ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
1. გამოჩნდა ალექსანდრე მაკედონელი, ფილიპეს ძე, რომელიც გამოვიდა ხეთელთა ქვეყნიდან და დაამარცხა დარიოსი, სპარსთა და მიდიელთა მეფე და გამეფდა მის ნაცვლად, თავდაპირველად საბერძნეთზე. |
||
2 | გადაიხადა მრავალი ომი, დაიპყრო ციხე-სიმაგრენი და გაწყვიტა ქვეყნის მეფენი. | ||
3 | მიაღწია ქვეყნის კიდემდე და აკრიფა დიდძალი ხარკი ხალხებისაგან. როცა დაცხრა ქვეყანა მის წინაშე, აღზევდა იგი და გადიდგულდა. | ||
4 | შეკრიბა დიდძალი ჯარი და განაგებდა ქვეყნებს, ხალხებს და ხელმწიფეებს, და იქცნენ მის მოხარკეებად. | ||
5 | ამის შემდეგ ჩავარდა იგი ლოგინად და მიხვდა, რომ კვდებოდა. | ||
6 | მოუხმო თავის დიდებულებს, ყმაწვილობიდანვე მასთან გამოზრდილთ, და გაუყო მათ თავისი სამეფო ჯერ კიდევ თავის სიცოცხლეში. | ||
7 | იმეფა ალექსანდრემ თორმეტი წელი და მიიცვალა. | ||
8 | შემდეგ განაგებდნენ მისი მორჩილნი - თითოეული თავის სამფლობელოში. | ||
9 | მისი სიკვდილის მერე თითოეულმა დაიდგა თავზე გვირგვინი, მათ შემდგომ კი ასევე იქცეოდნვნ მათი ვაჟები მრავალი წლის განმავლობაში, და განამრავლეს ბოროტება ქვეყანაზე. | ||
10 | მათგან გამოვიდა ცოდვილი ფესვი - ანტიოქოს ეპიფანე, ძე მეფე ანტიოქოსისა, რომელიც იყო მძევლად რომში, და გამეფდა ელინთა მეფობის ასოცდამეჩვიდმეტე წელს. | ||
11 | იმ დღეებში ისრაელიდან გამოვიდნენ ურჯულონი და აცთუნებდნენ მრავალს, ამბობდნენ: წავიდეთ და შევეკრათ ჩვენს გარემოსახლე ხალხს, რადგან მას შემდეგ, რაც მათ გამოვეყავით, მრავალი ბოროტება მოიწიაო ჩვენზე. | ||
12 | მოეწონათ მათ ეს სიტყვა. | ||
13 |
ზოგიერთმა ხალხიდან მოიწადინა და გაეშურნენ მეფისაკენ, და მან დართო მათ ნება, დაეცვათ წარმართთა წეს-ჩვეულებანი. |
||
14 | ააშენეს იერუსალიმში სასწავლებელი წარმართთა წესისამებრ, | ||
15 | დაიწესეს თავიანთთვის წინდაუცვეთლობა და განდგნენ წმიდა რჯულისგან, შეეკრნენ წარმართებს და ავის საქმნელად გაყიდეს თავი. | ||
16 | როცა განმტკიცდა ქვეყანა ანტიოქოსის წინაშე, გადაწყვიტა მან ეგვიპტეზე გამეფებულიყო, რათა ორ სახელმწიფოზე ემეფა. | ||
17 | შევიდა ეგვიპტეში ურაცხვი ლაშქრით, ეტლებითა და სპილოებით, მხედრებითა და მრავალი ხომალდით. | ||
18 | და შეებრძოლა ეგვიპტის მეფე პტოლემეოსს. დაფრთხა პტოლემეოსი მის წინაშე და გაიქცა, და მრავალი დაჭრილი დაეცა. | ||
19 | დაეუფლნენ ეგვიპტის ქვეყანაში ციხე-ქალაქებს და აიღო ნადავლი ეგვიპტის ქვეყნიდან. | ||
20 | გაბრუნდა ანტიოქოსი ეგვიპტის დაპყრობის შემდეგ ასორმოცდამესამე წელს და გაილაშქრა ისრაელზე და მიადგა იერუსალიმს დიდძალი ჯარით. | ||
21 | ქედმაღლურად შევიდა საწმიდარში, აიღო ოქროს სამსხვერპლო, სასანთლე და ყოველი მისი ჭურჭელი. | ||
22 | შესაწირავი ტაბლა, საღვრელი ფიალები, ოქროს ბარძიმი, ფარდა, გვირგვინები და ტაძრის გარეთა ოქროს მორთულობა. | ||
23 | მიითვალა ვერცხლი და ოქრო, ძვირფასი ჭურჭელი და მიიტაცა დამალული განძი, რაც კი იპოვა. | ||
24 | მოხვეტა ყოველივე და გაბრუნდა თავის ქვეყანაში; სჩადიოდა მკვლელობას და ამპარტავნულად ლაპარაკობდა. | ||
25 | შეიქნა დიდი გლოვა ისრაელის ყოველ მხარეში. | ||
26 | კვნესოდნენ მთავრები და უხუცესები, ქალიშვილები და ჭაბუკები დაუძლურდნენ, გაცუდდა ქალების სიტურფე. | ||
27 |
გლოვას მიეცა ყოველი სიძე და ქორწილის სარეცელზე მჯდომი ვაებდა. |
||
28 | მიწაც კი შეიძრა მასზე მცხოვრებთათვის და მთელი სახლი იაკობისა სირცხვილმა დაფარა. | ||
29 | ორი წლის შემდეგ გაგზავნა მეფემ გადასახადის უფროსი იუდას ქალაქებისკენ და შევიდა იერუსალიმში დიდძალი ლაშქრით. | ||
30 | მიუთხრთ მათ სამშვიდობო სიტყვები ეშმაკობით და ერწმუნენ მას. მაგრამ უეცრად შეიჭრა ქალაქში და სასტიკად მოაოხრა. | ||
31 | მოკრიფა ალაფი ქალაქიდან და ცეცხლით გადაბუგა, დააქცია მისი სახლები და გარეშემო კედლები. | ||
32 | დაატყვევეს ქალები და ბავშვები და დაეუფლნენ საქონელს. | ||
33 | შემოზღუდეს დავითის ქალაქი დიდი და მტკიცე კედლით, მტკიცე კოშკებით და იქცა მათ ციხე-სიმაგრედ. | ||
34 | დაასახლეს იქ ცოდვილი ხალხი და ურჯულო კაცები დაეფუძნენ იქ. | ||
35 | მოიმარაგეს იარაღი და საზრდო, მოხვეტეს იერუსალიმიდან ხარკი. განლაგდნენ იქ და შექმნეს დიდი მახე. | ||
36 | ჩაუსაფრდნენ საკურთხეველს და ექმნენ ბოროტ მტრად ისრაელს ყოველმხრივ. | ||
37 | დაღვარეს უცოდველი სისხლი საწმიდარის ირგვლივ წაბილწეს საწმიდარი. | ||
38 | მათ გამო გაიქცნენ იერუსალიმის მკვიდრნი; უცხოთა საცხოვრებელი გახდა იგი და უცხოდ ექცა მათ ჩამომავლებს, და მიატოვეს იგი მათმა შვილებმა. | ||
39 | გავერანდა მისი საწმიდარი, როგორც უდაბნო; მისი დღესასწაულები გლოვად შეიცვალა, მისი შაბათები - ძაძებად, დიდება მისი - სირცხვილად. | ||
40 | მისი დიდების წილ გამრავლდა მისი უპატიობა და მისი ზეობა გლოვად შეიცვალა. | ||
41 |
მისწერა მეფემ მთელს თავის სამეფოს, რომ ყველა ხალხი ერთი ყოფილიყო და |
||
42 | ყველას დაეგდო თავისი წეს-ჩვეულება. ყველა ხალხი დაჰყვა მეფის სიტყვას. | ||
43 | ისრაელიდან ბევრმა მოიწონა მისი სამსახური და მსხვერპლს სწირავდნენ კერპებს და ბილწავდნენ შაბათს. | ||
44 | გაგზავნა მეფემ წიგნი იერუსალიმში და იუდას სხვა ქალაქებში, რომ ქვეყნისთვის უცხო ზნე-ჩვეულებებს მიჰყოლოდნენ. | ||
45 | აეკრძალათ აღსავლენი, მსხვერპლშეწირვა და საღვრელი სამსხვერპლოზე, და წაებილწათ შაბათი და დღესასწაულები. | ||
46 | შეესვარათ საწმიდარი და წმიდა საგნები, | ||
47 | აღემართათ ბომონები, ნაკრძალები და საკერპოები, შეეწირათ ღორები და უსურმაგები, | ||
48 | დაეტოვებინათ თავიანთი ვაჟები წინდაუცვეთლად, შეებღალათ თავი ყოველი უწმინდურობითა და სიბილწით. | ||
49 | რათა დავიწყებოდათ რჯული და ყოველი მცნება. | ||
50 | და თუკი ვინმე არ მოიქცეოდა მეფის სიტყვისამებრ, უნდა მომკვდარიყო. | ||
51 | ამ სიტყვების თანახმად მისწერა მთელ თავის სამეფოს და დაუდგინა ზედამხედველნი მთელ ხალხს და აიძულა იუდას ქალაქებს ზორვა. | ||
52 | ხალხიდან ბევრმა, ვინც დააგდო მცნება და შეუერთდა მათ, ყველამ დაიწყო ბოროტების ჩადენა ქვეყანაში. | ||
53 | აიძულეს ისრაელი, დამალულიყო ყოველ მის თავშესაფარში. | ||
54 | ქისლევის მეთხუთმეტე დღეს, ასორმოცდამეხუთე წელს, დაამკვიდრეს გატიალების სისაძაგლე სამსხვერპლოზე და ბომონები წამოჭიმეს იუდას გარშემო ქალაქებში, | ||
55 |
და აკმევდნენ სახლების კარის წინ და ქუჩებში. |
||
56 | რჯულის წიგნს თუ იპოვნიდნენ, ფლეთდნენ და ცეცხლში წვავდნენ. | ||
57 | სადაც კი ვინმეს აღთქმის წიგნს აღმოუჩენდნენ, ან თუკი ვინმე რჯულს აღიარებდა, მეფის სამართლით კლავდნენ. | ||
58 | მძლავრობდნენ ისრაელზე, ყველაზე, ვინც კი თვიდან თვემდე ქალაქში აღმოჩნდებოდა. | ||
59 | თვის ოცდახუთს უზორავდნენ კერპს, რომელიც სამსხვერპლოს წინაშე იდგა. | ||
60 | ცოლებს, რომლებიც თავიანთ შვილებს წინდაცვეთდნენ, ბრძანებისამებრ აშთობდნენ; | ||
61 | ჩვილებს კისრებით ჰკიდებდნენ, მათ სახლებს არბევდნენ, წინდამცვეთლებს კი ხოცავდნენ. | ||
62 | მაგრამ მრავალნი გამხნევდნენ ისრაელში და მტკიცედ დადგნენ, რომ არ ეჭამათ უწმიდურება. | ||
63 | მიიღეს სიკვდილი, რათა არ წაბილწულიყვნენ საჭმელით და არ შეერყვნათ წმიდა აღთქმა. ასე დაიხოცნენ. | ||
64 | დიდზე დიდი რისხვა იყო ისრაელის თავზე. |