ახალი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
მათ რომ დავშორდით, პირდაპირ გავცურეთ და კოსს მივადექით, მეორე დღეს კი - როდოსს, ხოლო იქიდან - პატარას. |
1 | და ვითარცა იყო შესლვაჲ ჩუენი, განვეშორენით მათგან მართლ წარმოვედით და მივიწიენით კონდ, და კუალად ხვალისაგან – როდედ და მიერ – პატრად. |
2 | ფინიკიისაკენ მიმავალი ხომალდი ვნახეთ, ზედ ავედით და გავცურეთ. | 2 | და ვპოვეთ ნავი, რომელი წიაღვიდოდა ფინიკედ, აღვჴედით და შევსხედით მას. |
3 | გამოჩნდა კიპროსი, რომელიც მხარმარცხნივ მოვიტოვეთ, სირიისაკენ გავემართეთ და მივადექით ტიროსს, ვინაიდან იქ უნდა გადმოეტვირთათ ხომალდი. | 3 | ხოლო აღ-რაჲ-ჩნდა კჳპრე, დაუტევეთ იგი მარცხენით და მივიდოდეთ ასურეთა, და მივიწიენით ტჳრედ, რამეთუ მუნ გარდაყრად იყო ნავისა მის ტჳრთი. |
4 | მოწაფეები მოვინახულეთ და შვიდი დღე დავყავით იქ; ხოლო ისინი, სულით აღძრულნი, იერუსალიმში ასვლას უშლიდნენ პავლეს. | 4 | და მოვიძიენით მოწაფენი და დავადგერით მუნ შჳდ დღე, რომელნი-იგი პავლეს ეტყოდეს სულითა, რაჲთამცა არა აღვიდა იერუსალჱმდ. |
5 | იმ დღეებმა რომ განვლო, გამოვედით და გავწიეთ. ყველამ ცოლშვილითურთ გამოგვაცილა ქალაქგარეთ. ზღვის პირას მუხლი მოვიყარეთ და ვილოცეთ. | 5 | და ვითარცა აღვასრულენით ჩუენ დღენი იგი, გამოვედით და წარვიდოდეთ. და იგინი წარმგზავნიდეს ჩუენ დღენი იგი, გამოვედით და წარვიდოდეთ. და იგინი წარმგზავნიდეს ჩუენ სახლეულებითურთ და შვილით ვიდრე გარეშე ქალაქისა მის, და დაიდგინეს მუჴლნი ზღჳს კიდესა და ილოცეს. |
6 | ერთმანეთს დავემშვიდობეთ; ჩვენ ხომალდზე ავედით, ისინი კი სახლში დაბრუნდნენ. | 6 | და მოვიკითხენით ურთიერთას და აღვედით ნავსა, და იგინი მიიქცეს თჳსსა ადგილსა. |
7 | გავლიეთ გზა და ტიროსიდან პტოლემაიდაში ჩავედით, მოვიკითხეთ მოწაფეები და ერთი დღე დავყავით მათთან. | 7 | და ჩუენ ნავითა წარმოვედით ტჳრეთ და მივიწიენით პტოლემაიდად, მოვიკითხენით ძმანი და დავადგერით მათ თანა ერთ დღე. |
8 | მეორე დღეს კი გამოვედით და კესარიას მივაღწიეთ, სადაც ფილიპე მახარებლის, ერთ-ერთი შვიდთაგანის სახლში შევედით და იქ დავდექით. | 8 | ხოლო ხვალისაგან გამოვედით მიერ და შევედით კესარიად და მივედით სახლსა ფილიპე მახარებელისასა, რომელი-იგი იყო შჳდთაგანი, და დავადგერით მის თანა. |
9 | ხოლო მას ოთხი ასული ჰყავდა და ოთხივე წინასწარმეტყველი იყო. | 9 | ამისნი იყვნეს ოთხნი ასულნი, ქალწულნი წინაწარმეტყუელნი. |
10 | კარგა ხანს დავყავით მისას; ჩვენს იქ ყოფნაში იუდეიდან ჩამოვიდა ერთი წინასწარმეტყველი, სახელად აგაბოსი. | 10 | და ვიყოფოდეთ რაჲ მუნ მრავალ დღე, გარდამო-ვინმე-ვიდა ჰურიასტანით წინაწარმეტყუელი, სახელით აგაბოს. |
11 | ჩვენთან მოვიდა, პავლეს სარტყელი აიღო, ხელ-ფეხი შეიკრა და თქვა: კაცს, ვისიცაა ეს სარტყელი, ასე შეკრავენ იერუსალიმს და წარმართებს მისცემენ ხელში. | 11 | და მოვიდა ჩუენდა და აღაღო სარტყელი პავლესი და შეიკრნა ფერჴნი და ჴელნი მისნი და თქუა: ამას იტყჳს სული წმიდაჲ: კაცისა რომლისაჲ არს სარტყელი ესე, ესრეთ შეკრან იერუსალჱმს ჰურიათა და მისცენ იგი ჴელსა წარმართთასა. |
12 | ეს რომ გავიგონეთ, ჩვენც და იქაურებმაც თხოვნა დავუწყეთ პავლეს, არ ასულიყო იერუსალიმს. | 12 | ხოლო ჩუენ ვითარცა გუესმა ესე, ვევედრებოდეთ მას და მის ადგილისანი იგი, რაჲთამცა არა აღვიდა იგი იერუსალჱმდ. |
13 | მან კი მოგვიგო: ამას რას სჩადით? ტირილით მიურვებთ გულს? არამცთუ შესაკვრელად, საიმისოდაც მზადა ვარ, რომ იერუსალიმში თავი შევწირო უფალ იესოს სახელს. | 13 | მაშინ მოგჳგო პავლე და გურქუა: რასა იქმთ, სტირთ და შეაურვებთ გულსა ჩემსა? რამეთუ მე არა ხოლო შეკრვად, არამედ მოსიკუდიდცა მზა ვარ იერუსალჱმს სახელისათჳს უფლისა იესუჲსსა. |
14 | რაკი ვერ დავიყოლიეთ, დავშოშმინდით და ვთქვით: დე, იყოს უფლის ნება! | 14 | ვითარ-იგი ვერ ვარწმუნეთ მას, დავდუმენით და ვთქუთ: ნებაჲ უფლისაჲ იყავნ! |
15 |
და იმ დღეების შემდეგ იერუსალიმს ასასვლელად გავემზადეთ. |
15 | შემდგომად ამათ დღეთა განვემზადენით და აღვიდოდეთ იერუსალჱმდ. |
16 | თან მოგვყვებოდნენ კესარიელი მოწაფეები, რომლებსაც უნდა დავებინავებინეთ ერთი ძველი მოწაფის - მნასონ კიპროსელის სახლში. | 16 | მოვიდეს ჩუენ თანა მოწაფენი კესარიაჲთცა, მოვიყვანეთ იგიცა, რომლისა თანა ვიყვენით, მნასონ კჳპრელი, პირველი მოწაფე. |
17 | იერუსალემში რომ ავედით, სიხარულით მიგვიღეს ძმებმა. | 17 | მი-რაჲ-ვედით ჩუენ იერუსალჱმდ, მხიარულად შემიწყნარნეს ჩუენ ძმათა. |
18 | მეორე დღეს პავლე ჩვენთან ერთად ეწვია იაკობს და იქვე მოვიდა ყველა უხუცესიც. | 18 | ხოლო ხვალისაგან შევიდა პავლე ჩუენ თანა იაკობისა, რამეთუ ყოველნივე ხუცესნი მოვიდოდეს. |
19 | პავლემ მოიკითხა ისინი და დაწვრილებით უამბო ყველაფერი, რაც ღმერთმა მისი მსახურებით აღასრულა წარმართებს შორის. | 19 | და მოიკითხვიდეს მას. და მიუთხრობდა კაცად-კაცადსა, რომელი-იგი ქმნა ღმერთმან წარმართთა შორის მსახურებითა მისითა. |
20 | ხოლო მათ, ეს რომ მოისმინეს, ადიდეს ღმერთი და თქვეს: ხომ ხედავ, ძმაო, რამდენი ათასი მორწმუნეა იუდეველთა შორის, და ყველანი გულმხურვალედ იცავენ რჯულს. | 20 | ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე, ადიდებდეს ღმერთსა და ჰრქუეს მას: ჰხედავა ძმაო, რაოდენნი ბევრნი არიან ჰურიათა შორის მორწმუნენი! და ყოველნივე მოშურნე სჯულისა არიან. |
21 | შენზე გაიგეს, რომ მოსესაგან განდგომას ასწავლი წარმართთა შორის მცხოვრებ იუდეველებს, და ამბობ, რომ არ უნდა წინადასცვითონ თავიანთ შვილებს და არც ადათ-წესებს მისდიონ. | 21 | ესმა ვიეთგანმე შენთჳს, ვითარმედ განდგომასა ასწავებ მოსესგან, რომელნი-იგი წარმართთა შორის ჰურიანი არიან, და ეტყჳ, რაჲთა არა წინა-დასცჳთონ შვილთა მათთა და არცა ჩუეულებათა ვიდოდიან. |
22 | მერედა, რა ვქნათ? უთუოდ შეიყრება ხალხი, შენს მოსვლას რომ გაიგებს. | 22 | რაჲ უკუე არს? უეჭუელად ერი შეკრებად არს, რამეთუ ესმა, ვითარმედ მოსრულ ხარ. |
23 | ისე მოიქეცი, როგორც ჩვენ გირჩევთ: აქა გვყავს ოთხი კაცი, რომლებმაც აღთქმა დადეს. | 23 | აწ უკუე ესე ყავ, რომელსა გეტყჳთ შენ: არიან ჩუენ შორის კაცნი ოთხნი, რომელთა ლოცუაჲ აქუს თავისა თჳსისაჲ. |
24 | წაიყვანე ისინი, მათთან ერთად განიწმინდე და გაიღე მათი ხარჯი, რომ თმა შეიკვეცონ; ამრიგად, ყველა მიხვდება, რომ რაც შენზე გაუგიათ, სულ ტყუილია, და რომ შენ კვლავინდებურად იცავ რჯულს. | 24 | ესენი წარიყვანენ და განწმდი მათ თანა და იკუეცე მათ თანა, რაჲთა დაიყჳნნენ თავნი მათნი და ცნან ყოველთა, ვითარმედ რომლისათჳს იგი ესმა შენთჳს, არარაჲ არს, არამედ ჰგიე შენცა და იმარხავ სჯულსა. |
25 | ხოლო რაც შეეხება წარმართებს, რომლებმაც ირწმუნეს, ჩვენ ვიმსჯელეთ მათზე და მივწერეთ, რომ ეკრძალონ კერპთათვის შენაწირს, სისხლს, დამხრჩვალს და სიძვას. | 25 | ხოლო მორწმუნეთა წარმართთათჳს ჩუენ მივწერეთ და უბრძანეთ, რაჲთა არარას ეგევითარსა იმარხვიდენ იგინი, არამედ რაჲთა ეკრძალენ კერპთა კლულისაგან და სისხლისა დამშთვრისა და სიძვისა. |
26 | მაშინ პავლემ წაიყვანა ისინი, მეორე დღეს მათთან ერთად განიწმინდა, მერე კი შევიდა ტაძარში და გამოაცხადა, როდის დასრულდებოდა განწმენდის დღეები, როცა თვითეული მათგანისათვის უნდა შეწირულიყო შესაწირავი. | 26 | მაშინ პავლე წარიყვანნა კაცნი იგი მეორესა დღესა და მათ თანა განწმიდნა. და შევიდოდა ტაძარსა მითხრობად აღსრულებასა შჳდთა მათ დღეთა განწმედისათა, ვიდრემდის შეიწირა კაცად-კაცადისა მათისათჳს შესაწირავი. |
27 | შვიდი დღე რომ მიიწურა, ასიელმა იუდეველებმა, რომლებმაც ტაძარში დაინახეს იგი, ააბორგეს მთელი ხალხი, ხელი დაადეს მას | 27 | ვითარცა აღესრულებოდეს შჳდნი იგი დღენი, რომელნი-იგი იყვნეს ასიაჲთ ჰურიანი, იხილეს იგი ტაძარსა შინა, შეაშფოთეს ყოველი იგი ერი და დაასხნეს მის ზედა ჴელნი მათნი. |
28 |
და შესძახეს: კაცნო ისრაელიტნო, გვიშველეთ! ეს კაცი ყველგან და ყველას წინაშე ქადაგებს ხალხის, რჯულისა და ამ ადგილის წინააღმდეგ; თანაც, ბერძნებიც შეიყვანა ტაძარში და შებღალა ეს წმიდა ადგილი. |
28 | და ღაღადებდეს და იტყოდეს: კაცნო ისრაიტელნო, შემეწიენით ჩუენ! ესე არს კაცი იგი, რომელი ერისა ამისთჳს და სჯულისა და ადგილისა ამისთჳს ყოველთა ყოველსა ადგილსა ასწავებს. და მერმე კუალად წარმართნიცა შეიყვანნა ტაძრად და შეაგინა ადგილი ესე წმიდაჲ. |
29 | (ვინაიდან ამაზე უწინ მასთან ერთად ტროფიმე ეფესელი დაენახათ ქალაქში და ეგონათ, რომ პავლემ ტაძარში შეიყვანა იგი). | 29 | რამეთუ ეხილვა წინაჲსწარ ტროფიმე ეფესელი მის თანა ქალაქსა შინა, რომლისასა ჰგონებდეს, ვითარმედ ტაძრად შეიყვანა პავლე. |
30 | შეიძრა მთელი ქალაქი და შეიყარა ხალხი; შეიპყრეს პავლე, ტაძრიდან გამოათრიეს და მყისვე დაიხშო კარი. | 30 | აღიძრა ყოველი იგი ქალაქი და იყო შეკრებაჲ ერისაჲ და შფოთი დიდი, და შეიპყრეს პავლე და გამოითრევდეს გარე ტაძრისა მისგან, და მეყსეულად დაეჴშნეს კარნი. |
31 | როდესაც მოკვლა დაუპირეს, ათასისთავამდე მიაღწია ხმამ, მთელი იერუსალიმი ამბოხდაო. | 31 | და ვითარცა ეგულებოდა მოკლვაჲ მისი, მიიწია ჰამბავი ათასისთავისა მის გუნდისა, ვითარმედ ყოველი იერუსალჱმი შეკრებულ არს. |
32 | დაუყოვნებლივ წამოიყვანა ჯარისკაცები და ასისთავები და მათკენ გამოეშურა. ათასისთავისა და ჯარისკაცების დანახვაზე ხალხმა თავი ანება პავლეს ცემას. | 32 | ხოლო მან მეყსეულად წარიყვანნა მჴედარნი და ასისთავნი და მიიწია მათ ზედა. ხოლო მათ ვითარცა იხილეს ათასისთავი იგი და მჴედარნი, დააცადეს ცემაჲ პავლესი. |
33 | მაშინ ათასისთავი მიუახლოვდა და წამოაყენა იგი, ბრძანა ორმაგი ჯაჭვით შეეკრათ და თან ხალხს ეკითხებოდა, ვინ არის, ან რა ჩაიდინაო? | 33 | მაშინ მიეახლა ათასისთავი იგი და გამოიყვანნა იგი, და ბრძანა შეკრვაჲ მისი მრჩობლითა ჯაჭვითა და ჰკითხვიდა: ვინ არს ანუ რაჲ უქმნიეს? |
34 | ხალხში ერთნი ერთს გაჰყვირთდნენ, მეორენი კი - მეორეს. და რაკი ამ ღრიანცელში დანამდვილებით ვერაფერი გაიგო, ათასისთავმა მისი ციხეში წაყვანა ბრძანა. | 34 | სხუანი იგი სხუასა რასმე ჴმობდეს ერსა შორის. და ვითარ-იგი ვერ გულისჴმა-ყო გამოწულილვით შფოთისა მისგან, ბრძანა შეყვანებაჲ მისი ბანაკად. |
35 | კიბეზე რომ შედგა ფეხი, ჯარისკაცები, ხალხის სიმრავლის გამო, იძულებულნი შეიქნენ ხელში აეყვანათ პავლე. | 35 | და ვითარცა მიიწია იგი აღსავალსა მას, ზე აქუნდა პავლე მჴედართა მათ სიმრავლესა მისთჳს ერისა, |
36 | ვინაიდან ზღვა ხალხი მოსდევდა და მოსძახოდა: სიკვდილი მაგას! | 36 | რამეთუ შეუდგა მას სიმრავლე იგი ერისაჲ და ჴმობდეს: აღიღე ეგე! |
37 | ციხეში რომ შეჰყავდათ, პავლემ ათასისთავს უთხრა: შეიძლება ერთი რამ გკითხო? ხოლო მან თქვა: ბერძნული იცი? | 37 | და ვითარცა შეჰყვანდა ბანაკად, ჰრქუა პავლე ათასისთავსა მას: უკუეთუ ჯერ-არს რაჲსამე ჩემდა სიტყუად შენდა მიმართ? ხოლო მას ჰრქუა: ბერძლ იცია? |
38 | განა შენ არა ხარ ის ეგვიპტელი, ამას წინათ რომ აამბოხა და უდაბნოში გაიყვანა ოთხი ათასი სიკარიელი? | 38 | ანუ არა-მე შენ ხარა მეგჳპტელი იგი, რომელმან უწინარეს დღეთა ამათ აღსძარ და განიყვანენ უდაბნოდ ოთხ ათასნი იგი კაცნი საკარიელნი? |
39 | პავლემ მიუგო: მე ვარ იუდეველი კაცი, ტარსოსელი, კილიკიის არცთუ უმნიშვნელო ქალაქის მოქალაქე. გევედრები, ნება მიბოძე ხალხს დაველაპარაკო. | 39 | ჰრქუა მას პავლე: მე კაცი ვარ ჰურიაჲ, ტარსელი კილიკიისაჲ, არა უცნაურისა ქალაქისა მოქალაქე; და გევედრები შენ: მიბრძანე მე ერისა მიმართ სიტყუად. |
40 | ნებართვა რომ მიიღო, პავლე კიბის თავზე დადგა, ხელით ანიშნა ხალხს და როცა სრული სიჩუმე ჩამოვარდა, ებრაულად მიმართა მათ: | 40 | და მან ვითარცა უბრძანა, დადგა პავლე აღსავალსა მას და განუყარა ჴელი ერსა მას; და ვითარ მრავალი დადუმებაჲ იყო, ეტყოდა მათ ებრაელებრითა სიტყჳთა და ჰრქუა: |