ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პირველი მეფეთა

თავი მეჩვიდმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

შეჰყარეს ფილისტიმელებმა საომრად ლაშქარი; შეიკრიბნენ იუდას სოქოთში და დაიბანაკეს სოქოთსა და ყაზეკას შორის, ეფეს-დამიმში.

1

მას ჟამსა შეკრბეს უცხოთესლნი იგი და მოვიდეს და დაიბანაკეს წყობად შორის სოქოთსა და შორის აზაკესა აფერმნისასა.

2 ხოლო საული და ისრაელი შეგროვდნენ და დაბანაკდნენ მუხნარის ველზე, დაეწყვნენ ფილისტიმელებთან საბრძოლველად. 2 საულ და ერი იგი ისრაჱლისა შეკრბა, და მოვიდა და დაიბანაკეს ღელესა მას მაღნარისასა პირისპირ მათსა, და განეწყვნენ ურთიერთსა ამიერ და იმიერ.
3 ფილისტიმელები ერთი მთის ფერდობზე იდგნენ, ისრაელი მეორე მთის ფერდობზე; ხევი იყო მათ შორის. 3 უცხოთესლნი იგი იდგენ მიერ კერძო მთისა და ისრაჱლნი ამიერ კერძო მთისა, და ღელე იყო საშუალ მათსა.
4 გამოვიდა ფილისტიმელთა ბანაკიდან მორკინალი კაცი, სახელად გოლიათი, გათელი. ექვსი წყრთა და ერთი მტკაველი იყო მისი სიმაღლე. 4 და გამოვიდა კაცი ერთი ერისა მისგან უცხოთესლთასა, კაცი მჴნე და ძლიერი და ქველი, გუნდისა მისგან გეთელთასა, და სახელი მისი გოლიად, სიმაღლე მისი ექუს წყრთა და მტკაველი,
5 თავზე სპილენძის მუზარადი ეხურა, ჯაჭვის ჯავშანი ემოსა; ჯავშნის წონა ხუთი ათასი შეკელი იყო. 5 სპარაზენად ჭურვილი ჯაჭჳთ ჩაბალახითურთ, და იყო სასწორი საჭურველისა მისისა ხუთ ათას სიკილა რკინით და რვალითურთ;
6 ფეხებზე სპილენძის საბარკულები ეკეთა, მხარზე სპილენძის ჰოროლი ჰქონდა გადებული. 6 და ფარი ბარკალთა მისთა რვალისა პოლოტიკნი და ფარი რვალისა ბჭეთა მისთა,
7 მისი შუბის ტარი საქსოვი ლილვის ოდენა იყო; შუბის რკინის წვერი ექვსას შეკელს იწონიდა; წინ ფარის მტვირთველი მიუძღოდა. 7 ხოლო ბუნი ჰოროლისა მისისა, ვითარცა ავლი ქსელთა, პირი ჰოროლისა მისისა - ექუსასის სასწორისა, და მეაბჯრე ერთი წინაშე მისა.
8 მოდგა იგი და შესძახა ისრაელის რაზმებს: რატომ გამოხვედით საბრძოლველად? განა მე ფილისტიმელი არა ვარ ან თქვენ საულის მორჩილნი არა ხართ? გამოარჩიეთ თქვენში კაცი და ჩამოვიდეს ჩემთან. 8 მოვიდა და დადგა განმზადებული წინაშე ისრაიტელთა მათ, ჴმა-ყო მათ მიმართ და თქუა: რად ერთბამად ყოველნი განწყობილ ხართ ბრძოლად ჩუენდა? აჰა, ესერა, მე ერთი უცხოთესლთაგანი ვარ და თქუენ ებრაელნი მონანი საულისანი ხართ. აწ გამოირჩიეთ ერთი კაცი, რომელი მოვიდეს და ბრძოლა-ყოს ჩემ თანა!
9 თუ გამიმკლავდება და დამამარცხებს, თქვენი მორჩილნი გავხდებით, თუ მე გავუმკლავდი და დავამარცხე, თქვენ გაგვიხდებით მორჩილებად და გვემსახურებით. 9 და უკუეთუ მაჯობოს, მომკლას მე, და ვიყუნეთ ჩუენ მორჩილ თქუენდა. უკუეთუ მე ვერეოდი და მოვკლა იგი, თქუენ დაგვემორჩილენით.
10 თქვა ფილისტიმელმა: სირცხვილს ვაჭმევ დღეს ისრაელის რაზმებს. გამომიყვანეთ კაცი ვინმე, რომ პირისპირ შევებათ ერთმანეთს. 10 და კუალად თქუა უცხოთესლმან: აჰა, ესერა, მე გაყუედრებ განწყობილსა მაგას ისრაჱლისასა, დღესდღე გამოვედინ კაცი ერთი თქუენგანი და განვიდეთ ახოვნად ურთიერთსა მარტოდ!
11

გაიგონეს საულმა და მთელმა ისრაელმა ფილისტიმელის სიტყვები, დაფრთხნენ და შეშინდნენ მეტისმეტად.

11

11. და ვითარცა ესმა საულს და ყოველთა ისრაიტელთა მათ სიტყუაჲ იგი უცხოთესლისა მის, ზარი განჰჴდა, რამეთუ შეშინდეს ფრიად.

12 დავითი იყო შვილი იმ ეფრათელისა, იუდას ბეთლემიდან, რომელსაც სახელად ერქვა იესე და რვა ვაჟიშვილი ჰყავდა. საულის დროს მოხუცებული იყო ეს კაცი, ხანდაზმული. 12 და დავით იყო ძე კაცისა ერთისა ეფრათელისა ქალაქით ბეთლემით, ნათესავისა მისგან იუდასისა, და სახელი მისი იესე, და ესხნეს მას რვა ძენი, და იყო კაცი იგი მოხუცებული.
13 წაჰყვა საულს ბრძოლაში იესეს სამი უფროსი ვაჟიშვილი; ომში წასული მისი ვაჟიშვილების სახელები იყო: პირმშოს ელიაბი, მომდევნოსი - ამინადაბი, მესმესი - შამა. 13 და წარვიდეს ძენი იგი მისნი სამნივე უმრწემესნი საულის თანა ღუაწლსა ბრძოლისასა. და ესე სახელები არს სამთა მათ ძეთა იესესთა: ელიაბ პირმშო, ამინადაბ, სამაა.
14 დავითი კი მათზე უმცროსი იყო. წაჰყვა სამი უფროსი საულს. 14 დავით - უმრწემესი მათსა, და ესე სამნი მივიდეს საულისსა.
15 ხოლო დავითი მოდიოდა ხოლმე საულთან და უკან ბრუნდებოდა, რათა ემწყესა მამამისის ფარა ბეთლემში. 15 ხოლო დავით წარვიდა ბეთლემადვე მწყსად ცხოვართა მამისა მისისათა.
16 გამოდიოდა ის ფილისტიმელი დილით და საღამოთი და ასე იქცეოდა ორმოცი დღე. 16 და უცხოთესლმან მან აღიმსთვის და წარმოუდგის დილითგან ვიდრე მწუხრადმდე, აყუედრის ორმეოც დღე.
17 უთხრა იესემ დავითს, თავის ვაჟიშვილს: აიღე ეს ერთი ეფა ქუმელი, ეს ათი პური და სასწრაფოდ წაუღე შენს ძმებს ბანაკში. 17 ჰრქუა იესემ დავითს, ძესა თჳსსა: მიიღე შენ თანა გრივი ერთი ჴალი, ათი ჴუეზა პური, და მიისწრაფე ბანაკად და მიართუ ძმათა შენთა.
18 ხოლო ეს ათი თავი ყველი ათასისთავს წაუღე; მოიკითხე ძმები და მოიტანე მათი ამბავი. 18 და ათი ესე ხაჭო მიიპყარ ერისთავსა მას, და სცან სიცოცხლე ძმათა შენთა და მითხარ მე სიცოცხლე მათი.
19 საული, ისინი და მთელი ისრაელი მუხნარის ველზე ებრძოდნენ ფილისტიმელებს. 19 და საულ და ყოველი ერი განწყობილად დგა მუხასა მას ქუეშე, რომელი იყო უბესა მას ბრძოლისასა წინაშე უცხოთესლთა მათ.
20 დილაადრიანად ადგა დავითი, ცხვარი მოყარაულეს დაუტოვა, აიკიდა ტვირთი და წავიდა, როგორც იესეს ჰქონდა მისთვის ნაბრძანები. მიადგა ბანაკს, როცა ჯარი ირაზმებოდა და საბრძოლო ყიჟინას სცემდა. 20 და აღიმსთო დავით განთიად და შევედრნა საცხოვარნი იგი მწყემსთა მათ, და ყო, რაჲცა-იგი უბრძანა მას იესემ, და მოვიდა ადგილსა მას ბრძოლისასა. და იყივლეს
21

დაეწყვნენ რაზმებად ერთმანეთის პირისპირ ისრაელი და ფილისტიმელები.

21

და აღიზახნეს ერმან მან ისრაიტელთამან, შევიდეს და დადგეს თჳთეულად ადგილთა თჳსთა განმზადებულნი ბრძოლად, ეგრეცა უცხოთესლნი იგი მოვიდეს და დადგეს წინაშე ისრაიტელთა მათ.

22 ჩააბარა დავითმა თავისი ტვირთი ტვირთის ყარაულს და მიაშურა რაზმს. მივიდა და მოიკითხა თავისი ძმები. 22 და დავით მოიღო ჭურჭელი იგი, და დავედრა ვანისმცველსა მას, და წარვიდა ერისა მის თანა ბრძოლად და ჰკითხვიდა ძმათა თჳსთა მშჳდობასა.
23 მათთან ლაპარაკში იყო, რომ გამოვიდა ფილისტიმელთა რაზმიდან მორკინალი კაცი, სახელად გოლიათი, ფილისტიმელი, გათელი, და წინანდებურად იწყო ლაპარაკი. ყველაფერი მოისმინა დავითმა. 23 და ვიდრე იგი ამას იტყოდა ოდენ, აჰა, ესერა, გამოუჴდა კაცი იგი ამინელი, ფილისტიმელი გეთელი, რომელსა ერქუა გოლიად, უცხოთესლი, და ესმა დავითს და ყოველსა ერსა ისრაჱლისასა, რომელი იტყოდა სიტყუასა ამპარტავანებისასა სილაღით.
24 როგორც კი დაინახეს ეს კაცი, გაიქცნენ მისგან ისრაელიანები, რადგან შეშინდნენ მეტისმეტად. 24 და რაჟამს იხილეს მათ კაცი იგი, შეშინდეს ფრიად და სივლტოლად მიიქცეს პირისაგან მისისა.
25 ამბობდნენ ერთმანეთში ისრაელიანები: ხედავთ ამ კაცს, რომ აღზევებულა? ისრაელის შესარცხვენად აღზევდა იგი. მის მძლეველს დოვლათით აავსებს მეფე, თავის ასულს მიათხოვებს ცოლად და მამამისის სახლს გაააზაგებს ისრაელში. 25 და ჰრქუა კაცმან ვინმე ერთმან ისრაიტელთამან მოყუასსა თჳსსა: მე უწყი, ვითარღა ყუედრებად გამოსრულ არს კაცი ესე უცხოთესლი ისრაჱლისა, ხოლო რომელმან მოკლას ეგე, მე ვიცი, რამეთუ მეფემან განამდიდროს, ასული თჳსი მისცეს მას ცოლად და სახლი მამისა განათავისუფლოს ისრაჱლსა შორის.
26 ჰკითხა დავითმა ახლოს მდგარ კაცებს: რა ბედი ეწევა კაცს, ვინც იმ ფილისტიმელს დაამარცხებს და სირცხვილს მოხოცავს ისრაელს? რადგან ვინ არის ეგ წინდაუცვეთელი ფილისტიმელი, ასეთ სირცხვილში რომ აგდებს დღეს ღვთის რაზმებს? 26 და ვითარცა ესმა სიტყუა ესე დავითს, და ჰრქუა კაცთა მათ, რომელნი გარემოს იყვნეს მისა: რაჲმემცა კეთილი უყვეს კაცსა მას, რომელმანცა მოკლა უცხოთესლი ესე, რომელი აყუედრებს ერსა ისრაჱლისა? ანუ ვინ არს წინადაუცვეთელი ისი, რომელი გამოსრულ არს მაყუედრებელად ერსა უფლისა ცხოველისასა?
27 უთხრა მას ხალხმა იგივე სიტყვები: ასეთი და ასეთი ბედი ეწევაო კაცს, ვინც მას დაამარცხებს. 27 მო-ვინმე-უგო მიერ განწყობილისა მისგანმან სიტყუასა მას ოდენ და ჰრქუა: მსგავსად აღთქმისა მის მისცეს მას, რომელმანცა მოკლას იგი.
28 გაიგონა ელიაბმა, მისმა უფროსმა ძმამ, ხალხს რომ ელაპარაკებოდა დავითი და განურისხდა მას ელიაბი, უთხრა: რისთვის ჩამოხვედი აქ? ვის დაუტოვე ის მცირე ფარა უდაბნოში? ვიცი შენი ამპარტავნებისა და შენი ავგულობის ამბავი; მხოლოდ ბრძოლის საყურებლად ხარ ჩამოსული. 28 და ვითარცა ესმა სიტყუაჲ ესე დავითისი ელიაბს, ძმასა მისსა უხუცესსა, რომელსა ეტყოდა კაცთა მათ, განრისხნა ფრიად დავითისათჳს და ჰრქუა: შენ მო-ვე-რა-ხვედ აქა, ანუ ვის დავედრენ უბადრუკნი იგი საცხოვარნი უდაბნოსა? მე უწყი ამპარტავანება ეგე შენი და სიბოროტე, რასა იქ სილაღითა, რამეთუ მოსრულ ხარ აქა ხილვად ღუაწლსა ბრძოლისასა.
29 თქვა დავითმა: რა გავაკეთე ისეთი? ცუდი ხომ არაფერი მითქვამს? 29 მიუგო დავით და ჰრქუა: რაჲ მიყოფიეს, ანუ რაჲ გავნე, ანუ სიტყუანი არიანა სამე?
30 სხვა მხარეს გატრიალდა მისგან და იკითხა იგივე ამბავი. იგივე უპასუხა ხალხმა, რაც სხვებმა უთხრეს. 30 და წარვიდა დავით სხუასა ადგილსა და მასვე იტყოდა, და მიერ ერისაგან მიუგეს პირველისაებრვე სიტყჳსა.
31

გაიგონეს დავითის ნათქვამი სიტყვები და მიუტანეს საულს; მანაც მოაყვანინა იგი.

31

და სიტყვა იგი დავითისი უთხრეს საულს, და მიიყვანეს დავით და წარ-ხოლო-უდგინეს საულს.

32 უთხრა დავითმა საულს: ნურვის გული ნუ შედრკება მის წინაშე. წავა შენი მორჩილი და შეებრძოლება ამ ფილისტიმელს. 32 სიტყუად იწყო დავით წინაშე საულისა და თქუა: ნუ შეძრწუნდები, უფალო ჩემო მეფევ, რამეთუ მონა შენი განვიდეს და ბრძოლა-უყოს უცხოთესლისა მის თანა.
33 უთხრა საულმა დავითს: ვერ გახვალ საბრძოლველად მაგ ფილისტიმელთან, რადგან შენ ჯერ ბავშვი ხარ, ის კი მებრძოლია სიყრმითგანვე. 33 მიუგო საულ დავითს და ჰრქუა: შენ ყრმაღა ხარ და იგი განსრულებული კაცი არს და მბრძოლი სიჭაბუკითგან მისით. ვერ შემძლებელ ხარ წინადადგომად მისა.
34 უთხრა დავითმა საულს: მწყემსავდა შენი მორჩილი თავისი მამის ფარას და, როცა დაეცემოდა ლომი ან დათვი და გაიტაცებდა ფარიდან ცხვარს, 34 სიტყუად იწყო დავით საულისა და ჰრქვა: ოდეს ვმწყსიდი საცხოვართა მამისა ჩუენისათა უდაბნოსა ზედა, მოვიდის ლომი, ანუ თუ დათჳ და წარიღის კრავი, ანუ თუ ვაცი,
35 გავეკიდებოდი, ვკლავდი და პირიდან გამოვგლეჯდი ხოლმე. თუ დამეცემოდა, ყბაში ჩავავლებდი ხელს და ვკლავდი. 35 ვეწივი და პირისა მისისაგან გამოუღი, და თუ ზედამიმიჴდის, მე მკლავნი მოვსცნი, და შევმუსრი და მოვკლი იგი.
36 ლომსაც და დათვსაც ამარცხებდა შენი მორჩილი; ამ წინდაუცვეთელ ფილისტიმელსაც იგივე დაემართება, რადგან სირცხვილში აგდებს იგი ცოცხალი ღვთის რაზმებს. 36 და აწ შერაცხილ იყავნ უცხოთესლი იგი წინადაუცუეთელი, ვითარცა ერთი ბოროტთა მჴეცთაგანი. ვითარ არა მოვიდე და მოვჰკლა იგი და აღვჴოცო ყუედრება ისრაჱლსა შორის დღეს? რამეთუ ვინ არის წინადაუცვეთელი ესე, რომელი აყუედრებს ბანაკსა ღმრთისა ცხოველისასა?
37 თქვა დავითმა: უფალი, რომელიც დამიხსნიდა ხოლმე ლომისაგან და დათვისაგან, ახლაც დამიხსნის ამ ფილისტიმელისგან. უთხრა საულმა დავითს: წადი, უფალი იყოს შენთან! 37 მაშინ თქუა დავით: თავადმან უფალმან ღმერთმან, რომელმან მიჴსნა მე პირისაგან ლომისასა და მკლავთაგან დათჳსათაგან, მან მიჴსნეს მე ჴელთაგან მის წინადაუცვეთელისა უცხოთესლისათა! მიუგო საულ დავითს და ჰრქუა: გვალე, განვედ მისა და უფალი იყავნ შენ თანა.
38 შემოსა საულმა დავითი თავისი საკუთარი სამოსელით, თავზე სპილენძის მუზარადი დაახურა და ჯავშანი ჩააცვა. 38 და შთააცვა დავითს ჯაჭვი ჯაჭუსა მას ზედა იალმაგი და ჩაფხუტი სპილენძისა დაადგა თავსა მისსა.
39 შემოირტყა მახვილი დავითმა სამოსელს ზემოდან და იწყო სიარული, რადგან ნაჩვევი არ იყო. უთხრა დავითმა საულს: არ შემიძლია ამაში სიარული, რადგან არა ვარ ნაჩვევი. და მოიხსნა ისინი დავითმა. 39 და ჴმალი მისი შეარტყა წელთა მისთა და განსლვასა მისსა კელობად იწყო დავით და ბრკომად, რამეთუ უმეცარ იყო იგი. მიუგო საულს დავით და ჰრქუა: ვერ განუჴდე ამით, რამეთუ უმეცარ და უხეშ ვარ ამისა! ფერჴი დაიპყრა დავით და განიძარცვა საჭურველი იგი მისგან.
40 აიღო ხელში თავისი კომბალი, გამოარჩია ხუთი რიყის ქვა და ჩაყარა ისინი მწყემსის გუდაში, რომელსაც თან ატარებდა. ხელთ იპყრა შურდული და გავიდა ფილისტიმელთან. 40 და მოიღო არგანი იგი მისი სამწყემსო და გამოირჩივნა მან ხუთნი ქვანი რიყისანი მრგვალნი, და შთასხნა იგინი ვაშკარანსა მას სამწყემსოსა და შურდულნი მისნი მოიხუნა ჴელთა თჳსთა, და განვიდა უცხოთესლისა მის გმირისა.
41

გამოვიდა ფილისტიმელიც და წავიდა დავითისკენ; წინ ფარისმტვირთველი მიუძღოდა.

41

და მიერ წარმოემართა უცხოთესლი იგი და მოუვიდოდა დავითს და ვითარცა მოეახლა მას, ფერჴი დაიპყრა, და მეფარე ერთი წინაუფარებდა მას.

42 დაინახა ფილისტიმელმა დავითი და საცინად აიგდო, რადგან ყმაწვილი იყო იგი და წითური, ლამაზი შესახედავიც. 42 და ვითარცა იხილა უცხოთესლმან მან დავით, რამეთუ ჭაბუკი იყო შუენიერ და მწითურ, შეურაცხ-ყო იგი.
43 უთხრა ფილისტიმელმა დავითს: ძაღლი ხომ არა ვარ, ჯოხით რომ გამოდიხარ ჩემთან. დასწყევლა ფილისტიმელმა დავითი თავისი ღმერთების სახელით. 43 ჰრქუა უცხოთელსმან დავითს: ძაღლი ნუ ვარ მე, რამეთუ არგნითა და ქვითა გამოხვედ ჩემ ზედა? და ჰრქუა: უაღრეს ძაღლთასა ხარ შენ! და დაწყევა უცხოთესლი იგი დავით კერპითურთ მისით.
44 უთხრა ფილისტიმელმა დავითს: ახლოს მოდექი, რომ ცის ფრინველებს და ველის მხეცებს გადავუგდო შენი გვამი. 44 და ჰრქუა უცხოთესლმან: მოგვალე და დავსხნე ჴორცნი შენნი საჭმელად მფრინველთა ცისათა და მჴეცთა ქუეყანისათა!
45 უთხრა დავითმა ფილისტიმელს: შენ ხმლით, შუბითა და ფარით გამოდიხარ ჩემთან, მე კი ცაბაოთ უფლის, ისრაელის მხედრობის ღმერთის სახელით გამოვდივარ, რომელიც შენ შეურაცხყავი. 45 მიუგო დავით და ჰრქუა: მოგვალე შენ, ეგერა, ჩემ ზედა მოხვალ ჯაჭჳთა, ჰოროლითა და ფარი[თა], ხოლო მე მოგივალ შენდა სახელითა უფლისა ღმრთისა ძალითა და, ესერა, ამისგან ისრაჱლისა, რომელსა-იგი შენ აყუედრებდი დღეს!
46 დღეს ჩამაგდებინებს ხელში შენს თავს უფალი და დაგამარცხებ, თავს მოგაცლი და ფილისტიმელთა გვამებს ცის ფრინველთ და მიწის ცხოველებს გადავუყრი დღეს, რათა გაიგოს მთელმა ქვეყანამ, რომ ჰყავს ისრაელს ღმერთი. 46 რამეთუ შემოგაწყჳდა უფალმან დღეს ჴელთა ჩემთა და მოგკლა შენ ადგილობანსა, მახჳლითავე შენითა მოგკვეთო თავი შენი და დავსხნე ფერჴნი შენნი და ჴორცნი შენნი და ჴორცნი ერისა მაგის უცხოთესლთანი საჭმელად მფრინველთა ცისათა და მჴეცთა ქუეყანისათა! და სცნან ყოველთა ნათესავთა ქუეყანისათა, ვითარმედ არს ღმერთი ისრაჱლსა შორის!
47 გაიგოს მთელმა კრებულმა, რომ არა მახვილითა და შუბით იხსნის უფალი, რომ უფლის ნებაზეა ომი და ხელში ჩაგვაგდებინებს თქვენს თავს. 47 და სცნას ყოველმან ამან ერმან, რამეთუ არა მახჳლითა, არცა ჰოროლითა და ჯაჭვითა იჴსნის უფალმან, არამედ უფლისა მიერ არის ძლევა ბრძოლასა შინა! და განგწირნეს თქუენ უფალმან ჴელთა მომართ ჩუენთა!
48 როცა აღიმართა ფილისტიმელი და მიუახლოვდა დავითს, მკვირცხლად გაიქცა დავითი რაზმისკენ ფილისტიმელთან შესახვედრად. 48 და მოეახლებოდა უცხოთესლი იგი დავითს და დავით ისწრაფა და განვიდა შემთხუევად უცხოთესლისა მის.
49 ჩაჰყო ხელი დავითმა გუდაში და ამოიღო იქიდან ქვა, სტყორცნა შურდული და შიგ შუბლში მოარტყა ფილისტიმელს; შუბლში ჩაეჭედა ქვა და პირქვე დაემხო ფილისტიმელი. 49 და შთაყო ჴელი თჳსი დავით ვაშკარანსა მას და აღმოიტაცა ქვა ერთი, და შთადვა იგი შურდულთა მას მისთა და განსტყორცა და მიამთხჳა შუბლსა უცხოთესლსა მას, და შევიდა ჩაფხუტით, შუბლი ჩასტეხა და ტვინად ჩაუგდო და პირდაქვე ზედა ქუეყანასა დასცა.
50 სძლია დავითმა ფილისტიმელს შურდულითა და ქვით; დაამარცხა ფილისტიმელი და მოკლა იგი. მახვილი არ სჭერია ხელში დავითს. 50

და განძლიერდა დავით უფროს უცხოთესლთა მათ ზედა მას დღესა შინა, რამეთუ შურდულითა და ქვითა მოკლა უცხოთესლი იგი, და მახჳლი საჭურველი და ჰოროლი არა აქუნდა მას.

51

მიირბინა დავითმა და თავზე დაადგა ფილისტიმელს; აიღო მისი მახვილი, იშიშვლა და მოაკვდინა იგი; მახვილით მოსჭრა თავი. დაინახეს ფილისტიმელებმა, რომ მკვდარი იყო მათი გმირი, და გაიქცნენ.

51 ფერჴნი განუტევნა დავით და მოვიდა უხცოთესლისა მის, მუჴლი ყელსა დაადგა და აღმოჰჴადა ჴმალი მისი და თავი ჩაფხუტითურთ მოჰკუეთა. ვითარცა იხილეს უცხოთესლთა მათ, ვითარმედ მოკლა ძლიერი იგი მათი, მეოტ იქმნნეს.
52 მაშინ წამოიშალნენ ისრაელისა და იუდას მებრძოლები და ყიჟინით დაედევნენ ფილისტიმელებს ხეობამდე და ყეკრონის კარიბჭეებამდე. ეცემოდნენ განგმირული ფილისტიმელები შაყარაიმის გზაზე, გათამდე და ყეკრონამდე. 52 და აღიზახნეს ისრაჱლისამან და იუდასამან, ღაღად-ყვეს და მიეტევნეს მათ ზედა და აღჴოცდეს ვიდრე გეთადმდე და ვიდრე ბჭედმდე ასკალონისა. და დაეცნეს წყლულნი მრავალნი უცხოთესლთანი გზასა ზედა, ვიდრე ბჭედ გეთისა და ასკალონისა.
53 მობრუნდნენ უკან ისრაელიანები ფილისტიმელთა მდევარიდან და გაძარცვეს მათი ბანაკი. 53 და მოიქცა ერი ისრაჱლთა, დაესხა ნატყუენავსა და ნაყარსა ბანაკისა მათისასა და სცარცვიდეს მძორებსა მათსა.
54 აიღო დავითმა ფილისტიმელის თავი და მიიტანა იგი იერუსალემს, ხოლო მისი საჭურველი თავის კარავში დააწყო. 54 და წარიღო დავით თავი იგი უცხოთესლისა მის, და შეიღო იგი იერუსალჱმად და ჯაჭჳ და საჭურველი მისი მოიღო საყოფელად თჳსა.
55 როცა დაინახა საულმა ფილისტიმელის წინააღმდეგ გამავალი დავითი, ჰკითხა აბნერს, მხედართმთავარს: ვისი შვილია ეს ყმაწვილი, აბნერ? მიუგო აბნერმა: შენს თავს გეფიცები, არ ვიცი, მეფეო. 55 რაჟამს იხილა საულ ზედამისლვა დავითისა უცხოთესლისა მის, ჰრქუა აბენერს, სპასპეტსა თჳსსა: ვისიმე რა შვილი არს ჭაბუკი ისი? მიუგო აბენერ და ჰრქუა: ცხოველ არს სული შენი, უფალო ჩემო მეფე, არა უწყი.
56 თქვა მეფემ: იკითხე, ვისი შვილია ეს ჭაბუკი. 56 და ჰრქვა მეფემან: ჰკითხე მას, უკუეთუ ვისი ძე არს ჭაბუკი ეგე?
57 როცა დაბრუნდა დავითი ფილისტიმელის დამარცხების შემდეგ, ხელი მოჰკიდა მას აბნერმა და წარუდგინა საულს; ხელში ფილისტიმელის თავი ეჭირა. 57 და ვითარცა მოვიდა დავით ახოვანებისა მისგან, რამეთუ მოეკლა უცხოთესლი იგი, უპყრა ჴელი აბენერ და შეიყვანა იგი წინაშე საულისა, და თავი იგი ახოვანისა მის ჴელთა შინა დავითისათა.
58 უთხრა საულმა: ვისი შვილი ხარ, ყმაწვილო? მიუგო დავითმა: შენი მორჩილის, იესეს შვილი ვაბ, ბეთლემელის. 58 მიუგო დავითს საულ და ჰრქუა მას: ვისი შვილი ხარ, ჭაბუკო? მიუგო დავით და ჰრქუა: ძე ვარი მე მონისა შენისა იესესი ბეთლემელისა.