ახალი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
კაცნო, ძმანო და მამანო! ისმინეთ ჩემი თავისმართლება თქვენს წინაშე. |
1 | კაცნო, ძმანო და მამანო! ისმინეთ ჩემი თქუენდა მიმართისა სიტყჳს გებისათჳს. |
2 | როდესაც გაიგონეს, რომ ებრაულად ელაპარაკებოდა მათ, უფრო დიდი სიჩუმე ჩამოვარდა. მან კი განაგრძო: | 2 | და ვითარცა ესმა, რამეთუ ებრაელებრითა სიტყჳთა ეტყოდა მათ, უფროჲს დადუმება-სცეს. და თქუა: |
3 | მე ვარ იუდეველი კაცი, კილიკიის ტარსოსში შობილი, ამ ქალაქში გამალიელის ფერხთით აღზრდილი და მამათა რჯულში ზედმიწევნით განსწავლული, ღვთის ისეთივე მოშურნე, როგორც დღეს ხართ ყველანი. | 3 | მე კაცი ვარ ჰურიაჲ, შობილი ტარსუს კილიკიისასა, აღზრდილი ამას ქალაქსა შინა ფერჴთა თანა გამალიელისთა, განსწავლულ ზედამიწევნით მამულითა სჯულითა; მოშურნე ვიყავ ღმრთისათჳს, ვითარცა თქუენ ყოველნი ხართ დღეს. |
4 | სასიკვდილოდ ვდევნიდი ამ გზაზე დამდგართ, ბორკილებს ვადებდი და საპყრობილეში ვყრიდი კაცებსაც და ქალებსაც. | 4 | რომელი ამას გზასა ვსდევნიდ ვიდრე სიკუდილადმდე, შევჰვრვედ და მივსცემდ საპყრობილედ მამათა და დედათა, |
5 | რაშიაც მღვდელმთავარიც დამემოწმება და ყველა უხუცესიც, რომლებმაც წერილები გამატანეს დამასკოში მყოფი ძმებისთვის, და წავედი, რომ იქაურებიც შებორკილნი ჩამომეყვანა იერუსალიმს, რათა გვეწამებინა ისინი. | 5 | ვითარცა-ეგე მღდელთ მოძღუარი მეწამების მე და ყოველნი მოხუცებულნი, რომელთაგან წიგნებიცა მოვიღე ძმათათჳს, რომელნი იყვნეს დამასკეს, და მოვიდოდე მოყვანებად მუნ მყოფთა მათ კრულთა იერუსალჱმდ, რაჲთა იტანჯნენ. |
6 | მოხდა ისე, რომ, როცა გზად მიმავალი ვუახლოვდებოდი დამასკოს, ანაზდეულად დიდმა ნათელმა მომიცვა ზეცით. | 6 | იყო უკუე ჩემსა მას სლვასა და მიახლებასა დამასკისასა, შუა სამხრის, მეყსეულად ზეცით გამობრწყინდა ნათელი დიდი ჩუენ ზედა. |
7 | მიწაზე დავემხე და ჩამესმა ხმა, რომელმაც მითხრა: საულ, საულ, რად მდევნი მე? | 7 | და დავვარდი ქუეყანასა ზედა და მესმა ჴმაჲ, რომელმან მრქუა მე: საულ, საულ, რაჲსა მდევნი მე? |
8 | მივუგე: ვინა ხარ, უფალო? ხოლო მან მითხრა: მე ვარ იესო ნაზორეველი, რომელსაც შენ დევნი. | 8 | და მე მიუგე მას: ვინ ხარ, უფალო? და მრქუა მე: მე ვარ იესუ ნაზარეველი, რომელსა შენ მდევნი. |
9 | ჩემმა მხლებლებმაც იხილეს ნათელი, მაგრამ ჩემი მოსაუბრის ხმა არ სმენიათ. | 9 | და რომელნი-იგი ჩემ თანა იყვნეს, ნათელი იგი იხილეს და შიში დაეცა მათ ზედა, ხოლო ჴმაჲ იგი არა ესმა, რომელი მეტყოდა მე. |
10 | მე ვუთხარი: რა ვქნა, უფალო? უფალმა კი მითხრა: ადექი და შედი დამასკოში, სადაც გეუწყება ყველაფერი, რისი ქმნაც ნაბრძანები გაქვს. | 10 | და მე ვარქუ: რაჲ-მე ვყო, უფალო? ხოლო უფალმან მრქუა მე: აღდეგ და შევედ დამასკედ, და მუნ გეთხრას შენ ყოვლისათჳს, რომელი ბრძანებულ არს შენდა ყოფად. |
11 | რაკი იმ ნათლის დიდებისაგან ვეღარაფერს ვხედავდი, ჩემმა მხლებლებმა ხელი ჩამკიდეს და ისე მიმიყვანეს დამასკოში. | 11 | და ვითარცა-იგი მე არას ვხედევდი დიდებისა მისგან ნათლისა მის, ჴელის პყრობითა თანა მყოფთა მათ ჩემთაჲთა შევედ დამასკედ. |
12 | ვინმე ანანია, კაცი ღვთისმოსავი რჯულის წესით და ყველა დამასკოელი იუდეველისგან პატივდებული, | 12 | ანანია ვინმე, კაცი ღმრთის მოშიში მსგავსად სჯულისა, წამებული ყოველთაგან მკჳდრთა დამასკისათა ჰურიათა, |
13 | მოვიდა ჩემთან, გვერდით დამიდგა და მითხრა: საულ, ძმაო, აგეხილოს თვალი; და იმწამსვე დავინახე იგი. | 13 | მოვიდა ჩემდა, ზედა მომადგა და მრქუა მე: საულ ძმაო, აღიხილენ! და მე მასვე ჟამსა შინა აღვიხილენ და მივხედენ მას. |
14 | ხოლო მან მითხრა: ჩვენი მამების ღმერთმა წინასწარ აგირჩია შენ, რათა შეიცნო მისი ნება, იხილო მართალი და მის ბაგეთაგან ისმინო სიტყვა. | 14 | ხოლო მან მრქუა მე: ღმერთმან მამათა ჩუენთამან გამოგირჩია შენ ცნობად ნებისა მისისა და ხილვად მართლისა მის და სმენად ჴმაჲ პირისა მისისაჲ, |
15 | რადგანაც შენ იქნები მისი მოწმე ყოველი კაცის წინაშე იმის გამო, რაც იხილე და ისმინე. | 15 | რამეთუ იყო მოწამე მისა ყოველთა მიმართ კაცთა, რომელი-იგი იხილე და გესმა. |
16 |
მაშ, რაღას უცდი? ადექი, ნათელ იღე, ჩამოირეცხე შენი ცოდვები და მოუხმე უფლის სახელს. |
16 | და აწ ნურას ეურვი, აღდეგ და ნათელ-იღე და განიბანენ ცოდვანი შენნი და ხადოდე სახელსა მისსა. |
17 | ხოლო იერუსალიმში დაბრუნების შემდეგ ტაძარში ვლოცულობდი და ექსტაზში ჩავვარდი. | 17 |
ხოლო იყო მოქცევასა ჩემსა იერუსალჱმს და ლოცვასა ჩემსა ტაძარსა შინა, ვიყავ განკჳრვებასა შინა |
18 | ვიხილე უფალი, რომელმაც მითხრა: სასწრაფოდ გაეცალე იერუსალიმს, რადგანაც არ მიიღებენ შენს მოწმობას ჩემს შესახებ. | 18 | და ვიხილე უფალი, და მრქუა მე: ისწრაფე და განვედ ადრე იერუსალჱმით, რამეთუ არა თავს-იდვან წამებაჲ შენი ჩემთჳს. |
19 | მე ვუთხარი: უფალო, მათ იციან, რომ მე საპყრობილეში ვყრიდი და სინაგოგებში ვცემდი შენს მორწმუნეთ, | 19 | და მე ვთქუ: უფალო, მათ თჳთ იციან, რამეთუ მე ვიყავ, რომელი მივსცემდ საპყრობილედ და ვსტანჯევდ შესაკრებელსა შორის მორწმუნეთა შენთა. |
20 | ხოლო როდესაც იღვრებოდა შენი მოწამის - სტეფანეს სისხლი, მეც იქ ვიდექი, ვიწონებდი მის მოკვლას და მისი მკვლელების სამოსს ვდარაჯობდი. | 20 | და რაჟამს დაითხეოდა სისხლი მოწამისა შენისა სტეფანესი, მე ვიყავ ზედამდგომელ და თანა-ჯერმჩინებელ მოკლვასა მისსა და მცველ სამოსელსა მკვლელთა მისთასა. |
21 | მითხრა: წადი, რადგანაც შორს, წარმართებთან წარგგზავნი შენ. | 21 | და მრქუა მე: წარვედ, რამეთუ ნათესავთა შორიელთა მიგავლინო შენ. |
22 | ამ სიტყვამდე უსმენდნენ მას, მერე კი ხმა აიმაღლეს და თქვეს: აღიგავოს მიწის პირისაგან ასეთი კაცი, ვინაიდან სიცოცხლის ღირსი არ არის! | 22 | ისმენდეს მისსა ვიდრე ამის სიტყჳსამდე და აღიღეს ჴმაჲ მათი და თქუეს: აღიღე ქუეყანით ეგევითარი ეგე, რამეთუ არა ღირს არს ცხორებად. |
23 | და ვიდრე ასე ყვიროდნენ, მოსასხამებს იქნევდნენ და მტვრის ბუქს აყენებდნენ ჰაერში, | 23 | და ვითარცა ღაღადებდეს იგინი უმეტეს, და დაჰყრიდეს სამოსელსა მათსა, და მტუერსა ზე აღაფრქუევდეს ჰაერსა, |
24 | ათასისთავმა ბრძანა ციხეში შეეყვანათ და შოლტის ცემით დაეკითხათ, რათა გაეგოთ, რატომ ყვიროდნენ მის წინააღმდეგ ასე გაშმაგებით. | 24 | ბრძანა ათასისთავმან მან შეყვანებაჲ მისი ბანაკად და თქუა: ტანჯვით განვიკითხო ეგე, რაჲთა ვცნა, რომლისა ბრალისათჳს ესრეთ ჴმობენ მისთჳს. |
25 | როცა ღვედებით დააბეს, პავლემ იქვე მდგომ ასისთავს უთხრა: ნუთუ უფლება გაქვთ გაუსამართლებლად გაამათრახოთ რომის მოქალაქე? | 25 | და ვითარცა განართხმიდეს მას ღუედებითა, ჰრქუა პავლე ასისთავსა მას ზედამდგომელსა: უკუეთუ კაცისა ჰრომისა და უბრალოჲსა ჯერ-არს თქუენდა ტანჯვად? |
26 | ეს რომ გაიგონა, ასისთავი მივიდა ათასისთავთან და უთხრა მას: რას აპირებ? ეს კაცი რომაელი ყოფილაო. | 26 | ესმა რაჲ ესე ასისთავსა მას, მოვიდა და უთხრა ათასისთავსა მას და ჰრქუა: იხილე, რაჲ გეგულების ყოფად, რამეთუ კაცი ესე ჰრომი არს. |
27 | ათასისთავი მივიდა და ჰკითხა: მითხარი, მართლა რომაელი ხარ? მიუგო: დიახ. | 27 | მოუჴდა ათასისთავი იგი და ჰრქუა პავლეს: მითხარ მე, ჰრომი ხარა შენ? ხოლო მან ჰრქუა: ჰე. |
28 | ათასისთავმა თქვა: მე იმდენი ფული დავხარჯე, რომ რომის მოქალაქეობა მიმეღო. ხოლო პავლემ უთხრა: მე კი რომაელად დავიბადე. | 28 | მიუგო ათასისთავმან მან: მე მრავლითა საფასითა მოქალაქობაჲ ესე მოვიპოვე. ხოლო პავლე ჰრქუა: მე შობილვე მას შინა ვარ. |
29 | მყისვე დაეხსნენ, ვისაც მისი დაკითხვა სურდა, და თვით ათასისთავსაც შეეშინდა, როცა გაიგო, რომ თურმე რომის მოქალაქე შეაბორკინა. | 29 | მაშინ მეყსეულად განეშორნეს მისგან, რომელთა-იგი ეგულებოდა ტანჯვაჲ მისი, და ათასისთავსა მასცა შეეშინა, ცნა რაჲ, რამეთუ ჰრომი არს და რამეთუ მისა იყო შევედრებულ. |
30 | მეორე დღეს მოისურვა დანამდვილებით გაეგო, რას სდებდნენ ბრალად იუდეველნი, ბორკილები შეხსნა და მღვდელმთავრებისა და მთელი სინედრიონის შეკრება ბრძანა; გამოიყვანა პავლე და მათ წინაშე დააყენა. | 30 | ხვალისაგან უნდა გულისჴმის-ყოფად უკრძალულესად-რე, რაჲსათჳს-ძი შეასმენენ მას ჰურიანი იგი. განჴსნა იგი და ბრძანა შეკრებაჲ მღდელთ მოძღუართაჲ და ყოვლისა მის კრებულისაჲ, და მოიყვანა პავლე და დაადგინა შორის მათსა. |