ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პავლე მოციქულის ეპისტოლე ტიტეს მიმართ

თავი მესამე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

შეახსენე მათ, დაემორჩილონ მთავართა და ხელისუფალთ; მორჩილნი იყვნენ და ყოველგვარი კეთილი საქმისათვის მზადმყოფნი.

1

მოაჴსენებდ მათ მთავრობათა და ჴელმწიფეთა დამორჩილებად და სარწმუნო-ყოფად და რაჲთა ყოვლისა მიმართ საქმისა კეთილისა განმზადებულ იყვნენ,

2 ნურავის ჰგმობენ, არამედ უშფოთველნი იყვნენ, შემწყნარებელნი და კეთილმოსურნენი ყოველი კაცის მიმართ. 2 ნუმცა ვის ჰგმობენ, ულალვენ იყვნედ, სახიერ, ყოველსავე აჩუენებედ სიმშჳდესა ყოველთა მიმართ კაცთა.
3 ვინაიდან ოდესღაც ჩვენც უგუნურნი ვიყავით, ურჩნი, შეცდთმილნი, სხვადასხვა გულისთქმათა და განცხრომათა მონები, ბოროტებასა და შურში დანთქმულნი, ბილწნი და ურთიერთმოძულენი. 3 რამეთუ ვიყვენით ოდესმე ჩუენცა უცნობელ და ურჩ, შეცთომილ და ვჰმონებდით გულის თქუმათა და გემოთა მრავალთა, უკეთურებასა და შურსა შინა ვიყვენით, შემაწუხებელ და მოძულე ურთიერთარს.
4 ხოლო როდესაც გამოჩნდა სიკეთე და კაცთმოყვარეობა ჩვენი მაცხოვრის - ღვთისა, 4 ხოლო რაჟამს სიტკბოებაჲ და კაცთ მოყუარებაჲ გამოჩნდა მაცხოვრისა ჩუენისა ღმრთისაჲ,
5 მან გვიხსნა არა ჩვენს მიერ აღსრულებულ კეთილ საქმეთა გამო, არამედ თავისი წყალობით, ხელახლა შობის განბანითა და სული წმიდის მიერ განახლებით, 5 არა საქმეთაგან სიმართლისათა, რომელნი-იგი ვქმნენით ჩუენ, არამედ წყალობითა თჳსითა მიჴსნნა ჩუენ, ბანითა მით მეორედ შობისაჲთა, განახლებითა სულისა წმიდისაჲთა,
6 რომელიც უხვად მოგვფინა ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს მიერ, 6 რომელი-იგი მოჰფინა ჩუენ ზედა მდიდრად იესუ ქრისტეს მიერ, მაცხოვრისა ჩუენისა,
7 რათა მისი მადლით გამართლებულთ სასოებისამებრ დაგვემკვიდრებინა საუკუნო სიცოცხლე. 7 რაჲთა განვმართლდეთ მადლითა მით მისითა და მკჳდრ ვიქმნნეთ სასოებასა მას ცხორებისა საუკუნოჲსასა.
8 სარწმუნოა ეს სიტყვა, და მე მინდა, რომ მტკიცედ იდგე ამ აზრზე, რათა ღვთის მორწმუნენი გულმოდგინედ ცდილობდნენ კეთილ საქმეთა კეთებას, რაც სარგო და სასიკეთოა კაცთათვის. 8 სარწმუნო არს სიტყუაჲ; და მათთჳსცა მნებავს შენდა განმტკიცებად, რაჲთა ზრუნვიდენ კეთილთა საქმეთა ზედა დგომად მორწმუნენი ღმრთისანი: რამეთუ ესე არს კეთილ და სარგებელ კაცთა.
9 ხოლო ფუჭ ძიებას, გვარტომობის ჩხრეკას, შუღლსა და დავას რჯულის თაობაზე თავი არიდე, რადგანაც ყოველივე ეს ურგებია და ამაო. 9 ხოლო სიცოფისათა მათ ძიებათა და ტომის რაცხათა და ჴდომათა და ლალვათა შჯულისათა განეშორე, რამეთუ არიან ურგებ და ამაო.
10 მწვალებელ კაცს, ერთი თუ ორი შეგონების შემდეგ, განეშორე. 10 მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე.
11 იცოდე, რომ გარყვნილია და სცოდავს, თავისივე თავის მიერ დასჯილი. 11 უწყოდე, რამეთუ გარდაგულარძნილ არს ეგევითარი იგი და ცოდავს და არს იგი თჳთ დაშჯილ.
12 როდესაც არტემასსა და ტიქიკოსს გამოგიგზავნი, ჩემსკენ გამოეშურე, ნიკოპოლისს, რადგანაც აქ გადავწყვიტე გამოზამთრება. 12 ოდეს მოვავლინო შენდა არტემან ანუ ტჳქიკოს, ისწრაფე მოსლვად ჩემდა ნიკოპოლის, რამეთუ მუნ ვირჩიე დაზამთრებაჲ.
13 ხელი შეუწყვე რჯულის მოძღვარ ძენასისა და აპოლოსის გამომგზავრებას, რომ არაფერი მოაკლდეთ. 13 ზინან შჯულის მწერალი და აპოლო ადრე წარმოგზავნენ, და ნუმცა რაჲ აკლს მათ.
14 ჩვენიანებმაც ისწავლონ კეთილ საქმეთა კეთება გაჭირვებაში დასახმარებლად, რათა არ იყვნენ უნაყოფონი. 14 ისწავებდედ ჩუენნიცა იგი კეთილისა საქმესა წარდგინებად საჭიროთა მათთჳს საჴმართა, რაჲთა არა იყვნენ უნაყოფო.
15 მოგიკითხავს ყველა, ვინც ჩემთანაა. მოიკითხე, ვისაც ვუყვარვართ რწმენაში. მადლი ყველა თქვენგანთან. ამინ. 15

გიკითხვენ შენ ჩემ თანანი ყოველნი. კითხვაჲ არქუ, რომელნი გუყუარობენ ჩუენ სარწმუნოებით. მადლი თქუენ ყოველთა თანა. ამინ.