ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
მოკვდა სამუელი. შეიკრიბა მთელი ისრაელი, დაიტირეს და დამარხეს იგი თავის სახლში, რამათში. ხოლო დავითი ადგა და ფარანის უდაბნოსაკენ წავიდა. |
1 |
და მას ჟამსა მოკუდა სამოველ და შეკრბა ყოველი ისრაჱლი. და დაიტყებეს იგი და დაფლეს საფლავსა თჳსსა არმათემს და დავით შთავიდა უდაბნოსა მას მაონისასა. |
2 | იყო კაცი ვინმე მაყანში და სამუშაკო ქარმელში ჰქონდა. ძალზე მდიდარი იყო ეს კაცი: ჰყავდა სამი ათასი სული ცხვარი და ათასი თხა. ცხვრის პარსვისას ქარმელში იმყოფებოდა. | 2 | და იყო მუნ კაცი ერთი მაონას და არვე მისი კარმელს; და კაცი იგი მდიდარი იყო ფრიად და ედგა მას სამ ათასი ცხოვარი და ათასი თხა და რისვიდა იგი ცხოვარსა მას მისსა კარმელს. |
3 | სახელად ამ კაცს ერქვა ნაბალი, მის ცოლს - აბიგაილი. კეთილგონიერი იყო და ლამაზი შესახედავი ეს ქალი; ხოლო კაცი უკმეხი და ავისმქმნელი. ხალების გვარიდან იყო იგი. | 3 | სახელი კაცისა - მის ნაბალ და ცოლისა მისისა აბეგა. და ცოლი იგი მისი იყო სახიერ გონებითა და კეთილ ქმნულებითა, ხოლო ქმარი იგი მისი ფიცხელ და ბოროტ და ბილწ გზათა მისთა და უღირს გონებითა თჳსითა. |
4 | შეიტყო დავითმა უდაბნოში, რომ ცხვარს პარსავდა ნაბალი. | 4 | და ესმა დავითს, ვითარმედ რისავს ნაბალ კარმელს საცხოვარსა თჳსსა. |
5 | გაგზავნა დავითმა ათი ჭაბუკი და დააბარა მათ: წადით ქარმელში, მიდით ნაბალთან და მოიკითხეთ ჩემი სახელით. | 5 | და წარავლინა დავით მონანი თჳსნი ათნი და ჰრქუა: მივედით თქუენ კარმელად ნაბაალისსა და არქუთ მას კითხვად მშჳდობისა ჩუენ მიერ. |
6 | უთხარით ასე: იცოცხლე! მშვიდობა შენდა, მშვიდობა შენს სახლს, მშვიდობა მთელს შენს საბადებელს! | 6 | და არქუთ მას, ვითარმედ, ესრე თქუა დავით: მშჳდობა და სიცოცხლე შენ თანა იყავნ და სახლისა შენისა და ყოველი, რაჲცა იყოს შენი. |
7 | ახლახან გავიგე, რომ ცხვარს პარსავ. შენი მწყემსები იყვნენ ახლახან ჩვენთან, არ დაგვიჩაგრავს ისინი, არაფერი დაჰკარგვიათ ქარმელში ყოფნისას. | 7 | აწ გვესმა ჩუენ, ვითარმედ რისვა არს მწყემსთა მათ შენთა საცხოვარისა მის შენისა, რომელნი იყოსვე ჩუენ თანა მთასა მას კარმელსა. |
8 | ჰკითხე შენს მსახურებს და მოგახსენებენ. იქნება მადლი პოვონ ჩემმა მსახურებმა შენს თვალში, რაკი სასიხარულო დღეს მოვედით. მიეცი, რაც შეგიძლია შენს მორჩილთ და შენს შვილს, დავითს. | 8 | და შენცა ჰკითხე მწყემსთა მაგათ და გითხრან შენ. და აწ პოვედ მონათა მათგან ჩემთა მადლი წინაშე შენსა, რამეთუ ჟამსა დღესა კეთილსა მიმთხუეულ ვართ, აწ მო-რა-მეც შვილსა ამას შენსა, რაჲცა გეპოოს ჴელთა შენთა. |
9 | წავიდნენ დავითის მსახურნი და მიუტანეს ნაბალს ეს სიტყვები, და დაელოდნენ. | 9 | და მოვიდეს მონანი იგი დავითისნი ნაბალისა და უთხრეს მას ყოველი იგი სიტყუაჲ დავითისი. |
10 | მიუგო ნაბალმა დავითის მორჩილთ და უთხრა: ვინ არის დავითი, ვინ არის იესეს ძე? გამრავლდნენ დღეს მორჩილნი, თავიანთ ბატონებს რომ გაურბიან. | 10 | და განჰკრთა ნაბალ და ჰრქუა მონათა მათ დავითისთა რისხჳთ: ვინ არს დავით, ანუ ვინ არს ძე იგი იესესი? აწ დღეს გან-რამე-მრავლებულ არიან, დაუტეობიან თჳთეულად თჳსნი უფალნი და განძლიერებულ არიან თჳსთა უფალთაგან! |
11 | ავიღო ჩემი პური, წყალი და ღვინო, და მპარსველებისთვის გამზადებული საკლავი და მივცე კაცებს, რომლის ასავალ-დასავალი არ ვიცი? | 11 | და აწ მოვიღო პური ჩემი და ღჳნო ჩემი და პატრუჭაკი იგი ჩემი, რომელ დაუკალ მრისველთა ჩემთა და მივსცე კაცთა მათ, რომელ არა ვიცნი, ვინანი არიან? |
12 |
უკან დაბრუნდნენ თავისი გზით დავითის მსახურები, მივიდნენ დავითთან და მიუტანეს ეს სიტყვები. |
12 |
და წარმოვიდეს მონანი იგი ცალიერნი და უთხრეს დავითს ყოველი იგი სიტყუაჲ ნაბალისი. |
13 | უთხრა დავითმა თავის კაცებს: ყველამ მახვილები შეიბით წელზე! ყველამ შეიბა მახვილი, შეიბა დავითმაც თავისი მახვილი და გაჰყვა დავითს ოთხასამდე კაცი; ორასი კაცი ადგილზე დარჩა. | 13 | და ჰრქუა დავით კაცთა მათ, რომელნი მის თანა იყუნეს: აღიღეთ კაცად-კაცადმან თქუენმან მახჳლი თჳსი თჳთეულად! და დავითცა შეირტყა მახჳლი თჳსი და წარვიდეს დავითის თანა, ვითარ ოთხასი კაცი, და ორასნი შინა დადგეს ვანისმცველად. |
14 | მიუტანა ამბავი ნაბალის ცოლს, აბიგაილს, ერთმა მსახურთაგანმა და უთხრა: მოციქულები გაუგზავნა დავითმა უდაბნოდან ჩვენს ბატონს და მოიკითხა; მაგრამ აბუჩად აიგდო ისინი. | 14 | და მუნთქუესვე მირბიოდა ყრმა ერთი აბგეასა, ცოლისა მის ნაბალისა, და უთხრა ყოველი იგი, რაჲცა ჰრქუა ნაბალ მონათა მათ დავითისთა, და ჰრქუა: მე ვსცან, ვითარმედ მოუვლინნა დავით უდაბნოთ მოციქულნი ქმარსა შენსა და მან არად შერაცხნა იგინი. |
15 | ძალიან კარგად გვეპყრობოდა ეს ხალხი, არ დავუჩაგრივართ. არაფერი დაგვკარგვია ველზე ყოფნისას, როცა მათთან ერთად დავდიოდით. | 15 | და კაცნი იგი კეთილ იყუნეს ჩუენთჳს და ფრიად, არას გვავნებდეს ჩუენ, ვიდრე-იგი ვიყვენით ჩუენ არეობად. |
16 | კედლად გვედგნენ დღითა და ღამით სამწყესურში, როცა მათთან ვიყავით. | 16 | და ვითარცა ზღუდე იყუნეს ჩუენთჳს დღე და ღამე ყოველთა დღეთა, ვიდრე-იგი მათ თანა ვიყვენით მთასა მას, შეგვეწეოდეს დღით და ღამით, ვიდრე-იგი ვმწყსიდით საცხოვარსა ამას. |
17 | ახლა ასწონ-დასწონე, როგორ უნდა მოიქცე, რადგან სასჯელი ელის შენს ქმარსა და მთელს მის სახლს. თავად კი უკეთური კაცია, მასთან ლაპარაკი არ იქნება. | 17 | აწ განიზრახე გონებასა შენსა, რაჲ ყო, რამეთუ მოწევნად არს ბოროტი უფალსა ჩუენსა ზედა და სახლსა ზედა ნაბალისასა, რამეთუ იგი კაცი ჯერკვალი არს და არა ჯერ-არს სიტყჳს-გებად მისა! |
18 | არ დააყოვნა აბიგაილმა, აიღო ორასი პური, ორი ტიკი ღვინო, ხუთი გამზადებული ცხვარი, ხუთი სეა ქუმელი, ასი მტევანი ჩამიჩი, ორასი ტყლაპი და აჰკიდა ვირებს. | 18 | განკრთა აბგეა და აღდგა მსწრაფლ და მოიღო მან ორასი ჴუეზა პური, ორი საწყული ღჳნო და ხუთი ცხოვარი მომზადებული და ხუთი ჴჳმირი ჴალი და ჴჳმირი ერთი სკიჭი, ორასი ლეღვისკვერი, და აჰკიდა იგი კარაულთა. |
19 | უთხრა თავის მსახურებს: თქვენ წინ წადით, მეც ახლავე უკან გამოგყვებით. არაფერი უთქვამს ნაბალისთვის, თავისი ქმრისთვის. | 19 | და წარსცა იგი წინა მონათა მისთა და ჰრქუა: ვიდოდით თქვენ და მე გეწიო უკანა! და ქმარსა მას მისსა არა უთხრა. |
20 | როცა ვირზე მჯდარი ეშვებოდა ხეობაში, აჰა, დავითი და მისი კაცებიც გამოჩნდნენ, და შემოხვდა მათ აბიგაილი. | 20 | და ვითარცა-იგი აღჯდა კარაულსა თჳსსა, შთავიდოდა იგი შთამართ მთისასა. და, აჰა, დავით ერითურთ აღმოვიდოდა და შეემთხჳვნეს გზასა ზედა. |
21 | ამბობდა დავითი: ტყუილად ვიცავდი ამ კაცის საბადებელს უდაბნოში, არაფერი დაუკარგავს ქონებიდან, მაგრამ ეს სიკეთე ბოროტად გადამიხადა. | 21 | სიტყუად იწყო დავით მიერვე და თქუა: ცუდად ვიდრემე ვსცევდ ყოველსა მას საცხოვარსა ნაბალისასა უდაბნოსა მას ზედა და არა ვის უტევე დაჭირვება მისა და აწ მან მომაგო მე ბოროტი კეთილისა წილ? |
22 | ასე და ასე უყოს ღმერთმა დავითს კიდევ უარესიც, თუ მისი საბადებლიდან დილამდე ერთი ძაღლიც დავტოვო. | 22 | ესე რაჲმე უყავნ ღმერთმან დავითს და ესე შესძინენ, უკუეთუ დაუტეო მე სახლისა მის ნაბალისი ვიდრე განთენებადმდე ყრმაცა ერთი, რომელიმცა მიექცა კედელსა! |
23 |
როგორც კი დაინახა აბიგაილმა დავითი, სასწრაფოდ ჩამოხდა ვირიდან და პირქვე დაემხო დავითის წინაშე და მდაბლად თაყვანისცა. |
23 |
ვითარ იხილა აბგეა დავით, გარდაჴდა სწრაფით კარაულსა თჳსსა, დავარდა პირსა ზედა თჳსსა წინაშე დავითისა და თაყუანი-სცა მას. |
24 | ფეხებში ჩაუვარდა და უთხრა: ჩემზეა, ჩემო ბატონო, დანაშაული; ლაპარაკის ნება მიეცი შენს მორჩილს და ყური უგდე შენი მორჩილის სიტყვებს. | 24 | უპყრა ფერჴთა და ჰრქუა: ჩემდა მომართ არს, უფალო, შეცოდება ესე! აწ იტყოდის მჴევალი ესე შენდა მიმართ და ისმინე მჴევალისა შენისა. |
25 | ყურადღებას ნუ მიაქცევს ჩემი ბატონი იმ უკეთურ კაცს, რადგან როგორი სახელიცა აქვს, თავადაც ისეთია; ნაბალი ჰქვია მას და ბილწებით არის სავსე. მე, შენს მორჩილს, არ მინახავს ჩემი ბატონის გამოგზავნილი კაცები. | 25 | და ნუ ჰყოფს ბოროტსა უფალი ჩემი კაცისა მისთჳს ბილწისა, რამეთუ შემსგავსებულად საქმისა მისისა არს სახელიცა მისი, რამეთუ ნაბალ ითქმის უწესობა და უგუნურება, ხოლო მე, მჴევალმან შენმან, არა ვიხილენ მონანი იგი შენნი, რომელ აღმოგევლინნეს მუნ. |
26 | ახლა, უფალსა და შენს თავს გაფიცებ, ჩემო ბატონო! უფალმა დაგაკავოს სისხლის ღვრისა და შურისგებისგან; ნაბალივით იქნენ ამიერიდან შენი მტრები, ავი რომ განუზრახავთ ჩემი ბატონისათვის. | 26 | და აწ, უფალო ჩემო, ცხოველ არს უფალი და ცხოველ არს სული შენი! რამეთუ დაგაყენა შენ უფალმან, რათამცა არა მოვიდა შენ ზედა სისხლი უბრალო და დაიცვა ჴელი შენი შენ თანა. აწ ნაბალისებრ შეიქმნედ ყოველნი მტერნი უფლისა მაგის ჩუენისანი, რომელთა უნდა ბოროტი უფლისა მაგის ჩუენისა. |
27 | აჰა, ეს მოსაკითხი, რომელიც შენს მხევალს მოუტანია ჩემი ბატონისთვის. მიეცეს მხლებლებს, ჩემი ბატონის ფეხის კვალს რომ დაჰყვებიან. | 27 | და აწ მოიღე კურთხევა ეგე, რომელ მიგიპყარ მჴევალმან შენმან უფალსა ჩემსა და მიეც მონათა მაგათ შენთა, რომელნი დგანან წინაშე უფლისა ჩემისა. |
28 | აპატიე დანაშაული შენს მორჩილს, ნამდვილად მტკიცე სახლს დაუმყარებს უფალი ჩემს ბატონს, რადგან საღმრთო ომს ეწევა ჩემი ბატონი, და ბოროტება არ მოგეკარება არასოდეს. | 28 | და მიუტევე შეცოდება მჴევალსა შენსა და ყოს უფალმან უფლისა ჩემისა სახლი სარწმუნო და ღუაწლი იგი უფლისა ჩემისა. და უფალმან ღმერთმან მოიღუაწოს და ბოროტი შენ თანა არა იპოოს. |
29 | თუმცა აღდგა კაცი და მოსაკლავად დაგდევს, მაგრამ სიცოცხლის საკვრელით არის შეკრული უფალ ღმერთთან ჩემი ბატონის სული, ხოლო შენი მტრების სულს შურდულივით მოისვრის. | 29 | და აღ-თუ-დგეს ვინმე მბრძოლად უფლისა ჩემისა და ვინმე დგეს, ეძიებდეს სულსა შენსა და იყოს სული იგი უფლისა ჩემისა შეკრულ კრულებითა მით ცხორებისათა უფლისა ღმრთისათა და თავი მტერთა შენთა შემუსრო შურდულთა შინა შენთა. |
30 | როცა აღუსრულებს უფალი ჩემს ბატონს ყველაფერ სიკეთეს, რასაც დაჰპირდა, და ისრაელს მეფედ დაგადგენს, | 30 | და ყოს უფალმან უფლისა ჩემისათჳს კეთილი, რომელიცა-იგი აღგითქუა შენ და დაგამტკიცოს შენ უფალმან მთავრად და წინამძღურად ისრაჱლსა ზედა! |
31 | ნუ შეაწუხებს გულის ქენჯნა ჩემს ბატონს, რომ არ დაღვარა უბრალო სისხლი და შური არ იძია. როცა გააბედნიერებს უფალი ჩემს ბატონს, მაშინ გამიხსენე შენი მორჩილი. | 31 | და ნუ შეგემთხუევინ შენ ესე ბილწება და საცთური, უფალსა ჩემსა, დათხევად სისხლისა მართლისა უბრალო! დაიცვეს უფალმან ჴელი უფლისა ჩემისა ბოროტისაგან და ახაროს უფალმან უფალსა ჩემსა და მოიხსენო შენ მჴევალი შენი და კეთილი უყო მას. |
32 | უთხრა დავითმა აბიგაილს: კურთხეულია უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელმაც ჩემს შესახვედრად გამოგგზავნა დღეს. | 32 | და ჰრქუა დავით აბგეასა: კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისა, რომელმან მოგავლინა შენ დღეს აქა შემთხუევად ჩემდა! |
33 | კურთხეულ იყოს შენი გონიერება და კურთხეულ იყავი შენ, რომ არ მიმიშვი სისხლის ღვრამდე და შურისგებამდე. | 33 | და კურთხეულ ხარ შენ და სახეცა შენი და კურთხეულ იყავ შენ, რამეთუ დამაყენე მე დღესდღე, რათა არა მივიდე მე დათხევად სისხლისა უბრალოსა ჴელითა ჩემითა! |
34 |
მაგრამ ცხოველ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელმაც ბოროტება არ გამაკეთებინა შენთვის, რადგან რომ არ აჩქარებულიყავ და არ შემხვედროდი, ძაღლიც არ გადაურჩებოდა ცოცხალი დილამდე ნაბალს. |
34 |
ხოლო ცხოველ არს ღმერთი ისრაჱლისა, რომელმან დააყენა ჴელი ჩემი ბოროტისა ყოფად თქუენდა მიმართ, თუმცა არა მოსრულ იყავ შემთხუევად ჩემდა, არამცა დამეტევა განთენებადმდე ნაბალისი, რომელმანცა შეაფსა კედელსა. |
35 | მიიღო დავითმა აბიგაილის ხელიდან ყველაფერი, რაც მოტანილი ჰქონდა მისთვის აბიგაილს, და უთხრა: მშვიდობით წადი შენს სახლში. ხომ ხედავ, შევიწყნარე შენი ვედრება და გაპატიე. | 35 | და მიიღო დავით ყოველი, რაჲცა მოერთვა აბგეასა, და ჰრქუა მას დავით: წარვედ შენ მშჳდობით სახიდ შენდა და გულისხმა-ყავ, რამეთუ ვისმინე შენი და თუალ-გახვენ შენ. |
36 | მივიდა აბიგაილი ნაბალთან. და, აჰა, ლხინი ჰქონდა სახლში, სამეფო ლხინის მსგავსი. გული უხაროდა ნაბალს და ძალიან მთვრალი იყო. არაფერი უთქვამს მისთვსა დილამდე აბიგაილს, არც მცირე, არც დიდი. | 36 | და წარვიდა აბგეა მუნვე ნაბალისა, რამეთუ სმა ეყო მას და იშვებდა იგი ტაძრობასა მას სამეფოსა და გული ნაბალისი მხიარულ იყო ფრიად, სთროდა. და მას დღესა არა უთხრა აბგეა სიტყუაჲ დიდი, არცა მცირე ვიდრე განთიადმდე. |
37 | მეორე დილით, როცა ღვინო გამოუნელდა ნაბალს, ყველაფერი უამბო მას ცოლმა. გული ჩაუკვდა მკერდში ნაბალს და ქვასავით გახდა კაცი. | 37 | და ვითარცა განთენა და ღჳნო იგი გამოჰქარდა ნაბალს, უთხრა ცოლმან მისმან ყოველი იგი სიტყვა. და მუნთქუესვე მოკუდა გული ნაბალისი და შეიქმნა ვითარცა ქვა. |
38 | ათიოდე დღის შემდეგ დაჰკრა უფალმა ნაბალს და მოკვდა იგი. | 38 | და მისა შემდგომად ვითარცა ათი ოდენ დღე წარჴდა, მოაკუდინა უფალმან ნაბალ. |
39 | გაიგო დავითმა ნაბალის სიკვდილი და თქვა: კურთხეულია უფალი, რომ უზღო ნაბალს ჩემი შეურაცხყოფისათვის, რომ აარიდა თავისი მორჩილი ბოროტის ქმნას და ნაბალის ბოროტება მასვე დაატეხა თავზე უფალმა. მაშინ შეუთვალა დავითმა აბიგაილს, რომ ცოლად თხოულობდა მას. | 39 | და ესმა დავითს სიკუდილი ნაბალისი და თქუა: კურთხეულ იყავნ უფალი, რომელმან საჯა სასჯელი იგი ნებისა ჩემისა ჴელთაგან ნაბალისათა და მონა მისი ბოროტის-ყოფისგან დაიცვა და უკეთურება იგი ნაბალისი დაჰკრიბა თავსა მისსა! და მიავლინა დავით აბგეასა მოყვანებად იგი მისა ცოლად. |
40 | მივიდნენ დავითის კაცები აბიგაილთან ქარმელში და გამოუცხადეს: დავითმა გამოგვგზავნა შენთან, რომ ცოლად ვუთხოვოთ შენი თავი. | 40 | და ვითარცა მოვიდეს მოციქულნი დავითისა აბგეასსა კარმელად და ჰრქუეს მას: დავით მოგვავლინნა ჩუენ შენდა მიყვანებად ცოლად მისა! |
41 | ადგა აბიგაილი, მიწამდე თაყვანისცა და თქვა: აჰა, მხევლად წამოვა შენი მორჩილი, რომ ფეხი დაბანოს ჩემი ბატონის მორჩილთ. | 41 | ვითარცა ესმა აბგეას, დამხედ თაყუანი-სცა და ჰრქუა მათ: მჴევლებად ღირს ვარ მე და დაბანად ფერჴთა მონათა მათ უფლისა ჩემისათა. |
42 | არ დააყოვნა აბიგაილმა, ადგა და შეჯდა სახედარზე, თან ხუთი მოახლე წაიყვანა, და მიჰყვა დავითის მოციქულებს. ასე გახდა იგი დავითის ცოლი. | 42 | აღდგა აბგეა სწრაფით და აღჯდა კარაულსა თჳსსა და თანაწარიყვანნა ხუთნი მჴევალნი, აღეგო და წარვიდა მოციქულთა მათ თანა დავითისთა, და ცოლ-ეყო დავითს. |
43 | იზრეყელიდან ახინოყაბი მოიყვანა დავითმა და იყვნენ ეს ორნი მისი ცოლები. | 43 | და მერმე აქინამ იზრაიტელი მოიყვანა დავით. და იყუნეს ორნივე იგი ცოლად დავითისა. |
44 | ხოლო მელქოლა, თავისი ქალიშვილი, დავითის ცოლი, საულმა ფალტის, ლაიშის ძეს, გალიმელ კაცს მიათხოვა. | 44 | და საულ მისცა ასული თჳსი მელქოლ, ცოლი დავითისი, ფალტიას, ძესა ამოსიასა. |