ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მოციქულთა საქმენი

თავი მეოცე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

შფოთის დაცხრომის შემდეგ პავლემ დაიბარა მოწაფეები, დაემშვიდობა, გამოვიდა და მაკედონიისკენ გასწია.

1 ხოლო შემდგომად დაცხრომისა მის შფოთისა, მოუწოდა პავლე მოწაფეთა მათ და ნუგეშინის-სცა და მოიკითხნა, და იჯმნა მათგან და განვიდა მისლვად მაკედონიად.
2 იქაურობა რომ მოიარა და მრავალი სიტყვით ანუგეშა მორწმუნენი, საბერძნეთს ჩავიდა. 2 და ვითარცა მოვლო ადგილები იგი და ნუგეშინის-სცა მათ სიტყჳთა მრავლითა, წარვიდა ელადად.
3 სამი თვე დაჰყო იქ და სირიაში ხომალდით გამგზავრება რომ დააპირა, იუდეველებმა შეთქმულება მოუწყვეს; ამიტომაც გადაწყვიტა, მაკედონიის გავლით დაბრუნებულიყო. 3 იყო მუნ სამ თთუე. იქმნა მისთჳს ძჳრის ზრახვაჲ ჰურიათაგან. ეგულებოდა რაჲ აღსლვაჲ ასურეთა, განიზრახა მიქცევაჲ მაკედონიაჲთ.
4 ასიამდე თან ახლდნენ სოპატრე ბეროელი, თესალონიკელთაგან - არისტარქე და სეკუნდუსი, გაიუს დერბელი და ტიმოთე, ასიელები - ტიქიკე და ტროფიმე, 4 და მის თანა ჰყვანდეს ვიდრე ასიადმდე სოსიპატრე პჳრესი, ბერიელი, და თესალონიკელი არისტარქოს და სეკუნდოს და გაიოს დერბელი და ტიმოთე და ასიელნი ტჳქიკოს და ტროფიმოს.
5 რომლებმაც წინ გაგვისწრეს და ტროაში გველოდნენ. 5 ესენი წინა-წარგჳძღუეს და გუელოდეს ჩუენ ტროადას შინა.
6 ჩვენ კი უფუარობის დღეების შემდეგ ხომალდით გავემგზავრეთ ფილიპედან და მეხუთე დღეს მათ შევუერთდით ტროაში, სადაც შვიდი დღე დავრჩით. 6 ხოლო ჩუენ ნავითა წარვედით შემდგომად დღეთა მათ უცომოებისათა ფილიპიაჲთ და მოვედით მათ თანა ტროადად მეხუთესა დღესა, და ვიყვენით ჩუენ მუნ შჳდ დღე.
7 კვირის პირველ დღეს, როდესაც მოწაფეები პურის გასატეხად შეიკრიბნენ, პავლემ, რომელიც მეორე დღეს აპირებდა გამგზავრებას, სიტყვა უთხრა მათ და შუაღამემდე გააგრძელა საუბარი. 7 და ერთსა მას შაბათსა შეკრებულ რაჲ იყვნეს მოწაფენი იგი განტეხად პურისა, ხოლო პავლე ეტყოდა მათ სიტყუასა მოძღურებისათა, რამეთუ განსლვად იყო ხვალისაგან, და განაგრძო სიტყუაჲ იგი ვიდრე შუა ღამედმდე.
8 ქორედში, სადაც ჩვენ ვიყავით შეკრებილნი, ბევრი სანთელი ენთო. 8 იყვნეს სანთელნი მრავალნი ქორსა მას ზედა, სადა-იგი შეკრებულ ვიყვენით.
9 რაკიღა პავლეს სიტყვა გაუგრძელდა, ერთ ჭაბუკს, სახელად ევტიქეს, სარკმლის რაფაზე რომ ჩამომჯდარიყო, ძილი მოერია, მესამე სართულიდან გადავარდა და მკვდარი აიყვანეს. 9 ხოლო ჯდა ჭაბუკი ვინმე ერთი, სახელით ევტჳქოს, სარკუმელსა ზედა. და ვითარცა მიერულა მას ძილითა ჴშირითა სიტყუასა მას პავლესსა მრავალ ჟამ, გარდავარდა მძინარე და დაეცა სამ სართულისა მისგან ქუეყანად და იდვა მკუდარი.
10 ჩავიდა პავლე, ზედ დაემხო, ხელი მოხვია და თქვა: ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან მისი სული მასშივეაო. 10 გარდავიდა პავლე და დავარდა მას ზედა, შეიტკბო იგი და თქუა: ნუ აღშფოთნებით, რამეთუ სული მისი მის თანა არს.
11 მერე კვლავ ზევით ავიდა, პური გატეხა და ჭამა; კარგა ხანს ისაუბრა, გარიჟრაჟამდე, შემდეგ კი წავიდა. 11 აღდგა მიერ და აღვიდა, განტეხა პური და ჭამა, და მრავალ ჟამ ზრახვიდა-ღა ვიდრე განთენებადმდე და ესრეთ განვიდა.
12 ჭაბუკი კი ცოცხალი ამოიყვანეს, რამაც დიდად ანუგეშა ისინი. 12 ხოლო მოიყვანეს ყრმაჲ იგი ცოცხალი და ნუგეშინის-იცეს არა მცირედ.
13 ჩვენ დავწინაურდით და ხომალდით ჩავედით ასოსში, საიდანაც უნდა წაგვეყვანა პავლე; ასე გვიბრძანა, ვინაიდან თვითონ ფეხით აპირებდა წამოსვლას. 13 ხოლო ჩუენ წინა წარუძეღჳთ ნავითა და აღვედით ასსონდ; მიერ გუეგულებოდა წარყვანებაჲ პავლესი, რამეთუ ეგრეთ განეწესამ რამეთუ მკჳრცხლ ეგულებოდა მოსლვაჲ.
14 ასოსში რომ შემოგვიერთდა, წამოვიყვანეთ და მივედით მიტილენეში. 14 ვითარცა მოვიდა ჩუენდა ასსონდ, წარმოვიყვანეთ იგი და მოვედით მიტჳლინდ.
15

იქიდან ხომალდით გავემგზავრეთ და მეორე დღეს დავუპირისპირდით ქიოსს; მომდევნო დღეს ქიოსს მივადექით, ტროგილიონში შევჩერდით და ერთი დღის შემდეგ მილეტს მივაღწიეთ.

15 და მიერ ნავითა წარმოვედით და ხვალისაგან მივიწიენით წინაშე ქიონისა. და მიერ მივედით სამონდ და დავადგერით ტრონგჳლიას შინა, და მეორესა დღესა მოვედით მელიტონდ.
16 რადგანაც პავლემ ინება გვერდი აექცია ეფესოსათვის, რათა ასიაში არ დაყოვნებულიყო, რადგანაც ეშურებოდა, თუკი შესაძლო იქნებოდა, ორმოცდაათობის დღეს ყოფილიყო იერუსალიმში. 16 ინება პავლე ეფესოჲსა თანა-წარსლვაჲ, რაჲთა არა დაეყოვნოს მრავალ ჟამ ასიას შინა, რამეთუ ისწრაფდა, უკუეთუმცა შესაძლებელ იყო მისა, დღისა მის მეერგასისა ყოფად იერუსალჱმს.
17 მილეტიდან კაცი გაგზავნა ეფესოში და ეკლესიის უხუცესნი იხმო. 17 ხოლო მელიტონით მიავლინა ეფესოდ და მოუწოდა ხუცესთა ეკლესიისათა.
18 როცა ეახლნენ, უთხრა მათ: თქვენ იცით, რომ ასიაში მოსვლის პირველი დღიდანვე მარადჟამ თქვენთან ვიყავი. 18 და ვითარცა მოვიდეს მისა, ჰრქუა მათ: თქუენ იცით პირველ დღითგან, ვინაჲთგან შემოვედ ასიად, თუ ვითარ ვიყავ თქუენ თანა ყოველსა ჟამსა,
19 ვმონებდი უფალს მთელი სიმდაბლით, ცრემლთა ფრქვევითა და განსაცდლით, რაც შემემთხვეოდა იუდეველთა ბოროტი ზრახვით. 19 და ვჰმონებდ უფალსა ყოვლითა სიმდაბლითა და მრავლითა ცრემლითა და განსაცდელითა, რომელნი შემემთხუეოდეს მე ძჳრის ზრახვათაგან ჰურიათაჲსა.
20 არაფერი დამიშურებია, რაც კი რამეში წაგადგებოდათ, სახალხოდ თუ სახლებში რომ არ მექადაგა და მესწავლებინა თქვენთვის. 20 ვითარ-იგი არარაჲ დავაყენე უმჯობესი თქუენი, რომელიმცა არა გითხარ და გასწავე თქუენ ერსა წინაშე და სახლსა შინა.
21 იუდეველებსა და ელინებს ვაუწყებდი ღვთის წინაშე სინანულს და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს რწმენას. 21 და უწამებდ ჰურიათა და წარმართთა ღმრთისა მიმართ სინანულსა და სარწმუნოებასა უფლისა მიმართ ჩუენისა იესუ ქრისტესა.
22 და, აჰა, აწ სულის მიერ შეკრული მივდივარ იერუსალიმს და არც კი ვიცი, იქ რა შემემთხვევა. 22 და აწ ესერა კრული სულითა მივალ იერუსალჱმს და, მუნ თუ რაჲ შემთხუევად არს ჩემდა, არაჲ ვიცი;
23 მხოლოდ სული წმიდა ყველა ქალაქში მიმოწმებს და მეუბნება, რომ ბორკილები და ტანჯვა-ვაება მელის. 23 გარნა სული წმიდაჲ ქალაქად-ქალაქად მიწამებს მე და მეტყჳს, რამეთუ კრულებანი და ჭირნი მელიან მე.
24 მაგრამ სიცოცხლე არად მიღირს, ოღონდაც კი დავასრულო ჩემი სარბიელი და მსახურება, რაც მომენდო უფალ იესოს მიერ, რათა ვმოწმობდე ღვთის მადლის სახარებას. 24 არამედ არარას ვზრუნავ ამისთჳს, არცა უპატიოსნეს სულისა ჩემისა შემირაცხიეს თავი ჩემი, ვითარმცა არა აღვასრულე სრბაჲ ჩემი სიხარულით და მსახურებაჲ, რომელი მოვიღე უფლისა იესუ ქრისტესგან წამებად სახარებაჲ იგი მადლისა ღმრთისაჲ.
25 და, აჰა, აწ ვიცი, რომ ვეღარ იხილავს ჩემს სახეს ვერცერთი თქვენთაგანი, რომელთა შორისაც დავდიოდი და ვქადაგებდი ღვთის სასუფეველს. 25 და აწ აჰა-ესერა მე უწყი, რამეთუ არღარა იხილოთ პირი ჩემი თქუენ ყოველთა, რომელთა შორის ვიქცეოდე და ვქადაგებდ სასუფეველსა ღმრთისასა.
26 ამიტომაც გიმოწმებთ დღეს, რომ ბრალი არ მიდევს არავის სისხლში. 26 ვინაჲცა გიწამებ თქუენ დღენდელსა ამას დღესა, რამეთუ უბრალო ვარ მე სისხლისაგან თქუენ ყოველთაჲსა.
27 რადგანაც ყოველთვის ვცდილობდი გამეცხადებინა თქვენთვის ღვთის მთელი ნება. 27 რამეთუ არარაჲ დავაყენე, რომელიმცა არა გითხარ თქუენ ყოველივე ნებაჲ ღმრთისაჲ.
28

მაშ, გაუფრთხილდით თქვენს თავსაც და თქვენს სამწყსოსაც, რომლის მცველებადაც დაგადგინათ სულმა წმიდამ, რათა მწყემსავდეთ ღვთის ეკლესიას, რომელიც მან შეიძინა თავისი სისხლით.

28 ეკრძალენით უკუე თავთა თქუენთა და ყოველსავე სამწყსოსა, რომელსა-ეგე თქუენ სულმან წმიდამან დაგადგინნა მოღუაწედ და მწყსად ეკლესიასა უფლისა ღმრთისასა, რომელი მოიგო სისხლითა თჳსითა.
29 რადგანაც ვიცი, რომ ჩემი წასვლის შემდეგ შემოგესევიან მძვინვარე მგლები, რომლებიც არ დაინდობენ სამწყსოს. 29 და აჰა მე უწყი ესე, რამეთუ შემოვიდენ თქუენდა შემდგომად განსლვისა ჩემისა მგელნი მძიმენი, რომელნი არა ერიდებოდიან სამწყსოსა.
30 და თვით თქვენგანაც აღდგებიან კაცნი, რომელნიც ილაპარაკებენ უკუღმართად, რათა მოწაფეები გადაიბირონ. 30 და თჳთ თქუენგანნი აღდგენ კაცნი, რომელნი იტყოდიან გულარძნილსა, რაჲთა განადგინნენ მოწაფენი შემდგომად მათდა.
31 მაშ, იფხიზლეთ და გახსოვდეთ, რომ სამ წელიწადს, დღე და ღამ, განუწყვეტლივ ცრემლით ვასწავლიდი თვითეულ თქვენგანს. 31 ამისთჳს იღჳძებდით და მოიჴსენეთ, რამეთუ სამსა წელსა ღამით და დღით არა დავსცხრებოდე ცრემლით სწავლასა კაცად-კაცადისა თქუენისასა.
32 ახლა კი, ძმანო, ღმერთსა და მისი მადლის სიტყვას მიგანდობთ, რომელსაც შეუძლია აგაშენოთ და მოგცეთ სამკვიდრო ყველა წმიდასთან ერთად. 32 და აწ შეგვედრებ თქუენ ღმერთსა, ძმანო, და სიტყუასა მას მადლისა მისისასა, რომელი შემძლებელ არს აღშენებად და მოცემად თქუენდა მკჳდრობისა ყოველთა შორის წმიდათა.
33 არც ვისიმე ოქრო-ვერცხლი მინატრია და არც სამოსი. 33 ვეცხლისა და ოქროჲსა და სამოსლისა არავისი გულმან მითქუა.
34 თქვენ თვითონ იცით, რომ, აი, ეს ხელები შეეწეოდნენ როგორც ჩემს, ისე იმათ გასაჭირს, ვინც იყვნენ ჩემთან. 34 თქუენ თჳთ უწყით, რამეთუ საჴმარსა მას ჩემსა და რომელნი იყვნეს ჩემ თანა, ჴელნი ესე ჩემნი ჰმსახურებდეს.
35 ყოველნაირად გიჩვენეთ, რომ სწორედ ამნაირი შრომით უნდა შეეწიოთ უმწეოთ და გახსოვდეთ უფალ იესოს სიტყვები, როგორც თავად თქვა: გაცემა უფრო დიდი ნეტარებაა, ვიდრე მიღება. 35 და ყოველივე გიჩუენე თქუენ, რამეთუ ესრეთ მშრომელთა მათდა ჯერ-არს შეწყნარებაჲ უძლურთა მათ და მოჴსენებად სიტყუაჲ იგი უფლისა იესუჲსი, რამეთუ თავადმან თქუა: ნეტარ არს მიცემაჲ უფროჲს მოღებისა.
36 ეს რომ თქვა, მუხლი მოიყარა და მათთან ერთად ილოცა. 36 და ესე რაჲ თქუა, დაიდგინა მუჴლნი მათ ყოველთა თანდა და ილოცა.
37 ყველანი მწარედ ატირდნენ, ყელზე ეხვეოდნენ და ჰკოცნიდნენ პავლეს. 37 იყო ტირილი დიდი მათ ყოველთაჲ და მოეხჳნეს ქედსა პავლესსა, ამბორს-უყოფდეს მას.
38 უფრო იმ სიტყვის გამო იმდუღრებოდნენ, მან რომ თქვა: ვეღარ იხილავთ ჩემს სახესო, და მიაცილეს იგი ხომალდამდე. 38 და ელმოდა უფროჲს-ღა სიტყჳსა მისთჳს, რომელი თქუა, ვითარმედ: არღარა იხილონ პირი მისი. და წარჰგზავნიდეს მას ნავად.