ახალი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
თავდაღწეულებმა შევიტყეთ, რომ კუნძულს მელიტე ერქვა. |
1 | და გამო-რაჲ-ვჴედით, მაშინ იცნეს, რამეთუ მელიტონი ერქუა ჭალაკსა მას. |
2 | იქაურებმა დიდი კაცთმოყვარეობა გამოიჩინეს ჩვენს მიმართ, ამ წვიმასა და სიცივეში ცეცხლი დაგვინთეს და გვიმასპინძლეს. | 2 | ხოლო ბარბაროზთა მათ წინა-მიყვეს ჩუენ არა მცირედი კაცთ მოყუარებაჲ, რამეთუ აღაგზნეს ცეცხლი და შემიწყნარნეს ჩუენ ყოველნი წჳმისა მისგან და ყინელისა, რომელი იყო. |
3 | მაგრამ როდესაც პავლემ დიდძალი ფიჩხი შეაგროვა და ცეცხლს შეუკეთა, სიცხის გამო ანაზდეულად გამოძვრა გველი და მკვლავზე შემოეხვია. | 3 | და ვითარ შეჰკრებდა პავლე ფრიადსა ქარქუეტსა და დაასხმიდა ცეცხლსა მას ზედა, იქედნე სიტფოჲსა მისგან გამოჴდა და მოეხჳა ჴელსა პავლესსა. |
4 | მის მკლავზე შემოხვეული გველის დანახვისას იქაურებმა ერთმანეთს უთხრეს: ეს კაცი ნამდვილად კაცისმკვლელია, რადგანაც ზღვისგან თავდაღწეულს სამართალი უსწრაფებს დღესო. | 4 | ვითარცა იხილეს ბარბაროზთა მათ გუელი იგი, დამოკიდებული ჴელსა მისსა, იტყოდეს ურთიერთას: კაცის-მკლველი სამე არს კაცი ესე, რომელი ზღუასა ღათუ განერა, სასჯელმან ცხორებად არა უტევა. |
5 | მაგრამ მან ხელი გაიქნია და ცეცხლში შეაგდო გველი, ისე, რომ არა ვნებია რა. | 5 | ხოლო მან ჴელი განყარა და შეაგდო გუელი იგი ცეცხლსა, და არარაჲ ბოროტი ევნო მას. |
6 | მათ ეგონათ, გასივდება ან ახლავე მკვდარი დაეცემაო, მაგრამ რაკი დიდი ხნის ლოდინის შემდეგ დარწმუნდნენ, რომ არაფერი ევნო, აზრი შეიცვალეს და თქვეს, ღმერთიაო. | 6 | ხოლო იგინი ჰგონებდეს, ვითარმედ განსივნეს და დაეცეს მეყსეულად მკუდარი. და ვითარ-იგი მყოვარ ჟამ ჰგებდეს და ჰხედვიდეს, რამეთუ არარაჲ ბოროტი შეემთხჳა მას, მოიქცეს და იტყოდეს, ვითარმედ ღმერთი არს. |
7 | იმ არემარეში მამული ჰქონდა კუნძულის მთავარს, სახელად პუბლიუსს, რომელმაც მიგვიღო და სამი დღე სტუმართმოყვრულად გვიმასპინძლა. | 7 | ხოლო ადგილთა მათ იყო სოფლები მთავრისა ვისიმე მის ჭალაკისაჲ, რომელსა სახელი ურქუა პოპლიოს, რომელმან შემიწყნარნა ჩუენ და სამ დღე სიყუარულით მოწლედ მისტუმრნა. |
8 | პუბლიუსის მამა ლოგინად ჩაეგდო ხურვებას და მუცლის გვრემას; შევიდა მასთან პავლე, ილოცა, ხელი დაადო და ისიც განიკურნა. | 8 | და იყო მამაჲ პოპლიოჲსი სიცხითა და ნაწლევითა სნეულ და მწოლარე, რომლისა შევიდა პავლე და ულოცა და დაასხნა მის ზედა ჴელნი მისნი და განკურნა იგი. |
9 | ამ ამბის შემდეგ, ვისაც კი რაიმე სენი სჭირდა ამ კუნძულზე, მოდიოდა და იკურნებოდა. | 9 | და ვითარცა ესე იქმნა, სხუანიცა, რომელნი იყვნეს ჭალაკსა მას შინა და აქუნდა უძლურებაჲ, მოვიდოდეს და განიკურნებოდეს ძალითა ღმრთისაჲთა, |
10 | სანაცვლოდ დიდი პატივი გვცეს და წამოსვლისას საგზლით მოგვამარაგეს. | 10 | რომელთაცა მრავლითა პატივითა პატივ-გუცეს ჩუენ და წარსლვასა ჩუენსა აღგუაგნეს საგზლითა. |
11 | სამი თვის შემდეგ ჩავსხედით დიოსკურების ნიშნიან ალექსანდრიულ ხომალდში, რომელსაც კუნძულზე გამოეზამთრა. | 11 |
და შემდგომად სამისა თჳსა შევედით ნავსა, რომელსა დაეზამთრა მას ჭალაკსა ალექსანდრიაჲსასა, სახელით დიოსკორესსა. |
12 | ჩავედით სირაკუზაში, სადაც სამი დღე დავრჩით. | 12 | და შთავედით სჳრაკოსად და დავადგერით მუნ სამ დღე, |
13 | იქიდან წამოსულები მივადექით რეგიუმს, და რაკი ერთი დღის შემდეგ სამხრეთის ქარმა დაქროლა, მეორე დღეს პუტეოლისში ჩავედით, | 13 | ვინაჲ-იგი მოვლეთ და მოვიწიენით რეგონდ. და შემდგომად ერთისა დღისა იყო სამხრით ნიავი, და ორ დღე მოვედით პონტიოლს, |
14 | სადაც ვინახულეთ ძმები, რომლებმაც გვთხოვეს, შვიდი დღე დაგვეყო მათთან, შემდეგ კი რომისკენ ავიღეთ გეზი. | 14 | სადა-იგი ვპოენით ძმანი, და ნუგეშინის-ცემულ ვიქმნენით მათ ზედა და დავადგერით მუნ შჳდ დღე. და ესრეთ მოვედით ჰრომედ. |
15 | ჩვენი ამბავი რომ გაეგოთ, იქაური ძმები აპიუსის მოედანსა და სამ ფუნდუკამდე გამოგვეგებნენ; მათი დანახვისას პავლემ მადლი შესწირა ღმერთს და გამხნევდა. | 15 | და მიერ ძმათა ესმა ჩუენთჳს და გამოვიდეს შემთხუევად ჩუენდა ვიდრე აპპიოფოროდმდე და მესამედ ღჳნის საფარდულად, რომელნი იხილნა რაჲ პავლე, ჰმადლობდა ღმერთსა და ნუგეშინის-იცა. |
16 | როდესაც რომში მივედით, პავლეს ნება დართეს ცალკე ეცხოვრა მის მეთვალყურე ჯარისკაცთან ერთად. | 16 | და ოდეს შევედით ჰრომედ, ასისთავმან მან მისცნა პყრობილნი იგი ერის მთავარსა მას, ხოლო პავლეს ებრძანა ყოფაჲ თჳსაგან მცველისა მისისა ერის კაცისა თანა. |
17 |
სამი დღის შემდეგ პავლემ მოიწვია წარჩინებული იუდეველნი და, როცა შეგროვდნენ, უთხრა მათ: კაცნო, ძმანო, არც ხალხის მიმართ შემიცოდავს და არც მამაპაპეული ადათის წინაშე, მაგრამ იერუსალიმიდან მაინც შეკრული მიმცეს ხელში რომაელებს, |
17 | და იყო შემდგომად სამისა დღისა მოუწოდა პავლე, რომელნი-იგი იყვნეს მუნ ჰურიანი მთავარნი. და ვითარ მოკრბეს იგინი, ეტყოდა მათ: კაცნო ძმანო, მე არაჲ ბოროტი ვქმენ ერისა მის თანა გინა სჯულისა მამულისა, და კრული იერუსალჱმით მივეცი ჴელთა ჰრომთასა, |
18 | რომლებმაც დამკითხეს და ჩემი განთავისუფლება უნდოდათ, რადგანაც არ მიმიძღვის არავითარი ისეთი ბრალი, სიკვდილს რომ ვიმსახურებდე. | 18 | რომელთა განმიკითხეს მე და უნდა განტევებაჲ ჩემი, ამისთჳს რამეთუ არცა ერთი ბრალი სიკუდილისაჲ იყო ჩემ თანა. |
19 | მაგრამ რაკი იუდეველები დამიპირისპირდნენ, იძულებული გავხდი კეისრის მსჯავრი მომეთხოვა, თუმცა იმიტომ კი არა, რომ ბრალი დამედო ჩემი ხალხისთვის. | 19 | და ვითარ-იგი სიტყუას-უგებდეს ჰურიანი, ვიიძულე ღაღადის-გდებაჲ კეისრისაჲ, არა თუ ვითარმცა შესმენაჲ რაჲმე მედვა ნათესავისა ჩემისაჲ. |
20 | სწორედ ამიტომ მოგიწვიეთ, რათა მენახეთ და თქვენთან მელაპარაკა, რადგანაც ისრაელის სასოებისათვის მადევს ეს ხუნდები. | 20 | ამის უკუე მიზეზისათჳს გლოცევდ თქუენ, რაჲთა მოხჳდეთ და გიხილნე და გეტყოდი, რამეთუ სასოებისათჳს ისრაჱლისა ჯაჭჳ ესე ზედა-მაც მე. |
21 | იუდეველებმა უთხრეს ჩვენ არც წერილი მიგვიღია შენზე იუდეიდან და არც აქ ჩამოსულ რომელიმე ძმას უთქვამს შენი ძვირი. | 21 |
ხოლო მათ ჰრქუეს მას: ჩუენ არცა წიგნი მოგჳჴდა შენთჳს ჰურიასტანით, არცა მო-ვინ-ვიდა ძმათაგანი და გჳთხრა, გინა იტყოდა შენთჳს ბოროტსა. |
22 | მაგრამ ის კი გვსურს, რომ მოვისმინოთ შენგან, მაინც რას ფიქრობ, რადგანაც ვიცით, რომ ამ მწვალებლობას ყველგან წინააღმდეგობას უწევენ. | 22 | ხოლო ამას გლოცავთ, რაჲთა ვისმინოთ შენი, ვითარ ჰზრახავ; ხოლო ჴდომისა ამისთჳს უწყებულ არს ჩუენდა, რამეთუ ყოველსა ადგილსა ცილობაჲ აღდგომილ არს. |
23 | დაუნიშნეს დღე და ბევრი მივიდა მის სადგომში; ისიც დილიდან საღამომდე უხსნიდა და უმოწმებდა მათ ღვთის სასუფეველს და ასწავლიდა, რას ამბობენ იესო ქრისტეზე მოსეს რჯული და წინასწარმეტყველნი. | 23 | და განუჩინეს მას დღე და მოვიდეს ვანად მისა მრავალნი, რომელთა ასწავებდა და მიუთხრობდა სასუფეველისათჳს ღმრთისა და არწმუნებდა მათ იესუჲსთჳს სჯულისაგან მოსესა და წინაწარმეტყუელთა განთიადითგან ვიდრე მიმწუხრადმდე. |
24 | ზოგი ერწმუნა მის სიტყვებს, ზოგი კი არა. | 24 | და რომელნიმე ერჩდეს სიტყუათა მათ და რომელნიმე არა ერჩდეს. |
25 | რაკი ვერ შეთანხმდნენ და წასვლა დააპირეს, პავლემ უთხრა მათ: კარგად თქვა სულმა წმიდამ თქვენი მამების მიმართ ესაია წინასწარმეტყველის პირით: | 25 | და შეუთქუმელ იყვნეს ურთიერთას და განვიდოდეს. თქუა პავლე სიტყუაჲ ერთი, ვითარმედ: კეთილად იტყოდა სული წმიდაჲ ესაიაჲს მიერ წინაწარმეტყუელისა მამათა თქუენთა მიმართ |
26 | „მიდი და უთხარი ამ ხალხს: სმენით მოისმენთ და ვერას გაიგებთ, ხილვით იხილავთ და ვერ დაინახავთ, | 26 | და თქუა: მივედ ერისა ამის და არქუ მათ: სმენით გესმოდის და არა გულისჴმა-ჰყოთ, და ხედვით ჰხედვიდეთ და არა იხილოთ. |
27 | რადგანაც გამქისდა ამ ხალხის გული, დაეხშოთ ყური და დაევსოთ თვალი, რათა ვერ იხილონ თვალით, ვერ ისმინონ ყურით, ვერ იგრძნონ გულით და არ მოიქცნენ, რომ განვკურნო ისინი. | 27 | რამეთუ განზრქნა გული ერისაჲ ამის, და ყურითა მძიმედ ისმინეს და თუალნი მათნი დაიწუხნეს, ნუსადა იხილონ თუალითა და ყურითა ისმინონ და გულითა გულისჴმა-ყონ და მოიქცენ და განვკურნე იგინი. |
28 | მაშ, იცოდეთ, რომ ხსნა ღვთისა მოევლინა წარმართთ, და ისინი ისმენენ კიდეც“. | 28 | საცნაურ უკუე იყავნ თქუენდა, რამეთუ წარმართთათჳს მოივლინე მაცხოვარებაჲ ღმრთისაჲ, და მათცა ისმინონ. |
29 | ეს რომ თქვა, იუდეველები წავიდნენ და ცხარედ დაობდნენ ერთმანეთში. | 29 | და ესე რაჲ თქუა, წარვიდეს ჰურიანი იგი და ფრიადი გამოძიებაჲ აქუნდა თავთა შორის თჳსთა. |
30 | ხოლო პავლე მთელი ორი წელი ცხოვრობდა თავის ნაქირავებ ბინაში და ღებულობდა ყველა მასთან მიმსვლელს. | 30 | ხოლო პავლე დაადგრა მუნ ორ წელ ყოვლად თჳსითა სასყიდლითა და შეიწყნარებდა ყოველთა, რომელნი მოვიდოდეს მისა. |
31 | ქადაგებდა ღვთის სასუფეველს და თამამად და დაუბრკოლებლად ასწავლიდა უფალ იესო ქრისტეს ამბავს. | 31 | ქადაგებდა სასუფეველსა ღმრთისასა და ასწავებდა უფლისა იესუ ქრისტჱსთჳს ყოვლითა განცხადებულებითა დაუბრკოლებელად. |