ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პირველი ეზრა

თავი მეხუთე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

წინასწარმეტყველებდნენ ისრაელის ღმერთის სახელით ანგია წინასწარმეტყველი და ზაქარია ყიდოს ძე, წინასწარმეტყველნი, იუდაელებზე, რომელნიც იუდაში და იერუსალიმში იყვნენ.

1

და წინასწარმეტყუელობდეს ანგეა და ზაქარია ადდოვისა, წინასწარმეტყუელებდენ ზედა ჰურიასტანსა და იერუსალემსა სახელითა უფლისა ღმრთისათა ისრაელისათა.

2 მაშინ ადგნენ ზერუბაბელ შალთიელის ძე და იესო-იოცადაკის ძე და შეუდგნენ ღვთის სახლის შენებას იერუსალიმში; მათთან იყვნენ ღვთის წინასწარმეტყველნი და მხარს უჭერდნენ მათ. 2 მას ჟამსა აღდგეს ზორობაბელ სალათიელეანი და ისუ იოსედეკეანი და იწყეს შენებად სახლისა მის უფლისა ღმრთისა ისრაილისა იერუსალჱმს. და ერთსიტყვა იყვნეს მათ თანა წინასწარმეტყუელნი ღმრთისანი და შეეწეოდეს მათ.
3 იმ ხანადვე მივიდნენ მათთან თათნაი, მდინარისგაღმელი განმგებელი, შეთარ-ბოზნაი და მათი თანამდგომნი და ასე უთხრეს მათ: ვინ მოგცათ ნება ამ სახლის აშენებისა და კედლების აყვანისა? 3 მას ჟამსა მოვიდა თათანი მთავარი ევფრატით მდინარით კერძო და სათრაბუზან და მონათმოდგამნი მათნი და ჰრქუეს მათ: ვინ გიბრძანა შენება სახლისა მაგის თქუენ, ანუ ვისითა სიტყჳთა აღმართენით გოდოლი მაგისი?
4 მაშინ ვუთხარი იმათი სახელები, ვინც ამ შენობას აგებენ. 4 ანუ რა ჰქჳან, სახელი კაცთა მაგათ, რომელნი წინამძღუარ არიან შენებისათჳს ამის ქალაქისა?
5 მათი ღვთის თვალი იყო იუდაელ უხუცესებზე და არ ეკრძალებოდათ შენება, ვიდრე დარიოსს არ შეატყობინეს ამბავი და უკანვე არ დააბრუნეს წერილი ამ საქმეზე. 5 და იყვნეს თუალნი უფლისა ღმრთისა ზედა ჰურიათა მოქცეულთა ტყუეობისაგან, და არა დაუყვნეს იგინი, ვიდრემდის აუწყონ დარეჰ მეფესა. მაშინ წარავლინეს ხარკისმომჴდელნი იგი ამის საქმისათჳს, რათა მეცნიერ იქმნნენ წიგნთა.
6 ცალი წერილისა, დარიოს მეფისადმი, რომელიც გაგზავნეს თათნაიმ, მდინარისგაღმელმა განმგებელმა, შეთარ-ბოზნაიმ და მათმა თანამდგომებმა, აფარსექელებმა, მდინარის გაღმა რომ არიან. 6 ესრეთ წერილ იყო, რომელი-იგი წარავლინეს თათანაელ, მთავარმან მდინარითკერძომან, და სათრაბუზან და მონათმოდგამთა მათთა და ფარსაქე და რესიმონ:
7 წერილი გაუგზავნეს მას და, აი, რა ეწერა მასში: დარიოს მეფეს დღეგრძელობა! 7 დარეჰ მეფისა მშჳდობაჲ მრავალი.
8 იცოდეს მეფემ, რომ ჩვენ ვიყავით იუდას მხარეში, დიდი ღმერთის სახლთან. დიდრონი ქვებისგან შენდება იგი, კედლებში ძელებს ატანენ. მუშაობა სწრაფად მიდის და წარმატებით სრულდება მათ ხელში. 8

თქუენდა უწყებულ იყავნ, მეფისა, რამეთუ მოვედით ჩვენ ქუეყანად ურიასტანისა, ქალაქად იერუსალიმად და ვიხილეთ ტაძარი უფლისა ღმრთისა დიდსა, რამეთუ აშენებდეს რჩეულითა ქვითა, ძელსა სათხეპელად უპყრობდეს კედელთა მისთა, და საქმე წარუმართებელ იყო ჴელთა შინა მათთა.

9 მაშინ შევეკითხეთ იმ უხუცესებს, ასე ვუთხარით: ვინ დაგრთოთ ნება ამ სახლის შენებისა და კედლების ამოყვანისა? 9 მაშინ ვკითხეთ მოხუცებულთა და ვარქვით: ვინ გიბრძანა თქუენ სახლისა ამის აშენებაჲ, ანუ ვისითა სიტყჳთა აშენებთ?
10

მათი სახელებიც გამოვიკითხეთ, რომ გვეცნობებინა შენთვის და დაგვეწერა იმათი სახელები, რომლებიც სათავეში უდგანან მათ.

10

და ვკითხეთ სახელი წინამძღუართა მათთა, რათამცა გვაუწყნეს, რამეთუ აღვწეროთ სახელნი კაცთა მფლობელთა მათთანი.

11 ხოლო მათ ასეთი პასუხი გაგვცეს: ჩვენ ვართ მორჩილნი ცისა და მიწის ღმერთისა: ვაშენებთ სახლს, რომელიც მრავალი წლის წინათ აშენდა; ისრაელის დიდი მეფე აშენებდა მას და დაასრულა კიდეც. 11 და ესე მოგვიგეს ჩვენ ურიათა: ჩვენ ვართ მონანი უფლისა ღმრთისა, რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანა. და ვაშენებთ სახლსა ამას, ვითარცა შენებულ იყო უწინარეს მრავლისა წლისა, რომელ აღაშენა მეფემან ისრაელისამან დიდმან სოლომონ და მსგავსად ჩვენცა დავამტკიცოთ ესე.
12 მას მერე, რაც ჩვენ მამა-პაპამ განარისხა ცათა ღმერთი, მან ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, ქალდეველს, ჩაუგდო ისინი ხელში, რომელმაც ეს სახლი დაანგრია და ხალხი ბაბილონში გადაასახლა. 12 რამეთუ მამათა ჩვენთა განარისხეს ღმერთი ცისა და ქვეყანისა, და მისცნა იგინი ჴელთა ნაბუქოდონოსორ მეფისა ბაბილოვნელთასა და ქალდეველთასა, და სახლი ესე აღაოჴრა და ერი იგი მწირობდა ბაბილონს.
13 მაგრამ ბაბილონის მეფის, კიროსის, პირველ წელს კიროს მეფემ გასცა განკარგულება ამ ღვთის სახლის ასაშენებლად. 13 და პირველსა წელსა კჳროს მეფისა ბაბილოვნელისა კვიროს მეფემან ბრძანა შენება სახლისა უფლისა ღმრთისა.
14 ხოლო ღვთის სახლის ოქროს და ვერცხლის ჭურჭელი, რომელიც ნაბუქოდონოსორმა გაზიდა იერუსალიმის ტაძრიდან და მიიტანა ბაბილონის ტაძარში, უკანვე წამოიღო კიროს მეფემ ბაბილონის ტაძრიდან და ჩააბარეს კაცს, სახელად შეშბაცარს, მხარის განმგებლად რომ ჰყავდა დანიშნული; 14 და ოქროსა და ვეცხლისა ჭურჭელთა, რომელ წარეღო ნაბუქოდონოსორს იერუსალემით, მოვიდა და მოიღო სახლთა ღმრთისა თჳსისა, და გამოიღო კჳროს მეფემან სახლით სამეუფოთ; და მისცა სამნასაროს მეფესა
15 უთხრა: წაიღე ეს ჭურჭელი, წადი და დააწყვე იერუსალიმის ტაძარში და აშენდეს ღვთის სახლი თავის ძველ ადგილზე. 15 და ჰრქვა: ყოველივე სამსახურებელი ჭურჭელი სახლისა უფლისა აღიღე და მიიღე სახლსა უფლისასა, რომელ-იგი არს იერუსალიმსა. მიიღე ეგე ადგილსავე თჳსსა.
16 მაშინ მოვიდა ის შეშბაცარი, და დაუდო საფუძველი ღვთის სახლს იერუსალიმში. მას შემდეგ შენდება იგი და ჯერ არ გასრულებულა. 16 მას ჟამსა სამნასარ მოვიდა და დადვა საფუძველი სახლისა უფლისა ღმრთისა იერუსალემს, და მიერითგან ვაშენებთ და არა აღგჳსრულებიეს
17 ახლა თუ ინებებს მეფე, მოიძიონ სამეფო წიგნთსაცავში, იქ, ბაბილონში, ნამდვილად გასცა თუ არა კიროს მეფემ განკარგულება ამ ღვთის სახლის ასაშენებლად იერუსალიმში, და გამოგვიგზავნონ მეფის გადაწყვეტილება ამ საქმის თაობაზე. 17 აწ, თუ ჯერ-გიჩნდეს შენ, მეფესა, ძიება-ყავ და იხილე სახლთა დასამარხველთა წიგნთა საჴსენებელთა მეფეთა ბაბილოვნელთასა, რათა გულისხმა-ყო, უკეთუ ნანდვილვე კჳროს მეფემან ბრძანა შენება სახლისა უფლისა ჰურიასტანს და იერუსალემს, და მეცნიერ იქმენ შენ, მეფე, ამის საქმისათჳს მოწერე ჩვენდა.