ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
როცა მოხუცდა სამუელი, ისრაელის მსაჯულებად თავისი შვილები დაადგინა. |
1 |
ხოლო რაჟამს დაბერდა სამოველ, დაადგინა ძენი მისნი მსაჯულად ისრაჱლსა ზედა. |
2 | მის პირმშოს სახელად ერქვა იოველი, ხოლო უმცროსს - აბია; ბეერ-შებაში მსაჯულობდნენ ისინი. | 2 | და ესე სახელები არს ძეთა მისთა: პირმშო მისი იოელ, შემდგომი მისი აბა, მსაჯულნი ბერსაბესანი. |
3 | არ გაჰყვნენ შვილები მამის გზას, ანგარებას მისდევდნენ, ქრთამს იღებდნენ და სამართალს ამრუდებდნენ. | 3 | და არა ვიდოდეს ძენი იგი მისნი გზათა მისთა, არამედ შეუდგეს იგინი ანგაჰარებასა, მიიღებდეს ქრთამსა და სამართალი არა უყვიან. |
4 | შეიკრიბა ისრაელის უხუცესობა და მივიდა სამუელთან რამათს. | 4 | და შეკრბა ყოველი ნათესავი ისრაჱლისა, მოვიდეს სამოველისა არმათემად. |
5 | უთხრეს: შენ მოხუცდი, შენი შვილები კი არ მიჰყვებიან შენს გზას. დაგვიდგინე ახლა მეფე, რომ სხვა ხალხების წესისამებრ განგვსჯიდეს. | 5 | და რქუეს მას: შენ, ესერა, დაბერებულ ხარ, და ძენი შენნი არა ვლენან გზათა შენთა. აწ მოგუეც ჩუენ მეფე, რათა სჯიდეს სამართალსა, ვითარცა სხუათა ნათესავთა არს! |
6 | არ მოეწონა ეს ამბავი სამუელს, როცა თქვეს, მეფე მოგვეციო მსაჯულად. მაშინ შეევედრა სამუელი უფალს. | 6 | და შეუძნდა სიტყუაჲ ესე სამოელს, რამეთუ რქუეს მას, ვითარმედ: მოგუეც მეფე, რომელი წინაგჳძღოდის ჩუენ! და ილოცვიდა სამოველ უფლისა მიმართ. |
7 | უთხრა უფალმა სამუელს: შეისმინე ხალხის ყოველი სიტყვა, რასაც გეტყვის, რადგან შენ კი არ უარგყვეს, არამედ მე უარმყვეს თავიანთ მეფედ. | 7 | და უფალმან რქუა მას: ისმინე სიტყუაჲ ერისა მაგის, რამეთუ არა შენ შეურაცხ-გყვეს, არამედ მე, ვინათგან იყავ მათ ზედა მეფედ. |
8 | როგორც იქცეოდნენ იმ დღიდან, როცა ეგვიპტიდან გამოვიყვანე, დღემდე, როცა დამივიწყეს და უცხო ღმერთებს დაემონენ, ასევე გექცევიან შენც. | 8 | ყოველთა ზედა საქმეთა თჳსთა, ვინათგან მოვიყვანნეთ იგინი ეგჳპტით ვიდრე დღევანდელად დღედმდე, რამეთუ დამიტევეს მე და მსახურებდეს კერპთა უცხოთა, ეგრეცა შენ გიყვეს. |
9 | ახლა შეისმინე მათი სიტყვა, ოღონდ გააფრთხილე და აუხსენი უფლებები მეფისა, რომელმაც მათზე უნდა იმეფოს. | 9 | აწ შენ ისმინე მათი; აღთქმა დავდვა მათ შორის და უთხრა წესი და სამართალი სამეფო, რომელი მეფობდეს მაგათ ზედა. |
10 | უთხრა სამუელმა უფლის სიტყვები ხალხს, მეფეს რომ მოითხოვდნენ მისგან. | 10 | და უთხრა სამოველ ყოველი იგი სიტყუაჲ ღმრთისა ერსა მას, რომელნი ითხოვდეს მისგან მეფესა. |
11 | უთხრა: აი, რა უფლებები ექნება მეფეს, რომელიც იმეფებს თქვენზე: წაიყვანს თქვენს შვილებს და თავის ეტლებთან და ცხენებთან დაიყენებს და ირბენენ მისი ეტლის წინ. | 11 | და რქუა მათ: ესე წესი არს მეფისა, რომელი მეფობდეს თქუენ ზედა: მიგიხუნეს შვილნი თქუენნი და ყვნეს მჴედრებად, რომელნიმე მეეტლედ და წინამოცორვალად, |
12 |
დანიშნავს მათ ათასისთავებად და ორმოცდაათისთავებად, თავის ყანის მხვნელებად და თავისი სამკალის მოსამკელად, თავისი საბრძოლო საჭურველისა და ეტლების მკეთებლებად. |
12 |
და რომელნიმე დაადგინნეს ათასისთავად და ასისთავად, მჴნველად და მომკალად, და მწველელად და მეზუერედ, და ყუნეს მათგანნი რომელიმე ჯაჭჳსმოქმედად და საჭურველისა. |
13 | აიყვანს თქვენს ასულებს მენელსაცხებლებად, მზარეულებად და პურის მცხობლებად. | 13 | და ასულნი თქუენნი მიგიხუნეს და ყვნეს საცხებელისმგბოლველ და მექოთნედ და მეპურე. |
14 | წაგართმევთ საუკეთესო ყანებს, ვენახებსა და ზეთისხილის ბაღებს და თავის მორჩილებს დაურიგებს. | 14 | და მიგიღოს ყანები და ვენაჴები თქუენი და ზეთისხილები კეთილ-კეთილი და ნაყოფიერი, და მისცეს იგი მონათა თჳსთა. |
15 | მეათედს აიღებს თქვენი ნათესებიდან და ვენახებიდან და თავის კარისკაცებსა და მორჩილებს უწყალობებს. | 15 | და ნაყოფისაგანი ყანათა და ვენაჴთა თქუენთა ათეული მიიღოს, და მისთა საჭურისთათჳს და მონათა. |
16 | წაგართმევთ საუკეთესო ყმებს, მხევლებს, მსახურ ბიჭებს, სახედრებს და თავის საქმეზე ამსახურებს. | 16 | მონანი და მჴევალნი თქუენნი, მროწეულნი და კარაულნი და ჴარნი თქუენნი მოგიხუნეს და დაადგინნეს საქმესა მას სამეფოსა. |
17 | წაიღებს მეათედს თქვენი ფარიდან და თქვენც მისი ყმები გახდებით. | 17 | და საცხოვართა თქუენთა ათეული მიიღოს და იყვნეთ თქვენ მონად და მსახურად. |
18 | მაშინ მოჰყვებით წუწუნს თქვენს არჩეულ მეფეზე, მაგრამ არ მოგისმენთ უფალი. | 18 | და ღაღადებდით მეფისა მის, და არა ისმინოს თქუენი უფალმან, რამეთუ თქუენ თჳთ გამოირჩიეთ მეფე. |
19 | არ დაუჯერა ხალხმა სამუელს. თქვეს: არა და არა, მეფე უნდა გვესვას, | 19 | და არა უნდა ერსა მას სმენად სიტყუაჲ იგი სამოველისა. მაშინ რქუეს მას: არა ეგრე არს, არამედ დაადგინე ჩუენ ზედა მეფე |
20 | ჩვენც ისეთები უნდა ვიყოთ, როგორც სხვა ხალხები არიან. ჩვენი მეფე განგვსჯის ჩვენ, წინ წაგვიძღვება და ჩვენი გულისთვის იბრძოლებს. | 20 | და მორჩილ ვიყუნეთ მისა, ვითარცა სხუანი ნათესავნი და განგვიკითხევდეს ჩუენ მეფე და ბრძოდეს მტერთა ჩუენთა. |
21 | მოისმინა სამუელმა ხალხის ნათქვამი და შეატყობინა უფალს. | 21 | მაშინ ისმინა სამოველ სიტყუაჲ იგი მათი და უთხრა ყოველი უფალსა. |
22 | უთხრა უფალმა სამუელს: შეიწყნარე მათი სიტყვა და დაუდგინე მეფე. უთხრა სამუელმა ისრაელის კაცებს: წადით თქვენ-თქვენს ქალაქებში. | 22 | და რქუა უფალმან სამოველს: ისმინე მათი და დაადგინე მათ ზედა მეფე, რათა მეფობდეს მათ ზედა! და გამოვიდა სამოველ და უბრძანა ერსა მას: წარვედით თქუენთჳს ქალაქად! |