ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პირველი მეფეთა

თავი მეოთხე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მოედო სამუელის ამბავი მთელს ისრაელს. გავიდა ისრაელი ფილისტიმელებთან საბრძოლველად და დაიბანაკა ებენ-ყეზერთან; ფილისტიმელები კი აფეკში დაბანაკდნენ.

1

და იყო მათ დღეთა შინა და შეკრბეს უცხოთესლნი იგი წყობად ისრაჱლისა. და ისრაიტელნი განემზადნეს ბრძოლად და ისრაიტელნი იგი მოვიდეს და დაიბანაკეს აბეზენერს. და უცხოთესლთა მათ დაიბანაკეს აფეკს.

2 დაეწყვნენ ფილისტიმელები ისრაელის პირისპირ; შენივთდა ბრძოლა და დამარცხდა ისრაელი ფილისტიმეღებთან; ოთხიათასამდე კაცი დააწვინეს ბრძოლის ველზე. 2 და შეიქმნა ბრძოლა დიდი მათ შორის და ძლევასა მიეცა ისრაჱლი. და დაეცეს ბრძოლასა მას შინა უცხოთესლთა მათ მიერ ვითარ ოთხ ათას ოდენ მამაკაცი.
3 ბანაკში რომ მოვიდა ხალხი, ისრაელის უხუცესებმა თქვეს: რისთვის დაგვამარცხა დღეს უფალმა ფილისტიმელებთან? წამოვიღოთ სილოამიდან უფლის აღთქმის კიდობანი, იაროს ჩვენს შორის და გვიხსნას მტრების ხელიდან. 3 და სხვა ერი იგი ისრაჱლისა მეოტ იქმნა და შემოვიდა ბანაკსა თჳსსა. და ზრახვიდეს ურთიერთას მოხუცებულნი ისრაჱლისანი: რაჲსათჳსმე განგუწირნა უფალმან დღეს უცხოთესლთა თანა? აწ მოდით და გამოვიღოთ კიდობანი იგი სჯულისა უფლისა ღმრთისა ჩუენისა სელომით და წინაწარვიძღვანოთ იგი და ვსძლიოთ მტერთა ჩუენთა!
4 შეთვალა ხალხმა სილოამში და მოიტანეს ქერუბიმებზე მჯდარი ცაბაოთ უფლის აღთქმის კიდობანი; ელის ორი ვაჟი - ხოფნი და ფინხასი ახლდა ღვთის აღთქმის კიდობანს. 4 და მაშინ წარმოიღეს კიდობანი იგი სჯულისა უფლისა, და რამეთუ დგეს კიდობანსა მას ზედა ქერობინნი; და ორნი იგი ძენი ელისნი ოფან და ფინეზ მოვიდეს კიდობანსა მას თანა სჯულისასა.
5 როცა უფლის აღთქმის კიდობანი ბანაკში მოვიდა, მაღალი ხმით იგრიალა მთელმა ისრაელმა და შეიძრა მიწა. 5 და ვითარცა შეიღეს კიდობანი იგი სჯულისა უფლისა ბანაკად, იზახეს ისრაიტელთა მათ ჴმითა დიდითა, და ოხრიდა ქუეყანა იგი.
6 მოესმათ ფილისტიმელებს გრიალი და თქვეს: ეს რა გრიალი დგას ებრაელთა ბანაკში? შეიტყვეს, რომ უფლის კიდობანი მოსულიყო ბანაკში. 6 ესმა რაჲ ესე უცხოთესლთა, შეძრწუნდეს და იტყოდეს ურთიერთას: რაჲმე არს ჴმაჲ ესე ღაღადებისა ბანაკსა მას ებრაელთასა? და სცნეს ყოველთა, ვითარმედ კიდობანი იგი სჯულისა მოსრულ არს ბანაკსა მათსა.
7 შეეშინდათ ფილისტიმელებს, როცა ითქვა: ღმერთი მოვიდაო ბანაკში. თქვეს: ვაი ჩვენ, რადგან ასეთი რამე არც გუშინ, არც გუშინწინ არ მომხდარა. 7 და შეეშინა ფრიად და იტყოდეს ურთიერთას: ვაჲ ჩუენდა, ვაჲ ჩუენდა, რამეთუ ღმერთი იგი მათი მოსრულ არს შემწედ მათად! და იტყოდეს: უფალო, განმარინენ ჩუენ ჴელთაგან მათთა! რამეთუ არა იყო შორის მათსა გუშინ და ძოღან ჴმაჲ ესე საშინელი.
8 ვაი ჩვენ, ვინ გვიხსნის ამ ძლიერი ღმერთებისგან! ეს ისინი არიან, ის ღმერთებია, ეგვიპტელები რომ გვემეს უდაბნოში ყოველგვარი საგვემელით. 8 ვაჲ ჩუენდა, ვინ განმარინნეს ჩუენ ჴელთაგან ღმრთისა ძლიერებისათა? ესე იგი ღმერთი არს, რომელმან დასცა ქუეყანა იგი ეგჳპტისა, და გუემა უდაბნოსა შინა იგი!
9 გამაგრდით და ვაჟკაცურად იყავით, ფილისტიმელებო, რომ არ დავემონოთ ებრაელებს, როგორც თქვენ გემონებიან. ვაჟკაცურად დადექით და შეებრძოლეთ. 9 მერმე იწყეს ნუგეშინის-ცემად ურთიერთას და თქუეს: განძლიერდით უცხოთესლნი ეგე. არა დავემორჩილნეთ ებრაელთა, ვითარცა იგინი ჩუენ გუმონებდეს, მჴნე იყვენით და ჰბრძოდით! და ნუგეშინის-იცეს უცხოთესლთა მათ.
10 შეებრძოლენ ფილისტიმელები და დამარცხდა ისრაელი; გაიქცნენ თავ-თავიანთ კარვებში; მეტისმეტად დიდი იყო მარცხი: სამი ათასი ქვეითი დაეცა ისრაელიდან. 10 და ბრძოლა-ყვეს, სძლიეს და ძლევასა მიეცა ისრაჱლი უცხოთესლთა მათ, და ივლტოდა ისრაჱლი ბანაკად თჳსა. და იყო დაცემა დიდი, დაეცა ისრაჱლისაგან ოცდაათი ათასი კაცი განწყობილი.
11 წაიღეს ღვთის კიდობანი, დაიხოცა ელის ორივე ვაჟი - ხოფნი და ფინხასი. 11

და წარიღეს კიდობანი იგი სჯულისა, და ორნი იგი ძენი ელისნი დაეცნეს მახჳლითა - ოფნი და ფინეზ.

12

გამოიქცა ერთი ბენიამინელი კაცი ლაშქრიდან და იმავე დღეს მივიდა სილოამს. სამოსელი შემოჰგლეჯოდა და მიწის მტვერი ეყარა თავზე.

12 და ივლტოდა კაცი ერთი იემინელი ბენიამენისა წყობისა მისგან ბრძოლისა. და მოვიდა სელომად მას დღესა კვართდაპებული და მიწაგარდასხმული თავსა ზედა.
13 მოვიდა და, აჰა, ზის ელი თავის საკარცხულზე გზის პირას და ელოდება, რადგან გული უკრთოდა ღვთის კიდობნის გამო. მოვიდა კაცი ამბის შესატყობინებლად ქალაქში და აკივლდა მთელი ქალაქი. 13 და ელი ჯდა სავარძელსა ზედა მისსა და იხედვიდა გზად მიმართ, რამეთუ იურვოდა კიდობნისათჳს უფლისა. და მოვიდა კაცი იგი ქალაქად და შეიქმნა ღაღადებაჲ.
14 მოესმა კივილის ხმა ელის და თქვა: ეს რა ხმაურია. საჩქაროდ მივიდა ის კაცი და ყველაფერი უამბო ელის. 14 და ესმა ელის ჴმაჲ იგი და იკითხჳდა: რაჲ არს ღაღადებაჲ იგი? ამას ოდენ სიტყუასა ზედა მოვიდა კაცი იგი ელისსა და უთხრა ყოველივე, რაჲ-იგი იქმნა.
15 ოთხმოცდათვრამეტი წლისა იყო ელი, თვალისჩინი წართმეული ჰქონდა, ვერ ხედავდა. 15 და ელი მოხუცებული იყო, რამეთუ იყო იგი ოთხმეოცდათურამეტ წლისა, და თუალნი მისნი დადგომილ იყუნეს, და ვერა ხედვიდა.
16 უთხრა კაცმა ელის: ლაშქრიდან მოვდივარ, დღეს გამოვიქეცი ლაშქრიდან. ჰკითხა ელიმ: რა ამბავი იყო, შვილო? 16 ჰკითხჳდა ელი კაცთა მათ და ჰრქუა: რა არს ჴმაჲ ესე ამბოხისა ამისი? რქუა მას კაცმან მან: მე ვარ, რომელი მოსულ ვარ ბანაკით ისრაიტელთათა ოტებული.
17 მიუგო მაცნემ და უთხრა: უკუექცა ისრაელი ფილისტიმელებს. სასტიკად დამარცხდა ხალხი, შენი ორი ვაჟიც - ხოფნი და ფინხასი დაიხოცნენ და ღვთის კიდობანიც წაღებულია. 17 მიუგო ელიმ და ჰრქუა მას: რა იქმნა, შვილო? მან უთხრა მას: ძლევასა მიეცა ისრაჱლი უცხოთესლთა მათ, და მეოტ იქმნა ყოველი კაცი მებრძოლი და დაეცა სიკუდილითა მახჳლისათა, და ორნივე ძენი შენნი მოკლეს; და კიდობანი იგი სჯულისა სიწმიდისა წარიღეს.
18 როგორც ახსენა მან ღვთის კიდობანი, უკან გადაიქცა ელი საკარცხულიდან კარისკენ, ხერხემალი გადაუტყდა და მოკვდა, რადგან მოხუცებული იყო და მძიმე. ორმოც წელიწადს მსაჯულობდა იგი ისრაელში. 18 და ელის რაჲ ესმა კიდობნისა მის ღმრთისა წაღებაჲ, ზეუკუნიჭრა სავარძელისაგან თჳსისა და დაეცა ზღურბლთა მათ ზედა მართლუკუნ და განიტეხა ზურგი და მოკუდა, რამეთუ მოხუცებულ იყო. და იგი სჯიდა ისრაჱლსა ოც წელ.
19 მისი რძალი, ფინხასის ცოლი, მოსალოგინებელი იყო, როცა გაიგო, ღვთის კიდობნის წაღების და თავისი მამამთილისა და ქმრის დახოცვის ამბავი, მუხლებზე დავარდა და შვა, რადგან უწია შობის ჟამმა. 19 და ძისცოლი მისი, ცოლი ფინეზისი, მიდგომილ იყო შობად. და ესმა ჰამბავი ესე, ვითარმედ კიდობანი იგი მიუღებიესთ და მამამთილი მისი და ქმარი მისი მომკუდარ იყუნენ, ტიროდა და შვა. და მოიქცეს საშონი და მოკუდებოდა.
20 როცა კვდებოდა, ეუბნებოდნენ თავზე მდგომნი: ნუ გეშინია, რადგან ვაჟი გეყოლაო, მაგრამ ქალი არ პასუხობდა, უგრძნობი იყო მისი გული. 20 და ჟამსა მას სიკუდილისასა ჰრქუეს მას დედათა მათ, რომელნი მახლობელ იყუნეს: ნუ გეშინის, ძე შევ. ხოლო მან არა მიუგო, არცა ცნა, რამეთუ დასულებულ იყო.
21 დაარქვა ვაჟს სახელად იქაბოდი (უპატიობა), თქვა: განეშორა დიდება ისრაელს, ღვთის კიდობნის წაღების გამო, მისი მამამთილისა და ქმრის გამო. 21 და უჴმობდეს ყრმასა მას სახელით ბექაბოდ: კიდობანსა მას ზედა სჯულისასა მამამთილსა და ქმარსა მისსა ზედა, რამეთუ მომკუდარ იყო.
22 თქვა: განეშორა დიდება ისრაელს, რადგან წაღებულია ღვთის კიდობანი. 22 სიტყუად იწყეს და თქუეს: მიღებულ არს ჩუენდა დიდებაჲ ისრაჱლისა მიღებითა კიდობნისა ღმრთისათა.