ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პირველი მაკაბელთა

თავი მეცამეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

გაიგო სიმონმა, რომ შეუკრებია ტრიფონს დიდძალი ჯარი იუდას ქვეყანაზე გასალაშქრებლად და მის გასანადგურებლად.

   
2 დაინახა, რომ ხალხი დამფრთხალი და შეშინებული იყო, და წავიდა იერუსალიმში და შეკრიბა ხალხი.    
3 გაამხნევა ისინი და მიმართა მათ: თქვენ თვითონ ნახეთ ყოველი, რაც მე და ჩვმს ძმებს და მამაჩემის სახლს გაგვიკეთებია რჯულის საქმეთათვის და სამსხვერპლოსთვის. გახსოვთ ომებიცა და დარბევებიც, რაც გადაგვიტანია.    
4 ამ ამბებში დაიღუპა ყველა ჩემი ძმა ისრაელისთვის, მე ერთიღა დავრჩი.    
5 ახლა სიცოცხლეს არ დავზოგავ, რა გასაჭირიც უნდა მედგას, რადგან ჩემს ძმებზე უკეთესი არა ვარ.    
6 მაგრამ ვიძიებ შურს ჩემი ერისთვის და საწმიდარისთვის, და თქვენი ცოლ-შვილისთვის, რადგან სიძულვილით შეთქმულა ყოველი ხალხი ჩვენს მოსასპობად.    
7 სულით აინთო ხალხი, ეს სიტყვები რომ მოისმინა.    
8 მიუგეს და ხმამაღლა უთხრეს: შენა ხარ ჩვენი წინამძღოლი ნაცვლად იუდასი და იონათანისა, შენი ძმისა.    
9 გადაიხადე ჩვენი ომი და ყოველივეს, რასაც კი გვეტყვი, შევასრულებთ.    
10 მაშინ თავი მოუყარა მთელს მხედრობას და დააჩქარა იერუსალიმის კედლების შეკეთება და გაამაგრეს ყოველი მხრიდან.    
11 გააგზავნა იონათანი, ძე აბესალომისა და მასთან ერთად საკმარისი ჯარი იაფოში, გამორეკა იქ მყოფნი და დადგა იქ.    
12 ტრიფონი კი გამოემართა პტოლემაისიდან დიდძალი ლაშქრით იუდას ქვეყანაში შესასვლელად; იონათანიც მასთან ერთად მოჰყავდა ყარაულით.    
13 სიმონი კი ადიდაში, დაბლობის წინ დაბანაკდა.    
14 მიხვდა ტრიფონი, რომ აღდგა სიმონი იონათანის, თავის ძმის ნაცვლად, და გადაწყვეტილი აქვს მასთან ბრძოლა. გაუგზავნა ელჩები, შეუთვალა:    
15 იმ ვერცხლის გამო დავაკავეთ იონათანი, შენი ძმა, რომელიც მან სამეფო ხაზინიდან ისესხა საჭიროებისთვის.    
16

ახლა კი გამოგზავნე ასი ვერცხლის ტალანტი და მისი ორი ვაჟი მძევლად, რომ არ გაბედოს ჩვენზე აღდგომა, და გამოვუშვებთ მას.

   
17 მიხვდა სიმონი, რომ მზაკვრულად ელაპარაკებიან, მაგრამ გაგზავნა ვერცხლი და ბავშვები, რომ ხალხის სიძულვილი არ გამოეწვია;    
18 არ ეთქვა ხალხს: ვერცხლი და ბავშვები რომ არ გაუგზავნა სიმონმა, იმიტომ დაიღუპა იონათანიო.    
19 და გაუგზავნა ბავშვები და ასი ტალანტი. მაგრამ მოატყუა ტრიფონმა და არ გაუშვა იონათანი.    
20 ამის მერე მოვიდა ტრიფონი, რომ შესეოდა ქვეყანას და გაენადგურებინა. მან ადორის გზით მოუარა, სიმონი და მისი ლაშქარი კი მიჰყვებოდა ყველგან, საითაც გაემართებოდა.    
21 ციხეში მყოფთ გაგზავნეს ელჩები ტრიფონთან, რომ წამოსულიყო მათკენ უდაბნოს გავლით და საკვები გამოეგზავნა მათთვის.    
22 გაამზადა ტრიფონმა ცხენოსნები წასასვლელად, მაგრამ იმ ღამეს უზომოდ დიდი თოვლი მოვიდა და ვეღარ გაემგზავრნენ თოვლის გამო. ადგა და გალაადისკენ წავიდა.    
23 როცა ბასკამას მიუახლოვდა, მოკლა იონათანი და იქ დამარხა.    
24 მერე გაბრუნდა ტრიფონი და თავის ქვეყნისკენ გაემართა.    
25 გაგზავნა სიმონმა ხალხი თავის ძმის, იონათანის, ძვლების ასაკრეფად და დამარხა ისინი მოდეინში, თავისი მამა-პაპის ქალაქში.    
26 დიდი გლოვით იგლოვა იგი მთელმა ისრაელმა და მწუხარებდნენ მრავალი დღის განმავლობაში.    
27 აღმართა სიმონმა ძეგლი თავისი მამისა და ძმების საფლავზე; აამაღლა იგი გამოსაჩენად თლილი ქვებით წინა მხრიდან და უკანა მხრიდან.    
28 დადგა შვიდი პირამიდა, ერთმანეთის პირისპირ, მამის, დედისა და ოთხი ძმისა.    
29 შეამკო სამკაულებით, შემოავლო დიდი სვეტები და სვეტებზე საჭურვლები ჩამოკიდა საუკუნო სახელისათვის, ხოლო საჭურველთა გვერდით - გამოქანდაკებული ხომალდები, რომ ყოველ ზღვაოსანს დაენახა.    
30 ეს სამარხი მოდეინში რომ გააკეთა, დღემდეა იქ.    
31

ამასობაში ტრიფონი ვერაგულად მოექცა ყმაწვილ მეფეს, ანტიოქოსს, და მოკლა იგი.

   
32 გამეფდა მის ნაცვლად და აზიის გვირგვინი დაიდგა. დიდი უბედურება დაატეხა ქვეყანას.    
33 ხოლო სიმონმა ააშენა ციხე-სიმაგრეები იუდაში, შემოზღუდა მაღალი გოდლებით, დიდი კედლებით და ურდულებიანი კარიბჭეებით და მოამარაგა სარჩოთი სიმაგრეები.    
34 აარჩია სიმონმა კაცები და გაგზავნა მეფე დემეტრიოსთან, რომ ქვეყნისთვის შეღავათი მოეთხოვა მისგან, რადგან სულ ძარცვა-გლეჯაში იყო ტრიფონი.    
35 შემოუთვალა მას მედე დემეტრიოსმა ამ სიტყვებზე და მიუგო მას, ასეთი წერილი მისწერა:    
36 მეფე დემეტრიოსი სიმონ მღვდელმთავარს, მეფის მეგობარს, უხუცესებსა და იუდას ერს მოგიკითხავთ.    
37 მივიღეთ თქვენი გამოგზავნილი ოქროს გვირგვინი და პალმის რტო და მზადა ვართ, დავდოთ თქვენთან დიდი ზავი და მივწეროთ გადასახადების ზედამხედველვბს, რომ ხარკისგან გაგათავისუფლონ.    
38 ყოველივე, რაც თქეენ დაგიდგინეთ, უცვალებელი იყოს; სიმაგრეები, რომლებიც ააგეთ, თქვენვე გეპყრათ.    
39 გვიპატიებია თქვენთვის უგუნურებები და დანაშაულები, რაც დღემდე ჩაგიდენიათ, ხოლო გვირგვინის გადასახადი, რომელიც გმართებთ, და სხვა რამ ხარკი, რომელიც იკრიფებოდა იერუსალიმში, მეტად აღარ აიკრიფება.    
40 და, თუკი ვინმე თქვენიანი ჩვენს შორის ჩაწერის ღირსი აღმოჩნდება, ჩაიწერება. და იქნება ჩვენს შორის მშვიდობა.    
41 ასსამოცდამეათე წელს მოეხსნა წარმართის უღელი ისრაელს.    
42 ხალხმა ასე დაიწყო წერა სიგელებში და ხელშეკრულებებში: სიმონის, დიდი მღვდელმთავრის, ერისმთავრისა და იუდაელთა წინამძღოლის პირველ წელსო.    
43 იმ დღეებში დაბანაკდა სიმონი გაზარასთან და ალყა შემოარტყა მას, გააკეთა საალყო მანქანა და ქალაქს მიუახლოვდა. შელეწა ერთი გოდოლი და აიღო.    
44 გამოცვივდნენ მანქანაში მყოფნი ქალაქისკენ და შეიქნა დიდი მღელვარება ქალაქში.    
45 ქალაქელები თავიანთი ცოლ-შვილით კედელზე ავიდნენ, შემოიხიეს ტანისამოსი და ხმამაღლა აყვირდნენ, უხმობდნენ სიმონს, რომ მარჯვენა მიეცა მათთვის.    
46

თქვეს: ნუ მოგვაგებ ჩვენ ჩვენს ბოროტებათა წილ, არამედ შენი მოწყალების მიხედვით მოგვექციო.

   
47 შეიბრალა ისინი სიმონმა და აღარ შეებრძოლა მათ; მაგრამ გამორეკა ისინი ქალაქიდან და გაწმიდა სახლები, რომლებშიც კერპები იყო. ასე შევიდა იქ საგალობლებითა და კურთხევით.    
48 განაგდო იქიდან ყოველი უწმიდურება და ჩაასახლა იქ რჯულის მიმდევარი ხალხი, გაამაგრა იგი და იქ აიშენა თავისთვის სამყოფელი.    
49 იერუსალიმის ციხეში მყოფებს კი ნებას არ აძლევდნენ, ქვეყნიდან გასულიყვნენ და ქვეყანაში შესულიყვნენ სავაჭროდ; ძალზე შიმშილობდნენ და მათგან ბევრი დაიღუპა შიმშილით.    
50 და შეჰღაღადეს სიმონს, რომ მიეცა მათთვის მარჯვენა და მანაც გაუწოდა მარჯვენა. გამოყარა ისინი იქიდან და გაწმიდა ციხე სიბილწეთაგან.    
51 ასსამოცდამეთერთმეტე წელს, მეორე თვის ოცდამესამე დღეს, შევიდა იგი ქება-დიდებითა და ბაიის რტოებით, ქნარებითა და წინწილებით და სტვირებით, საგალობლებით და სადიდებლებით, რადგან იძლია დიდი მტერი ისრავლისა.    
52 დააწესა, რომ იზეიმონ ეს დღე ყოველ წელიწადს სიხარულით. გაამაგრა ტაძრის ბორცვი ციხის გვერდით და დასახლდა იქ თავის თანამდგომებთან ერთად.    
53 დაინახა სიმონმა, რომ დაკაცდა მისი ვაჟი იოანე და ჩააბარა მას მთელი ლაშქრის წინამძღოლობა. და დასახლდა გაზარაში.