ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პირველი მაკაბელთა

თავი მეთექვსმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ჩამოვიდა იოანე გაზარადან და მოუთხრო სიმონს, თავის მამას, რაც კენდებეოსმა ჩაიდინა.

   
2 უხმო სიმონმა თავის ორ ვაჟს, იუდასა და იოანეს, და უხუცესებს და უთხრა მათ: მეც, ჩემი ძმებიცა და მამაჩემის სახლიც ვებრძოდით ისრაელის მტრებს ყმაწვილობიდან დღევანდელ დღემდე და ბევრჯერ კეთილად წარიმართა ჩვენი ხელით ისრაელის ხსნა.    
3 ახლა მოვხუცდი, თქვენ კი ღვთის წყალობით სრულ ასაკს მიაღწიეთ. მაშ, გასწიეთ ჩემი და ჩემი ძმის მაგივრობა, წადით და იბრძოლეთ ჩვენი ერისთვის. ზეციდან იყოს თქვენი შეწევნა.    
4 აარჩია ქვეყნიდან ოციათასი მეომარი, ქვეითი და მხედარი, და გაემართნენ კენდებეოსის წინააღმდეგ. მოდეინში გაათენეს.    
5 დილით ადგნენ და ვაკეზე დაეშვნენ და, აჰა, დიდძალი ლაშქარი მოდის მათ შესახვედრად - ქვეითნი და ცხენოსანნი. მათ შორის კი მდინარე იყო.    
6 და დაიძრნენ მათ წინააღმდეგ თვითონ და მისი ხალხი. როცა დაინახა, რომ ხალხს ეშინოდა მდინარეზე გადასვლისა, თავად გადავიდა პირველი. შეხედეს მას მეომრებმა და უკან მიჰყვნენ.    
7 დაანაწილა ხალხი და დააყენა მხედრები ქვეითთა შორის. მტრის მხედრობა კი მეტად მრავალრიცხოვანი იყო.    
8 ბუკსა ჰკრეს და უკუიქცა კენდებეოსი და მისი ლაშქარი, და დაეცა მათგან მრავალი დაჭრილი. გადარჩენილები კი სიმაგრისაკენ გაიქცნენ.    
9 მაშინ დაიჭრა იუდა, იოანეს ძმა. ხოლო იოანე ედევნებოდა მათ, ვიდრე არ მიაღწია კედრონს, რომელიც მან ააშენა.    
10 მათ კი თავი შეაფარეს გოდლებს აშდოდის სანახებში, მაგრამ მან გადაწვა ისინი ცეცხლით; მოისრა მათგან ორიათასამდე კაცი და მშვიდობით დაბრუნდა იოანე იუდაში.    
11 ხოლო პტოლემეოსი, ძე აბუბოსისა, იერიხონის ვაკეზე იყო სარდლად განწესებული. უამრავი ვერცხლი და ოქრო ჰქონდა,    
12 რადგან მღვდელმთავრის სიძე იყო.    
13

გადიდგულდა და მოინდომა ქვეყნის დაპყრობა; მზაკვრულად განიზრახავდა სიმონის და მისი ვაჟების დაღუპვას.

   
14 სიმონი ამ დროს ქვეყანაში ქალაქებს ათვალიერებდა და მათ საქმეებზე ზრუნავდა. ასსამოცდამეჩვიდმეტე წელს, მეთერთმეტე თვეს, რომელიც არის შებატის თვე, გადავიდნენ იერიხონში მატათია და იუდა - მისი ვაჟები.    
15 აბუბოსის ძემ ვერაგულად მიიღო ისინი თავის აშენებულ პატარა სიმაგრეში, რომელსაც დოკი ერქვა. გაუმართა მათ დიდი ლხინი, თან კაცები ჰყავდა იქ ჩასაფრებული.    
16 როცა სიმონი და მისი ვაჟები დათვრნენ, წამოდგნენ პტოლემეოსი და მასთან მყოფნი, აიღეს იარაღი და ნადიმის დროს თავს დაესხნენ სიმონს და მოკლეს იგი და მისი ორი ვაჟი, და რამდენიმე მისი მსახური.    
17 დიდი მზაკვრობა ჩაიდინა და სიკეთის წილ ბოროტი მიუზღო.    
18 დაწერა ეს ამბავი პტოლემეოსმა და სთხოვა მეფეს, მოეშველებინა მისთვის ძალები დასახმარებლად და ჩააბარებდა მას მათ ქვეყანასა და ქალაქებს.    
19 ზოგიც გაზარაში გაუშვა იოანეს მოსაკლავად. ხოლო ათასისთავებთან წერილები დაგზავნა, წარმდგარიყვნენ მის წინაშე, რათა მიეღოთ მისგან ოქრო-ვერცხლი და საჩუქრები.    
20 ზოგნი იერუსალიმის და ტაძრის მთის ასაღებად მიავლინა.    
21 ვიღაც ლტოლვილმა აუწყა იოანეს გაზარაში, დაიღუპნენ შენი მამა და მისი ძმები, და შენს მოსაკლავადაც გამოგზავნესო კაცები.    
22 ეს რომ მოისმინა, შეშფოთდა მეტად. შეიპყრო მის მოსაკლავად მოსული კაცები და დახოცა, რადგან მიხვდა, რომ მისი დაღუპვა ეწადათ.    
23 იოანეს დანარჩენი ამბები, მისი ომები და საგმირო საქმენი, რომლებიც ჩაიდინა, მშენებლობა კედლებისა, რომლებიც აღმართა, და ყოველი მისი ღვაწლი,    
24 მისი მღვდელმთავრობის მატიანეშია ჩაწერილი იმ დროიდან, რაც მღვდელმთავრად დადგა მამამისის შემდეგ.