ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პირველი მეფეთა

თავი მეცხრამეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ეუბნებოდა საული თავის ძეს იონათანს და თავის მორჩილთ, მოეკლათ დავითი, მაგრამ იონათანს, საულის ძეს, ძლიერ უყვარდა დავითი.

1

ამისა შემდგომად ზრახვა-ყო საულ იონათანის თანა, ძისა თჳსისა, და ყოველთა თანა მონათა მისთა, რათამცა მოკლეს დავით.

2 შეატყობინა იონათანმა დავითს, უთხრა: შენი მოკვლა სურს საულს, მამაჩემს. ფრთხილად იყავი ხვალ დილით, არ გამოჩნდე, სადმე დაიმალე. 2 იონათანს, ძესა საულისასა, უყუარდა დავით ფრიად და მუნთქუესვე უმხილა დავითს და ჰრქუა, ვითარმედ: მამაჩემი გიმზირს შენ მოკლვად. აწ ეკრძალე თავსა შენსა და ხვალე განთიად მივედ და დაიმალე ადგილსა ერთსა.
3 მე გამოვალ და მამაჩემის გვერდით დავდგები მინდორში, სადაც შენ იქნები. შენზე დავუწყებ ლაპარაკს მამაჩემს; შევხედავ საქმეს და შეგატყობინებ. 3 და მე შევიდე თავით ჩემით მამისა ჩემისა და გამოვიკითხო, რაჲ გულსა ედვას და გაუწყო შენ!
4 გამოესარჩლა იონათანი დავითს საულთან, თავის მამასთან და უთხრა: ნუ დაიდებს მეფე თავისი მორჩილის, დავითის ცოდვას, რადგან არ შეუცოდავს მას შენს წინაშე. მეტად სასიკეთოა შენთვის მისი საქმეები. 4 და შევიდა იონათან საულ მამისა თჳსისა კეთილის-თხოვად დავითისათჳს, ჰრქუა მას: ნუ უყოფ ბოროტსა, მეფე, დავითს, რამეთუ არა შეუცოდებიეს შენდა, არამედ ყოველნი საქმენი მისნი კეთილ არიან შენდა!
5 არად ჩააგდო სიცოცხლე, როცა ფილისტიმელს კლავდა, და მოუტნა კიდეც დიდი ხსნა უფალმა ისრაელს. ხედავდი და ხარობდი. რისთვის უნდა შესცოდო უდანაშაულო სისხლს დავითის ტყუილუბრალოდ მოკვლით? 5 და თავი თჳსი მისცა ჴელთა მტერთასა, და მოკლა უცხოთესლი იგი შენსა წინაშე და ქმნა უფალმა ცხორებაჲ დიდი ჴელითა მისითა ისრაჱლსა ზედა; და იხილა ყოველმან ისრაჱლმან და განიხარა. აწ რაჲსა სცოდავ შენ და დასთხევ სისხლსა მართლისასა და მოაკუდინებ დავითს უბრალოდ?
6 დაუგდო ყური საულმა იონათანის სიტყვას და დაიფიცა საულმა: უფალს ვფიცავ, არ მოკვდება. 6 ვითარცა ესმა სიტყუაჲ ესე იონათანისი საულს, ფიცა და თქუა: ცხოველ არს უფალი ჩემი, ვითარმედ არა მოკუდეს დავით!
7 დაუძახა იონათანმა დავითს და შეატყობინა ეს ყველაფერი. მიუყვანა იონათანმა დავითი საულს, რათა წინანდებურად ყოფილიყო მის წინაშე. 7 მაშინ მოუწოდა იონათან დავითს და ჰრქუა, რასა-იგი იტყოდა საულ მისთჳს და შეიყვანა იონათან დავით წინაშე საულისა. და იყო იგი მის წინაშე, ვითარცა გუშინ და ძოღან.
8 კიდევ გაიმართა ომი, გამოვიდა დავითი, შეებრძოლა ფილისტიმელებს და სასტიკად დაამარცხა ისინი. ივლტოდნენ მისგან ფილისტიმელები. 8 მერმე შე-ღავე-სძინეს ღვაწლი ბრძოლისა უცხოთესლთა მათ მიმართ და დავით უფროს განძლიერდებოდა და მოწყუედდა უცხოთესლთა მათ წყლულებითა დიდ-დიდითა, ნეშტთა მათ მეოტად წარიქცევდა.
9 შეიპყრო ბოროტმა სულმა უფლისაგან საული, როცა შინ იჯდა და შუბი ეჭირა ხელში, დავითი კი ქნარს უკრავდა. 9 და მოიწია სული იგი უკეთური უფლისამიერი საულისა ზედა და ჯდა იგი სახლსა შინა თჳსსა, და ლახვარი ჴელთა აქუნდა და დავით წინაშე მისსა ქნარითა განაცხრობდა ნელიად.  
10 უნდოდა საულს კედელზე მიეგმირა შუბით, მაგრამ გაუსხლტა დავითი და კედელს მოხვდა შუბი. დავითი კი გაიქცა და ასე გადარჩა სიკვდილს იმ ღამით. 10 და საულ ემარჯვებოდა განგმირად დავითისა და შესტყორცა ლახვარი იგი დავითს და ვერ მიამთხჳა, რამეთუ დავით მიჰრიდა და ლახვარი იგი შეამსჭვალა კედელსა. და დავით გამოვიდა და წარვიდა მისგან.
11 მიუჩინა საულმა დავითის სახლს გზირები, რათა დადარაჯებოდნენ მას და მოეკლათ დილით. შეატყობინა ეს ამბავი დავითს მიქალმა, მისმა ცოლმა, უთხრა: თუ ამაღამ არ იხსნი თავს, ხვალ უეჭველად მოგკლავენ. 11 და მასვე ღამესა წარავლინა საულ ერი რჩეული სახიდ დავითისა, რათა მოიცვან იგი სახლსა შინა მისსა, და განთიად მოკლან იგი. და უთხრა სიტყუაჲ იგი მელქოლ, ცოლმან თჳსმან, დავითს და ჰრქუა: არა თუ წარხჳდე შენ ამას ღამესა და არა აცხოვნო თავი შენი, ხვალე სიკუდიდ ხარ.
12 სარკმლიდან გადააპარა მიქალმა დავითი; წავიდა იგი, გაიქცა და ასე გადარჩა. 12

და გარდამოსვა მელქოლ დავით სარკმლით და წარვიდა სივლტოლით და განერა.

13

აიღო მიქალმა თერაფიმი, საწოლზე დადო, სასთუმლად თხისურის ფარდაგი დაუგო და სამოსელი გადააფარა.

13 და შექმნა მელქოლ ცხედარსა მისსა ზედა კაცისსახედ ღჳძლი თხისა და ბირთჳ ერთი თმა სასთუნალით დაუდვა, დაბურა იგი სამოსლითა.
14 გაგზავნა საულმა გზირები დავითის შესაპყრობად, მაგრამ მიქალმა თქვა: ავად არის. 14 მერმე მიავლინა კუალად შეპყრობად დავითისა და ჰრქვა მელქოლ მოციქულთა მათ: იგი ჭირვეული ძეს ცხედარსა ზედა და სულთა ბრძავს. და უთხრეს ესე საულს.
15 გაგზავნა საულმა გზირები დავითის სანახავად და დააბარა: თავის საწოლიანად წამოიყვანეთ, რათა მოიკლას. 15 და კუალად მიავლინა საულ მოციქულნი დავითისა და ჰრქუა: მითვე ცხედრითურთ მომართუთ მე იგი აქა, რათა მოვკლა იგი!
16 მივიდნენ გზირები და, აჰა, კერპი დევს საწოლზე და თხისურის ფარდაგი უგია სასთუმლად. 16 და მოვიდეს მოციქულნი იგი და იხილეს ცხედარი იგი სამარის მსგავსად შემკული და ღვიძლი თხისა და თმანი. მივიდეს და უთხრეს საულს.
17 უთხრა საულმა მიქალს: ასე რატომ გამაცურე, რატომ გაუშვი ჩემი მტერი, რომ გადარჩენილიყო? უთხრა მიქალმა საულს: მითხრა, გამიშვი, რისთვის უნდა მომაკვლევინო თავიო? 17 და ჰრქუა საულ მელქოლს: რაჲსათჳს განმარინე მე და წარავლინე მტერი ჩემი და განმერა? მიუგო მელქოლამ საულს და ჰრქუა: მან ესრე მრქუა: უკუეთუ არა წარმგზავნო, მოგკლა შენო.
18 გაიქცა დავითი და გადაირჩინა თავი. მოვიდა სამუელთან რამათში და ყველაფერს მოუყვა, რაც საულმა გაუკეთა მას. მერე წავიდნენ ის და სამუელი და ნავათში დადგნენ. 18 ივლტოდა და განერა დავით და მოვიდა სამოველისა არმათემად და უთხრა ყოველი, რაჲცა უყო მას საულ. და წარვიდეს დავით და სამოველ ნავათად ჰარამასასა და მუნ იყოფებოდეს.
19 შეატყობინეს საულს: აჰა, ნავათს არის დავითი, რამათში. 19 და უთხრეს საულს და ჰრქუეს, ვითარმედ: აჰა, ესერა, არს დავით ნავათს ჰარამასასა!
20 გაგზავნა საულმა გზირები დავითის შესაპყრობად, მაგრამ როცა იხილეს ქადაგთა გუნდი და სამუელი, მათი ზედამდგომელი, ღვთის სულით აივსნენ ისინი და გაქადაგდნენ. 20 და წარავლინნა საულ შეპყრობად დავითისსა. და ვითარცა მივიდეს, იხილეს მათ კრებული წინაწარმეტყუელთა, რამეთუ წინაწარმეტყუელებდეს და სამოველ მათ თანა. და მოიწია ერსა მისსა ზედა საულისასა სული ღმრთისა და იგინიცა წინაწარმეტყუელებდეს.
21 შეატყობინეს საულს ეს ამბავი და მანაც სხვა გზირები გაგზავნა; ისინიც გაქადაგდნენ. მესამედ გაგზავნა საულმა გზირები, მაგრამ ისინიც გაქადაგდნენ. 21 ვითარცა ესმა ესე საულს, მიავლინნა სხუანი მოციქულნი და იგინიცა წინაწარმეტყველებდესვე, და შესძინა საულ სხუანი მოციქულნი და იგინიცა წინაწარმეტყუელებდესვე.
22 მაშინ თავად გაემართა რამათს და მივიდა ერთ დიდ ჭასთან, სექუსთან რომ არის, და იკითხა, სად არიანო სამუელი და დავითი? მიუგეს: ნავათს არიანო, რამათში. 22 და განრისხნა საულ გულისწყრომითა დიდითა, აღდგა და მივიდოდა იგი თჳთ არმათემად. და მოვიდა იგი ვიდრე დიდ ჯურღმულამდე, რომელი იყო სოქოთს. და იკითხჳდა საულ და თქვა: სადა არიან სამოველ და დავით? მიუგეს და ჰრქვეს: ნავათს ჰრამასასა!
23 გაემართა ნავათისკენ, რამათს; მასზედაც გადმოვიდა ღვთის სული და ისიც გაქადაგდა გზაში, ნავათში მისვლამდე. 23 და მოვიდოდა საულ ნავათად ჰრამასასა და მოიწია მის ზედა სული ღმრთისა, და სლვით ვიდოდა, და იგიცა წინასწარმეტყველებდავე, ვიდრემდი მოვიდა ნავათად ჰრამასსა.
24 შემოიძარცვა სამოსელი და ისიც ქადაგებდა სამუელის წინაშე. შიშველი ეგდო მიწაზე მთელი დღე და მთელი ღამე, ამიტომაც ამბობენ: საულიც კი გაქადაგდაო. 24 და განიძარცვა სამოსელი თჳსი წინაშე სამოველისა და წინაწარმეტყველებდა. და მივარდა შიშველი ღამე ყოელ და დღე ყოელ, ამისთჳს სიტყჳს ჯერად თქჳან: აწ საულცა წინაწარმეტყველთა თანავე!