ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პირველი მაკაბელთა

თავი მეთხუთმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ანტიოქოსმა, მეფე დემეტრიოსის ძემ, გაუგზავნა წერილები ზღვის კუნძულებიდან სიმონს, იუდაელთა მღვდელსა და ერისმთავარს და მთელ ხალხს.

   
2 ასეთი იყო მათი შინაარსი:    
3 მას შემდეგ, რაც ვიღაც ავისმქნელებმა დაიპყრეს ჩემი მამა-პაპის სამეფო, გადავწყვიტე, ხელახლა დავეუფლო სამეფოს, რათა აღვადგინო ის უწინდელივით, ამიტომ შევკრიბე დიდძალი ლაშქარი და მოვამზადე საომარი ხომალდები.    
4 გადაწყვეტილი მაქვს, გავილაშქრო ქვეყანაზე, რომ დავესხა ჩემი ქვეყნის დამაქცევართ და ქალაქთა იავარმყოფელთ ჩემს სამეფოში.    
5 ამჟამად გიმტკიცებ შენ მრავალ დათმობებს, რაც კი დაგითმეს შენ ჩემმა წინამორბედმა მეფეებმა, და სხვა გადასახადებიც გეპატიება.    
6 ნებას გრთავ, მოჭრა საკუთარი ჭედური ფული შენი ქვეყნისთვის.    
7 იერუსალიმი და საწმიდარი თავისუფალია; მთელი იარაღი, რაც დამზადებული გაქვს, და სიმაგრეები, რაც აგებული გაქვს და გიჭირავს, შენვე გეპყრას.    
8 ყოველი სამეფო ვალი, ასევე მომავალი სამეფო ვალები აწ და მარადის გეპატიოს.    
9 როცა დავეუფლებით ჩვენს სამეფოს, მოგაგებთ დიდ პატივს შენ, შენს ხალხსა და ტაძარს, რომ საჩინო გახდეს თქვენი პატივი მთელს ქვეყანაში.    
10 ასსამოცდამეთოთხმეტე წელს გაემართა ანტიოქოსი თავისი მამა-პაპის ქვეყნისკენ, თავი მოიყარა მასთან მთელმა ლაშქარმა, ასე რომ, ტრიფონს მცირედნიღა შერჩნენ.    
11 მისდია მას ანტიოქოსმა და ლტოლვილი დორს მიადგა, რომელიც ზღვის პირას არის.    
12 დაინახა, რომ უკუღმართად შეტრიალდა მისი საქმე და მიატოვეს იგი ჯარებმა.    
13 ანტიოქოსიც დორთან დაბანაკდა ასოციათასი ქვეითითა და რვაათასი მხედრით.    
14 ალყა შემოარტყა ქალაქს და ხომალდებიც მოიჭრნენ ქალაქთან, ხმელეთიდან და ზღვიდან შეავიწროვა ქალაქი და არ ატარებდა არც გამომსვლელს, არც შემსვლელს.    
15 მოვიდა რომიდან ნუმენიოსი თავის თანამდგომებთან ერთად და მოიტანეს წერილები მეფეებისთვის და ქვეყნებისთვის, რომლებშიც შემდეგი ეწერა:    
16

ლევკიოსი, რომაელთა კონსული, მეფე პტოლემეოსს მოგიკითხავ.

   
17 მოვიდნენ ჩვენთან იუდაელთა ელჩები - ჩვენი მეგობრები და მოკავშირეები ძველი მეგობრობისა და მოკავშირეობის განსაახლებლად, გამოგზავნილნი სიმონ მღვდელმთავრისა და იუდაელი ხალხისგან;    
18 მოგვართვეს ოქროს ფარი, ათასმნიანი.    
19 ახლა გადავწყვიტეთ, მივწეროთ მეფეებსა და ქვეყნებს, რათა არ შეამთხვიონ მათ ბოროტი და არ შეებრძოლონ მათ, მათ ქალაქებს და მათ ქვეყანას, და მათ წინააღმდეგ მეომართაც არ დაეხმარონ.    
20 ხოლო ჩვენ ვიფიქრეთ, მივიღოთ ფარი მათგან.    
21 თუკი ვინმე ავისმქნელი გამოიქცევა თქვენთან მათი ქვეყნიდან, ჩააბარეთ ის მღვდელმთავარ სიმონს, რათა მათი რჯულით დასაჯოს იგი.    
22 ასევე მისწერა მეფე დემეტრიოსს, ატალოსს, არიარათესს და არსაკეს,    
23 და ყველა ქვეყანას - სამფსამეს, სპარტელებს, დელოსს, მინდოსს, სიკიონს, კარიასს, სამოსს, პამფილიას, ლიკიას, ჰალიკარნასოსს, როდოსს, ფასელისს, კოსს, სიდეს, არადოსს, გორტინას, კნიდოსს, კვიპროსსა და კირენეს.    
24 მათი ასლი კი მღვდელმთავარ სიმონს გაუგზავნეს.    
25 მეფე ანტიოქოსი მეორედ დაბანაკდა დორთან; ყოველი მხრიდან შეუტია და მიაყენა მანქანები; მოუსპო ტრიფონს გამოსვლის და შესვლის საშუალება.    
26 გაუგზავნა სიმონმა მას ორიათასი რჩეული მეომარი დასახმარებლად, ოქრო-ვერცხლი და საჭირო აღჭურვილობა.    
27 მაგრამ არ ისურვა მან მათი მიღება, არამედ უარყო ყოველი, რაზეც წინათ შეუთანხმდა სიმონს, და გაუუცხოვდა მას.    
28 გააგზავნა მასთან ათენობიოსი, ერთი თავის მეგობართაგანი, მოსალაპარაკებლად და დააბარა ეთქვა, თქვენ ფლობთ იაფოს, გაზარას და იერუსალიმის ციხეს, ჩემი სამეფოს ქალაქებს.    
29 მათი მიწა-წყალი გააუკაცრიელეთ და დიდი ზიანი მოახდინეთ ქვეყანაში, და დაიპყარით ჩემი სამეფოს ბევრი მხარე.    
30 ახლა გადმომეცით ქალაქები, რომლებიც გიჭირავთ, და ხარკი მხარეებიდან, რომლებიც დაპყრობილი გაქვთ იუდას საზღვრებს გარეთ.    
31

თუ არა და, მათ სანაცვლოდ მომეცით ხუთასი ტალანტი ვერცხლი. ხოლო საზღაური აოხრებისთვის, რაც მოახდინეთ, და სხვა ქალაქების ხარკი - ხუთასი ტალანტი. თუ არა და, მოვალთ და შეგებრძოლებით.

   
32 შევიდა ათენიბიოსი, მეფის მეგობარი, იერუსალიმში და როცა დაინახა სიმონის დიდება, ოქროს ჭურჭლისა და ვერცხლის ჭურჭლის საგანძური და მისი დიდი მხნეობა, განცვიფრდა და ამცნო მას მეფის სიტყვები.    
33 სიმონმა პასუხად მიუგო: არც ქვეყანა წაგვირთმევია უცხოთათვის და არც უცხოებზე გავბატონებულვართ, არამედ ჩვენი მამა-პაპის მემკვიდრეობა გვიჭირავს, რომელიც ერთ დროს ჩვენს მტრებს უსამართლოდ ჰქონდათ დაპყრობილი.    
34 ჩვენ კი, როცა დაგვიდგა შესაფერი დრო, დავიხსენით ჩვენი მამა-პაპის სამკვიდრებელი.    
35 რაც შეეხება იაფოსა და გაზარას, რომლებსაც ითხოვთ, მათ დიდი ზიანი მოახდინეს ხალხში და ჩვენს ქვეყანაში. მაგათ სანაცვლოდ ას ტალანტს მოგცემთ.    
36 ათენობიოსს სიტყვა აღარ უთქვამს მისთვის. მეფესთან კი გულისწყრომით დაბრუნდა და მოახსენა მას სიმონის ნათქვამი, მისი დიდება და ყოველივე, რაც იხილა, და განრისხდა მეფე დიდი რისხვით.    
37 ტრიფონი კი ხომალდზე ავიდა და ორთოსიაში გაიქცა.    
38 დააყენა მეფემ კენდებეოსი ზღვისპირის სარდლად და ქვეითი ლაშქარი და მხედრობა ჩააბარა.    
39 უბრძანა, გალაშქრებულიყო იუდაელთა წინააღმდეგ. დაავალა, აეგო კედრონი, გაემაგრებინა მისი კარიბჭეები და ეომა ხალხთან. თავად მეფე კი ტრიფონს დაედევნა.    
40 გაჩნდა კენდებეოსი იამნიაში და დაიწყო ხალხის გამოწვევა საომრად. შეიჭრა იუდაში, ატყვევებდა ხალხს და მუსრს ავლებდა.    
41 ააშენა კედრონი და ჩააყენა იქ მხედრობა და ქვეითი ჯარი, რათა იქიდან გამოსულიყვნენ იუდას გზებზე სათარეშთოდ, როგორც უბრძანა მას მეფემ.