ახალი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
პავლე, ღვთის მონა და იესო ქრისტეს მოციქული ღვთის რჩეულთა რწმენითა და ჭეშმარიტების შემეცნებით, ღვთისმოსაობის შესაბამისად, |
1 |
პავლე, მონაჲ ღმრთისაჲ და მოციქული ქრისტე იესუჲსი, სარწმუნოებისაებრ რჩეულთა ღმრთისათა და მეცნიერებითა ჭეშმარიტებისაჲთა, რომელ არს ღმრთის მსახურებისაჲ, |
2 | საუკუნო სიცოცხლის იმედით, საუკუნეთა უწინარეს რომ აღუთქვა უტყუარმა ღმერთმა, | 2 | სასოებითა ცხორებისა საუკუნოჲსაჲთა, რომელი-იგი აღუთქუა უტყუველმან ღმერთმან უწინარეს ჟამთა საუკუნეთა, |
3 | და თავის დროზე გამოაცხადა სიტყვა ქადაგებით, რომელიც ჩვენი მაცხოვრის - ღმერთის ბრძანებით მე მომენდო, - | 3 | ხოლო გამოაცხადა ჟამთა თჳსთა სიტყუაჲ იგი მისი ქადაგებითა, რომელი მარწმუნა მე ბრძანებითა ღმრთისა, მაცხოვრისა ჩუენისაჲთა, |
4 | ტიტეს, ჭეშმარიტ შვილს საერთო რწმენისამებრ: მადლი, წყალობა და მშვიდობა მამა ღმერთისა და ჩვენი მაცხოვრის - ქრისტე იესოსაგან. | 4 | ტიტეს, ერთგულსა შვილსა ზოგადისაებრ სარწმუნეობისა, მადლი, წყალობაჲ და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა იესუ ქრისტეს მიერ, მაცხოვრისა ჩუენისა. |
5 | იმიტომ დაგტოვე კრეტეს, რომ დასასრულებელი დაასრულო და ხუცესნი დაადგინო ყველა ქალაქში, როგორც დაგავალე: | 5 | ამისთჳს დაგიტევე შენ კრიტს შინა, რაჲთა ნაკლულევანი იგი განაგო და დაადგინნე ქალაქად-ქალაქად ხუცესნი, ვითარცა-იგი მე გიბრძანე შენ: |
6 | ვინც უბიწოა, ერთი ცოლის ქმარი და მორწმუნე შვილების მამა, ვისაც ვერავინ დასდებს ბრალად ბილწებასა და ურჩობას, | 6 | რომელი იყოს უბრალო, ერთის ცოლისა ქმარ, შვილნიმცა უსხენ მორწმუნენი, ნუმცა შესმენილ არიან ბილწებისათჳს გინა ურჩებისა. |
7 | რადგანაც ეპისკოპოსი უბიწო უნდა იყოს, როგორც მნე ღვთისა, არა თავნება, არა გულფიცხი, არა მემთვრალე, არა ჩხუბისთავი, არა ანგარი, | 7 | რამეთუ ჯერ-არს ეპისკოპოსისა უბიწო ყოფაჲ, ვითარცა ღმრთისა მნისაჲ, ნუ თავჴედ, ნუ გულ-მწყრალ, ნუ მოღჳნე, ნუ მოლალე, ნუ საძაგელის შემძინელ, |
8 | არამედ სტუმართმოყვარე, სიკეთისმოყვარე, გონიერი, მართალი, წმიდა, მტკიცე, | 8 | არამედ სტუმრის მოყუარე, კეთილის მოყუარე, წმიდა, მართალ, ღირს, მოთმინე, თავს-მდებელ მსგავსად მოძღურებისა მის, |
9 | სარწმუნო სიტყვის მიმდევარი, თანახმად სწავლებისა, რათა საღი მოძღვრებით შეეძლოს შეგონება და ურჩთა მხილება. | 9 | სარწმუნეობისა სიტყჳსა, რაჲთა შემძლებელ იყოს ნუგეშინის-ცემადცა მოძღურებასა მას შინა სიცოცხლისასა და სიტყჳს- მგებელთა მათ მამხილებელ. |
10 | რადგან ბევრია ურჩიც, ფუჭად მოლაყბეც და გონების მაცდურიც, მეტწილად წინადაცვეთილთაგან, | 10 | რამეთუ არიან მრავალნი დაუმორჩილებელცა და ამაოჲსა მეტყუელ და გონება-მაცთურ, უფროჲს ხოლოღა წინადაცუეთილებისაგანნი იგი, |
11 | რომელთაც უნდა ავუკრათ პირი, რადგანაც რყვნიან მთელ სახლებს და ასწავლიან იმას, რასაც არ უნდა ასწავლიდნენ, სამარცხვინო ანგარებით. | 11 | რომელთაჲ ჯერ-არს პირსა დაყოფაჲ, რომელნი ყოველსა სახლებსა გარდააქცევენ, ასწავებენ, რომელი-იგი არა ჯერ-არს, საძაგელისა შეძინებისათჳს. |
12 | ერთმა მათგანმა, იქაურმა წინასწარმეტყველმა თქვა: კრეტელნი მუდამ ცრუნი არიან, მძვინვარე მხეცნი, უქმი მუცელნი. | 12 | თქუა ვინმე მათგანმან, თჳსმანვე მათმან წინაწარმეტყუელმან: კრიტელნი მარადის მტყუვარნი, მჴეცნი ბოროტნი, მუცელნი უქმნი. |
13 | ეს მოწმობა ჭეშმარიტია. ამიტომაც ამხილე ისინი მკაცრად, რათა საღნი იყვნენ რწმენაში. | 13 | წამებაჲ ესე არს ჭეშმარიტ. ამისთჳს ამხილე მათ თუალ-უხუავად, რაჲთა ცოცხალ იყვნენ სარწმუნოებითა |
14 | ყურს ნუ უგდებენ იუდეველთა ზღაპრებსა და ჭეშმარიტებისაგან განდგომილ კაცთა მცნებებს. | 14 | და ნუ ერჩიედ ჰურიაებრთა ზღაპართა და მცნებასა კაცთასა, რომელნი გარე-მოქცეულ იყვნენ ჭეშმარიტებისაგან. |
15 | რადგანაც წმიდათათვის ყველაფერი წმიდაა, ბილწთა და ურწმუნოთათვის კი არაფერი არ არის წმიდა, არამედ შებილწულია მათი გონებაც და სინიდისიც. | 15 | რამეთუ ყოველივე წმიდა არს წმიდათათჳს; ხოლო შეგინებულთათჳს და ურწმუნოთა არარაჲ არს წმიდა, არამედ შეგინებულ არს მათი გულიცა და გონებაჲცა. |
16 | სიტყვით აღიარებენ, საქმით კი უარყოფენ ღმერთს, უკეთურნი, ურჩნი და ყოველი კეთილი საქმისათვის ურგებნი. | 16 | ღმერთსა აღიარებენ ვითარმედ იციან, ხოლო საქმითა უარ-ჰყოფენ, საძაგელნი არიან და ურჩნი და ყოვლისა მიმართ საქმისა კეთილისა გამოუცდელ. |