ახალი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ორმოცდაათობის დღე რომ სრულდებოდა, ყველანი ერთად იყვნენ. |
1 | და აღსრულებასა მას დღისა მეერგასისასა, იყვნეს ყოველნი ერთბამად ურთიერთას, |
2 | ანაზდად იგრგვინა ზეცით, თითქოს გრიგალი აგუგუნდაო, და აავსო მთელი სახლი, სადაც ისინი ისხდნენ. | 2 | და იყო მეყსეულად ზეცით ოხრაჲ, ვითარცა მოწევნაჲ ქარისა სასტიკისაჲ, და აღივსო ყოველი იგი სახლი, სადა-იგი იყვნეს მსხდომარე. |
3 | და მოევლინა მათ ენები, თითქოს ალისანი, და სათითაოდ მოეფინა ყოველ მათგანს. | 3 | და ეჩუენნეს მათ განყოფანი ენათანი ვითარცა ცეცხლისანი, და დაადგრა თითოეულად კაცად-კაცადსა მათსა ზედა. |
4 | ყველანი აღივსნენ სულით წმიდით და სხვადასხვა ენებზე ალაპარაკდნენ, როგორც სული ამეტყველებდა მათ. | 4 | და აღივსნეს ყოველნი სულითა წმიდითა და იწყეს სიტყუად უცხოთა ენათა, ვითარცა სული იგი მოსცემდა მათ სიტყუად. |
5 | ხოლო იერუსალიმში იყვნენ იუდეველნი, ღვთისმოსავი კაცნი ყველა ხალხისაგან, როძლებიც არიან ცის ქვეშ. | 5 | ხოლო იყვნეს იერუსალჱმს დამკჳდრებულნი ჰურიანი, კაცნი ღმრთის მოშიშნი ყოველთაგან თესლთა, რომელნი არიან ცასა ქვეშე. |
6 | ეს ხმა რომ გაისმა, შემოკრბა მთელი ხალხი და შეძრწუნდა, ვინაიდან თვითეული ისმენდა, როგორ მეტყველებდნენ ისინი მის საკუთარ ენაზე. | 6 | და იყო რაჲ ჴმაჲ ესე, შეკრბა სიმრავლე ერისაჲ და შეშფოთნეს, რამეთუ ესმოდა თითოეულსა კაცად-კაცადსა მათსა თჳსი სიტყუაჲ მათი, იტყოდეს რაჲ იგინი. |
7 | უკვირდა ყველას და განცვიფრებულნი ეუბნებოდნენ ერთმანეთს: განა ყველა ესენი, ვინც ლაპარაკობენ, გალალეველნი არ არიან? | 7 | განჰკრთეს ყოველნი და დაუკჳრდა ერთსა-ერთისა თანა და იტყოდეს: ანუ არა ესე ყოველნი არიანა, რომელნი იტყჳან გალილეველ? |
8 | როგორღა ვისმენთ სათითაოდ ჩვენს საკუთარ ენას, რომელშიც ვიშვით? | 8 | და ვითარ ჩუენ გუესმის კაცად-კაცადსა თჳსი სიტყუაჲ ჩუენი მათგან, რომელნი ვართ. |
9 | პართელნი და მიდიელნი, ელამიტები და შუამდინარეთის, იუდეის, კაპადოკიის, პონტოსა და ასიის მკვიდრნი, | 9 | პართნი და უჟიკნი და ელამიტელნი და მკჳდრნი შუა მდინარისანი ჰურიასტანისანი და კაბადუკიაჲსანი, პონტოჲსანი და ასიაჲსანი, |
10 | ფრიგიისა და პამფილიის, ეგვიპტისა და კირენეს მომიჯნავე ლიბიის მხარის მცხოვრებნი, რომით მოსულნი, | 10 | ფრიგჳაჲსანი და პამფჳლიისანი, ეგჳპტისანი და ადგილისა ლუბიისანი, კჳრინით კერძონი და მოსრულნი ჰრომნი, ჰურიანი და მწირნი, |
11 | იუდეველნი და პროზელიტნი, კრიტელნი და არაბნი ვისმენთ, როგორ ღაღადებენ ისინი ჩვენი ენით ღვთის სიდიადეს. | 11 | კრიტელნი და არაბიელნი, გუესმის, იტყჳან რაჲ ჩუენითა ენითა დიდებასა ღმრთისასა?! |
12 | უკვირდა ყველას და გაოგნებულნი ეუბნებოდნენ ერთმანეთს: რას მოასწავებს ეს? | 12 | ხოლო განჰკრთეს ყოველნი და გამოეძიებდეს ერთი-ერთისა თანა და იტყოდეს: რაჲმე ჰნებავს ამას ყოფად? |
13 | სხვები კი დაცინვით ამბობდნენ, მაჭრით გამტყვრალანო. | 13 | ხოლო სხუანი ეკიცხევდეს და იტყოდეს, ვითარმედ: ტკბილითა განსავსე არიან. |
14 | ხოლო პეტრე, დადგა თერთმეტთან ერთად, ხმა აიმაღლა და უთხრა მათ: კაცნო იუდეველნო და იერუსალიმის ყოველო მკვიდრო! ცნობილი იყო ეს თქვენთვის და ყური უგდეთ ჩემს სიტყვებს: | 14 | ხოლო პეტრე დადგა შორის ათერთმეტთა მათ და აღიმაღლა ჴმაჲ და ეტყოდა მათ: კაცნო ჰურიანო და ყოველნი რომელნი დამკჳდრებულ ხართ იერუსალჱმს! ესე თქუენდა ცხად იყავნ და ყურად-იხუენით სიტყუანი ჩემნი, |
15 | ესენი მთვრალები როდი არიან, როგორც თქვენ ფიქრობთ, ვინაიდან დღის მესამე საათია. | 15 | რამეთუ არა, ვითარ თქუენ ჰგონებთ, ვითარმედ ამათ სთრავს, რამეთუ არს ჟამი დღისაჲ ამის მესამე. |
16 |
არამედ ეს ითქვა იოველ წინასწარმეტყველის მიერ: |
16 | არამედ ესე არს თქუმული იგი იოელ წინასწარმეტყუელისა მიერ: |
17 | „და იქნება უკანასკნელ დღეებში, ამბობს ღმერთი, მივაფენ ჩემი სულისაგან ყველა ხორცს, და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და თქვენი ასულნი, თქვენი ჭაბუკები იხილავენ ხილვას და თქვენი მხცოვანნი ნახავენ სიზმრებს, | 17 | და იყოს უკუანაჲსკნელთა დღეთა, – იტყჳს უფალი ღმერთი, – მივჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ხორციელსა და წინასწარმეტყუელებდენ ძენი თქუენნი და ასულნი თქუენნი და ჭაბუკნი თქუენნი ხილვასა იხილვიდენ და მოხუცებულთა თქუენთა ჩუენებით განვეცხადო, |
18 | ჩემს მონებსა და ჩემს მხევლებს იმ დღეებში მივაფენ ჩემი სულისაგან და იწინასწარმეტყველებენ. | 18 | და მონათა ჩემთა ზედა და მჴევალთა ჩემთა ზედა მათ დღეთა შინა მივჰფინო სულისაგან ჩემისა და წინასწარმეტყუელებდენ. |
19 | მოვავლენ სასწაულებს მაღლა ცაში და ნიშებს - დაბლა მიწაზე, ცეცხლსა და სისხლს, და კვამლის ალმურს. | 19 | და ვსცე ნიშებ ცათა შინა და სასწაულ ქუეყანასა ზედა, სისხლი და ცეცხლი და არმური კუამლისაჲ; |
20 | მზე სიბნელედ იქცევა და მთვარე სისხლად, ვიდრე დადგებოდეს დღე უფლისა, დიადი და გაცხადებული. | 20 | მზე გარდაიქცეს ბნელად და მთოვარე სისხლად პირველ ვიდრე მოწევნადმდე დღისა მის უფლისა დიდისა და განჩინებულისა. |
21 | და იქნება ასე: ყველა, ვინც უხმობს სახელს უფლისას, ცხონდება“. | 21 | და იყოს ყოველმან რომელმან ჰხადოს სახელსა უფლისასა, ცხოვნდეს. |
22 | კაცნო ისრაელტნო, ისმინეთ ეს სიტყვები: იესო ნაზორეველი, კაცი თქვენდამი მოვლინებული ღვთისაგან ძალით, ნიშებით და სასწაულებით, მის მიერ რომ მოახდინა ღმერთმა თქვენს შორის, როგორც თვითონვე უწყით, - | 22 | კაცნო ისრაიტელნო, ისმინენით სიტყუანი ესე: იესუ ნაზარეველი, კაცი განჩინებული ღმრთისა მიერ თქუენდა მიმართ, ძალითა და ნიშებითა და სასწაულებითა, რომელნი-იგი ქმნნა ღმერთმან მის მიერ შორის თქუენსა, ვითარცა-იგი თქუენცა უწყით, |
23 | ღვთის წინასწარ განსაზღვრული ზრახვითა და წინასწარცოდნით გაცემული, შეიპყარით, უსჯულოთა ხელით მიალურსმეთ ჯვარს და მოკალით. | 23 | ესე განჩინებულითა ზრახვითა და წინაჲსწარ ცნობითა ღმრთისაჲთა განცემითა ჴელთა უსჯულოთაჲთა მიიყვანეთ და შეჰმსჭუალეთ და მოჰკალთ, |
24 | მაგრამ ღმერთმა აღადგინა იგი და დახსნა სიკვდილის სალმობანი, ვინაიდან შეუძლებელი იყო სიკვდილს ეძლია იგი. | 24 | რომელი-იგი ღმერთმან აღადგინა და დაჰჴსნნა სალმობანი სიკუდილისანი, რამეთუ ვერ შესაძლებელ იყო დაყენებაჲ მისი მის მიერ. |
25 | და მართლაც, დავითი ამბობს მასზე: „ყოველთვის ჩემს წინაშე ვხედავდი უფალს, რადგანაც ჩემს მარჯვნივაა, რათა არ შევდრკე. | 25 | რამეთუ დავით იტყჳს მისთჳს: წინაჲსწარ ვხედევდ უფალსა, წინაშე ჩემსა არს მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რაჲთა არა შევიძრა, |
26 | ამიტომაც გაიხარა ჩემმა გულმა და იგალობა ჩემმა ენამ; და თვით ჩემი ხორციც დაივანებს სასოებით. | 26 | ამისთჳს განიხარა გულმან ჩემმან და გალობდა ენაჲ ჩემი, უფროჲს ჴორცთაცა ჩემთა დაიმკჳდრონ სასოებით. |
27 | რადგანაც ჩემს სულს არ დაუტევებ ჯოჯოხეთში და არ გასწირავ შენს წმიდას ხრწნილების ხილვად. | 27 | რამეთუ არა დაუტეო სული ჩემი ჯოჯოხეთს და არცა სცე წმიდასა შენსა ხილვად განსახრწნელი, |
28 | შენ მაუწყე სიცოცხლის გზანი; სიხარულით აღმავსებ შენი სახის წინაშე“. | 28 | მაუწყენ მე, უფალო, გზანი ცხორებისანი და აღმავსო მე სიხარულითა პირისა შენისაჲთა. |
29 | კაცნო, ძმანო, შეიძლება დაბეჯითებით გითხრათ მამამთავარ დავითზე, რომ აღესრულა და დაიკრძალა, და მისი სამარხი ჩვენს შორისაა დღევანდელ დღემდე. | 29 | კაცნო ძმანო, ჯერ-არს თქუმად განცხადებულად თქუენდა მიმართ მამათმთავრისა დავითისთჳს, რამეთუ აღესრულა და დაეფლა, და საფლავი მისი არს ჩუენ შორის ვიდრე მოდღენდელად დღედმდე. |
30 | მაგრამ ის წინასწარმეტყველი იყო და იცოდა, რომ ღმერთმა ფიცით შეჰფიცა, მისი წელის ნაყოფი დაესვა მისსავ ტახტზე, | 30 | წინასწარმეტყუელი უკუე იყო და იცოდა, რამეთუ ფიცით ეფუცა მას ღმერთი ნაყოფისაგან მუცლისა მისისა ჴორციელად აღდგინებად ქრისტე და დაჯდომად საყდართა მისთა. |
31 | ამიტომაც იწინასწარმეტყველა ქრისტეს აღდგომა და თქვა, რომ არ დარჩა მისი სული ჯოჯოხეთში და არ იხილა მისმა ხორცმა ხრწნილება. | 31 | წინაჲსწარ იცოდა და იტყოდა აღდგომისათჳს ქრისტესისა, რამეთუ არა დაშთა სული მისი ჯოჯოხეთს, არცა ჴორცთა მისთა იხილეს განსახრწნელი. |
32 |
ეს იესო აღადგინა ღმერთმა, რისი მოწმეცაა ყველა ჩვენგანი. |
32 | ესე იესუ აღადგინა ღმერთმან, რომლისა ვართ ჩუენ ყოველნი მოწამე; |
33 | ღვთის მარჯვენით ამაღლდა იგი, მამისაგან მიიღო სული წმიდის აღთქმა და მოჰფინა ის, რასაც ხედავთ და ისმენთ. | 33 | მარჯუენითა უკუე მისითა ამაღლდა და აღთქუმაჲ სულისა წმიდისაჲ მოიღო მამისაგან და მოჰფინა, რომელსა-ესე აწ თქუენ ხედავთ და გესმის. |
34 | დავითი ხომ არ ასულა ზეცად, არამედ თვითონვე ამბობს: „უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ, | 34 | რამეთუ არა დავით ამაღლდა ზეცად, ვითარცა იტყჳს იგივე, ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, |
35 | ვიდრე ფეხქვეშ დაგიმხობ შენს მტრებს“. | 35 | ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა. |
36 | მაშ, მტკიცედ იცოდეს ისრაელის მთელმა სახლმა, რომ ღმერთმა უფლად და ქრისტედ შექმნა ეს იესო, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით. | 36 | განცხადებულად უკუე უწყოდენ ყოველმან სახლმან ისრაჱლისამან, რამეთუ უფალ და ცხებულ ყო იგი ღმერთმან, ესე იესუ, რომელი თქუენ ჯუარს-აცუთ. |
37 | ამის გაგონებისას გულის სიღრმემდე შეიძრნენ და პეტრესა და დანარჩენ მოციქულებს უთხრეს: რა ვქნათ, კაცნო, ძმანო? | 37 | ესმა რაჲ ესე, შეინანეს და ჰრქუეს პეტრეს და სხუათა მათ მოციქულთა: რაჲმე ვყოთ, კაცნო ძმანო? |
38 | ხოლო პეტრემ უთხრა მათ: მოინანიეთ და ყოველმა თქვენგანმა ნათელ იღოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვათა მისატევებლად, და მიიღებთ სული წმიდის ნიჭს. | 38 | ხოლო პეტრე ჰრქუა მათ: შეინანეთ და ნათელ-იღეთ კაცად-კაცადმან თქუენმან სახელითა უფლისა იესუ ქრისტესითა მისატევებელად ცოდვათა, მიიღოთ ნიჭი სულისა წმიდისაჲ. |
39 | ვინაიდან თქვენია აღთქმა, თქვენი შვილებისა და ყველა შორეულისა, ვისაც კი უხმობს უფალი ღმერთი ჩვენი. | 39 | რამეთუ თქუენი არს აღთქუმაჲ და შვილთა თქუენთაჲ და ყოველთა შორიელთაჲ, რაოდენთა მოუწოდის უფალმან ღმერთმან ჩეუნმან. |
40 | მრავალი სხვა სიტყვითაც მოწმობდა, შეაგონებდა მათ და ამბობდა: იხსენით თავი ამ უკეთური მოდგმისგან. | 40 | და სხჳთაცა მრავლითა სიტყჳთა უწამებდა, ჰლოცვიდა მათ და ეტყოდა: ცხოვნდით ნათესავისა ამის დრკუჲსაგან. |
41 | ვინც მიიღო მისი სიტყვა, კიდეც მოინათლა, და შეემატათ იმ დღეს სამი ათასამდე სული. | 41 | და რომელთა-იგი სიხარულით შეიწყნარეს სიტყუაჲ მისი, ნათელ-იღეს და შეეძინნეს მას დღესა შინა სულნი ვითარ სამ ათასნი ოდენ. |
42 | ერთავად მოციქულთა სწავლასა და ზიარებაში, პურის გატეხასა და ლოცვაში იყვნენ. | 42 | და იყვნეს განკრძალულ მოძღურებასა მას მოციქულთასა და ზიარებასა და განტეხასა პურისასა და ლოცვასა. |
43 | შიშს შეეპყრო ყოველი სული და მრავალი ნიში და სასწაული ხდებოდა მოციქულთა მიერ. | 43 | და იყო ყოველსა ზედა სულსა შიში, და მრავალნი ნიშები და სასწაულები მოციქულთა მიერ იქმნებოდა. |
44 | ყველა მორწმუნე ერთად იყო და ყველაფერი საერთო ჰქონდათ. | 44 | ყოველნივე მორწმუნენი იყვნეს ერთბამად, და აქუნდა ყოველივე ზოგად. |
45 | მონაგებსა და მამულებს ჰყიდდნენ და უნაწილებდნენ თვითეულს, იმის მიხედვით, თუ ვის რა უჭირდა. | 45 | და დღითი-დღედ განკრძალულ იყვნეს ტაძარსა მას შინა, აკურთხევდეს სახლ-მდაბრ პურსა, მიიღებდეს საზრდელსა მხიარულითა და განმარტებულითა გულითა, |
46 | დღენიადაგ ერთად იყვნენ ტაძარში, სახლებში ტეხდნენ პურს და სიხარულითა და გულის უბრალოებით იღებდნენ საზრდოს, | 46 | |
47 | ღვთის მაქებარნი და მთელი ხალხის მიერ მადლით მოსილნი, ხოლო უფალი დღითიდღე ჰმატებდა ეკლესიას დახსნილთ. | 47 | აქებდეს ღმერთსა, და აქუნდა მადლი ყოვლისა მიმართ ერისა. ხოლო უფალი შესძინებდა ცხოვნებულთა დღითი-დღედ ეკლესიასა. |