ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
როცა დემეტრიოსმა გაიგო, რომ ნიკანორი და მისი ჯარი ომში დაეცა, გადაწყვიტა ბაკხიდესა და ალკიმოსის მეორედ გაშვება იუდას ქვეყნისკენ მარჯვენა ფრთასთან ერთად. |
||
2 | გაემართნენ გალგალის გზაზე და დაიბანაკეს მესალოთთან, არბელაში; აიღეს ის და ბევრი ხალხი გაწყვიტეს. | ||
3 | ასორმოცდამეთორმეტე წლის პირველ თვეს იერუსალიმთან დაიბანაკეს. | ||
4 | მაგრამ აიყარნენ და გაემგზავრნენ ბერეასკენ ოციათასი ქვეითით და ორი ათასი ცხენოსნით. | ||
5 | ხოლო იუდა ელასში იდგა სამიათასი რჩეული კაცითურთ. | ||
6 | იხილეს ჯარების სიმრავლე, რომ ურიცხვნი იყვნენ, და თავზარი დაეცათ. ბევრი გამოიპარა ბანაკიდან, რვაას კაცზე მეტი არ დარჩენილა მათგან. | ||
7 | როცა დაინახა იუდამ, რომ გაიფანტა მისი ბანაკი და შეაჭირვა ომმა, გული შეუდრკა, რადგან დრო აღარ რჩებოდა მათი შემოკრებისთვის. | ||
8 | დამწუხრებულმა უთხრა დარჩენილებს: დავიძრათ და შევუტიოთ ჩვენს მტერს, იქნებ შევძლოთ მათთან ბრძოლა. | ||
9 | ისინი შეეცადნენ, გადაეთქმევინებინათ, უთხრეს: ვერ შევძლებთო, მაგრამ ახლა იქნებ გადავირჩინოთ თავი; მერე დავბრუნდეთ ჩვენი ძმებითურთ და შევებრძოლოთ მათ; ახლა ცოტანი ვართო. | ||
10 | უთხრა იუდამ: ნუმც მოხდება ისე, რომ გავექცეთ მათ. თუ ჩვენმა ჟამმა მოაწია, ბარემ ვაჟკაცურად დავიხოცოთ ჩვენი ძმებისთვის და სააუგოდ ნუ მივცემთ ჩვენს სახელს. | ||
11 | დაიძრა ჯარი ბანაკიდან და დაეწყო მათ პირისპირ. მხედრობა ორ ნაწილად გაიყო, ხოლო მეშურდულენი და მშვილდოსნები წინ წაუძღვნენ ჯარს, ასევე საუკეთესო მებრძოლნი. ბაკხიდე კი მარჯვენა ფრთაზე იყო. | ||
12 | ორივე მხრიდან ახლოვდებოდნენ რაზმები საყვირების ხმაზე; იუდას ხალხიც ახმიანებდა თავის საყვირებს. | ||
13 | შეზანზარდა მიწა ჯარების ხმაურისგან და მძვინვარებდა ბრძოლა დილიდან შეღამებამდე. | ||
14 | როცა დაინახა იუდამ, რომ ბაკხიდე და მისი ბანაკის მთავარი საყრდენი მარჯვნივ იყო, შემოიკრიბა თავის გარშემო ყველა გულადი მეომარი. | ||
15 | და მათ გაანადგურეს მარჯვენა ფრთა, მერე უკან მისდიეს აშდოდის მთამდე. | ||
16 |
როცა მარცხენა ფრთაზე მყოფებმა დაინახეს, რომ დამარცხდა მარჯვენა ფრთა, მოტრიალდნენ და ფეხდაფეხ მისდიეს ზურგში იუდას და მის ხალხს. |
||
17 | შენივთდა ბრძოლა, მრავალი დაჭრილი დაეცა ორივე მხრიდან. | ||
18 | დაეცა იუდაც, დანარჩენები კი გაიქცნენ. | ||
19 | აიყვანეს იონათანმა და სიმონმა იუდა, მათი ძმა, და დამარხეს მისი მამა-პაპის სამარხში, მოდეინში. | ||
20 | დაიტირეს და დიდი გლოვით იგლოვა იგი მთელმა ისრაელმა, მოთქვამდნენ მრავალ დღეს, ამბობდნენ: | ||
21 | როგორ დაეცა ძლიერი, მხსნელი ისრაელისა! | ||
22 | იუდას საქმენი - დანარჩენი მისი ომები და გმირობანი, რაც ჩაიდინა, და მისი სიდიადე, არ აღწერილა, რადგან ძალზე ბევრი იყო. | ||
23 | იუდას სიკვდილის შემდეგ იყო, რომ გამოჩნდნენ ურჯულოები ისრაელის ყოველ მხარეში, თავი ამოყო ყველამ, უსამართლობის მოქმედმა. | ||
24 | იმ დღეებში ჩამოვარდა ძალზე დიდი შიმშილობა და ქვეყანა მიემხრო მათ. | ||
25 | ბაკხიდემ ამოირჩია უღვთო კაცები და დაადგინა ისინი მხარეთა განმგებლებად. | ||
26 | ეძებდნენ და სდევნიდნენ იუდას მეგობრებს და მიჰყავდათ ისინი ბაკხიდესთან, და ის სჯიდა მათ და აბუჩად იგდებდა. | ||
27 | ჩამოვარდა დიდი გაჭირვება ისრაელში, როგორიც აღარ ყოფილა იმ დღიდან, რაც არ გამოცხადებიათ მათ წინასწარმეტყველი. | ||
28 | შეიკრიბა იუდას ყველა მოკეთე და მიმართეს იონათანს: | ||
29 | რაც შენი ძმა იუდა მოკვდა, არ გამოჩენილა მისი მსგავსი კაცი, რომ გამოვიდეს და გაილაშქროს მტერზე და ბაკხიდეზე, ჩვენი ხალხის მიაძულეზე. | ||
30 | ახლა, დღეიდან შენ აგვირჩევიხარ მის ნაცვლად, რომ გვყავდე მთავრად და წინამძღოლად ჩვენს ბრძოლებში. | ||
31 |
ჩაიბარა იონათანმა იმ დროს წინამძღოლობა და დადგა იუდას, თავისი ძმის, ნაცვლად. |
||
32 | შეიტყო ეს ბაკხიდემ და ცდილობდა მის მოკვლას. | ||
33 | შეიტყვეს იონათანმა, მისმა ძმამ სიმონმა და ყველამ, მასთან მყოფმა, და გაიქცნენ თეკოაყის უდაბნოსკენ, და დადგნენ ასფარის ტბის წყალთან. | ||
34 | შეიტყო ბაკხიდემ შაბათ დღეს და გადავიდა მთელი ლაშქრითურთ იორდანეს გადაღმა. | ||
35 | გაგზავნა იონათანმა თავისი ძმა, რაზმის წინამძღოლი, და სთხოვა ნაბატელებს, თავიანთ მეგობრებს, ნებართვა თავიანთი დიდძალი ავლადიდების მათთან შენახვისა. | ||
36 | მაგრამ გამოვიდნენ იამბრიანები, რომლებიც მედაბადან არიან, და შეიპყრეს იოანე ყველაფრითურთ, რაც კი ებადა, და წავიდნენ დატვირთულები. | ||
37 | ამ ამბების მერე გაიგეს იონათანმა და სიმონმა, მისმა ძმამ, რომ იამბრიანები დიდ ქორწილს იხდიდნენ და ნადაბათიდან მოჰყავდათ პატარძალი, ერთი ქანაანელი წარჩინებული დიდებულის ასული დიდი მაყრიონით. | ||
38 | გაიხსენეს სისხლი მათი ძმის, იოანესი, გამოვიდნენ და დაიმალნენ მთის საფარში. | ||
39 | გაიხედეს და დაინახეს: აჰა, ყიჟინი და დიდი მზითევი. სიძეც გამოვიდა თავის მეგობრებთან და ძმებთან ერთად მის შესახვედრად დოლებით, მუსიკითა და უამრავი საჭურვლით. | ||
40 | ამოვიდნენ საფარიდან, თავს დაესხნენ მათ და დახოცეს. ბევრი დაჭრილი დაეცა, დანარჩენები მთისკენ გაიქცნენ. მოხვეტეს მთელი ნადავლი. | ||
41 | გადააქციეს ქორწილი მწუხარებად და მათი სიმღერის ხმა - გლოვად. | ||
42 | აიღეს თავიანთი ძმის სისხლი და იორდანეს ჭაობებისკენ გაბრუნდნენ. | ||
43 | გაიგო ეს ბაკხიდემ და შაბათ დღეს მიადგა იორდანეს ნაპირს ურიცხვი ჯარით. | ||
44 | მიმართა იონათანმა თანამდგომთ: მაშ, აღვდგეთ და შევებათ ჩვენი სიცოცხლისთვის, რადგან დღეს სხვა დროა, ვიდრე გუშინ და გუშინწინ იყო. | ||
45 | აჰა, ბრძოლა გველის წინიდან და ზურგიდან. აქეთიქით კი იორდანეს წყალია, ჭაობი და ჭალა; მოსაბრუნებელი ადგილიც არაა. | ||
46 |
ახლა ცას შეჰღაღადეთ, ვინძლო მტრის ხელიდან გვიხსნას. |
||
47 | დაიწყო ბრძოლა და შემართა იონათანმა ხელი ბაკხიდეს მოსაკლავად, მაგრამ დაუძვრა იგი და უკანა რიგებისკენ დაიხია. | ||
48 | შეტოპეს იონათანმა და მისმა თანამდგომებმა იორდანეში და გადაცურეს მეორე ნაპირზე, მაგრამ მტერმაც გადალახა იორდანე მათ დასადევნელად. | ||
49 | ბაკხიდეს მხრიდან დაეცა იმ დღეს ათასამდე კაცი. | ||
50 | დაბრუნდა იერუსალიმში ბაკხიდე და ააშენა ციხე-ქალაქები იუდაში, ციხე-სიმაგრე იერიხონსა და ემაუსში, ბეთ-ხორონში, ბეთელში, თიმნაში, ფარათონსა და ტეფონში, მაღალი კედლებით და კარიბჭეებითა და ურდულებით, | ||
51 | და ჩააყენა მათში დაცვა ისრაელის სამტროდ. | ||
52 | გაამაგრა ქალაქები - ბეთ-ცური და გაზერა და ციხე. დატოვა მათში ჯარები და სურსათის მარაგი. | ||
53 | წაიყვანა ქეეყნის მთავართა ვაჟები მძევლებად და იერუსალიმის ციხეში დაცვის ქვეშ დატოვა ისინი. | ||
54 | ასორმოცდამეცამეტე წლის მეორე თვეს ალკიმოსმა ბრძანა, დაენგრიათ სამსხვერპლოს შიდა ეზოს კედელი და დაენგრიათ წინასწარმეტყველთა ნაშენები. როცა დაიწყო ნგრევა, | ||
55 | დაეცა ალკიმოსი და დაბრკოლდა მისი საქმე. ენა წაერთვა და დადამბლავდა, აღარ შეეძლო სიტყვის წარმოთქმა და ბრძანების გაცემა თავისი სახლის თაობაზე. | ||
56 | იმ დროს მოკვდა ალკიმოსი დიდი ტანჯვით. | ||
57 | დაინახა ბაკხიდემ, რომ მოკვდა ალკიმაოსი და გაბრუნდა მეფისკენ. ორი წლით მოისვენა იუდას ქვეყანამ. | ||
58 | მოითათბირა ყველა ურჯულომ, თქვეს: აჰა, იონათანი ამისი თანამდგომნი მყუდროებაში ცხოვრობენ უშფოთველად. ახლა მოვიყვანოთ ბაკხიდე და ერთ ღამეში შეიპყრობს ყველას. | ||
59 | წავიდნენ და მოეთათბირენ მას. | ||
60 | დაიძრა წასასვლელად ურიცხვი ჯარით და ფარულად დაუგზავნა წერილები ყველა თავის მოკავშირეს. თან იუდაში, რათა დაეჭირათ იონათანი და მისი თანამდგომნი; მაგრამ ვერ შეძლეს, რადგან გამჟღავნდა მათი განზრახვა. | ||
61 |
შეიპყრო იონათანის ხალხმა ქვეყნის კაცთაგან მოღალატენი, ორმოცდაათამდე კაცი, და დახოცეს. |
||
62 | ხოლო იონათანი, სიმონი და მათი თანამდგომნი გადაიხვეწნენ ბეთბასისკენ უდაბნოში, ააშენეს დანგრეული და გაამაგრეს იგი. | ||
63 | შეიტყო ეს ბაკხიდემ, შეკრიბა მთელი თავისი ლაშქარი და შეუთვალა იუდაელებსაც. | ||
64 | მივიდა, შემოადგა ბეთბასის და ებრძოდნენ დიდხანს, მიაყენეს საბრძოლო მანქანებიც. | ||
65 | იონათანმა ქალაქში დატოვა სიმონი, თავისი ძმა; თვითონ კი გაემართა ქვეყნისკენ და შევიდა მცირეოდენი ხალხით. | ||
66 | დაამარცხა ოდომერა მისი ძმებითურთ და ფასირონიანები მათსავე კარვებში. დაიწყო მუსრვა და შეჭრა მოწინააღმდეგის ლაშქარში. | ||
67 | ხოლო სიმონი და მისი თანამდგომნი გამოვიდნენ ქალაქიდან და ცეცხლი წაუკიდეს მანქანებს. | ||
68 | შეებრძოლენ ბაკხიდეს და იძლია იგი მათგან; შეაჭირვეს, რადგან მისი განზრახვა და ლაშქრობა ფუჭი გამოდგა. | ||
69 | ძლიერ განრისხდა ურჯულოებზე, რომელთაც ურჩიეს მას ამ ქვეყანაზე გამოლაშქრება; ბევრი დახოცა მათგან და გადაწყვიტა, თავის ქვეყანაში წასულიყო. | ||
70 | შეიტყო ეს იონათანმა და გაგზავნა მათთან უხუცესები ზავის დასადებად და მათგან ტყვეების დასაბრუნებლად. | ||
71 | დაეთანხმა და მისი სიტყვისამებრ მოიქცა. კიდეც შეჰფიცა, რომ აღარ შეეცდებოდა მისთვის ავს თავის სიცოცხლეში. | ||
72 | დაუბრუნა ტყვეები, რომლებიც წაყვანილი ჰყავდა წინათ იუდას ქვეყნიდან; გაბრუნდა და წავიდა თავის ქვეყანაში. მეტად აღარ მოსურვებია გალაშქრება მათ მიწა-წყალზე. | ||
73 | და დაცხრა მახვილი ისრაელში. დასახლდა იონათანი მიხმაშში და დაიწყო ხალხის განსჯა და გადააშენა უღმერთოები ისრაელიდან. |