ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პირველი მაკაბელთა

თავი მეორე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

იმ დღეებში აიძრა იერუსალიმიდან მატათია, ძე იოანესი, ძისა სიმონ მღვდლისა, იოარიბიანთაგან, და მოდეინში დასახლდა.

   
2 ჰყავდა მას ხუთი ვაჟი: იოანე, მეტსახელად გადი,    
3 სიმონი, მეტსახელად თასი,    
4 იუდა, მეტსახელად მაკაბელი,    
5 ელეაზარი, მეტსახელად აუარანი, და იონათესი, მეტსახელად აპფუსი.    
6 იხილა მკრეხელობანი, რომელნიც გავრცელდა იუდასა და იერუსალიმში,    
7 და თქვა: ვაიმე, რატომ გავჩნდი ჩემი ხალხის დაქცევისა და წმიდა ქალაქის იავარქმნის სახილველად! რატომ ვზივარ აქ, როცა იგი მტრის ხელშია გადაცემული და სამსხვერპლო უცხოთა ხელში?    
8 გამოჩნდა მისი ტაძარი, როგორც კაცი ვინმე შეურაცხი.    
9 შესამოსელი მისი დიდებისა მიტაცებულია, მისი ჩვილები მისსავე ქუჩებში დახოცეს და მისი ყმაწვილები მტრის მახვილით არიან განგმირულნი.    
10 ვინ აღარ მიიღო სამემკვიდრეოდ მისი სამეფო და ვინ არ დაეპატრონა მის მონაგარს.    
11 მთელი მისი სამკაული წაღებულია, თავისუფლების ნაცვლად მონა შეიქნა.    
12 და აჰა, ჩვენი სიწმიდეები, ჩვენი მშვენება და სახელი გატიალდა, წარმართებმა წაბილწეს.    
13 რაღასთცის გვინდა კიდევ სიცოცხლე?    
14 შემოიგლიჯეს მატათიამ და მისმა ვაჟებმა ტანისამოსი, ჯვალო ჩაიცვეს და მწარედ ტიროდნენ.    
15 მაშან მივიდნენ მოდეინში მეფის მოხელენი, რათა აეძულებინათ ხალხი, მსხვერპლი შეეწირათ კერპებისთვის.    
16

ისრაელიდან ბევრი შეუერთდა მათ.

   
17 მიუგეს მეფის წარგზავნილებმა და უთხრეს მატათიას, თქვეს: წინამძღოლი, პატივდებული და დიდი კაცი ხარ ამ ქალაქში, ვაჟებითა და ძმებით ძლივრი;    
18 ახლა პირველი წადი და აასრულე მეფის ბრძანება, მოიქეცი, როგორც ყველა წარმართი, იუდას ხალხი და იერუსალიმში დარჩენილები მოიქცნენ, და გახდებით შენ და შენი შვილები მეფის მოყვარეები და პატივნაცემი იქნებით შენ და შენი შვილები ვერცხლით, ოქროთი და მრავალი ძღვენით.    
19 პასუხი გასცა მატათიამ და თქვა ხმამაღლა: მეფის სამეფო სახლის ყველა ხალხიც რომ დაემორჩილოს მას, ყველა სათითაოდ რომც განუდგეს თავისი მამა-პაპის რჯულს, და მისი მცნებები ამჯობინონ,    
20 მე მაინც დავრჩები მამა-პაპის აღთქმაში ჩემს ვაჟებთან და ძმებთან ერთად.    
21 შორს იყოს ჩვენგან მცნებებისა და რჯულის დატოვება.    
22 მეფის სიტყვებს არ დავემორჩილებით, არ გადავუხვევთ ჩვენს რჯულს არც მარჯვნივ, არც მარცხნივ.    
23 დაასრულა ამ სიტყვების თქმა და წინ გამოვიდა ერთი იუდაელი ვაცი, რომ ყველას თვალწინ ბომონზე მსხვერპლი შეეწირა მოდეინში მეფის ბრძანებისამებრ.    
24 დაინახა ეს მატათიამ და შურით აღინთო და გული აემღვრა, განრისხებული მივარდა მას და ბომონს დააკლა.    
25 იქვე მიაკლა მეფის კაციც, რომელიც მსხვერპლის შეწირვას აიძულებდა; სამსხვერპლოც მილეწა.    
26 შურით აღინთო რჯულის გულისთვის, როგორც ფინხასი მოიქცა ზიმრი შალომის ძის წინააღმდეგ.    
27 მოუწოდა მატათიამ ქალაქს დიდი ხმით, ამბობდა: რჯულისთვის და მცნებებისთვის ყველა მოშურნე გამოვიდეს ჩემს წინაშე!    
28 შემდეგ გაიქცნენ ის და მისი ვაჟები მთაში და მიატოვეს ყველაფერი, რაც ქალაქში ებადათ.    
29 მაშინ მრავალნი, სამართლისა და მსჯავრის მოშურნენი, გავიდნენ უდაბნოში, რათა იქ დასახლებულიყვნენ.    
30 თავად ისინი, მათი ვაჟები, მათი ცოლები და მათი ნახირი, რადგან მძლავრობდა მათზე ბოროტება.    
31

მეფის ხალხსა და ჯარებს, რომლებიც იერუსალიმში, დავითის ქალაქში იდგნენ, ემცნოთ, რომ ხალხი, რომელმაც უგულებელყო მეფის ბრძანება, უდაბნოს იდუმალ ადგილებს შეეფარა.

   
32 ბევრნი დაედევნენ მათ და მიეწივნენ; განეწყვნენ მათ პირისპირ და შაბათ დღეს საომრად გაემზადნენ მათ წინააღმდეგ.    
33 ასე უთხრეს მათ: გამოდით, დაემორჩილეთ მეფის ბრძანებას და გადარჩებით.    
34 მაგრამ მათ მიუგეს: არც გამოვალთ, არც მეფის ბრძანებას შევასრულებთ და არც შაბათ დღეს არ შეურაცხვყოფთ.    
35 და დააჩქარეს ომი მათ წინააღმდეგ.    
36 ისინი კი არ შეპასუხებიან, მათთვის ქვაც არ უსრთლიათ და არც საფარი გადაუღობავთ.    
37 ამბობდნენ: ყველა დავიხოცებით ჩვენი სიმართლით. ცა და მიწაა მოწმე, რომ უსამართლოდ გვღუპავთო.    
38 ამგვარად დაესხნენ მათ შაბათ დღეს და დაიხოცნენ ისინი, მათი ცოლები, მათი შვილები და მათი ნახირი, ათასამდე კაცი.    
39 როცა გაიგეს ეს ამბავი მატათიამ და მისმა მეგობრებმა, დიდად დამწუხრდნენ მათ გამო.    
40 უთხრეს ერთიმეორეს: თუკი ყველანი ისევე მოვიქცევით, როგორც ჩვენი ძმები მოიქცნენ, და არ შევებმებით წარმართებს ჩვენი სიცოცხლისთვის, მალე აღგვგვიან მიწიდან.    
41 გადაწყვიტეს იმ დღეს და თქვეს: ყოველ კაცს, ვინც კი შაბათ დღეს დაგვესხმება თავს, შევებრძოლოთ. ისე ნუ გავწყდებით, როგორც ჩვენი ძმები გაწყდნენ სამალავებში.    
42 მაშინ შეუერთდა მათ ხასიდიანების საკრებულო, ისრაელის მაგარი მეომრები, ყველანი, რჯულისთვის თავგანწირვის მოშურნენი.    
43 ყველა, ვინც კი გასაჭირს გამოექცა, მათ შეუერთდა და მხარში ამოუდგა.    
44 შეკრიბეს ჯარი და დაამხეს ცოდვილნი თავიანთ მრისხანებაში და ურჯულო კაცები თავიანთ მძვინვარებაში. დარჩენილები კი წარმართებთან გაიქცნენ და თავს უშველეს.    
45 მოიარეს მატათიამ და მისმა მეგობრებმა და დაამხეს კერპები.    
46

წინდაუცვეთელი ბიჭები, ვინც კი ისრაელის საზღვრებში ნახეს, წინდაცვითეს იძულებით.

   
47 განდევნეს ამპარტავნები და საქმე კეთილად წარიმართა მათ ხელში.    
48 ხელიდან გამოსტაცეს რჯული წარმართებს და მეფეს, და რქა ცოდვილს არ დაანებეს.    
49 მოაწია მატათიას აღსასრულის დღეებმა და უთხრა მან თავის ვაჟებს, ახლა ამპარტავნობა და გმობაა მოძალებული და დგება ჟამი გადატრიალებისა და რისხვის მძვინვარებისა.    
50 ახლა, შვილებო, შურით აღენთეთ რჯულისათვის და თავი დადეთ ჩვენი მამა-პაპის აღთქმისთვის.    
51 გაიხსენეთ მამა-პაპის საქმენი, რომლებიც ჩაიდინეს თავიანთ თაობაში, და მოიხვეჭთ დიდ პატივს და საუკუნო სახელს.    
52 განა აბრაამი განსაცდელში არ გამოჩნდა მორწმუნედ და მართალ კაცად არ შეირაცხა?    
53 იოსებმა მეტად მძიმე გასაჭირში დაიცვა მცნება და ეგვიპტის ბატონი შეიქნა;    
54 შურით აინთო ფინხასი, ჩვენი მამა, და საუკუნო მღვდლობის აღთქმა მიიღო;    
55 იესო ბრძანების აღსრულებისთვის გახდა ისრაელის მსაჯული;    
56 ხალხებს საკრებულოს წინაშე მოწმობისთვის ერგო სამკვიდრო ქვეყანაში;    
57 დავითს თავის მოწყალებისთვის ხვდა საუკუნო მეფობის ტახტი;    
58 ელია რჯულისადმი შურის გამო იქნა ცად აყვანილი;    
59 ხანანიამ, ყაზარიამ, მისაელმა ირწმუნეს და გადარჩნენ ცეცხლის ალში;    
60 დანიელი თავისი უბიწოების გამო გადაურჩა ლომების ხახას.    
61 და ასე, გაიხსენეთ თაობიდან თაობამდე, რომ მის მოიმედეთაგან შემწეობა არავის მოკლებია.    
62

ხოლო ცოდვილი კაცის სიტყვები ნუ შეგაშინებთ რადგან მისი დიდება ნეხვად და მატლად გადაიქცევა.

   
63 დღეს აღზევებულია, ხვალ კი აღარსად ჩანს, რადგან მტვერს დაუბრუნდა და მისი ზრახვებიც გაცამტვერდა.    
64 შვილებო, განმტკიცდით და რჯულში გამხნევდით რადგან მისით მოიხვეჭთ პატივს.    
65 ახლა კი, აჰა, ვიცი, რომ სიმონი, თქვენი ძმა, გონიერი კაცია, ყოველთვის მას დაუჯერეთ, ის იქნება თქვენი მამა.    
66 იუდა მაკაბელი მაგარი მეომარი იყო სიჭრუკიდანვე. ის იქნება თქვენი ჯარის უფროსი და შეებრძოლება ხალხებს.    
67 თქვენ კი შემოიკრიბეთ გარშემო ყველა რჯულის დამცველი და თქვენი ხალხის შური იძიეთ.    
68 სამაგიერო მიაგეთ წარმართებს და გაუფრთხილდით რჯულის მცნებებს.    
69 შემდეგ აკურთხა ისინი და შეერთო მამა-პაპას.    
70 მიიცვალა ასორმოცდამეექვსე წელს და დაიმარხა მოდეინში, თავისი მამა-პაპის სამარხში, და დიდი გლოვით იგლოვა იგი მთელმა ისრაელმა.