ეკლესიის მიერ წარგზავნილებმა ფინიკია და სამარია გადაიარეს, წარმართთა მოქცევას აუწყებდნენ იქაურებს და დიდ სიხარულს ანიჭებდნენ ყველა ძმათაგანს. 3 და იგინი წარმოგზავნნეს კრებულისა მისგან. და გან-რაჲ-ჰვლიდეს ფინიკესა და სამარიასა, მიუთხრობდეს მათ მოქცევასა წარმართთასა და ჰყოფდეს სიხარულსა დიდსა ყოველთა შორის ძმათა.
4 იერუსალიმს ასულნი მიიღეს ეკლესიამ, მოციქულებმა და უხუცესებმა, რომლებსაც აუწყეს, რამდენი რამ მოიმოქმედა ღმერთმა მათთან ერთად. 4 და მი-რაჲ-ვიდეს იერუსალჱმდ, შეწყნარებულ იქმნეს კრებულისა მისგან და მოციქულთა და ხუცესთა, და მიუთხრეს მათ რაოდენი-რაჲ ღმერთმან ყო მათ თანა, და რამეთუ განუღო წარმართთა კარი სარწმუნოებისაჲ.
5 მაგრამ წამოდგა ფარისეველთა მწვალებლობის მიმდევარი. ზოგიერთი მორწმუნე, რომლებმაც თქვეს: საჭიროა წინადასცვითონ მათაც და მცნებად დაუდონ, რომ დაიცვან მოსეს რჯული. 5 აღ-ვინმე-დგეს დასისა მისგან ფარისეველთაჲსა მორწმუნენი და იტყოდეს, ვითარმედ: ჯერ-არს წინა-დაცუეთად მათდა და მცნებად, რაჲთა დაიმარხონ სჯული მოსესი.
6 მაშინ ამ საქმის გასარჩევად შეიკრიბნენ მოციქულები და უხუცესები. 6 შეკრბეს მოციქულნი და ხუცესნი ხილვად სიტყჳსა ამისთჳს.
7 ხანგრძლივი ბჭობის შემდეგ პეტრე ადგა და უთხრა მათ: კაცნო, ძმანო, ხომ იცით, რომ ღმერთმა პირველი დღეებიდანვე ამომირჩია თქვენს შორის, რათა წარმართებს ჩემი პირით მოესმინათ სახარების სიტყვა და ერწმუნათ. 7 და ვითარ იყო მრავალი გამოძიებაჲ, აღდგა პეტრე და ჰრქუა მათ: კაცნო ძმანო, თქვენ უწყით, რამეთუ პირველით დღითგან თქუენ შორის გამოირჩია ღმერთმან პირითა ჩემითა სმენად წარმართთა სიტყუაჲ იგი სახარებისაჲ და რწმუნებად;
8 გულთამხილავი ღმერთი ემოწმა მათ, რაკიღა მათაც ჩვენსავით მისცა სული წმიდა. 8 და გულთ მეცნიერი ღმერთი ეწამა მათ და მისცა მათ სული წმიდაჲ, ვითარცა-იგი ჩუენ;
9 ამრიგად, რწმენით რომ გაწმინდა მათი გულები, არაფრით განვუსხვავებივართ ერთმანეთისგან. 9 და არარაჲ განიკითხა შორის ჩუენსა და მათსა და სარწმუნოებითა განწმიდნა გულნი მათნი.
10 მაშ, ახლა რაღად გამოსცდით ღმერთს? რად გინდათ მოწაფეებს ქედზე დაადგათ უღელი, რომლის ტარება ვერც ჩვენ შევძელით და ვერც ჩვენმა მამებმა? 10 აწ უკუე რაჲსათჳს გამოსცდით ღმერთსა დადებად უღლისა ქედსა ზედა მოწაფეთასა, რომლისა-იგი ვერცა მამათა ჩუენთა, ვერცა ჩუენ შეუძლეთ ტჳრთვად?
11 მაგრამ ჩვენ გვწამს, რომ უფალ იესო ქრისტეს მადლით გადავრჩებით ჩვენც და ისინიც. 11 არამედ მადლითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა გურწამს ჩუენ ცხორებაჲ, ვითარცა სახედ-იგი მათ.
12 დადუმდა მთელი კრებული; უსმენდნენ ბარნაბასა და პავლეს, რომლებიც ყვებოდნენ, რა სასწაულები და ნიშები მოახდინა ღმერთმა მათი ხელით წარმართებს შორის. 12 და დადუმნა ყოველი იგი სიმრავლე და ისმენდეს ბარნაბაჲსსა მის და პავლჱსსა მითხრობასა, რაოდენი ქმნა ღმერთმან ნიშები და სასწაულები წარმართთა შორის მათ მიერ.
13 როცა ისინი დადუმდნენ, იაკობმა აიღო სიტყვა და თქვა: კაცნო, ძმანო, მომისმინეთ: 13 და შემდგომად დადუმებისა მათისა მიუგო იაკობ და ჰრქუა: კაცნო ძმანო, ისმინეთ ჩემი:
14

სიმონმა გვიამბო, როგორ მოიხილა ღმერთმა პირველად წარმართნი, რათა შემოეკრიბა მათგან ხალხი თავისი სახელით.

14 სჳმეონ მიგითხრა, ვითარ-იგი ღმერთმან მოხედნა პირველად მიყვანებად წარმართთაგან ერი სახელისათჳს მისისა;
15 მასვე ეთანხმებიან წინასწარმეტყველთა სიტყვები, როგორც წერია: 15 და მას შეეტყუებიან სიტყუანი იგი წინაწარმეტყუელთანი, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ:
16 „შემდგომ ამისა, მოვიქცევი და კვლავ ავაგებ დავითის დაქცეულ კარავს, აღვადგენ მის ნანგრევებს და აღვმართავ მას, 16 ამისა შემდგომად მოვაქციო და აღვაშენო კარავი იგი დავითისი დაცემული, და დამჴობილი იგი მისი აღვჰმართო და აღვაშენო,
17 რათა ეძებდნენ უფალს დანარჩენი კაცნი და ყველა ხალხი, რომელიც იწოდება ჩემი სახელით, ამბობს უფალი, ყოველივე ამის მოქმედი“. 17 რაჲთა გამოიძიონ ნეშტთა კაცთა უფალი და ყოველთა წარმართთა, რომელთა ზედა წოდებულ არს სახელი ჩემი მათ ზედა, თქუა უფალმან,
18 ღმერთისთვის უკუნისიდან ცნობილია ყოველი საქმე მისი. 18 რომელმან ქმნა ესე ყოველი საცნაური საუკნითგან.
19 ამიტომ მე ამგვარად განვსჯი: ნუ გავუძნელებთ წარმართებს ღვთისკენ მიქცევას. 19 ამისთჳს მე ესრეთ ვსჯი და ჯერ-მიჩნს, რომელნი წარმართთაგანნი მოქცეულ არიან ღმრთისა მიმართ, რაჲთა არა ვაურვებდეთ მათ,
20 არამედ მივწეროთ მათ, რომ ეკრძალონ კერპთაგან შებილწულსა და სიძვას, დამხრჩვალსა და სისხლს. 20 არამედ მიწერად მათდა, რაჲთა განეყენნენ იგინი ჭამად ნაზორევისაგან კერპთაჲსა და სიძვისაგან, დამშთვარისა და სისხლისა, და რაჲთა, რაოდენი მათ არა უნებს, რაჲთამცა ეყო, იგინი სხუასა ნუ უყოფენ.
21 ვინაიდან მოსეს რჯულს ყველა ქალაქში ოდითგანვე ჰყავს მოქადაგენი, ყოველ შაბათს რომ კითხულობენ მას სინაგოგებში. 21 რამეთუ მოსეს პირველთა ნათესავთაჲთგან ქალაქად-ქალაქად ქადაგნი იგი მისნი დაედგინნეს, რომელნი-იგი ამას აღმოიკითხვიდეს ყოველთა შაბათთა შესაკრებელთა შორის მათთა.
22 მაშინ მოციქულებმა და უხუცესებმა საჭიროდ მიიჩნიეს ამოერჩიათ თავისიანთა შორის კაცები და ანტიოქიაში წარეგზავნათ პავლესა და ბარნაბასთან ერთად: იუდა, ბარნაბად წოდებული, და სილა, უპირველესი კაცნი ძმათა შორის. 22 მაშინ ჯერ-იჩინეს მოციქულთა და ხუცესთა ყოვლითურთ კრებულით და გამოარჩინეს კაცნი მათგანნი მივლინებად ანტიოქიად პავლეს და ბარნაბაჲს თანა იუდა, რომელსა ეწოდა ბარსაბა, და შილა, კაცნი შერაცხილნი ძმათა შორის;
23 თავიანთი ხელით დაწერეს ასე: მოციქულები და უხუცესი ძმები: ანტიოქიაში, სირიასა და კილიკიაში წარმართთაგან მოქცეულ ძმებს, გიხაროდეთ! 23 და დაწერეს ჴელითა მათითა ესრეთ: მოციქულნი და ხუცესნი და ძმანი, რომელნი-ეგე ანტიოქიაჲთ და ასურეთით და კილიკიაჲთ კერძო ძმანი ხართ წარმართთაგანი, გიკითხავთ. გიხაროდენ!
24 რაკიღა გავიგეთ, რომ ზოგიერთებმა, რომლებიც გამოვიდნენ ჩვენგან, აგამღვრიეს თავიანთი სიტყვებით და შეარყიეს თქვენი სული, ვინაიდან გეუბნებოდნენ, რომ უნდა წინადაიცვითოთ და დაიცვათ რჯული, რაც ჩვენ არ დაგვივალებია მათთვის, 24 ვინაჲთგან გუესმა ჩუენ, რამეთუ ჩუენგანნი ვინმე განვიდეს და აღგძრნეს თქუენ სიტყჳთა და აღაშფოთებდეს სულთა თქუენთა და გეტყოდეს წინა-დაცუეთად და დამარხვად სჯულსა, რომელთადა ჩუენ არაჲ გუემცნო.
25 ამიტომ შევიკრიბეთ და ერთსულოვნად გადავწყვიტეთ, ამოგვერჩია კაცები და თქვენთან გამოგვეგზავნა ჩვენს საყვარელ ბარნაბასა და პავლესთან ერთად, 25 აწ უკუე ჯერ-გჳჩნდა კრებულსა ყოველსა ერთბამად გამორჩევაჲ კაცთაჲ მაგათ და მივლინებაჲ თქუენდა, პავლეს თანა და ბარნაბაჲს თანა, საყუარელთა ჩუენთა,
26 რომლებმაც თავი გადასდეს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელისათვის. 26 კაცთა, რომელთა-იგი სულნი თჳსნი მისცნეს სახელისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა.
27 ასე რომ, გამოგიგზავნეთ იუდა და სილა, რომლებიც ამასვე გადმოგცემენ სიტყვით. 27 წარმო-უკუე-გჳვლინებიან იუდა და შილა, და მათცა სიტყჳთ გითხრან ესევე.
28

ვინაიდან მართებულად მიიჩნია სულმა წმიდამ და ჩვენც, რომ არ აგკიდოთ ზედმეტი ტვირთი, გარდა იმისა, რაც აუცილებელია:

28 რამეთუ ჯერ-უჩნდა სულსა წმიდასა და ჩუენცა, რაჲთა არარაჲ უმეტესი ტჳრთი დავდვათ თქუენ ზედა, გარნა რომელნი-ესე სასწრაფო არიან:
29 ეკრძალეთ ნაკერპალსა და სისხლს, დამხრჩვალს და სიძვას. თუ ამათგან მოიზღუდავთ თავს, კარგს იზამთ. იცოცხლეთ! 29 განშორებად თქუენდა ნაკერპავისაგან, და სისხლისა, დამშთვარისა და სიძვისა, და რაოდენი არა გნებავს, რაჲთა გეყოს თქუენ, სხუასა ნუ უყოფთ, რომელთაგან დაიმარხენით თავნი თჳსნი, კეთილსა იქმოდეთ და ცოცხლებით იყვენით!
30 წარგზავნილები ჩავიდნენ ანტიოქიაში, მეკრიბეს ხალხი და წერილი გადასცეს. 30

იგინი ვითარცა წარმოემართნეს, მოვიდეს ანტიოქიად. და შეკრიბეს კრებული იგი და მისცეს წიგნი ჴელთა მათთა.

31 როდესაც წაიკითხეს, გაიხარეს ამ ნუგეშისცემით. 31 და ვითარცა აღმოიკითხეს, განიხარეს ნუგეშინის-ცემასა მას ზედა.
32 ხოლო იუდამ და სილამ, რომლებიც თვითონაც წინასწარმეტყველნი იყვნენ, მრავალი სიტყვით ანუგეშეს და განამტკიცეს ძმები. 32 იუდა და შილა, რამეთუ იგინი წინაწარმეტყუელნი იყვნეს, მრავლითა სიტყჳთა ნუგეშინის-სცეს ძმათა მათ და დაამტკიცნეს.
33 ერთხანს დარჩნენ იქ და მშვიდობით გამოისტუმრეს ძმებმა მოციქულებთან. 33 და დაყვეს მუნ ჟამი მრავალი და წარიგზავნნეს მშჳდობით ძმათაგან მოციქულთა მიმართ.
34 სილამ კი იქვე დარჩენა ინება. 34 ჯერ-იჩინა შილა დადგრომაჲ მუნვე.
35 ხოლო პავლე და ბარნაბა ანტიოქიაში შეჩერდნენ, სადაც სხვებთან ერთად ასწავლიდნენ და ახარებდნენ უფლის სიტყვას. 35 ხოლო პავლე და ბარნაბა იქცეოდეს ანტიოქიას შინა და ასწავებდეს და ახარებდეს სხუათაცა მრავალთა თანა სიტყუასა მას უფლისასა.
36 რამდენიმე დღის შემდეგ პავლემ უთხრა ბარნაბას: წავიდეთ და ვინახულოთ ჩვენი ძმები ყველა ქალაქში, სადაც ვიქადაგეთ უფლის სიტყვა: ვნახოთ, როგორ არიან. 36 შემდგომად დღეთა რაოდენთამე ჰრქუა პავლე ბარნაბას: მივიქცეთ და მოვიხილნეთ ძმანი ჩუენნი ყოველთა ქალაქთა, რომელთა შინა ვქადაგეთ სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, ვითარ-ძი არიან.
37 ბარნაბას სურდა თან წაეყვანა იოანეც, რომელსაც ერქვა მარკოზი. 37 ბარნაბას უნდა, რაჲთამცა იოვანე თანა წარიყვანა, რომელსა ერქუა მარკოს.
38 პავლე კი ფიქრობდა, რომ არ ღირდა იმის წაყვანა, ვინც პამფილიაში მიატოვა ისინი და საქმეში თანამდგომად არ გაჰყვა მათ. 38 ხოლო პავლე ჰლოცვიდა, რაჲთა რომელი-იგი განეყენა მათ პანფილიაჲთ და არა შეუდგა მათ საქმესა მას, არა თანა-წარყვანებად იგი.
39 ვითარება ისე გამწვავდა, რომ ერთმანეთს დაშორდნენ. ბარნაბამ წაიყვანა მარკოზი და ზღვით ჩავიდა კიპროსს. 39 იყო უკუე მკსინვარებაჲ მათ შორის ვიდრე განშორებადმდე მათა ურთიერთას; ბარნაბა თანა წარიყვანა მარკოზ და განვიდა ნავითა კჳპრედ.
40 პავლემ კი სილა ირჩია და გაემგზავრა, ძმათაგან უფლის მადლს მინდობილი. 40 ხოლო პავლე გამოირჩია შილა და განვიდა, და მიეცა მადლითა ღმრთისაჲთა ძმათაგან,
41 დადიოდა სირიასა და კილიკიაში და განამტკიცებდა ეკლესიებს. 41 და მიმოვიდოდა ასურეთსა და კილიკიასა და განამტკიცებდა ეკლესიათა.