ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მოციქულთა საქმენი

თავი მეთექვსმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ასე მიაღწია დერბეს და ლისტრას. და, აჰა, იყო იქ ერთი მოწაფე, სახელად ტიმოთე, იუდეველი მორწმუნე ქალისა და ბერძენი მამის შვილი,

1 მიიწია იგი დერბედ და ლუსტრად. და აჰა-ესერა მოწაფე ვინმე იყო მუნ, სახელით ტიმოთეოს, ძე დედაკაცისა ჰურიისა მორწმუნისაჲ და მამისა წარმართისაჲ,
2 რომელსაც ემოწმებოდნენ ლისტრელი და იკონიელი ძმები. 2 რომელი იწამებოდა ლუსტრელთაგან და იკონიელთა ძმათა.
3 პავლემ მოისურვა მისი წაყვანა; წაიყვანა და იქაურ იუდეველთა გამო წინადასცვითა მას, ვინაიდან ყველამ იცოდა, რომ მამამისი ბერძენი იყო. 3 ამისი სათნო-უჩნდა პავლეს მის თანა განსლვაჲ. და მოიყვანა და წინა-დასცჳთა მას ჰურიათა მათთჳს, რომელნი იყვნეს მათ ადგილთა, რამეთუ უწყოდეს ყოველთა, ვითარმედ წარმართი იყო მამაჲ მისი.
4 ქალაქებში გავლისას პავლე და სილა ასწავლიდნენ მათ, რომ დაეცვათ იერუსალიმელ მოციქულთა და უხუცესთა მიერ დადგენილი წესები. 4 და ვითარცა განჰვლიდეს ქალაქებსა მას, ასწავებდეს მათ დამარხვად მოძღურებათა მათ, დამტკიცებულთა მოციქულთაგან და ხუცესთა, რომელნი-იგი იყვნეს იერუსალჱმს შინა.
5 ეკლესიები კი მტკიცდებოდნენ რწმენით და მრავლდებოდნენ ყოველდღიურად. 5 ხოლო ეკლესიანი იგი განმტკიცნებოდეს სარწმუნოებითა და შეეძინებოდა რიცხუსა მას დღითი-დღედ.
6 ფრიგია და გალატელთა ქვეყანა რომ მოიარეს, სულმა წმიდამ აუკრძალა ასიაში ექადაგათ სიტყვა. 6 და მოვლეს ფრიგჳაჲ და გალატელთა სოფელი და დაყენებულ იქმნეს სულისა მიერ წმიდისა სიტყუად სიტყჳსა მის ასიას შინა,
7 მისიას რომ მიაღწიეს, ბითვინიაში დააპირეს წასვლა, მაგრამ სულმა არ დართო ნება. 7 მო-რაჲ-ვიდეს იგინი მისუნდ, აზმნობდეს წარსლვად ბითჳნიად, და არა უტევა მათ სულმან უფლისამან.
8 მისიას გასცდნენ და ტროაში ჩავიდნენ. 8 და ვითარ თანა-წარჰჴდეს მისუნს, შთავიდეს ტროადად.
9 პავლემ ჩვენება იხილა ღამით: ერთი მაკედონელი კაცი წარუდგა და ვედრებით ეუბნებოდა, მაკედონიაში ჩამოდი და დაგვეხმარეო. 9 და ჩუენებასა ღამისასა ეჩუენა პავლეს: კაცი ვინმე იყო მაკედონელი, დგა და ევედრებოდა მას და ეტყოდა: წიაღ მოგუალე მაკედონიად და შემეწიე ჩუენ.
10 ამ ჩვენების შემდეგ სასწრაფოდ გადავწყვიტეთ მაკედონიაში წასვლა, რადგანაც მივხვდით, რომ ღმერთმა გვიხმო, რათა იქ გვეხარებინა. 10 და ვითარცა ჩუენებაჲ იგი იხილა პავლე, ვისწრაფეთ მეყსეულად განსლვად მაკედონიად, გულისჴმა-ვყავთ, რამეთუ მუნ მიჩინნა ჩუენ უფალმან ხარებად მათდა.
11 ტროადან გემით გავედით და პირდაპირი სვლით მივადექით სამოთრაკეს, ხოლო მეორე დღეს - ნეაპოლისს, 11 აღვჴედით ნავსა ტროადას და მართლ მივისწრაფეთ სამუთრაკედ, და ხვალისაგან – ახალქალაქად,
12 იქიდან კი - ფილიპეს, მაკედონიის ამ მხარის მთავარ ქალაქ-კოლონიას, სადაც დავყავით რამდენიმე დღე. 12 და მიერ ფილიპედ, რომელი-იგი არს პირველი ნაწილი მაკედონიისაჲ, ქალაქი კოლონიაჲ. ხოლო ვიყვენით მას ქალაქსა შინა და ვიქცეოდეთ დღეთა რაოდენთამე.
13 შაბათ დღეს ქალაქგარეთ, მდინარის პირას გავედით, სადაც სამლოცველო გვეგულებოდა; დავსხედით და გამოველაპარაკეთ იქ თავშეყრილ ქალებს. 13 და დღესა შაბათთასა განვედით გარეშე ქალაქსა მას, მდინარის კიდესა, სადა-იგი საგონებელ იყო ლოცვისა შეწირვაჲ; და დავსხედით და ვეტყოდეთ დედათა მათ, რომელნი მოსრულ იყვნეს.
14 ყურს გვიგდებდა ერთი თიატირელი ქალი, სახელად ლიდია, ძოწეულით მოვაჭრე და ღვთისმოშიში, რომელსაც უფალმა გაუხსნა გული, რათა ჩაებეჭდა პავლეს სიტყვები. 14 და დედაკაცი ერთი სახელით ლუდია, ძოწეულის მოფარდული ქალაქისა თჳატირისაჲ, მსახური ღმრთისაჲ და იყო მუნ და ესმოდა, რომლისა-იგი უფალმან განუღო გული მორჩილებად სიტყუათა პავლეს მიერ თქუმულთა.
15

თავის სახლეულთან ერთად რომ მოინათლა, შეგვეხვეწა: თუ უფლის მორწმუნედ შემრაცხეთ, მოდით, ჩემს სახლში დარჩითო, და დაგვიყოლია.

15 და ვითარცა ნათელ-იღო მან და სახლმან მისმან, გულოცვიდა და იტყოდა: უკუეთუ შეგირაცხიე მე მორწმუნედ უფლისა, შემოვედით ვანად ჩემდა და მუნ დაადგერით. და გუაიძულა ჩუენ.
16 მოხდა ისე, რომ სამლოცველოში მიმავალთ შემოგვხვდა ერთი მხევალი, რომელსაც ჰქონდა პითონის სული და თავისი მისნობით დიდძალ მოგებას აძლევდა თავის ბატონებს. 16 და იყო, ვითარ წარვიდოდეთ ჩუენ ლოცვად, მჴევალი ვინმე წინა შემემთხჳა ჩუენ, რომლისა თანა იყო სული პითონი, რომელ არს მისნობისაჲ, რომლისაგან სარეწავი დიდძალი შეუვიდოდა უფალთა მისთა მისნობითა მისითა.
17 პავლეს და ჩვენ აგვედევნა და მოგვძახოდა: ეს კაცები უზენაესი ღმერთის მონები არიან, ხსნის გზას რომ გვაუწყებენო. 17 ესე მისდევდა პავლეს და ჩუენ, ჴმობდა და იტყოდა: ესე კაცნო მონანი არიან ღმრთისა მაღლისანი, რომელნი გახარებენ თქუენ გზათა ცხორებისათა.
18 ასე იქცეოდა მრავალი დღის მანძილზე. თავგაბეზრებული პავლე მიუბრუნდა სულს და უთხრა: იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ გამოხვიდე მაგისგან. და გამოვიდა იმწამსვე. 18 და ამას ჰყოფდა დღეთა მრავალთა. განრისხნა პავლე და მიექცა სულსა მას უკეთურსა და ჰრქუა: გამცნებ შენ სახელითა იესუ ქრისტესითა განსლვად მაგისგან. და განვიდა მასვე ჟამსა.
19 როდესაც მისმა ბატონებმა დაინახეს, რომ მოგების იმედი გაუქარწყლდათ, შეიპყრეს პავლე და სილა და მოედანზე მიიყვანეს მთავრებთან, 19 ვითარცა იხილეს უფალთა მათ დედაკაცისათა, რამეთუ განსრულ იყო სასოებაჲ სარეწავისა მათისაჲ, შეიპყრნეს პავლე და შილა და მიზიდვიდეს მათ ურაკპარაკად მთავართა მათთა.
20 რომლებსაც უთხრეს: ეს კაცები იუდეველები არიან და აშფოთებენ ჩვენს ქალაქს; 20 და მიჰგუარნეს იგინი ერისთავთა მათ და ჰრქუეს: ესე კაცნი აღსძრვენ ქალაქსა ამას ჩუენსა, ჰურიანი არიან
21 გვინერგავენ ზნე-ჩვეულებებს, რომელთა არც მიღება და არც აღსრულება არ შეგვშვენის ჩვენ, რომაელებს. 21 და შეკრბებოდა ერი მათ ზედა. და ერისთავთა მათ მოაპეს სამოსელი მათი და უბრძანეს კუერთხითა ცემაჲ.
22 მაშინ აღდგა ხალხი მათ წინააღმდეგ, მთავრებმა კი ტანსაცმელი შემოახიეს და მათი გაჯოხვა ბრძანეს. 22  
23 ნაცემ-ნაბეგვნი საპყრობილეში ჩაყარეს და დილეგის მცველს უბრძანეს, ფხიზლად სჭეროდა თვალი. 23 და ვითარ მრავალი წყლულებაჲ დასდვეს მათ ზედა, შესხნეს იგინი საპყრობილესა, და ამცნეს საპყრობილისა მცველსა მას კრძალულად დაცვაჲ მათი;
24 ეს ბრძანება რომ მიიღო, მცველმა შიდა საკანში შეყარა ისინი და ფეხზე ბორკილები დაადო. 24 და მან, ვითარცა ესევითარი მცნებაჲ მოიღო მათგან, შესხნა იგინი უშინაგანესსა საპყრობილესა და ფერჴნი მათნი დაჰკრძალნა ჴუნდსა შინა.
25 შუაღამისას პავლე და სილა ლოცულობდნენ და უგალობდნენ ღმერთს; დანარჩენი პატიმრები კი ყურს უგდებდნენ. 25 და შუა ღამეს ოდენ პავლე და შილა ილოცვიდეს და უგალობდეს ღმერთსა; და ისმენდეს მათსა სხუანი იგი პყრობილნი.
26 უცებ საშინლად იძრა მიწა, ისე, რომ საპყრობილე საძირკვლითურთ შეირყა, მყისვე გაიღო ყველა კარი და ბორკილები დასცვივდა ყველა პატიმარს. 26 მეყსეულად ძრვაჲ იყო დიდი ვიდრემდე საპყრობილე იგი საფუძველითურთ შეიძრა, და მუნქუესვე ყოველნი კარნი განეჴუნეს, და ყოველთა კრულებანი განიჴსნნეს.
27 გამოეღვიძა დილეგის მცველს და საპყრობილის ყველა კარი ღია რომ ნახა, ხმალი იშიშვლა და თავის მოკვლა დააპირა, რადგანაც ეგონა, პატიმრები გაიქცნენო. 27 და ვითარ განეღჳძა საპყრობილის მცველსა მას და იხილნა კარნი საპყრობილისანი განხუმულნი, იჴადა მახჳლი და ეგულებოდა განგუმერაჲ თავისა თჳსისაჲ: ეგრე ჰგონებდა, ვითარმედ განლტოლვილ არიან ყოველნი პყრობილნი.
28 მაგრამ პალემ ხმამაღლა გამოსძახა და უთხრა: თავს ბოროტს ნურას აუტეხ, ვინაიდან ყველანი აქა ვართო. 28 ჴმა-უყო მას ჴმითა დიდითა პავლე და ჰრქუა: ნუ რას შეიმთხუევ ბოროტსა თავსა შენსა, რამეთუ ჩუენ ყოველნი აქა ვართ.
29

მან კი სანთელი მოითხოვა, შიგნით შევარდა და აცახცახებული ფეხქვეშ ჩაუვარდა პავლეს და სილას;

29 ხოლო მან მოითხოა სანთელი და შეისწრაფა შინა, და ძრწოლაჲ შეედვა და შეუვრდა პავლეს და შილას
30 გარეთ გამოიყვანა ისინი და უთხრა: ბატონებო, რა უნდა ვქნა, რომ ვცხონდე? 30 და გამოიყვანნა იგინი გარე და ჰრქუა: უფალნო, რაჲ მიღირს მე ყოფად, რაჲთა ვცხონდე?
31 ხოლო მათ უთხრეს: იწამე უფალი იესო და ცხონდები შენცა და შენი სახლიც. 31 ხოლო მათ ჰრქუეს: გრწმენინ უფალი იესუ ქრისტე, და სცხონდე შენ და ყოველი სახლი შენი.
32 და უქადაგეს ღვთის სიტყვა მასაც და მთელს მის სახლსაც. 32 და ეტყოდეს მას სიტყუასა მას უფლისასა, და ყოველთა სახლეულთა მისთა.
33 ღამითვე შინ წაიყვანა ისინი, წყლულები მობანა და მაშინვე მოინათლა შინაურებთან ერთად. 33 და წარიყვანნა იგინი მასვე ჟამსა ღამისასა და განბანნა იგინი ნაგეუმთა მათგან. და ნათელ-იღო მან და მისთა ყოველთა;
34 მერე შინ მიიპატიჟა, სუფრა გაუწყო და მთელ თავის სახლეულთან ერთად ხარობდა, რომ იწამა ღმერთი. 34 მეყსეულად აღიყვანნა იგინი სახედ თჳსა და დაუგო მათ ტაბლაჲ. და უხაროდა მას ყოვლითურთ სახლეულით, რომელთა ჰრწმენა ღმერთი.
35 გამთენიისას მთავრებმა მსახურები გაუგზავნეს და შეუთვალეს, ის კაცები გაუშვიო. 35 და ვითარცა განთენა, მოუვლინნეს ერისთავთა მათ მტარვალნი და ჰრქუეს: განუტევენ კაცნი ეგე, რომელნი მიგცენით პყრობილად.
36 დილეგის მცველმა ეს ამბავი შეატყობინა პავლეს და უთხრა: მთავრებს თქვენი გაშვება უბრძანებიათ; მაშ, გამოდით და წადით მშვიდობით. 36 მიუთხრნა სიტყუანი ესე მესაპყრობილეთ მოძღუარმან მან პავლეს და ჰრქუა, ვითარმედ: ერისთავთა მათ უბრძანებიეს განტევებაჲ თქუენი. აწ უკუე განვედით და წარვედით მშჳდობით!
37

მაგრამ პავლემ შეუთვალა მათ: ჩვენ, რომაელი მოქალაქეები, მთელი ხალხის თვალწინ გაუსამართლებლად გაგვჯოხეს და საპყრობილეში ჩაგვყარეს, ახლა კი მალულად სურთ ჩვენი გაშვება? ეგრე კი არა, არამედ მოვიდნენ და თვითონვე გამოგვიყვანონ.

37 ხოლო პავლე ჰრქუა მათ: გუგუემნეს ჩეუნ ურაკ-პარაკთა ზედა კაცნი უბიწონი ჰრომნი და შემსხნეს საპყრობილესა ცუდად, და აწ ფარულად განგჳყვანებენ ჩუენ. არა ეგრე, არამედ თჳთ მოვიდენ და მათ განმიყვანნენ ჩუენ.
38 მსახურებმა ეს სიტყვები მთავრებს გადასცეს, მათ კი შეეშინდათ, როცა გაიგეს, რომაელები ყოფილანო. 38 მიუთხრეს მტარვალთა მათ ესე ყოველი ერისთავთა მათ. და მათ ზარი განჰჴდა, ესმა რაჲ, ვითარმედ, ჰრომნი არიან.
39 მივიდნენ, ბოდიში მოუხადეს, საპყრობილედან გამოიყვანეს და სთხოვეს, ქალაქს გასცლოდნენ. 39 და მოვიდეს და ჰლოცვიდეს მათ. და გამოიყვანნეს იგინი საპყრობილით და ევედრებოდეს განსლვად ქალაქისა მისგან.
40 საპყრობილედან გამოსულნი ლიდიასთან მივიდნენ, მოინახულეს ძმები, ანუგეშეს და გზას გაუდგნენ. 40 იგინი ვითარ გამოვიდეს მიერ საპყრობილით, მივიდეს და შევიდეს სახლსა ლუდიაჲსსა, და იხილნეს ძმანი და ნუგეშინის-სცეს მათ და გამოვიდეს.